დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახის განვითარების  დინამიკა და მოვლა წლის პირველ ნახევარში  

ფუტკრის ოჯახის მდგომარეობა წლის სხვადასხვა პერიოდში ძალზე მერყეობს იმის გამო, რომ იგი დამოკიდებულია გარემო პირობებზე, რომელთაგან უმთავრესი ფაქტორებია: ჰაერის ტემპერატურა და საკვები ბაზა, ე.ი. საბოლოო ჯამში აქტიურ სეზონზე იგი მისადაგებულია მცენარეული სამყაროს განვითარებასთან. ოჯახის წლიურ ციკლში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე პერიოდი, როცა ოჯახის წევრი ფუტკრების ფიზიოლოგიური მდგომარეობა და მათი აქტივობა ძირეულად განსხვავებულია:

I პერიოდი მოიცავს ზამთრობის ბოლოს და ადრე გაზაფხულს (თებერვალი – აპრილის დასაწყისი).  ამ პერიოდში ფუტკრის ოჯახი, როგორც წესი, იწყებს განვითარებას, რაც გამოიხატება თავდაპირველად ოჯახში ბარტყის (კვერცხი და თავღია ბარტყი – მატლობის სტადიაში მყოფი ინდივიდები) გაჩენით.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ, განსაკუთრებით თბილი ზამთრის პირობებში, თებერვალი შეიძლება აღმოჩნდეს ძალზე სუსხიანი და ძლიერ შეცვალოს განვითარების მიმდინარეობა, მაგრამ საბოლოო ჯამში მდგომარეობა არსებითად მაინც არ იცვლება. ბარტყიანობის ზრდის კვალად თანდათან  ქრება ის თაობა, რომელმაც ოჯახი შეინარჩუნა ზამთრის პერიოდში. ამ მოვლენას ზოგჯერ

ძალზე რადიკალური ხასიათი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფუტკარმა ზამთარი აქტიურად გაატარა ამინდის პირობების (სითბო) გამო. როგორც წესი, ამას თან სდევს ბარტყის გაჩენა დეკემბერ-იანვარში, ხოლო თებერვალში, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში, მოზამთრე ფუტკარი ისევ კრავს გუნდს და დაუცველი ბარტყი იღუპება. ამის გამო ოჯახი ძალზე სუსტდება და ადრე გაზაფხულზე (მარტი) შეიძლება დაიღუპოს, რაც ძირითადად სუსტ მოზამთრე ოჯახებს აზარალებს. ამის გათვალისწინებით, გამოცდილმა მეფუტკრემ სუსტი ოჯახები უნდა გააერთიანოს აქტიური სეზონის დამთავრებისთანავე, ან უზრუნველყოს მათი გაძლიერება ფიზიოლოგიურად ახალგაზრდა თაობის გაჩენით, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ღალიანობის სეზონისათვის კონდიციური ოჯახების ყოლას.

ამრიგად, უკვე გამოზამთრებული ფუტკრის ცხოვრებაში ყველაზე კრიტიკულია ადრე გაზაფხული, ფუტკრის მოზამთრე თაობა ქრება, ხოლო ახალგაზრდა თაობა რაოდენობრივად ჯერ მცირეა. მეფუტკრის ხელოვნებამ ამ მდგომარეობაში უნდა დაძლიოს სირთულეები აუცილებელი სამუშაოების ჩატარებით (ბუდის შემჭიდროება და დამატებითი დათბუნება, კვება, სამკურნალო ღონისძიებები, უფრო გვიან – დამხმარე ნაყრების შედგენა და სხვა).

II პერიოდი, რომლის დასაწყისში  ოჯახმა უნდა მიაღწიოს თავისი განვითარების მაქსიმუმს და შემდეგ შეძლოს თაფლოვანი მცენარეების სანექტრე პროდუქციის ათვისება, მოიცავს მაის – ივლისის თვეებს. ამ პერიოდისათვის ხშირად დამახასიათებელია ის გარემოება, რომ ქართული ფუტკარი ნექტრის უხვი წყაროების გაჩენისას მკვეთრად ზღუდავს ახალგაზრდა თაობის გამოზრდას და თითქმის მთლიანად საკვების მოპოვებაზეა გადასული. გაზაფხულ-ზაფხულის მუშა ფუტკრის თაობა გამოირჩევა ხანმოკლე სიცოცხლიანისუნარიანობით (1 თვემ-დე), მისი ორგანიზმი მინიმალური ოდენობით შეიცავს სამარაგო საზრდო ნივთიერებებს (პროტეინი, ცხიმი). თუ ბუნებრივი საკვების მოტანის ასეთი პირობები დიდხანს გაგრძელდა, ფუტკარი სკაში რაოდენობრივად მცირდება და ღალიანობის ბოლოს ძალზე დასუსტებულია, რის შედეგებსაც მეფუტკრე გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში მოიმკის.

