აპრილში ჩასატარებელი სამუშაოები საფუტკრეში
აპრილის თვეში ფუტკრის ოჯახი განვითარების პროცესშია, აუცილებელია ბუდის გაფართოების დაწყება.
ბუდის გაფართოება: (გაითვალისწინეთ, სხვადასხვა რეგიონში ბუდის გაფართოება სხვადასხვა დროს არის შესაძლებელი).
ბუდის გაფართოების დროს აუცილებელია ოჯახში აქტიურად შედიოდეს ყვავილის მტვერი (ცილოვანი საკვები ხელს უწყობს საცვილე ჯირკვლების გააქტიურებას), ასევე შესაძლებელია ინვერსირებული საკვებით ან შაქრის სიროფით ფუტკრის გამოკვება (შაქრის სიროფი 1:1-ზე მომზადებული კონსისტენციით).
როდესაც ფუტკრის ოჯახში შეიქმნება სიმჭიდროვე, ეს გახლავთ ფიჭების მშენებლობის დაწყების სიგნალი. ასაშენებელი ჩარჩო უნდა მოთავსდეს ბოლო ბარტყიანი ჩარჩოს გვერდით. ფიჭების მიცემის რაოდენობა განისაზღვრება ოჯახის სიძლიერისა და ცვილის გამოყოფის უნარით (ერთ ჯერზე შესაძლებელია 1-3 ასაშენებელ ჩარჩოს მიცემა, ოჯახის მდგომარეობის და ბუნებრივი პირობების შესაბამისად). მშენებლობისთვის აუცილებელია გარემოში ოპტიმალური ტემპერატურა იყოს +20°C.
დაბლობ ადგილებში შეგვიძლია დავიწყოთ ოჯახების გაყოფა და დედების გამოყვანა (გადაბეჭდილი სამამლეების არსებობის შემთხვევაში) განაყოფი ოჯახები დავათბუნოთ. ზოგ ადგილას შეიძლება ბუნებრივი ნაყარიც გამოვიდეს.
ვაკვირდებით რაიმე დაავადება ხომ არ აღინიშნება ოჯახებში (გაციებული ბარტყი, ევროპული სიდამპლე, ასკოპეროზი).
ზოგადი რეკომენდაციები
აუცილებელია, საფუტკრე მეურნეობაში სანიტარულ – ჰიგიენური პირობების დაცვა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ფუტკრის დაცვას საზოგადოებრივი (ეზოს) ტუალეტებისგან, ასევე საფუტკრეების მორიდებას შინაური ცხოველების (საღორეები, საქათმეები და ა.შ.) სადგომებისაგან. ეს ფაქტორები ხშირ შემთხვევაში თაფლის სხვადასხვა ნარჩენებით დაბინძურების მიზეზად გვევლინება, მათ შორის, არის რისკი სკაში ანტიბიოტიკების შეტანის, ვინაიდან შინაური ცხოველებისთვის ხშირად გამოიყენება ანტიბიოტიკებით გაჯერებული სასმელი წყალი.
ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეების შესამცირებლად აუცილებელია საფუტკრეში რეგულარულად იდგეს მინერალური მარილებით, ან უბრალო სუფრის მარილით გაჯერებული სასმელი წყალი (10 ლ წყალზე 1 გ მარილი).
აუცილებელია სკის გასუფთავება ზამთარში დაგროვილი ჭუჭყის, დახოცილი ფუტკრის, ფსკერზე ჩამოყრილი დანესტიანებული ჭეოსა და სანთლის ნამცეცებისაგან.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი