აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგები

ქარსაფარი ზოლების მოწყობა


ქარსაფარი არის ხეების და ბუჩქების რამდენიმე რიგისგან შემდგარი ნარგაობა, რომელიც იცავს ქარებისგან სხვადასხვა დანიშნულების სავარგულებს. იცავს ნიადაგს ეროზიისგან.

ქარსაფარებს აშენებენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, სოფლის მეურნეობის კულტურების უხვი და მყარი მოსავლიანობის უზრუნველყოფისა და ბუნების სტიქიური მოვლენებისაგან მათი დაცვისათვის. სავეგეტაციო პერიოდში ქარის სიჩქარის შემცირებით ქარსა¬ფარი ზოლები ხელს უწყობენ ტენის შენარჩუნებას მომიჯნავე მინდვრებზე, ხოლო ზამთარში – თოვლის საფარის შეკავებას და ამით ნიადაგის ტენიანობის ზრდას.

რატომ უნდა გავაშენოთ ქარსაფარები?

ძლიერი ქარების მოქმედებით ხშირია დამუშავებული ნიადაგების გამოშრობა და ჰუმუსიანი ფენის გადახვეტა, რის გამოც იღუპება ნათესები. ასეთი ქარების გავლენით ხეხილის ბაღებში ზიანდება ხის ვარჯი, ცვივა ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი, ხოლო ჩაისა და ციტრუსების პლანტაციებში მნიშვნელოვნად მცირდება მოსავალი. ერთწლიანი კულტურების განადგურება ხდება ნიადაგის გაფანტვით და გამოშრობით.

ქარსაფარების მნიშვნელობა

ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის ეროზიას;
იცავს ქარისადმი მგრძნობიარე მცენარეებს;
ამცირებს მოსავლის დანაკარგს (ქარი განაბნევს მარცვლებს);
დადებით გავლენას ახდენს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერ¬ატურაზე (დაცულ ადგილას ნიადაგის ტემპერატურა შესა¬ძლოა რამდენიმე გრადუსით მეტი იყოს ვიდრე დაუცველში);
ზრდის ტენის ოდენობას;
ქმნის დამატებით საკვებს ადამიანებისათვის (ხეხილი და კენკრა);
ასრულებს ეკოლოგიური დერეფნის როლს, ქმნის საცხოვრებელს სასარგებლო მწერებისა და ფრინველებისთვის;
აუმჯობესებს საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს სახლის გარშემო და ფერმაში;
ამცირებს ცხოველების სიკვდილიანობას ცივ პერიოდში;
ცხოველებისთვის საჩრდილობელს წარმოადგენს ცხელ ამინდში;
იძლევა დამატებით საკვებს ცხოველებისთვის (ჩამოცვენი¬ლი ნაყოფები და ნასხლავი);
მცენარეების უმეტესობა თაფლოვანია, ამიტომ წარმოადგენს ნექტრის წყაროს ფუტკრისთვის;
ამცირებს ხმაურს, იცავს გარემოს დამაბინძურებლებისაგან (მტვერი, გამონაბოლქვი);

ასრულებს ღობის ფუნქციას.

ქარსაფარი ზოლების გავლენით მატულობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. მაგალითად ხორბლოვანების მოსავლიანობა დაცულ ფართობებზე სხვადასხვა კლიმატური პირობების შესაბამისად იზრდება 20-დან 75%- მდე დაუცველთან შედარებით. დასავლეთ საქართველოში ჩატარებული გამოკვლევებით დადგენილი იქნა, რომ ქარსაფარებით დაცულ ჩაის პლანტაციებში მოსავლიანობა იზრდება 55%-ით, ვიდრე დაუცველ ფართობებზე. ასევე საუკეთესო შედეგს იძლევა ქარსაფარები ციტრუსოვანთა მოყინვისგან დასაცავად. ქარსაფარი ზოლების მიმდებარე ნაკვეთებზე მატულობს ჰაერის ფარდობითი და აბსოლუტური ტენიანობა, ეს ხელს უშლის მიწისპირა ჰაერის ფენების გამოშრობას. ქარსაფარი ზოლების გავლენით ასევე მცირდება აორთქლება. დადგენილია, რომ ქარიან ადგილებში ქარსაფარი ზოლების გავლენით ზოლიდან 25 მ. მანძილზე აორთქლება 25%-ით მცირდება ღია ფართობთან შედარებით. რამდენადაც მეტია ზოლის სიმღლე, იმდენად უფრო მეტად უნარჩუნებს ზოლი ტენიანობას მომიჯნავე ფართობს.

