აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

პომიდვრის მოვლა-მოყვანა, რამდენიმე გამორჩეული ჯიში

პომიდორი ძვირფასი სამეურნეო კულტურაა. მისი ნაყოფი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით და მრავალმხრივი მოხმარებით. პომიდორს გამოიყენებენ როგორც ნედლი, ასევე, გადამუშავებული სახითაც (ტომატის პასტა, ტომატის პიურე, წვენი, მწნილი და ა.შ.).
პომიდორი განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობით ხასიათდება – მისი ნაყოფი მდიდარია ვიტამინებითა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სხვა ნივთიერებით.

 სიმაღლის მიხედვით პომიდვრის ჯიშები ორ ჯგუფად იყოფიან: დეტერმინანტული (დაბალმზარდი) და ინდეტერმინანტული (მაღალმზარდი). დეტერმინანტული ჯგუფის მცენარის ბუჩქი 50-70 სმ, ზოგჯერ კი უფრო ნაკლები (30-45 სმ) სიმაღლისაა. ასეთ ტიპის მცენარეზე, ღეროს ქვედა ნაწილზე, სანაყოფე მტევნები ყოველი 1-2 ფოთლის შემდეგ წარმოიქმნება. ღეროს ზემოთ ნაწილში კი ისინი ერთმანეთს მოსდევენ, რითაც მცენარის ზრდა იზღუდება.

ინდეტერმინანტული ჯიშები ძლიერი ზრდისაა (70 სმ-დან 500 სმ-მდე). მტევნები მცენარეზე ყოველი მეორე-მეოთხე, ხოლო არასაკმარისი განათების პირობებში ყოველი მე-4-5 ფოთლის შემდეგ ვითარდება. სანაყოფე მტევნები, ჩვეულებრივ, დიდია, ზოგჯერ – დატოტვილი. ინდეტერმინანტული ჯიშებს აქვთ ძლიერ დანაკვთული ფოთლები, ხანგრძლივი სიმწიფის პერიოდი და იღლიის შიდა ყლორტების – ნამხრევების დიდი რაოდენობით განვითარების უნარი.

სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით განასხვავებენ საადრეო პომიდორის (100 დღემდე), საშუალო პომიდორის (105-120 დღე) და საგვიანო პომიდორის (120 დღეზე მეტი) ჯიშებს. გარდა ამისა, პომიდვრის ნაყოფები ფრიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ნაყოფის ფორმის, ფერისა და ზომის მიხედვით. პომიდვრის ნაყოფები წონის მიხედვით იყოფა: წვრილ (60 გრამამდე), საშუალო (60-100 გრამი) და მსხვილ ნაყოფებად (100 გრამზე მეტი).

პომიდორი სითბოსა და ტენის მოყვარული კულტურაა. თესლი წვრილია, ოდნავ შებუსული, 1 გრამ თესლში 300-350 მარცვალია. პომიდვრის საწარმოებლად მიმართავენ ჩითილის გამოყვანას. თესლი გაღვივებას იწყებს +100C ტემპერატურაზე. ჩითილის გამოყვანისას დაცული უნდა იყოს განათებასთან შეთანწყობილი ტემპერატურული რეჟიმი. კარგი განათება და ტემპერატურული რეჟიმი – დღისით +20, +250C, ხოლო ღამით +9, +120C, ხელს უწყობს ფესვთა სისტემის მძლავრ განვითარებას და კომპაქტური, საშუალო სიმაღლის, კარგად შეფოთლილი ჩითილის მიღებას.

გრუნტს ამუშავებენ 25-30 სმ სიღრმეზე, 1 მ2-ზე შეაქვთ 10-15 კგ. კომპოსტი ან ნაკელი, აგრეთვე, მინერალური სასუქები.

ჩითილის გადარგვამდე გრუნტს 10-15 სმ სიღრმეზე ასველებენ. დასარგავად არჩევენ ნორმალურად განვითარებულ, ჯანმრთელ, მექანიკურად დაუზიანებელ ჩითილებს.

მცენარეებს რგავენ რიგებად, რიგში მცენარეთა შორის 50 სმ, ხოლო რიგებს შორის – 80 სმ დაშორებით (2,5 მცენარე 1 მ2-ზე), ან ორმაგ რიგებად – მცენარეთა შორის 50-60X40-50, ხოლო რიგებს შორის 90-100 სმ დაშორებით (საშუალოდ 3.0- 3,5 მცენარე 1 მ2-ზე). ჩითილებს რგავენ ვერტიკალურად, პირველი სავეგეტაციო ფოთლის სიღრმეზე.

ღია გრუნტში პომიდვრის მოსაყვანად ნაკვეთს შემოდგომაზე ამზადებენ. მოხვნის წინ შეაქვთ კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქების მთელი ნორმა (K2O – 100-150 კგ და P2O5 – 100-150 კგ/ჰა-ზე). თუმცა, რეკომენდებულია ნიადაგის ანალიზის ჩატარება მასში pH-ის, NPK, Ca, Mg და S-ის შემცველობის დასადგენად, რათა ზუსტად განისაზღვროს ნიადაგში შესატანი სასუქების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, კარგი მოსავლის საწინდარია.

გაზაფხულზე გამოყვანილი ჩითილის გადარგვას აპრილის ბოლოდან იწყებენ. მინდორში გადარგვამდე ათი დღით ადრე უნდა განხორციელდეს გაკაჟების პროცესი, რათა მცენარეებმა არახელსაყრელი კლიმატური პირობების მიმართ შემგუებლობა გამოიმუშაონ. მცენარეების მოსაძლიერებლად უნდა შემცირდეს მორწყვის სიხშირე. ჩითილის მინდორში გადარგვამდე, ისინი კარგად უნდა მოირწყას, რათა ფესვები არ გაუშრეთ. ჩითილების გამოსაყვანად ერთი ჰექტარისათვის საჭიროა 300-500 გრამი სათესლე მასალა, ჩათესვის სიღრმე – 1-2 სმ. თუ ჩითილები კვლებში უნდა გადაირგოს, კვლები წინასწარ უნდა მომზადდეს. გადარგვისას შეაქვთ აზოტოვანი სასუქის დოზის 1/3 (30-40 კგ. სუფთა ნივთიერება). ჰექტარზე რგავენ 20,000–25,000-მდე მცენარეს. როგორც წესი, ღია გრუნტში გადასარგავად იყენებენ დეტერმინანტულ (დაბალმზარდ), სუფრის ან საწარმოო პომიდვრის ჯიშებს და ჰიბრიდებს.

პომიდორი უკეთ ხარობს შემაღლებულ კვლებზე, რადგან გაზაფხულზე ასეთი კვლებზე ნიადაგი სწრაფად თბება და ხელს უწყობს მცენარის ზრდას. შემაღლებული კვლები ხელს უწყობს, ასევე, ნიადაგის დრენირებას და იცავს მას ჭარბი ტენისაგან. თუმცა, გვალვიან პერიოდში შემაღლებულ კვლებში დარგულ პომიდორს უფრო მეტი მორწყვა სჭირდება.

პომიდვრის მოვლა მოიცავს რიგთაშორისების გაფხვიერებას და ზომიერ რწყვას (250-350 მ3/ ჰა-ზე). უნდა დავაკვირდეთ მცენარისა და ნაყოფის მდგომარეობას. თუ შუადღისას ან ნაშუადღევს ფოთლები ოდნავ მაინც მომჭკნარია, ნარგავები აუცილებლად უნდა მოირწყას.

პომიდვრის წარმოებისას, აუცილებელია, თესლბრუნვის დაცვა (უნდა წარმოებდეს კულტურათა მონაცვლეობა). დაუშვებელია პომიდვრის მოყვანა იმ ნაკვეთზე, სადაც წინა წელს განთავსებული იყო ძაღლყურძენასებრთა ოჯახის კულტურები, როგორებიცაა: კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი ან წიწაკა.

საჭიროების შემთხვევაში, ჩითილის გადარგვამდე აუცილებელია ნიადაგის დამუშავება ტოტალური ჰერბიციდებით (კლინი, ურაგანი, გლიფოგანი), რადგან სარეველები მავნებლებისა და დაავადებების გავრცელების უმთავრეს წყაროს წარმოადგენენ.