თუ ღალიანობის პირობები განსხვავებულია, ე.ი. მცენარეთა სანექტრე პროდუქტიულობა სუსტია, ოჯახი დიდი რაოდენობით ზრდის ბარტყს და რაოდენობრივად ძლიერია, მაგრამ საკვების მარაგი ამის გამო მცირდება და სეზონის ბოლოს არასაკმარისი აღმოჩნდება. დაგვიანებული კვების პირობებში ამან შეიძლება გააძლიეროს ფუტკრის ცვეთა და ზამთრობაში დასუსტებული თაობა შევიდეს.

თუ მეორე პერიოდის ბოლოს (ივლისი-აგვისტო) ღალიანობა ნაადრევად შეწყდა, იგი დედა ფუტკრის კვერცხდების ნაადრევად შეწყვეტას იწვევს და თავისთავად გვიანი შემოდგომის (ანუ მოზამთრე) თაობა ისევ ხანდაზმული აღმოჩნდება.

III პერიოდში (აგვისტო – ოქტომბერი) უნდა დასრულდეს პროდუქტიული სეზონი (თაფლის მოპოვება), საშემოდგომო თაობის გამოზრდა და მისი მომზადება ზამთრობისათვის.

ღალიანობის სეზონის დასასრულს (აგვისტო-სექტემბერი) ფუტკრის მიერ სკაში შესასრულებელ სამუშაოებში განიხილება: ა) საგვიანო თაფლოვანი მცენარეების ღალის ათვისება და საზამთრე მარაგის შევსება; ბ) საკვების უკმარისობის ან იაფი საკვებით სამარაგო თაფლის შეცვლის შემთხვევაში ამ უკანასკნელის გადამუშავება – დაბინავება ფიჭაში და გადაბეჭდვა, გ) დედის მხრივ კვერცხდების ნაადრევად შეწყვეტისა და ოჯახის დამატებითი კვების პირობებში ახალგაზრდა თაობის გამოზრდა.

მუშა ფუტკრის შემოდგომის თაობა არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი მოღალე ფუტკრისაგან (ზაფხულის თაობა). ის, როგორც წესი, არ მონაწილეობს ბარტყის გამოზრდაში, საკვების მოპოვებაში, უხვად იკვებება სკაში დაგროვილი საკვებით (განსაკუთრებით ჭეოთი). სხეულში სამარაგო საზრდო ნივთიერებების დაგროვების წყალობით იზრდება მის ორგანიზმში მშრალი ნივთიერების (20,2-დან 24,7-მგ-მდე 1 ფუტკარში), ცილისა (2,46-დან 3,26 მგ-მდე), და ცხიმის (1,38-დან 1,65მგ-მდე) შემცველობა, იგი რჩება ფიზიოლოგიურად ახალგაზრდა, რაც მომდევნო გაზაფხულზე უზრუნველყოფს მის მიერ ახალგაზრდა თაობის გამოზრდას (Лебедев, 2001).

IV პერიოდში შედის ფუტკრის ზამთრობა – ყველა ცოცხალი არსების გამძლეობის გამოცდის პერიოდი, როდესაც თავს იჩენს აქტიურ სეზონზე მეფუტკრის მიერ დაშვებული უზუსტობანი და შეცდომები. ზამთრობის პერიოდს ფუტკრის სუსტი ოჯახი ხშირად ვერ უძლებს. მოზამთრე გუნდმა ტემპერატურული რეჟიმი რომც შეინარჩუნოს, ერთეულ მასაზე იგი გაცილებით მეტ საკვებს (ენერგია) ხარჯავს, ვიდრე ძლიერი ოჯახი, სუსტი ოჯახის ინდივიდები ფიზიოლოგიურად უფრო უარესად არიან მომზადებული, შეიცავენ ნაკლებ სამარაგო ნივთიერებებს, სიცოცხლისუნარიანობა უფრო ნაკლებია და საბოლოო ჯამში უფრო ნაკლებ ფუტკარს ზრდიან ადრე გაზაფხულზე. შესაბამისად ოჯახის მიერ მოპოვებული პროდუქცია შეიძლება მხოლოდ საარსებო საკვები იყოს.

გახსოვდეთ!

ფუტკრის ოჯახის სიძლიერე,  რომელიც თავის მხრივ აერთიანებს მუშა ფუტკრის ჯანმრთელ, ფიზიოლოგიურად უკეთესად მომზადებულ მრავალრიცხოვან მასას, სიცოცხლისუნარიან, მაღალნაყოფიერ დედა ფუტკარს და საკვების უხვ მარაგს, ის აუცილებელი პირობაა, რომელიც განსაზღვრავს ოჯახის პროდუქტიულობას და მის მდგრადობას არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი.

 საფუტკრეში ადრესაგაზაფხულო  სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობა

საზამთრე ნაგებობებიდან სკების გამოტანის ტექნიკა. ზამთარში ფუტკრის შენახვის ასეთ სისტემას მაშინ იყენებენ, თუ ჰაერის ტემპერატურა -10-150-ზე დაბლა ეცემა, რაც განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნის გუნდში საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებისა და საკვების ხარჯვის თვალსაზრისით. საზამთრე ნაგებობებიდან სკების გამოტანის დროს სასურველი არ არის თბილი, მზიანი ამინდი, გამოტანის წინ იკეტება საფრენები და სკებს ალაგებენ წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე, საფრენს ხსნიან ფუტკრის დამშვიდების შემდეგ.

საჭირო ამინდის დადგომისთანავე უნდა მოხდეს ზამთრობის შედეგების აღრიცხვა: გამოზამთრებული ოჯახების რაოდენობა, მათი მდგომარეობა, უდედო ოჯახების გამოვლენა და დახმარება.  ამ პერიოდისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიებაა გამოზამთრებული გუნდის ბუდის შემჭიდროებადათბუნება, რისთ ვისაც ბუდიდან იღებენ ზედმეტ, ფუტკრისაგან თავისუფალ ჩარჩოებს, მათ გადააადგილებენ ტიხარს მიღმა, ან შეაქვთ ფიჭის საცავში, გუნდს როგორც ზემოდან, ისე გვერდიდან (საჭიროების შემთხვევაში) უნდა ჰქონდეს სათბუნებელი, ამასთან დაადგენენ, რამდენად უზრუნველყოფილია ფუტკრის ოჯახის ნორმალური ცხოვრება, ხომ არ გაჩენილა თაგვი სკის შიგნით, ხომ არ შეინიშნება სინესტე, ან ობი ან ფაღარათის ნიშნები სკის კედლებსა და ფიჭებზე და განახორციელებენ საჭირო ღონისძიებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

უდედო ოჯახების გამოვლენის  შემთხვევაში მათ დააკომპლექტებენ სათადარიგო დედა ფუტკრებით, ან შეაერთებენ სუსტ ან საშუალო  სიძლიერის დედიან ოჯახებთან. მათ აერთებენ შუაში ტიხრის ჩადებით, პიტნის წვეთების ან ანისულის ზეთის დაპკურებით ჩარჩოებზე (ურთიერთანტაგონიზმის დასაძლევად).

ამავე დათვალიერებაზე განსაზღვრავენ სკაში (მიახლოებით) ნახშირწყლოვანი და პროტეინოვანი საკვების მარაგს და საჭიროების შემთხვევაში შეავსებენ მათ: ა) ნახშირწყლოვანი საკვების სახით -კონცენტრირებულ ინვერსიულ სიროფს (75-77მას.%), პოლიეთილენის პარკში ჩასხმულს, ჩარჩოთა ზედა თამასებზე დადებით, ან ცომისებურ საკვებს – კანდს, ამავე წესით;

ბ) ჭეოიან ფიჭებს, თუ ასეთი აქვს მეფუტკრეს მარაგად ან პროტეინოვან დანამატებს შემდეგი შეფარდებით: დაფქვილი და ტოსტირებული სოიის უცხიმო ფქვილს ან ფარშს (90 გ ყოველ კგ მზა საკვებზე), მოხდილი რძის ფხვნილსა და ინაქტივირებულ საფუარს (30 გ თითოეული), დაფქვილი ყვავილის მტვერს (30 გ). საკვებში დანარჩენი წარმოდგენილია შაქრის ფქვილით (586 გ), ხოლო შემწებავ მასალად გამოყენებულია თაფლი (270280 გ), ან 80-81 მას% კონცენტრაციის ინვერსიული სიროფი (300-310 გ).

ნარევი მოზელის შემდეგ შეიფუთება პოლიეთილენის პარკში, რომელსაც ფუტკრისათვის მიცემის წინ ერთ მხარეს ააჭრიან ფუტკრის მიერ ათვისების გასაადვილებლად. თუ პროტეინოვანი დანამატების მიცემა გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს საადრეო მტვეროვანი ფლორის არსებობის შემთხვევაში (ნუში, შინდი და სხვ.), მაშინ ცომისებრი საკვები  კანდი მხოლოდ ნახშირწყლოვანი კომპონენტებისაგან მზადდება.

ინვაზიური დაავადებების (აკარაპიდოზი, ვაროატოზი და სხვა) წინააღმდეგ ბრძოლა ადრე გაზაფხულზევე იწყება. ღონისძიების ჩასატარებლად შეირჩევა თბილი, მზიანი დღე იმ ვარაუდით, რომ შუადღისას ტემპერატურა 120C-ზე ნაკლები არ იყოს. პრეპარატი შეიძლება წარმოდგენილი იქნას წყალხსნადი ფორმით, მაშინ მას შეასხურებენ ჩარჩოებზე მსხდომ ფუტკრებს, ან ჩააწვეთებენ ჩარჩოთაშორის სივრცეში. თუ პრეპარატით გაჟღენთილია მყარი მასალა (მუყაოს ან სხვ. ფირფიტები), მას ჩარჩოებშორის ჩაჰკიდებენ, ან ზედა თამასებზე დაალაგებენ.

ადრესაგაზაფხულო სამუშაოები სრულდება სიფრთხილის დაცვით, ერიდებიან ფუტკრის გუნდის ზედმეტად შეწუხებას, სათბუნებელი მასალის ზედმეტად გადახდას,  რომ არ დაარღვიონ გუნდის მთლიანობა და მისი შიგა ტემპერატურული რეჟიმი, რამაც შეიძლება უკვე გაჩენილი ბარტყის გაცივება გამოიწვიოს; ზამთრობის დროს უნებლიედ ჩრდილში მოხვედრილი ოჯახები მზიან ადგილზე უნდა გადაიდგას, რომ შესაძლებელი იყოს პერიოდულად ფუტკრის გამომღერა და ფეკალისაგან ნაწლავების გასუფთავება, ადრე გაზაფხულზევე სარწყულებლის მოწყობა და ფუტკრის მიჩვევა სიროფის სუსტი ხსნარის გამოყენებით.

 ფუტკრის ოჯახის გაძლიერება დამხმარე ნაყრის შედგენით. ნაყრის შედგენით.

ამ მიზნის განხორციელებისათვის ძირითადი ოჯახიდან გამოყოფილ ნაყარს აძლევენ ახალ დედა  ფუტკარს და პერიოდულად აძლიერებენ ძირითადი ოჯახიდან ამოღებული ბარტყიანი ფიჭით. დამხმარე ნაყრის განთავსება ხდება ვერტიკალური სკის II კორპუსში ძირითადი ოჯახიდან ყრუ გადატიხვრით ან ჰორიზონტალურ სკაშივე იმავე წესით. თავისთავად ცხადია, ძირითად ოჯახს და დამხმარე ნაყარს საფრენები ცალცალკე აქვთ. მთავარი ღალის დადგომისთანავე მათ გააერთიანებენ ტიხრის ამოცლით. სკაში ორივე დედა აგრძელებს თავის კვერცხდებას და ერთიმეორეს ხელს არ უშლიან, თუ ღალის შეგროვება საკმაოდ ინტენსიურად ხდება. მისი შესუსტებისთანავე სკაში რჩება მხოლოდ ერთი დედა. ამ ღონისძიების ეფექტი იმაზეა დამყარებული, რომ ორი დედის კვერცხდებით სკაში გროვდება მუშა ფუტკრის გაზრდილი რაოდენობა, რომელიც ფლორის სანექტრე პროდუქციას უფრო აქტიურად აგროვებს იმ შემთხვევაში, თუ მთავარ ღალას წინ უძღვის მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საარსებო ღალა, რომელიც უზრუნველყოფს სკაში სამუშაო ძალის დაგროვებას.

გიორგი მაძღარაშვილი