ქარსაფარების სტრუქტურა და დიზაინი

არ არსებობს ქარსაფარის უნივერსალური ტიპი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული ლანდშაფტის, არსებული კულტურებისა და კლიმატური პირობების შესატყვისი ქარსაფარის დაგეგმვა. ამრიგად ქარსაფარის ფორმა და სტრუქტურა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაკვეთზე, გაშენებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და კლიმატურ პირობებზე. ქარსაფარების დიზაინისთვის მნიშვნელოვანია – ნარგაობის სიმაღლე, სიმჭიდროვე, შემადგენლობა, ორიენტაცია, სიგანე და სიგრძე. ქარსაფარების დიზაინი მოითხოვს, რომ მის შემადგენლობაში გამოყენებულ იყოს სხვადასხვა სახეობის ხე მცენარე ზრდის სხვადასხვა ტემპებით, რაც უზრუნველყოფს ვარჯის შეკრულობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სასურველია მონაწილეობდეს ფოთლმცვენი და მარადმწვანე სახეობები სხვადასხვა რიგებში და აუცილებლად ბუჩქები, რაც განაპირობებს ქარსაფრის ფუნქციონირებას მთელი წლის განმავლობაში. ქარსაფარის მოწყობისთვის სასურველია მცენარეების დარგვა პი¬რამიდული პრინციპით: იარუსისებრი ნარგაობათა სისტემა ყველა მცენარეს შესაძლებლობას უქმნის, რომ მათთვის თანაბრად მისაწვდომი იყოს სინათლე და საკვები ნივთიერებები.

ქარსაფარები სტრუქტურულად არის ქარგაუმტარი (მკვრივი), ნახევრად ქარგამტარი (აჟურული) და ქარგამტარი. ქარგაუმტარი ქარსაფარი ზოლი მთლიანად შეკრული, მკვრივი ნარგაობაა, რომელშიც ჰაერის ნაკადი ვერ გადის (ან გადის ძალიან სუსტად). საშუალო სიძლიერის ქარის დროს ასეთი ზოლის შიგნით იქმნება სრული სიმყუდროვე. გარეგნულად ქარგაუმტარ ზოლში სინათლე არ გადის, იგი შეფოთლილ მდგომარეობაში მთლიანად მწვანე კედელია. ქარსაფარი ზოლი, როგორც წინაღობა, დახვდება რა ქარს, ხელს უწყობს მიწის ზედაპირთან ჰაერის ნაკადის დაგროვებას, ერთგვარ შეგუბებას. ამ დროს ქარის მხრიდან იქმნება მაღალი წნევა. რამდენადაც უფრო მკვრივი და ქარგაუმტარია ზოლი, იმდენად უფრო დიდია ზოლის ზემოდან ჰაერის ნაკადის დაშვების კუთხე ზოლის მყუდრო მხარეს. ამავე დროს უფრო სწრაფად და მკვეთრად აღიდგენს ქარი თავის იმ სიჩქარეს, რაც მას ჰქონდა ქარსაფართან მიახლოვებამდე.

ნახევრად ქარგამტარი – აჟურული სტრუქტურის ქარსაფარი ზოლი უფრო ნაკლებად შეკრულია, ვიდრე ქარგაუმტარი, რის გამოც საშუალო სიძლიერის ქარი მასში გადის ისე, რომ მისი სიჩქარე თუმცა იკლებს, მაგრამ ინარჩუნებს თავის ძირითად მიმართულებას. გარეგნულად აჟურული სტრუქტურის ქარსაფარი ზოლის მთელ პროფილზე სინათლის გამონაშუქები დაახლოებით თანაბრად არის განაწილებული.

ქარსაფარში ასეთი სტრუქტურის ზოლი, ქარგაუმტარ ზოლთან შედარებით ქარს უფრო თავისუფლად ატარებს და ზოლთან იქმნება ჰაერის ნაკლები დაწოლა, რაც ქარის სიჩქარეს უფრო ნაკლებად ამცირებს. ქარის სიჩქარის ყველაზე მეტი შემცირების ზონა შემჩნეულია ზოლის საქარო მხრიდან 3-4H მანძილზე (H – ქარსაფარი ზო¬ლის სიმაღლე). ასეთი ზოლის შიგნით ქარის ნაკადის სიჩქარე კლებულობს 40%-მდე. ზოლიდან გასვლის შემ¬დეგ ქარის სიჩქარის კლება კიდევ გრძელდება. აქ მყუდრო ზონა ვრ¬ცელდება 5-10H მანძილზე, შემდეგ კი ზოლის სიმაღლის 10-15 ჯერადი მანძილიდან იწყება ქარის სიჩქარის არა მკვეთრი, არამედ თანდათანო¬ბით მატება და ზოლიდან 20-25 H მანძილზე ქარის სიჩქარე უკვე აღ¬წევს საწყისი სიჩქარის 85%-ს. ამ მანძილის შემდეგ ქარი აღიდგენს იმ სიჩქარეს, რაც მას ღია მინდორზე ჰქონდა.