თამბაქოს მომხმარებელი უნდა მოერიდოს ჩითილების ხელით შეხებას, ხელის დაბანის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება თამბაქოს ვირუსით დაავადების ალბათობა.

მოსავალი იკრიფება დილით ადრე, სიგრილეში, ხოლო შემდეგ ჩრდილში გადააქვთ. ნაყოფი უნდა მოიკრიფოს ფრთხილად, დაზიანების გარეშე. კალათებსა და ყუთებში არ უნდა იყოს მიწა ან სხვა ნარჩენები, ნაყოფს უნდა მოშორდეს ღეროები. დამწიფებული ნაყოფი ინახება 7-100C-ზე, 90-95% ფარდობითი ტენიანობის პირობებში.

 პომიდვრის გამორჩეული ჯიშები

 „ჯინა“  (მწარმოებელი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია „Seminis“) – ღია გრუნტის დეტერმინანტული (დაბალმზარდი) ტიპის, სასალათე პომიდორია. „ჯინა“ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ადაპტირებული და პოპულარული ჯიშია. მცენარე მოსავალს დათესვიდან 110-120 დღეში იძლევა. ნაყოფი არის საკმაოდ ტრანსპორტაბელური, კარგი გემოსი, საშუალო ზომის, წონით 180-200 გრამი.

ფლორიდა 47“ (მწარმოებელი ჰოლანდიურამერიკული კომპანია „Seminis“) – ღია გრუნტის, დეტერმინანტული (დაბალმზარდი) ტიპის სასალათე პომიდვრის ჰიბრიდია. მწიფობაში შედის გადარგვიდან 70-75 დღეში. ნაყოფი ოდნავ შებრტყელებული მრგვალი ფორმისაა, საშუალოზე დიდი ზომის – 200-250 გრამი, მკვრივი და საკმაოდ ტრანსპორტაბელური.

დებიუტიდაელეგრო (მწარმოებელი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია „Seminis“) – ღია გრუნტის, დეტერმინანტული (დაბალმზარდი) ტიპის სასალათე პომიდვრის ჰიბრიდია. მწიფობაში შედის გადარგვიდან 65-70 დღეში. ნაყოფი ოდნავ შებრტყელებული მრგვალი ფორმისაა, საშუალოზე დიდი ზომის – 200-250 გრამი, მკვრივი და საკმაოდ ტრანსპორტაბელური.

„შედი-ლედი“ (მწარმოებელი გერმანული კომპანია „Nunhemsi“) – ღია გრუნტის, დეტერმინანტული (დაბალმზარდი) ტიპის სასალათე პომიდვრის ჰიბრიდია. მწიფობაში შედის გადარგვიდან 65-75 დღეში. ნაყოფი ოდნავ შებრტყელებული მრგვალი ფორმისაა, საშუალოზე დიდი ზომის – 160-220 გრამი, მკვრივი.

 „ჭოპორტულა – დუშეთის, მცხეთის, გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში დარაიონებული ჯიშია. მცენარის სავეგეტაციო პერიოდი 125-130 დღეა. ჭოპორტულა მაღალმოსავლიანია როგორც სარზე აკვრით, ასევე ბაზოზე გადაწვენით. ნაყოფი მსხვილია, კაშკაშა წითელი, სასალათე, გამოირჩევა საუკეთესო გემოთი და არომატით.

 „სულთანი – ჰოლანდიური სელექციის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდია. ნაყოფი მსხვილია, ხასიათდება კარგი გემოთი, ტრანსპორტაბელურობითა და შენახვის უნარით. მცენარის ვეგეტაციის პერიოდი 110 დღეა. „ბიგ-ბიფი“ – სასათბურე ჯიშია. ჰიბრიდი მაღალმოსავლიანია. ნაყოფი მსხვილია, ხასიათდება კარგი გემოთი, ტრანსპორტაბელურობითა და შენახვის უნარით. მცენარის ვეგეტაციის პერიოდი 120 დღეა.