აგრარული განათლებამემცენარეობა

თესვის წესი, ჩათესვის სიღრმე და ნორმა

თავის დროზე და სწორ თესვას, თესლის ხარისხს და მის ჯიშიანობას მაღალი და ხარისხიანი მოსვალის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ საკუთარი თესლი არ გვაქვს, უნდა შევიძინოთ სერთიფიცირებული თესლი. თუ გვაქვს საკუთარი თესლი დასათესად თესლი უნდა შეირჩეს სუფთა, მინარევების გარეშე. თესლი უნდა იყოს მსხვილი, ჯანსაღი.
იმის გარდა, რომ თესლი კარგად უნდა ინახებოდეს, მნიშვნელობა აქვს მის ხნოვანებასაც. ყველა თესლს აქვს ხნოვანების მიხედვით ზღვარი, რომლის იქით ის, როგორც სათესლე მასალა გამოუსადეგარია. ხანდახან თესლი არახელსაყრელი შენახვის პირობებში კარგავს აღმოცენების უნარს, ერევა სხვა თესლს ან შენახვამდე არ იყო გაწმენდილ დახარისხებული ანუ არ იყო სათეს კონდიციამდე დაყვანილი. ამიტომ აუცილებელია მისი შემოწმება.

თესლის აღმოცენების უნარის განსაზღვრა

თესლის აღმოცენების უნარის განსაზღვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი თესლის ხარისხიანობისა, რადგან თესლის აღმოცენების სხვადასხვა უნარზეა დამოკიდებული პირველ რიგში თესვის ნორმა, შემდგომ კი მთელი რიგი ბიოლოგიური მახასიათებლები. თესვას, წინასწარი თესლის აღმოცენების უნარის დადგენის გარეშე შეიძლება მოჰყვეს მთელი რიგი გაუთვალისწინებელი მოვლენები და ბრმად წარმოებული საქმიანობის ტოლფასი იქნება.

რას გულისხმობენ თესლის აღმოცენების უნარში. ეს არის აღმოცენებული თესლის რაოდენობა, გამოხატული პროცენტებში, დათესილი თესლის საერთო რაოდენობის მიმართ. უფრო მარტივად – ესაა თესლის უნარი მოგვცეს ნორმალური აღმონაცენი დროის გარკვეულ ვადაში და აღმოცენების გარკვეულ პირობებში.

თესლის აღმოცენების უნარის დასადგენად უნდა ავიღოთ 100100 თესლის ნიმუში. დათვლილი თესლი თავსდება ცალცალკე სველ ფილტრის ქაღალდზე პეტრის ჯამში ან უბრალო თეფშზე და ახურავენ თავზე (ლაბორატორიული მეთოდი). თესლი გასაღივებლად უნდა მოთავსდეს ოთახის ტემპერატურატზე (18-20°C).

გაღივებული თესლის დათვლას აწარმოებენ ორ ვადაში. პირველად – დადგენილი დღეების შემდეგ ზრდის ენერგიის განსაზღვრისათვის (3 დღეში), მეორედ – ისევ დადგენილი დღეების შემდეგ აღმოცენების უნარისთვის(მე-5-7 დღეს). უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კულტურის თესლს სჭირდება სხვადასხვა დრო აღმოცენებისთვის. თუმცა უმეტესობას სჭირდება 7-14 დღე.

ზრდის ენერგიის ქვეშ გულისხმობენ თესლის გაღივებას ერთდროულად და მოკლე ვადაში. გაღივების მაღალი ენერგია გამოვლინდება ნათესის ერთდროულად აღმოცენებაში, განვითარებაში და მომწიფებაში. ენერგიას ანგარიშობენ %-ში, გაღივებული თესლების რაოდენობის მიხედვით მოცემულ ვადაში.

გაღივებულ თესლად ითვლება ისეთი თესლი, რომელსაც განუვითარდა ნორმალური პირველადი ფესვი და ის არ არის თესლის სიგრძეზე ნაკლები. ხორბალში, ჭვავში და სიმინდში ყურადღებას აქცევენ ღეროს ნაზარდსაც, რომელმაც უნდა მიაღწიოს თესლის სიგრძის ნახევარს მაინც. ზოგიერთი თესლი, განსაკუთრებით პარკოსნების (ხანჭკოლა, იონჯა, სამყურა და სხვა), დათვლის ვადისათვის ვერ აღწევს წყლით გაჯირჯვებას (გაჟღენთვას). ასეთ თესლს მაგარ თესლს უწოდებენ. მათ აქვთ სქელი კანი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება გაღივდნენ. ამიტომ მათ ცალკე ითვლიან და უმატებენ აღმოცენებულებს.

აღმოუცენებელ თესლად ითვლება ისეთი თესლი, რომლებმაც არ განივითარეს ღეროს ნაზარდი, ან განივითარეს, მაგრამ უსუსური, მახინჯი, დაავადებული ან განივითარეს ღეროს ნაზარდი, ხოლო ფესვი ბოლომდე არ განვითარდა. დამპალი თესლი ცალკე უნდა დაითვალოს. საბოლოოდ აღმოცენებაც და გაღივებაც იანგარიშება %-ში, ისევე როგორც ყველა ნიმუში. გადახრა ცალკეულ ნიმუშს შორის უნდა იყოს მცირე და არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ სიდიდეებს:

აღმოცენება საშ. %-ში: 100_98%; 97,9_95,0%; 94,9_90,0%; 89,9_ 85.0%; 84,9_80,0%;

დასაშვები გადახრის ამპლიტუდა ± 2 ± 3 ± 4 ± 5 ± 5,5

თუ ერთ ნიმუშში გადახრა აღმოჩნდა დასაშვებზე მეტი, მაშინ გაღივების ენერგიის და აღმოცენების % გამოიანგარიშება დანარჩენი სამიდან. თუ გადახრა დასაშვებზე მეტია 2 ნიმუშში, მაშინ იმეორებენ ერთი ნიმუშის ცდას და მისი მონაცემიდან ანგარიშობენ. ე.ი. ცდას შეიძლება გამოეთიშოს მხოლოდ ერთი ნიმუში. სხვა შემთხვევაში ცდა მეორდება.

ლაბორატორიულ პირობებში განსაზღვრული აღმოცენების პროცენტული მაჩვენებელი და მინდვრის აღმოცენების პროცენტული მაჩვენებელი, რა თქმა უნდა ერთმანეთს მთლიანად არ დაემთხვევა. საერთოდ მინდვრის აღმოცენება უფრო დაბალია ლაბორატორიულზე, მაგრამ ლაბორატორიული აღმოცენების პროცენტული მაჩვენებელი გვიჩვენებს ხელსაყრელ პირობებში, როგორი შედეგია მოსალოდნელი. ასე, რომ ლაბორატორიული აღმოცენების მაჩვენებელი ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

1000 მარცვლის წონის განსაზღვრა

პრაქტიკაში თესლის ხარისხი ხასიათდება ასევე 1000 მარცვლის წონით, რომელიც გამოიხატება გრამებში. 1000 მარცვლის მაღალი წონა მაჩვენებელია თესლის დიდი სიმსხოსი. მაგ. თუ ერთნაირი ზომის თესლი აქვს რომელიმე კულტურის სხვადასხვა ჯიშს, მაშინ თესლის მასა მის შინაგანი სტრუქტურის სიმკვრივეს ახასიათებს და ამგვარად განსაზღვრავს თესლის შემადგენელი საკვები ნივთიერებების მარაგს.

1000 მარცვლის წონის განსაზღვრა წარმოებს შემდეგნაირად: წმინდა თესლის ფრაქციიდან, სიწმინდეზე მისი ანალიზის შემდეგ დაითვლიან 2 ნიმუშს 500-500ცალს. ამ დროს თესლს იღებენ განურჩევლად. აღებული ნიმუშები იწონება 0.01გ. სიზუსტით. თუ ამ ორი ნიმუშის წონას შორის განსხვავება არ აღემატება 3%, მაშინ ანგარიშობენ ამ ორი ნიმუშიდან 1000 მარცვლის საშუალო არითმეტიკულს. მსხვილ მარცვლებიანებისათვის 0,1გ. სიზუსტით, წვრილმარცვლიანებისათვის 0,01გ. სიზუსტით. თუ ორ ნიმუშს შორის სხვაობა 3%-ზე მეტია, მაშინ წონიან მესამე ნიმუშს და საშუალოს ანგარიშობენ იმ ორი ნიმუშიდან, რომელთა შორისაც არის მცირე განსხვავება.

