პრასი _ სასარგებლო თვისებები, მოვლა-მოყვანის ზოგადი წესები
პრასი ორწლიანი მცენარეა. პირველ წელიწადს ივითარებს ფოთლებსა და გამსხვილებულ ცრუ ღეროს, ხოლო მეორე წელიწადს საყვავილე ყლორტებს (ისარს) და თესლს.
საჭმელად გამოიყენება პრასის ფოთლები და ცრუ ღერო. მას იყენებენ როგორც უმი, ისე მოხარშული სახით ნიგვზითა და სუნელებით შენელებულს, გამოიყენება აგრეთვე მწნილად.
პრასი დიდი რაოდენობით ეთერზეთს შეიცავს, რაზეც მისი სუნი და გემოა დამოკიდებული.
ღივი ამოდის დათესვიდან 10-16 დღეში. მისი ფოთლები ღივის ამოსვლისას მოხრილია, მაგრამ სწრაფად სწორდება.
პრასის ბოლქვი პატარაა და შედგება თეთრი თხელი ხორციანი ქერქებისაგან.
პრასი პირველ წელიწადს საყვავილე ყლორტს არ ივითარებს, მაგრამ მეორე წელს სრულად ყვავის.
მისი განსაკუთრებული თავისებურება გამოიხატება იმით, რომ გვიან შემოდგომამდე არ წყვეტს ფოთლების განვითარებას, ცრუ ღერო საყვავილე ყლორტის ამოღებამდეც კი ყოველთვის რჩება წვნიანი სახით, ამიტომ პრასს, ხახვისაგან განსხვავებით, მოსვენების პერიოდი არ ახასიათებს.
პრასი აღმოცენებას იწყებს 3-5ºC-ზე; იტანს – 4-5ºC-ს.
პრასის თესლი ღივდება 3-5ºC სითბოზე. ღივებც – 4-5ºC ყინვა ვერ აზიანებს.
მოზრდილი მცენარეები კარგად იტანს ძლიერ ყინვებს და საქართველოს თითქმის ყველა ზონაში, იზამთრებს ღია გრუნტში.
პრასი ნიადაგის სტრუქტურის და ნოყიერების დიდი მომთხოვნია, უხვ მოსავალს იძლევა უხვნალექიან ანდა სარწყავ პირობებში, პრასი მოჰყავთ წინასწარ გამოზრდილი ჩითილის დარგვით ან უშუალოდ თესლის ღია გრუნტში თესვით.
კარგი მოსავლის მიღება შეიძლება ნაკელით კარგად განოყიერებულ ნიადაგებზე – 60-80 ტ. 1 ჰა-ზე. თუ წინა წელს კარგად იყო განოყიერებული ნიადაგი, მაშინ საკმარისია მარტო მინერალური სასუქის შეტანა – აზოტი, ფოსფორი და კალიუმი 70-80 კგ 1 ჰა-ზე.
ჩითილით მოყვანისას მას რგავენ ზოლებად, ზოლებს შორის ათავსებენ 4 მწკრივს, მწკრივთა შორის მანძილი 25 სმ. ზოლებს შორის 50 სმ, მწკრივში მცენარეთა შორის 10-20 სმ-ია, 1 ჰა-ზე დაახლოებით 300 000 მცენარე ეტევა.
პრასის მოვლა ისეთივეა, როგორც ხახვის, იმ განსხვავებით, რომ კარგი ძირების მისაღებად საჭიროა მიწის შემოყრა და ფოთლების კარგად განვითარების შემდეგ მათი წაკვეთა, რაც ხელს უწყობს ძირების გამსხვილებას.
პრასის მოსავლი უნდა აიღოთ დარგვიდან 35-50 დღეში.