ფუტკრის ოჯახის თავდაცვისუნარიანობა
სკა ხშირად იზიდავს მტაცებელ ცხოველებს, რადგან ის მდიდარია თაფლისა და ჭეოს მარაგით. ასევე, წლის თბილ პერიოდში ფუტკრის მოზარდი თაობა (ბარტყი) მტაცებლებისთვის ცილოვანი საკვების შესანიშნავი წყაროა.
მტაცებლებისა და სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ ფუტკრის ოჯახის თავდაცვის სტრატეგია ძირითადად მუშა ფუტკრების მიერ მომხდურის დანესტვრის უნარზეა დამყარებული. ასევე, ფუტკრებს შეუძლიათ ერთობლივი ძალისხმევით მტრის (მაგ., კრაზანა) სხეულის შებოჭვა და მისი გადახურება სითბოს ინტენსიური წარმოქმნით.
მიკრობული პათოგენებისა და პარაზიტების წინააღმდეგ ფუტკრის ოჯახს განსხვავებული ტაქტიკა აქვს შემუშავებული. ფუტკრის ოჯახი მის წევრებს შორის გადამდები დაავადების გავრცელებისთვის, ერთი შეხედვით, იდეალურ გარემოს ქმნის – ოჯახში წევრების მაღალი სიმჭიდროვეა, მათ შორის მჭიდრო ფიზიკური კონტაქტი კი – გარდაუვალი. ამის გათვალისწინებით ვარაუდობდნენ, რომ ფუტკრის ოჯახის წევრები მძლავრი ინდივიდუალური იმუნური სისტემის წყალობით ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას. ვარაუდი არ გამართლდა.
მეთაფლე ფუტკრის გენომის შესწავლისას, პირიქით, აღმოჩნდა, რომ გენეტიკური თვალსაზრისით, ხილის ბუდროზოფილასთან შედარებით, მათ ინდივიდუალური იმუნური პასუხის განმაპირობებელი გენების მხოლოდ მესამედი ჰქონდათ მემკვიდრულ ინფორმაციაში მოქცეული.
აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალური იმუნურობის ნაკლებობა ფუტკრის ოჯახის სოციალური სტრუქტურით, კერძოდ კი, ინდივიდუალური და ერთობლივი ქცევითი მექანიზმებით კომპენსირდება, რაც სოციალური იმუნურობის სახელით არის ცნობილი.
ოჯახის წევრების სხვადასხვა ტიპის ქცევების წყალობით ფუტკრის ოჯახი ახერხებს მიკრობული პათოგენებისა და პარაზიტების თავიდან მოცილებას. თუმცა ეს ქცევითი თავისებურებები ფუტკრის ყველა ოჯახში ერთნაირად არ არის გამოვლენილი. მიაჩნიათ, რომ სოციალური იმუნურობა ფუტკრის ოჯახის გენეტიკით განპირობებული მოვლენაა.
დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის ჰიგიენური ქცევის შესწავლა და ცნობილია, რომ ამერიკული სიდამპლითა და ასკოსფეროზით ბარტყის დაავადების შემთხვევაში, მუშა ფუტკრებს შეუძლიათ დაავადებული ბარტყის სწრაფად ამოცნობა და ბუდიდან მისი მოცილება. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ჰიგიენური ქცევა სხვადასხვა ოჯახში განსხვავებულად ვლინდება. მეფუტკრეს ფუტკრის ოჯახის ჰიგიენური ქცევის შეფასება თავად შეუძლია.
ასევე აღმოჩნდა, რომ ზრდასრული მუშა ფუტკრების ნაწილს შეუძლია ვაროოზით დაავადებული ფუტკრის ბარტყიანი უჯრის ამოცნობა და დასნებოვნებული ჭუპრის უჯრიდან ამოგდება ტკიპთან ერთად ან ბარტყიანი უჯრის სარქვლის რამდენიმეჯერ გახსნა და დალუქვა , რაც, მეცნიერების ვარაუდით, ასევე უშლის ხელს პარაზიტის გამრავლებას.
ფუტკრის ოჯახის ზრდასრული დაავადებული წევრები, უმეტესად, თავად ტოვებენ ოჯახს. ეს მოვლენა ალტრუისტული სუიციდის სახელით არის ცნობილი. ოჯახის დაავადებულ წევრებს ასევე ხშირად ჯანმრთელი ფუტკრები რიყავენ ბუ22,23 დიდან , რაც ასევე სოციალური იმუნური ქცევის გამოვლენაა.
ფუტკრის ოჯახის წევრების მიერ ჰიგიენური ქცევის გამოვლენაში სხვა მექანიზმებთან ერთად ფუტკრის ოლფაქტორული მგრძნობელობაც არის ჩართული. ოლფაქტორული მგრძნობელობა ფუტკრის უნარია, ყნოსვის მსგავსი მექანიზმით შეიგრძნოს ესა თუ ის ქიმიური ნაერთი, რომელიც კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის ფუტკარს ნექტრის, დინდგელის, დაავადებული ფუტკრის და სხვა ფაქტორების შესახებ. ოლფაქტორულ მგრძნობელობას ჰიგიენური ფუტკრების მიერ დაავადებული ფუტკრის ამოცნობისას საკვანძო მნიშვნელობა აქვს . საყურადღებოა, რომ ფუტკრის დაავადებების წინააღმდეგ გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატების დიდი ნაწილი სწორედ ოლფაქტორულ მგრძნობელობაზე ახდენს უარყოფით გავლენას და ამცირებს მას , რაც, ბუნებრივია, აქვეითებს ფუტკრის ოჯახის უნარს ებრძოლოს დაავადებას.
ფუტკრის ოჯახის გარემო ასევე მტრულად არის განწყობილი სხვადასხვა პათოგენისა და მავნებლების მიმართ. თაფლი, დინდგელი, დედა ფუტკრის რძე, ლარვების საკვები ანტიმიკრობული თვისებებით გამოირჩევიან.
ფუტკრის ოჯახის ბუდეში მის მიმართ მეგობრულად განწყობილი, უხილავი მიკრობული სამყაროს დიდი მრავალფეროვნება ბინადრობს. ფიჭებში შენახული ჭეო მდიდარია სხვადასხვა სახეობის სოკოებითა და ბაქტერიებით, რომლებიც მის ქიმიურ გარდაქმნასა და მავნე მიკროორგანიზმებისგან დაცვაში დიდ როლს ასრულებენ.
ზრდასრული ფუტკრის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სანათური ფუტკრის ბუნებრივი თანამცხოვრები – სიმბიონტი ბაქტერიების მრავალრიცხოვანი ხალიჩით არის ამოფენილი. მათ ერთობლიობას მიკრობიოტას, მიკროფლორას უწოდებენ. ეს მეგობარი მიკროორგანიზმები ფუტკრებს სხვა მავნე მიკროორგანიზმებისგან – პათოგენებისგან იცავენ და თავად მათი მასპინძლის (ფუტკრის) იმუნურ სისტემას „წვრთნიან“ და ამზადებენ პათოგენებთან ბრძოლისთვის.
აღსანიშნავია, რომ ფუტკრის ოჯახში ანტიბიოტიკების გამოყენებისას, ასევე პესტიციდების გარკვეული ჯგუფებით მოწამვლისას, თავდაპირველად სუპერორგანიზმის თავდაცვის სწორედ ეს პირველი ბარიერი – მიკროფლორა ნადგურდება. განვითარებულ დისბიოზს კი სხვა მძიმე შედეგები მოს დევს.
სხვადასხვა სტრესის მიმართ ფუტკრის ოჯახის გამძლეობაზე დიდ გავლენას ახდენს ფუტკრის ოჯახის გენეტიკური ფონდი. ოჯახის გენეტიკური რესურსის განმაპირობებელი წევრი კი დედა ფუტკარია, უფრო ზუსტად – საკუთრივ დედა ფუტკრის გენეტიკური მემკვიდრეობა და შეწყვილებისას მამალი ფუტკრებისგან მიღებული გენთა ნაკრები. დედა ფუტკრის შეწყვილება ერთიდან მრავალ ათეულამდე მამალთან ექსტრემალური პოლიანდრიის სახელით არის ცნობილი. ამ მოვლენას სასიცოცხლო დატვირთვა აქვს მომავალში მოცემული დედის ოჯახის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მეტ მამალთან წყვილდება დედა ფუტკარი და შორი ნათესაური კავშირია შეწყვილებაში მონაწილე მამლებთან, მით უფრო მაღალია სიცოცხლისუნარიანი და დაავადებებისადმი მედეგი ოჯახის მიღების ალბათობა.
მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა და უვნებელი თაფლის წარმოება (სახელმძღვანელო)