აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებირუბრიკები

2023 წლის პირველი ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
რეგლამენტით განისაზღვრა ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალი და მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში.

აღნიშნული რეგლამენტი მომზადდა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში.

სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის (სასურსათო) დანამატებში ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ სადღეღამისო მოხმარების მაქსიმალურ რაოდენობას; უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარს, რომელიც დადგენილია სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რისკის მეცნიერული შეფასებით და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით. რეგლამენტი განსაზღვრავს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და მისი ეტიკეტირების წესს.

დაუშვებელია ბაზარზე განთავსდეს სასურსათო დანამატი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ბიზნესოპერატორი, რომელიც განათავსებს ბაზარზე სასურსათო დანამატს, ვალდებულია, წინასწარ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს სურსათის ეტიკეტის ნიმუში.

სურსათის (სასურსათო) დანამატი _ სასურსათო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ნორმალური კვების რაციონის შესავსებად და წარმოადგენს საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე სხვა ნივთიერებების კონცენტრირებულ წყაროს, ცალკე ან კომბინირებული სახით, ბაზარზე განთავსებულია დოზირებული ფორმით, კერძოდ, კაფსულების, პასტილის, დრაჟეების, ტაბლეტების, აბების და სხვა მსგავსი ფორმებით, მცირე ზომის პაკეტებში დაფასოებული ფხვნილის, ამპულების, წვეთის დოზირების მქონე ფლაკონების, სითხეების, ფხვნილებისა და სხვა მსგავსი ფორმებით.

 „ტექნიკური რეგლამენტი სასურსათო დანამატების შესახებ“  სრულად ნახეთ აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5520390?publication=0