როგორც სქემიდან ჩანს ზოლიდან ქარსაფარის სიმაღლის 5-8 ჯერ მეტ მან¬ძილზე ქარის სიჩქარე 25-50%-ია, 8-10-ჯერ მეტ მანძილზე 50-70%-ია, ხოლო 15-ჯერ მეტ მანძილზე უკვე 70%-ს აღწევს.

სურათზე წარმოდგენილია აჟურულ ქარსაფარში გასაშენებელი სახეობები, სადაც მოცემულია მცენარეთა სახეობების შეფარდებითი ზრდის ტემპები: ნელი, საშუალო და სწრაფი.

როგორც აღვნიშნეთ, აჟურული ქარსაფარი უფრო კარგი დამცავია მინდვრების, ვიდრე ქარგაუმტარი. რაც უფრო ვშორდებით ქარსაფარ ზოლს, მით უფრო ნაკლებად დაცულია მინდვრები. ამიტომ ქარსაფარ ზოლებს შორის მანძილების დადგენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მათი მოწყობისას. სურ. 8-ზე მოცემულ სქემებში უფრო დაცული ფართობები მუქად არის აღნიშნული, ხოლო გაღიავებასთან ერთად მცირდება დაცულობის ხარიხი.

ქარგამტარი სტრუქტურის ქარსაფარი, როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, ისეთი ზოლია, რომელიც ატარებს ქარს, ამასთან ასეთ ზოლს აქვს სინათლისა და ქარის გამტარი უფრო დიდი ზომის ფანჯრები. ასეთ ზოლებს არ აქვთ ქვეტყე და ზოლის ქვედა ნაწილში ქარი გადის შიშველ ღეროებს შორის.
ქარგამტარი ზოლის წინ ქარის სიჩქარის შემცირების ზონა ასევე ნაკლებია, ვიდრე ქარგაუმტარ ზოლთან. აქ ქარის ნაკადი ორად ნაწილდება: ნაკადის ქვედა ნაწილი გადის ხეების ღეროებს შორის, ზედა ნაწილი კი ვარჯებს გადაუვლის. წყნარი ზონა იქმნება ზოლის ნაპირიდან 5-10H მანძილზე, სადაც ქარის სიჩქარე ეცემა 40-60%-ით, შემდეგ კი თანდათანობით ისევ მატულობს.
სურ. 9, 10. ქარგამტარი კონსტრუქციის ქარსაფარი

ამდენად, ქარსაფარი ზოლების სტრუქტურა განისაზღვრება მათი ქარგამტარიანობის ხარისხით და ძირითადად დამოკიდებულია ნარ¬გაობის შეკრულობაზე, ზოლის სიგანეზე, სიმაღლეზე, შემადგენლობაზე, სართულიანობაზე და სხვ.

მნიშვნელოვანია, რომ ქარის სიჩქარის შემცირება ბევრად არის დამოკიდებული დაცვითი ტყის ზოლის სიმაღლეზე. რამდენადაც მეტია ზოლის სიმაღლე, მით უფრო მეტ მანძილზე ვრცელდება ქარსაფარის დაცვითი გავლენა.

ქარსაფარი ზოლების განლაგება ფართობზე

ქარსაფარი ზოლების მოწყობისას საჭიროა გაშენდეს მთავარი და დამატებითი ზოლები. მთავარი ზოლების გაშენება ხდება ქარის მიმართულების მართობულად, ხოლო დამატებითი – მთავარი ზოლის პერპენდიკულარულად და ქარის მიმართულების გასწვრივ. ზოგჯერ საჭირო ხდება ძირითადი ზოლების მიმართულების ცვლილება ადგილობრივი პირობების (რელიეფის) გათვალისწინებით, რაც დასაშვებია 30-450.

ქარსაფარების მოწყობა საქართველოს პირობებისთვის

საქართველოში სასოფლო-სამეურ¬ნეო სავარგულების ფართობების ზრდა შეზღუდულია, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია საჰექტარო მოსავლის ზრდა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დიდი როლი მიუძღვის ქარსაფარი ზოლების არსებობას, რადგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთ ძირითად რეზერვად ითვლება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის აღკვეთა და ქარებისა და გვალვების მავნე ზემოქმედების შემცირება აგრომეტყევეობის მეთოდებით. სწორად დაგეგმილი და მოწყობილი ქარსაფარი ზოლები ზრდის ნიადაგის და ჰაერის ტენიანობას, აწესრიგებს წყლის რეჟიმს, იქმნება თოვლის დაგროვებისა და ფართობზე თანაბარი განაწილების საშუალებები, იცავს ქარებისგან და საბოლოოდ რეგულარული მოსავლის მიღებას ემსახურება.
ქარსაფარების გაშენების დაგეგმვისას უნდა იქნას გათვალისწინებული მანძილი დამცავ ზოლსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის. სასოფლო-სამეურნეო ნარგაობების დაჩრდილვის თავიდან ასაცილებლად ეს მანძილი საშუალოდ 8-10 მ უნდა შეადგენდეს.

აღმოსავლეთ საქართველოსთვის

ქარების სიძლიერისა და ხასიათის მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტები იყოფა სამ ჯგუფად:
I ჯგუფის მუნიციპალიტეტები, სადაც გაბატონებულია ძალიან მძაფრი ქარები (18-20 მ/წ და მეტი), რომლებიც იწვევენ ნიადაგის ძლიერ გამოშრობას. ესენია: ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ფართობები, სამგორის, მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.

II ჯგუფის მუნიციპალიტეტები ძლ¬იერი ქარებით (15-17 მ/წ), რაც საგრძობლად აზიანებს მოსავალს. ესენია: ცხინვალის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

III ჯგუფის მუნიციპალიტეტები ნაკლებად ძლიერი ქარებით (10-14 მ/წ): ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ახალგორის, თეთრიწყ¬აროს, თიანეთის, ჯავის, თელავის, ახმეტის, ყვარელის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

მრავალწლოვან ნარგავთა დასაცავად ქარსაფარი ზოლები უნდა გაშენდეს ბაღის გაშენებამდე ორი წლით ადრე. მთავარი ანუ ძირითადი ზოლი შეძლებისამებრ უნდა განლაგდეს გაბატონებული ქარების მიმართულების პერპენდიკულარულად, ხოლო დამატებითი ანუ განივი – ძირითადი ზოლის პერპენდიკულარულად. იმის მიხედვით, თუ რომელ ზონაში შენდება და იმის მიხედვით ადგილი ირწყვება თუ არა ზოლებს შორის მანძილი უნდა იყოს


მანძილები ქარსაფარის ძირითად ზოლებს შორის

რეგიონის ჯგუფი მანძილი დაცვით ზოლებს შორის (მეტრი) მანძილი დაცვით ზოლებს შორის (მეტრი)
სარწყავი ურწყავი
პირველი 200100
მეორე250150
მესამე300200

დამატებით ზოლებს შორის მანძილები სამივე ჯგუფში დაწესებულია ორმაგი, იმისა რაც ძირითადი ზოლისთვისაა განკუთვნილი. სადაც ქარები სუსტია დასაშვებია სამმაგიც.

ქარსაფარი ზოლების მოწყობის კონსტრუქცია:

პირველი ჯგუფის რაიონებში მთავარი დაცვითი ქარსაფარი ზოლებისთვის საჭიროა 8 რიგის გაშენება, დამატებითში – 2 რიგის.

მეორე და მესამე ჯგუფის რაიონებისთვის შესაბამისად ძირითადი – 6 ან 4, ხოლო დამატებითი – 2 რიგი.

რიგთაშორისი მანძილებიც განისაზღვრება იმის მიხედვით თუ როგორ ხდე¬ბა დამუშავება – ტრქტორით, ცხენით თუ ფეხით, შესაბამისად 2,5; 1,5; 1 მ.

ქარსაფრის განივი კონსტრუქცია

რიგების რაოდენობა ზოლში ზოლის სიგანე (მეტრებში) ზოლის სიგანე (მეტრებში) ზოლის სიგანე (მეტრებში)
რიგთაშორისი მაძილი 2,5 მ რიგთაშორისი მაძილი 2,5 მ რიგთაშორისი მაძილი 2,5 მ
820126
6158
41064
2532

არსაფარი ზოლების შემადგენლობა ნახევარი ფოთლოვანი და ნახევარი წიწვოვანი სახეობებით ეწყობა ან მთლიანად ფოთლოვანი სახეობებით.


ქარსაფარ ზოლებში შერჩეული სახეობები უნდა ხასიათდებოდეს:

ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან კარგი შეგუებით;

სწრაფი ზრდით;

კარგი ტანით და მყარი ვარჯით ;

არ უნდა ჰქონდეთ ფესვიდან ამონაყარი.

• არ უნდა ჰყავდეთ სასოფლო კულტურებთან საერთო მავნებლები და დაავადებები.
ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში რეკომენდებულია ხისა და ბუჩქის შემდეგი სახეობები:
I ჯგუფი, ქვედა სარტყელი – 500-1000 მ.ზ.დ რაიონები – ხაშური, ქარელი, გორი, ცხინვალი, კასპი.
1) მდინარეების მტკვრის, არაგვის, ქსნის, ფრონასა და ლიახვის აუზში დასარწყავ ფართობებზე ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ალვის ხე, კანადური ვერხვი, ევროპული ნაძვი, გრძელყუნწა მუხა, თელა, ნეკერჩხალი, მინდვრის ცაცხვი, იფანი. განივი ზოლებისთვის დამატებით – თუთა, კაკალი, პანტა, ქვეტყის შემქმნელი სახეობებიდან – შინდი, ჯონჯოლი, ტყემალი, ხოლო განაპირა ზოლებისთვის ფშატი.
2) ურწყავ ფართობზე ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ქართული მუხა, თელა, მინდვრის ნეკერჩხალი.განივი ზოლებისთვის დამატებით თუთა, და პანტა; ქვეტყის შემქმნელი სახეობებიდან როგორც ძირითად ასევე განივ ზოლებში დასაშვებია – შინდი, ზღმარტლი, ტყემალი; ნაპირებზე – ფშატი და ბერყენა.
II ჯგუფის რაიონები: მცხეთა, სამგორი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო, მარნეული, ბოლნისი
1) სარწყავი ფართობები და პირველი ტერასა მდინარეების მტკვარი, არაგვი, ხრამი, ალგეთი, ალაზნის აუზებში ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ალვის ხე, კანადური ვერხვი, კვიპაროსი, ქართული მუხა, გრძელყუნწა მუხა, თელა, მინდვრის ნეკერჩხალი, ცაცხვი, იფანი.განივი ზოლებისათვის დამატებით თუთა, კაკალი, პანტა. ქვეტყის სახეობებიდან როგორც ძირითადი ისე განივი ზოლებისთვის: შინდი, ჯონჯოლი, ტყემალი, თხილი, ნაპირებზე ბროწეული, ფშატი.
2) ურწყავი ფართობები ა) 300- 500 მ ზ.დ. ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია აკაკი, კევის ხე, ქართული ნეკერჩხალი, კიპარისები. განივი ზოლებისთვის დამატებით ნუში.
ბ) 500-1000 მზ.დ. ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ქართული მუხა, შავი ფიჭვი, მინდვრის ნეკერჩხალი, თელა, კვიპაროსი, იაპონური სოფორა. განივი ზოლებისათვის დამატებით თუთა და პანტა. ქვეტყის სახეობებიდან ძირითადსა და განივ ზოლებში – შინდი, ზღმარტლი, ტყემალი, განაპირა ზოლებში – ფშატი და კვრინჩხი.
III ჯგუფის რაიონებში – წალკა, ბოგდანოვკა, ახალქალაქი, ყაზბეგი
1) სარწყავ ფართობებსა და მდინარეების ფარავანისა და ხრამის აუზების პირველ ტერასებზე ძირითადი ზოლების წამყვანი მცენარეებია – აღმოსავლური მუხა, კანადური ვერხვი, არყი, კავკასიური ფიჭვი, ევროპული ნაძვი, მაღალმთის ნეკერჩხალი. განივი ზოლებისთვის 1800-1900 მ-ზე დამატებით პანტა. ქვეტყიდან – თხილი.
2) ურწყავი ფართობებისთვის ძირითადი ზოლების წამყვანი მცენარეებია – აღმოსავლური მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, არყი, კავკასიური ფიჭვი. განივი ზოლებისთვის – პანტა, ქვეტყიდან – თხილი.

აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში დამლაშებული ნიადაგებისათვის რეკომენდებულია შემდეგი სახეობები:
ძირითადი ზოლებისათვის: ელდარის ფიჭვი, თელა, გლედიჩია, იაპონური სოფორა, აკაცია. განივი ზოლებისათვის დამატებით: თუთა, ჭერამი. ქვეტყიდან – ჭალაფშატა, ბროწეული, ამორფა, ხეპილპილა, იალღუნი, კურდღლისცოცხა.

დასავლეთ საქართველოსთვის

ქარების მავნე ზემოქმედების მიხედ¬ვით დასავლეთ საქართველოს რაიონებიც იყოფა სამ ჯგუფად:

I ჯგუფის რაიონები: სადაც ძლიერი ქარი იწვევს ნიადაგის გამოფიტვას – ქობულეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის დაბლობი ნაწილი, კახაბრის ველი, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ხონის, სამტრედიის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, ზუგდიდის, თერჯოლას და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში.

II ჯგუფის რაიონები: ქარები საგრძნობი ზიანს მომტანია, რაიონები: ბათუმი -კახაბრის ველის გამოკლებით, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ქობულეთი – დაბლობების გამოკლებით, ოზურგეთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, გალი, ოჩამჩირე, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანისა და ყიბულისმუნიციპალიტეტებში.

III ჯგუფის რაიონები: ნაკლები სიძლიერის ქარები, რაიონები: სოხუმის, გუდაუთის, გაგრის, შუახევის, ხულოს, ქედის, საჩხერის, ონის, ორჯონიკიძის, ამბროლაურის, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.
მარცვლოვანი კულტურების დასაცავად დაცვითი ტყის ზოლები, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში უნდა გაშენდეს 2 წლით ადრე კულტურების გაშენებამდე.

ზოლების სიგანე 6 რიგის შემთხვევაში უნდა იყოს 16,5 მ; 4 რიგის დროს 11,5 და 2 რიგის დროს 6,5. სახეობებს, როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან მცენარეებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი, ხოლო ვიწრო ვარჯიანისას 1,5.

დაცვით ზოლებს შორის მანძილი (მეტრებში)
რეგიონის ჯგუფი მანძილი მთავარ დაცვით
ზოლებს შორის (მეტრი)
მანძილი დამატებით
ზოლებს შორის
პირველი100200
მეორე150300
მესამე200400

რაიონების მიხედვით ზოლებში უნდა იყოს რიგების შემდეგი რაოდენობა:
I ჯგუფის მთავარი ზოლებისთვის 6 რიგი, ხოლო დამატებითი ზოლებისთვის 2 რიგი; II და III ჯგუფში შესაბამისად 4-2 და 2-2.

დასავლეთ საქართველოში ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად რეკო¬მენდებულია შემდეგი სახეობები:

ა) დეგრადირებული ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებისთვის – ჰორიზონტალური კვიპაროსები, შავი ფიჭვი, ევროპული ნაძვი, კანადის ვერხვი, ალვის ხე, აღმოსავლეთის ჭადარი, კაკალი და თუთა;

ბ) ალუვიური, წითელმიწა, ყვითელმიწა ეწერი და ყომრალი ნიადაგებისთვის – კრიპტომერია, კვიპაროსი, შავი ფიჭვი, ლავზონის კვიპაროსი, ევროპული ნაძვი, ჰიმალაის ნაძვი, კანადური ვერხვი, ცაცხვი, კაკალი, თუთა, ნაძვი, ტყემალი, ჯონჯოლი, შინდი, თხილი.

ქარსაფარი ზოლების გაშენებისთვის და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, მცენარეების სპეციფიური შერჩევის გარდა (იგულისხმება ნიადაგური და კლიმატური პირობები), აუცილებელია ნიადაგის წინასწარი დროული დამუშავება, რაზედაც დამოკიდებულია ნარგაობის გახარება, კარგი ზრდა და ქარებისგან სწრაფი დაცვა.

წიწვოვან მცენარეთა დარგვა დაცვით ტყის ზოლებში რეკომენდებულია ძირითადად გაზაფხულზე. შემოდგომით დარგვა რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგის ტენიანობა მაღალია. ფოთლოვანი სახეობების დარგვა შეიძლება როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე.

დანართი:

ქარსაფარში გამოსაყენებელი სახეობების ზოგიერთი მახასიათებელი

უფრო ვრცელი განმარტებებისა და კონსულტაციებისათვის მოცემულ თემაზე შეგიძლიათ
მიმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს!
თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №6


ნანა გოგინაშვილი, სოფ. მეურ. მეცნიერებათა დოქტორი