მედიასტატიები

ქართული ჩაისთვის ბრძოლა ღირსების საქმეა!

გავეცანი ჟურნალს „ახალ აგრარულ საქართველოში“ გამოქვეყნებულ სტატიას: „ქართული ჩაი„  ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე, გადასარჩენია“.
სტატიაში ავტორების მიერ ზუსტადაა გადმოცემული ჩაის კულტურის განადგურების მიზეზები და ამ კულტურის აღდგენისათვის გასატარებელი ღონისძიებები.  ძნელია რაიმე ახლის დამატება, მაგრამ მინდა გამოვთქვა ამ ღონისძიებების მიმართ მხარდაჭერა და აღვნიშნო, რომ დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში: მჟავე, წითელმიწა, წითელმიწა გაეწრებულ, ეწერი ტიპის ნიადაგებზე ჩაის კულტურას ალტერნატივა არ გააჩნია.

საქართველოში გასულ საუკუნეში  ჩაის პლანტაციები ძირითადად  გაშენებული იყო ჩინეთიდან, იაპონიიდან და ინდოეთიდან შემოტანილი ჯიშ-პოპულაციის ნარევი თესლით, რომელიც შემდგომში იწოდებოდა ჩაის ადგილობრივი პოპულაციის სახელით.

ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1930 წელი) ფართოდ გაიშალა სელექციური მუშაობა უხვმოსავლიანი ჩაის ჯიშს-პოპულაციების მიღებისა და წარმოებაში მათი დანერგვის მიზნით.

აკადემიკოს ქსენია ბახტაძის სელექციონერების მიხეილ კოლელიშვილის და ტატიანა მულტოვკინას მიერ კლონური სელექციის შედეგად მიღებული იქნა ჩაის ახალი ჯიში, რომელსაც 1974 წლიდან  დარაიონდა „კოლხიდას“ სახელწოდებით.

კოლხიდა კოლხიდა

ზამთარგამძლეობისა და მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით ჯიში „კოლხიდა“ მიეკუთვნება ჩინურ ფართოფოთლოვან ჩაის ფორმას, ხოლო მისი ფოთლების ღია მწვანე შეფერვა დამახასიათებელია ინდური მცენარეების ნაირსახეობებისათვის. ეს ჯიში ხასიათდება:  ინტენსიური ზრდით, ყლორტების უხვი წარმოქმნით  და მაღალი რეგენერაციით.  იძლევა გაცილებით უფრო მაღალ და ხარისხოვან მოსავალს ვიდრე სხვა ჯიშები. შესაბამისობაშია მსოფლიოს მაღალხარისხოვან სტანდარტებთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თესლით გამრავლებულ ჩაის მცენარეებისაგან მიღებული პროდუქცია გაცილებით დაბალმოსავლიანი და დაბალხარისხიანია ვიდრე ვეგეტატიურად გამრავლებული, რაც გამოწვეულია თესლით გამრავლების დროს მიმდინარე დათიშვის პროცესებით.

განსაკუთრებით  ჯიში „კოლხიდა“ მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევა აჭარა-გურიის და სამეგრელოს დაბალ თბილ ტენიან ზონაში ჯიშს „კოლხიდას“ ფართო მასშტაბებით გაშვებისთვის ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან მოეწყო ჩაის ვეგეტატიური გამრავლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა 20 ჰა ფართობზე, სადაც ყოველწლიურად 5 მილიონი ნერგის წარმოება ხდებოდა, რომელიც უზრუნველყოფდა 200-300 ჰა-მდე ახალი პლანტაციის გაშენებას ან ძველი ამორტიზებული პლანტაციის შეცვლას, სამწუხაროდ დღეს ეს ყველაფერი განადგურებულია.

მძიმეა  ის ისტორიული რეალობა, რაც საქართველოს მეჩაიეობის დარგმა აყვავებიდან სრულ განადგურებამდე  განიცადა. გასული საუკუნის 90-იან წლებში არსებული 65 ათას ჰა-დან დღეისათვის 2000 ჰექტარსაც ვერ ვითვლით.

მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ 2016 წლიდან სახელმწიფომ მიღო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა, მაგრამ ეს არასაკმარისია. რეაბილიტაციასთან ერთად უნდა მოხდეს ახალი პლანტაციების  გაშენება, სანერგეების მოწყობა. ჩაის კულტურა უნდა შევიდეს პროგრამა „დანერგე მომავლის“  კულტურათა ჩამონათვალში  100%-იანი დაფინანსებით. განსაკუთრებით აჭარა-გურის და სამეგრელოს ზონაში.

ჩაი სახალხო სასმელია, როგორც სტატიაშია მოცემული მისი მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე იზრდება, ყველა ჩაის მწარმოებლი ქვეყნები ჩვენს გარდა ჩაის ფართობებს ზრდიან.

„ქართული ჩაი“ გადასარჩენია და მისი გადარჩენისთვის ბრძოლა ღირსების საქმეა!

რუსუდან ტაკიძე,

შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის,   სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული  დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეულის“ სოფლის      მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური  დოქტორი