დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახების გაფართოება

 სანამ ფუტკრის ოჯახის გაფართოებას შევუდგებოდეთ, უნდა შევამოწმოთ მისი მდგომარეობა, ხომ არ დაუწყიათ სანაყარე სადედეების მშენებლობა.

ზაფხულის მთავარი ღალიანობის წინ სკის მოცულობას მკვეთრად ზრდიან 1-2 კორპუსით ან ორი-სამი საკუჭნაოთი; გაზაფხულზე კი სკის მოცულობას მხოლოდ იმდენად ზრდიან, რამდენადაც ფუტკარს შეუძლია აითვისოს და ბარტყი არ გაუცივდეს.

მთავარი ღალიანობის წინ კორპუსები ან საკუჭნაოები ძირითადად მშრალი ფიჭით არის დაკომპლექტებული. შესაძლებელია გასაფართოებელ მშრალფიჭიან კორპუსებში 1-2 ხელოვნურფიჭიანი ჩარჩოც ჩავდოთ, მაგრამ წესად მივიღოთ, რომ მთავარი ღალიანობის დროს ფუტკრის ოჯახი ფიჭების შენებით არ უნდა გავაცდინოთ. სამწუხაროდ, ჩვენი მეფუტკრეები სწორედ მთავარ ღალიანობას იყენებენ ფიჭების ასეშენებლად, რაც თაფლის დიდ დანაკარგს იწვევს. მომავალი ღალის ინტენსივობისთვის, ფუტკარი რომ არ გავაცდინოთ, მშრალი ფიჭების საკმაოდ დიდი მარაგია საჭირო – თითო ოჯახზე მინიმუმ ერთი კორპუსი ან ორი საკუჭნაო მაინც.

დღეში 3-4 კგ ნექტრის შემოტანისას 6 დღეში მთელი დადანის კორპუსი ივსება და შემდეგის დამატებას ითხოვს. ამ დროს ასაშენებელი ხელოვნურფიჭიანი ჩარჩოების ჩადებას შემოტანილი ნექტრის შემცირებამდე მივყავართ. ძლიერ ოჯახს ერთი ჩარჩოს ასაშენებლად 1-2 დღე სჭირდება მაშინ, როცა 4 კგ-იანი დღიური ღალის დროს დღეში შემოტანილი ნექტრის განთავსებისათვის საჭირო ფართობი დადანის 3-4 ჩარჩოს ტოლია. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთავარი ღალის დროს ცვილის დიდი რაოდენობა თაფლის გადაბეჭვდაზე იხარჯება, ფუტკრის ოჯახის ცვილის გამოყოფის რესურსები კი შეზღუდულია.

ფიჭების ინტენსიური შენება მთავარ ღალიანობამდე უნდა დავამთავროთ.

ხშირად მეფუტკრეები მშრალ ფიჭას და ხელოვნურფიჭიან ჩარჩოებს თანამიმდევრობით აწყობენ. ერთი მშრალი, შემდეგ ერთი ხელოვნური ფიჭა, შემდეგ ისევ მშრალი, კიდევ ერთი ხელოვნური ფიჭა და ა. შ. ფიჭათა ასეთ მიმდევრობა, ჯერ ერთი, აღებული თაფლის რაოდენობას ამცირებს, მეორეც, თუ ძლიერი ღალაა, ფუტკარი მშრალ ფიჭებში მეტ თაფლს ასხამს და ზედა ნაწილში აფართოებს ფიჭებს. შედეგად, მშრალი ფიჭის გვერდით მყოფი ახლად აშენებული ფიჭები ძალიან თხელია და იქიდან ძნელდება თაფლის გამოწურვა.

მეფუტკრეობა

თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი, ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი