დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის პესტიციდებით მოწამვლა _ კლინიკური ნიშნები, დიაგნოზი, პროფილაქტიკური ღონისძიებები.

 ფუტკრის მოწავლა დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეფუტკრეობას. ხშირ შემთხვევაში რეალურ მიზეზს პესტიციდების, სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატების არაწესიერი ხმარება და კერძო პირების მიერ მისი გამოყენებისადმი უკონტროლობა წარმოადგენს.

პესტიციდებით მოწავლა მოზრდილი ფუტკრის არაგადამდებ დაავადებას მიეკუთვნება და ქიმიური ტოქსიკოზის სახელწოდებით არის ცნობილი. იმისდა მიუხედავად თუ ქიმიური პრეპარატი რა გზით იჭრება ფუტკრის ორგანიზმში: საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, გარეთა საფარველიდან თუ სასუნთქი სისტემიდან – იგი იწვევს მოწავლისათვის დამახასიატებელი კლინიკური ნიშნების გამოვლინებას.

კლინიკური ნიშნები მოულოდნელად და ელვისებური სისწრაფით ვლინდება და ემთხვევა ხეხილის ბაღების წამლობის პერიოდს. ამ პერიოდში საფუტკრეში შეიძლება ვნახოთ დიდი რაოდენობით მკვდარი, ან მომაკვდავი, მცოცავი, მხტუნავი ფუტკრები. თუ მოწამვლის წყარო საფუტკრიდან შორს არის, მაშინ მკვდარი ფუტკარი საფუტკრის ტერიტორიაზე არ შეგვხვდება. მოწამლული მტვერის და ნექტის სკაში შემოტანის შემთხვევაში ადგილი აქვს ოჯახში არსებული ფუტკრის, ან ბარტყის სიკვდილიანობას. მოწამლული ფუტკარი სკიდან გამოდის, ცდილობს გაფრენას, რამდენიმე მეტრით შორდება სკას, კარგავს ღონეს, ძირს ვარდება და აცოცდება ბალახზე, სკის წინ და მისაფრენ ფიცარზე დაცოცავს, შემდეგ სრული, ან ნაწილობრივი დამბლით კვდება. თუ ფუტკარი ძლიერ არ არის მოწამლული, შეიძლება მან რამოდენიმე დღეც იცოცხლოს.

მოწამლული ფუტკარი ნორმალურად ვერ იკვებება და მეფუტკრის მიერ ჩარჩოს ამოღებისას მოწყვეტით ეცემა ძირს. ზოგჯერ აღინიშნება ფაღარათი, რაც ხშირად ისე ძლიერადაა გამოხატული, რომ სკის წინა ნაწილი მთლიანად დასვრილია ფეკალური მასით.

ზოგიერთ შემთხვევაში ფუტკარს მუცელი გადიდებული აქვს მჟავე, არასასიამოვნო სუნის, გამჭვირვალე, მოვყითალო ფაფისებური მასით გადავსების გამო, რომელიც მუცელზე თითის დაჭერით ადვილად გამოიყოფა. ხშირ შემთხვევაში შუა ნაწლავის სიგრძე 2-3 მ.მ. შემცირებულია. დახოცილ ფუტკართა უმრავლესობას ახალგაზრდა ფუტკრები შეადგენენ. ფუტკრის ოჯახი სწრაფად სუსტდება, დედა წყვეტს კვერცხის დებას. პირველ რიგში იწამლება ძლიერი ოჯახები. შემდეგ კი საფტუკრეში არსებული თითქმის ყველა ოჯახი ნადგურდება. ამ ოჯახების მოწამლულ ფუტკარს ვნახულობთ ყვავილზე, ხის ძირას, საფუტკრის ტერიტორიაზე, სკის ირგვლივ და სკაში. ძლიერი მოწამვლის დროს სკის ძირზე ვნახულობთ გადმოყრილ ბარტყსაც.

პრაქტიკაში ხშირად გვხდება ე. წ. „ჩუმი მოწავლაც“, როცა იწამლება მუშა ფუტკარი და ოჯახში რჩება მარტო ძიძა. ამ შემთხვევაში მართალია ოჯახი არ ისპობა, მაგრამ ძლიერ სუსტდება, თაობათა შეცვლა ნორმალურად არ ხდება და ოჯახი ვერ აღწევს ნორმალურ კონდიციას. დედა ფუტკრის მოწავლა პრაქტიკაში იშვიათად ხდება.

საჭმლის მონელების სისტემაში ადგილი აქვს ძლიერ პათოლოგიურ ცვლილებებს. მოწამვლის შედეგად იწყება შუა ნაწლავის კუბური, ცილინდრული და რეგენერაციული უჯრედების დეგენერაცია. ირღვევა სეკრეციის პროცესი. ჯანმრთელისაგან განსხავებით მოწავლული ფუტკრის შუა ნაწლავი მოშავო ან მუქი წაბლისფერია. პათოლოგიური პროცესები გამოხატულია მალპიგიის მილებში და წვრილ ნაწლავებში. მათ ეპითელზე ამოფენილი უჯრედები ცილდებიან ძირითად მემბრანას და გროვების სახით აღინიშნებიან სანათურში. მსხვილი ნაწლავის ქიტინოვანი გარსი წარმოდგენილია თხელი ფირფიტის სახით. პესტიციდები მოქმედებენ როგორც ეპითელზე, ისე კუნთოან ქსოვილზე, მათ ათხელებენ, რის შედეგადაც ზოგიერთ ადგილზე ხდება მისი პროლიფერაცია.

პათოლოგიურ ცვლილებებს ადგილი აქვს რექტალურ ჯირკვლებშიც, პირველ რიგში ზიანდება შიდა გარსი. ზოგჯერ ანათალში აღინიშნება ჯირკვლის დაზიანებული შიდა კედლები. ეპითელიარული უჯრედების დაზიანების გამო ისინი ნაწლავის სანათურში გვხვდებიან და გამოყვებიან ფეკალურ მასას, სადაც ჩანს ქიტინოვანი შრის გაწყვეტა.

დიაგნოზი ისმება ძირითად ადგილზე საფუტკრის კლინიკური შემოწმებით, ქიმიური (პესტიციდის აღმოჩენა), მიკროსკოპული (სხვა დაავადებათა გამოთიშვა) და პათანატომიური გამოკვლევებით, რისთვისაც ვეტლაბორატორიაში უნდა გაიგზავნოს ახლად მკვდარი ან მომაკვდავი ფუტკრები ოჯახიდან არანაკლებ 400-500 ცალი, ღია თაფლი 200 გ. ჭეო 50 გ. საფუტკრის ტერიტორიაზე არსებულ მცენარეთა მწვანე მასა 100-200 გ. რაოდენობით, რასაც თან უნდა დაერთოს წერილი, რომელშიაც აღნიშნული უნდა იყოს ამ პერიოდისათვის იყო თუ არა გამოყენებული ფუტკრის ახლო ტერიტორიაზე პესტიციდი და რომელი.

მასალა თუ გვიან გაიგზავნა, ლაბორატორიას გაუჭირდება ნიმუშში პრეპარატის აღმოჩენა, რადგანაც იგი ტემპერატურის, მზის, რადიაციის და სხვა ფატქორების ზემოქმედებით სწრაფად იშლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პესტიციდების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და ყველა მათგანის აღმოჩენის მეთოდის შემუშავება გაძნელებულია. ამიტომ ტოქსიკოლოგიურ მასალასთან ერთად გამცილებელ წერილში მითითებული უნდა იყოს საეჭვო პრეპარატის დასახელება, რაც ლაბორატორიის მუშაკებს მისცემს მიმართულებას, თუ რომელ პესტიციდზე აწარმოოს გამოკვლევა.

მოწამვლისაგან ფუტკრის დაცვის ღონისძიებების შედარებით ეკონომიურ და მოხერხებულ მეთოდად ითვლება სკაშივე ფუტკრის იზოლაცია; მაგრამ სკის დაკეტვით ფუტკრები მოუსვენარ მდგომარეობაში არიან, ცდილობენ გამოსვლას, ძლიერი აგზნების გამო სკაში ტემპერატურა მატულობს და ირღვევა ფუტკრის სასიცოცხლო ფუნქციები. პესტიციდების გამოყენებისას სკაში ფუტკრის იზოლაციის ხანგრძლივობის ვადების მიხედვით მაქსიმალური ხანგრძლიობა (პესტიციდის დეტოქსიკაციიდან გამომდინარე) 5 დღეღამეა. მეფუტკრეობის პრაქტიკაში რეკომედებული მეთოდებია: ფუტკრის იზოლაცია სამთაბარო სავენტილაციო ბადით, ვერანდით, საფრენში სახეშეცვლილი სავენტილაციო წყალსასმელით და გადამღობი ავტომატური სარწყულებლით. სკაზე ვერანდის, ავტომატური სარწყულებისა და საფრენში ვენტილაციის მოწყობა ხშირად გაძნელებულია, ხოლო ავტომატური სარწყულებლის წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში მეფუტკრეს არ შეუძლია მისი შეკეთება, რადგან გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს და საფუტკრის ინვენტარს საგრძნობლად ზრდის. იზოლაციის ეს მეთოდები ჩვენს პირობებში მიზანშეუწონელია. სკის ძირიდან უსინათლო ვენტილაციის მეთოდი გამოცდილია საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. ცდებმა გვიჩვენა, რომ ამ მეთოდის გამოყენებით ფუტკრის ოჯახები (12 ჩარჩო სიძლიერის) 10-დღიან იზოლაციას კარგად იტანენ.

სკის ძირიდან უსინათლო ვენტილაციის მეთოდის არსი შემდეგში მდოგმარეობს: სკის ძირი უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე ფიცრისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ნარიმანდებით უკავშირდებიან. სკის ერთ-ერთ გვერდზე, სადაც შუა ფიცარი ეკვრის, კეთდება სკის ძირის შუა ფიცრის სიმაღლისა და საიგანის ხვრელი, რომელიც გარედან ანჯამით (პეტლით) მიმაგრებული საფარით იხურება. სინათლის სხივების შეღწევის თავიდან ასაცილებლად საფარის ზომა ხვრელის ზომაზე ოდნავ მეტი უნდა იყოს. იზოლაციის დროს საფარი ზევით აიწევა, შუა ფიცარი კი მის ქვედა ზედაპირზე გაკეთებული ნაჭდევის საშუალებით გარეთ გამოიტანება. გარეთ გამოტანილი ფიცარი ინახება სახურავის ქვეშ, მის ნაცვლად კი ჩაიდგმება ამავე ზომის ხის ჩარჩო, რომელზედაც მავთულბადეა გადაჭიმული. იზოლაციის დამთავრების შემდეგ ფიცარი კვლავ თავის ადგილზე ჩაიდგმება, ხოლო მავთულბადიანი ჩარჩო კი სკის ფეხებზე გაკეთებულ ნარიმანდებში შეინახება. საჭიროების შემთხვევაში წყალი ეძლევა პატრუქის საშუალებით სამთაბარო ბადიდან.

იზოლაციის დაწყების წინ ფუტკრის ოჯახიდან ამოიღება დასათბუნებელი მასალა და საფარი ტილო. შეწამვლის წინა დღეს, საღამოთი ფუტკრის ფრენის შეწყვეტის შემდეგ ფუტკრის ოჯახებს საფრენები კარგად უნდა დავუკეტოთ. სკის ძირიდან მავთულბადის დიდი ზედაპირიდან სუფთა გრილი ჰაერი შედის სკაში და თანაბრად ნაწილდება ბუდეში. სკაში სინათლე ვერ აღწევს, რისთვისაც ფუტკარი არ ტოვებს თავის ადგილს და იზოლაციის პერიოდში გაღიზიანების გარეშე მშვიდად იმყოფება. სკის ძირიდან უსინათლო ვენტილაციის მეთოდს გააჩნია რიგი დადებითი მხარეები. კერძოდ უბრალო და იაფია, სკის კონსტრუქცია არ იცვლება და დამატებითი ინვენტარით საფუტკრე არ იტვირთება. მავთულბადე, რომელიც ხის ჩარჩოზეა გადაჭიმული მეფუტკრეს მოემსახურება წლების განმავლობაში, წარმატებით გამოიყენება ფუტკრის მთაბარობის დროსაც.

მეფუტკრეებისათვის ყველაზე საყურადღებო მომენტს წარმოადგენს პესტიციდით დამუშავებულ მცენარეთა დეტოქსიკაციის ხანგრძლივობის ცოდნა. პესტიციდების გამოყენების დამთავრებიდან ფუტკრის იზოლაციის ვადები.

ინსექტიციდები და აკარიციდები: ფოზალონის (ბენზოფოსფატი) შემთხვევაში – 1; აკტელიკის, ანთიოს, დეცისის, კარბოფოსის – 2; კარატეს,სუმიციდინის 2-3; როვიკურტის, ფოსფამიდის (ბი-58) ციანოკსის – 3-4; ლებაიციდის – 4; სუმიალფა – 6 დღე.

სპეციფიკური აკარიციდების: მავრიკის, მიტაკის და ნისორანის გამოყენებისას ფუტკრის იზოლირება საჭირო არ არის.

ფუნგიციდები: ბენომილის შემთხვევაში – 1 დღე;

ბორდუოლის სითხის დროს – 4-5 საათი;

ეუპარენის და ტოფსინის გამოყენებისას ფუტკრის იზოლირება საჭირო არ არის.

ჰერბიციდები: ატრაზინის, ბეტანალის, დიალენის, ტრეფლანის გამოყენებისას – 2 დღე; რეგლონის, ამინის მარილის, დეზორმონის – 2,4 ბუთილის ეთერის შემთხვევაში – 4-5 საათი.

ბაზაგრანი, ზენკორი, რაუნდაპი, ნაბუ კი ფუტკრისათვის საშიშროებას არ ქმნის.

წყარო: „მეფუტკრეობის საფუძლები“