შაქრის ჭარხლის 1000 გორგლურას წონას ანგარიშობენ სხვანაირად. გორგლურის თესლის სიწმინდის დადგენის შემდეგ, დარჩენილ წმინდა თესლს წონიან და ყოფენ თესლის რაოდენობაზე და გებულობენ 1 გორგლურას საშუალო წონას და ამრავლებენ 1000ზე.

თესლის სათესი (სამეურნეო) ვარგისიანობის განსაზღვრა

თესლის სათესი (სამეურნეო) ვარგისიანობის განსაზღვრაში იგულისხმება სუფთა(წმინდა) და ერთდროული აღმონაცენის მიღება.

სათესი ვარგისიანობა არის თესლის მნიშვნელოვანი მახასიათებელი

. დავუშვათ, რომ მოცემულ მასალას აქვს სიწმინდე A და აღმოცენება B. ეს ნიშნავს, რომ მასალის 100 წონით ერთეულში A წონითი ერთეული არის წმინდა. მეორე მხრივ ეს ნიშნავს, რომ 100 წმინდა თესლისდან, B აქვს აღმოცენების უნარი, რაც პრაქტიკულად იგივეა, რომ 100 წმინდა მარცვლის წონით ერთეულზე მოდის B აღმონაცენი.

შესაბამისად, თუ დავთესავთ 100 წონით ერთეულ მასალას, აქედან A იქნება წმინდა, და ამ წმინდა თესლიდან ამოვა B ანუ 100 მარცვლიდან ვარგისი იქნება

 (A . B)/100=X;

X არის სათესად ვარგისი თესლის რაოდენობა.   სათესი ვარგისიანობა შესაბამისად იზომება %-ში.

სათესი ვარგისიანობა დგინდება მხოლოდ კონდიციური თესლისათვის. მის საფუძველზე ხდება სათესი ნორმის ცვლილების განსაზღვრა.

თესლის მიკუთვნება ამა თუ იმ კლასისთვის ხდება სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით.

თესვის სიღრმე

თესვა უნდა წარმოებდეს თანაბარ სიღრმეზე. არათანაბრად ჩათესილი თესლი თანაბრად არ აღმოცენდება. ზოგი შეიძლება ისე ღრმად მოხვდეს ნიადაგში, რომ საერთოდაც ვერ აღმოცენდეს, ზოგი კი ჩაუფლავი დარჩეს და დაიღუპოს. თესვის სიღრმეც განსხვავებულია. რამდენადაც წვრილია თესლი, მით უფრო ზედაპირულად უნდა დაითესოს, მსხვილი თესლი კი შედარებით ღრმად. თესვის სიღრმეს გარემო პირობებიც განსაზღვრავს. მსუბუქ ნიადაგებზე თესლი უფრო ღრმად ითესება, ვიდრე მძიმეზე. მძიმე ნიადაგებზე მეტი წინააღმდეგობა ექმნება აღმოცენებისთვის და ღრმად ჩათესილი თესლი ვერ იღებს სათანადო სითბოს და ჰაერს. მაშასადამე თესლი უნდა დავთესოთ კულტურის თავისებურების გათვალისწინებით და გარემო პირობების შესაბამისად.

არჩევენ თესვის მრავალნაირ წესს  ყველა მათგანს თავისი დანიშნულება და ადგილი აქვს.

თესვის წესი ძირითადად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: მობნევით და მწკრივში თესვა.

მობნევით თესვა უხსოვარი დროიდანაა ცნობილი და ათასეული წლების მანძილზე ხელით სრულდებოდა. ამჟამად ითვლება არარაციონალურად და ვერ აკმაყოფილებს აგროტექნიკურ მოთხოვნებს. მას იყენებენ მებოსტნეობაში მხოლოდ სათბურებში ჩითილების გამოყვანის დროს.

მწკრივში თესვა მრავალგვარია: მთლიანი ანუ ჩვეულებრივი თესვა, ვიწრომწკრივად(გამოიყენება პურეულების თესვის დროს), ფართემწკრივად, ზოლური ანუ ლენტისებური თესვა, ბუდობრივი, პუნქტირული, თხემზე (ბაძოებზე), კვლებში და სხვა.

ბოსტნეულ კულტურებს თესავენ ან რგავენ შემდეგი წესით: მწკრივში, ზოლურად ანუ ლენტისებურად, კვადრატულბუდობრივად.

თესვის სახეები:

1. ჩვეულებრივ მწკრივად;

2. ჯვარედინი თესვა;

3. ვიწრომწკრივად თესვა;

4. ფართემწკრივად თესვა;

5. ზოლური ანუ ლენტისებური თესვა;

6. ბუდობრივი;

7. კვადრატულბუდობრივი;

8. კვადრატული ერთმარცვლიანი;

9. ერთმარცვლიანი სამკუთხოვანი.

მობნევით თესვა, როგორც ზემოთ ითქვა გამოიყენება მხოლოდ სათბურებში. მწკრივში თესვის დროს თესავენ ერთნაირად დაშორებულ მანძილზე რიგში სწორ ზედაპირზე ან ბაძოებზე.

ზოლური ანუ ლენტისებური თესვის დროს ყოველ ზოლში 2-6 მწკრივს ათავსებენ მცირე დაშორებით, ხოლო ზოლებს შორის მანძილი ფართეა. ზოლური თესვა მიღებულია უმთავრესად ფეტვის, ბოსტნეული და ზოგიერთი სამარცვლე პარკოსნების თესვის დროს.

იმ ბოსტნის კულტურებს, რომლებსაც სჭირდება დიდი კვების არე ათავსებენ კვადრატებად. როდესაც რამოდენიმე თესლი ერთად ითესება ბუდობრივი თესვა ეწოდება. ბუდობრივ თესვას ბევრი დადებითი მხარე აქვს – მცენარეთა მიერ კვების არის და სინათლის უკეთესი გამოყენება, თესლის ეკონომია და სხვა. მთავარი კი ის არის, რომ იგი ნათესების მოვლის მექანიზაციის დიდ შესაძლებლობას იძლევა. ბაძოებზე თესვა მისდევენ იმ ადგილებში სადაც ნალექები ჭარბია და ნიადაგში სინესტე დიდი რაოდენობით გროვდება. ხელოვნურად შემაღლებული ბაძოებიდან ზედმეტი წყალი იწრიტება, ორთქლდება და მცენარე ნორმალურად ვითარდება. ამ წესს კოლხეთის დაბლობში იყენებენ მებოსტნეობაში.

თესვის ვადები

თესვის ვადების მიხედვით საგაზაფხულო კულტურებს ყოფენ ორ ჯგუფად: საადრეო საგაზაფხულო კულტურები და საგვიანო საგაზაფხულო კულტურები. საადრეო საგაზაფხულო კულტურებია, რომელთა თესლი შედარებით დაბალი ტემპერატურის პირობებში ღივდება და გარდა ამისა, მათი აღმონაცენები მცირე წაყინვას უძლებენ. ასეთებია ხორბალი, ქერი, სელი, ბარდა და სხვა. საგვიანო საგაზაფხულო კულტურები კი თესლის გაღივებისთვის საჭიროებენ უფრო მეტ სითბოს, ხოლო მათი აღმონაცენი მცირე წაყინვასაც ვერ უძლებენ. ასეთებია: სიმინდი, კარტოფილი, ბამბა და სხვა. როგორც ჩანს ასეთი დაჯგუფების მთავარი საფუძველია აღმონაცენის გამძლეობა ნაგვიანევი წაყინვებისადმი. თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგ. მზესუმზირა, რომლის თესლის გაღივებისათვის ისეთივე სითბოა საჭირო, როგორც სიმინდისა და კარტოფილისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ადრეულ საგაზაფხულო კულტურებთან ერთდროულად, ან ხშირად ზამთრის პირასაც ითესება.

საშემოდგომო კულტურების თესვის ვადები

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში საშემოდგომო პურეულების მასობრივი თესვის პერიოდი ოქტომბრის თვეა. ამ პერიოდში ხელსაყრელი პირობებია მინდვრის სამუშაოებისთვის და კერძოდ საშემოდგომო თესვისთვის. ბოსტნეული კულტურები, კერძოდ საშემოდგომო ნიორი ითესება ოქტომბერ-ნოემბერში.

თესვი სნორმა

დიდ მნიშვნელობა აქვს ასევე თესლის თანაბარ განაწილებას და მის რაოდენობას (ნორმას). ამ ოპერაციის დროს წყდება საკითხი, თუ რა ფართობს მივუჩენთ თითოეულ თესლს (მომავალ მცენარეს). შესაფერისი საკვები ფართობი, ანუ კვების არე იმის მიხედვით თუ რა კულტურას ვთესავთ (ვრგავთ) სხვადასხვა იქნება. მაგალითად პურეულებისთვის 25 სმ2, სათოხნი კულტურებისთვის 0,64მ2 და მეტიც. ყოველი, ცალკეული მცენარის კვების არე მიიღება ფართოების სიდიდის მცენარეთა რიცხვზე გაყოფის შედეგად. მაგალითად ნანტის ჯიშის სტაფილოთი დაკავებულ ერთ ჰექტარზე მიიღება 1-2 მილიონამდე მცენარე. ერთი მილიონის შემთხვევაში კვების არე 100მ2, ხოლო ორი მილიონის შემთხვევაში 50სმ2. კვების არე შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე მწკრივთაშორის მანძილის, მცენარეთაშორის მანძილზე გადამრავლებით. მაგ. თუ საადრეო კომბოსტოს მწკრივთაშორის მანძილი 60სმია, ხოლო მცენარეთაშორის 50სმ-ია, მაშინ მისი კვების არე იქნება 60х50=3000სმ2 ანუ 0,3მ2, ე.ი. ერთ ჰექტარზე დაახლოებით 33 300 მცენარე დაეტევა. ცოტათი ძნელდება კვების არის განსაზღვრა ზოლებრივი კვების დროს. როგორც ცნობილია, ისეთი მცენარეები, რომლებიც თავისი ზრდის თავისებურების გამო დიდ კვების არეს არ საჭიროებენ, ზოლებრივად ითესება. მაგ. ხახვი, ორმწკრივიან ზოლად დათესვისას, თუ ზოლში მწკრივთაშორის მანძილი 20სმ.-ია, მწკრივში მცენარეთაშორის მანძილი 10სმ., ხოლო ზოლებს შორის 50სმ., მაშინ კვების არე იქნება:

 (2) – არის მწკრივის რაოდენობა. ან სტაფილოს ხუთმწკრივიან ზოლებად თესვისას, თუ ზოლში მწკრივთაშორის მანძილია 20სმ, ზოლებს შორის კი 50სმ, ხოლო მცენარეთა შორის 5სმ, მაშინ კვების არე იქნება:


 რაც შეეხება თესვის ნორმის განსაზღვრას თუ სათესი ნორმა მითითებულია თესლის რაოდენობით, მაშინ კონკრეტული სათესი ნორმის განსაზღვრისას, უნდა გავითვალისწინოთ სათესი ვარგისიანობა და 1000 მარცვლის მასა. მაგ. რეკომენდირებული ნორმაა 5-5,3 მლნ. თესლი ჰექტარზე, ხოლო თუ გამოანგარიშებული სათესი ვარგისინობაა 94%, და 1000 მარცვლის მასაა 40გ., მაშინ სათესი ნორმა იქნება (5,3 მლნ х 40 х100):94 =225,5 კგ. ჰექტარზე. ფართო მწკრივში თესვისას (30-45 სმ. ინტერვალით მწკრივში თესვისას) გამოანგარიშებული სათესი ნორმა იმის მიხედვით, თუ რა მანძილია მწკრივებს შორის და გამომდინარე კულტურის თავისებურებდან მცირდება 30-50%-ით. ბუდობრივი თესვისას მხედველობაშია მისაღები ბუდნებს შორის მანძილი. მაგალითად: თუ ვთესავთ სიმინდს კვადრატულ-ბუდობრივად 70 სმ. დაშორებით, საკვები არეა 70×70= 4900 სმ2. ან 0, 49მ2. მაშინ ჰექტარზე განთავსდება 20 400 ბუდნა (10 000 მ2 : 0,49მ2 = 20 400). თუ თითო ბუდნაში დავთესავთ 2 მარცვალს, მაშინ ჰექტარზე დაგვჭირდება 20 400 × 2 = 40 800 თესლი.

სიმინდის 90% სათესი ვარგისიანობისას და 1000 მარცვლის 300გ-ის შემთხვევაში სათესი ნორმა კილოგრამებში იქნება: (40 800 х 300 х100 ) : (90 х1000) = 13 600გ=13,6კგ. ჰექტარზე.