დარგებიმეფრინველეობა

ქართული ჩალისფერი ქათამი

ქართული ჩალისფერი ქათამი უმეტესად გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. ზოგადად კი ამ პოპულაციის მოშენებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და იმავდროულად, მისი წარმოშობა დღემდე უცნობია.
გარეგნული ნიშნებით და აგებულების ტიპით ქართული ჩალისფერი ქათამი ძლიერ ჩამოჰგავს აშშ- ში გამოყვანილ როდ-აილანდის ჯიშს.
ქართული ჩალისფერი ქათამი საკვერცხე-სახორცე პროდუქტიული მიმართულებისაა, მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, მეხორცულისკენ უფრო იხრება.
ტანად საშუალო ზომისაა, თავი, ასევე, საშუალო სიდიდის, სახე ოდნავ შებუსული, ნისკარტი ყვითელი, ბიბილო მარტივი (ფოთლისებრი), ღაბაბი და საყურეები წითელი, გულმკერდი განიერი, ზურგი შედარებით მოკლე, ფეხები შეუბუმბლავი და დაფარულია ყვითელი ფერის ქერცლით, კანი პიგმენტირებულია ყვითლად.
ბუმბულის შეფერილობა სხვადასხვა ინდივიდებში ჩალისფერიდან ღია წითლამდე (უფრო სტაფილოსფერამდე) ცვალებადობს, დედლებთან შედარებით მამლები რამდენადმე უფრო მუქი ფერისანი არიან. როგორც წესი, საფარში თეთრი ფერის, ხოლო ბოლოებზე მათ არ აქვთ შერეული შავი ფერის ბუმბული. 1 წლის დედლების საშუალო ცოცხალი მასაა 1,8-2,0 კგ, ხოლო მამლებისა 2,5-2,8 კგ; ზრდასრულების კი 2,4-2,7 და 3,0-3,4 კგ.
მოზარდი კვერცხის დებას იწყებს 6-7 თვის ასაკიდან. საშუალო წლიური კვერცხმდებლობა შეადგენს 135-145 ცალს. კვერცხის საშუალო მასა კვერცხმდებლობის შუა პერიოდში 53-56 გ-ია, ხოლო ბოლოს- 58-61 გ.
კვერცხი ხასიათდება მაღალი საინკუბაციო თვისებებით: ყოველი 100 ჩაწყობილი კვერცხიდან გამოჩეკვის მაჩვენებელი  85-88 პროცენტია.
წიწილები სწრაფად იზრდებიან და ხასიათდებიან კარგი შებუმბვლით. მოზარდი დასაკლავ ცოცხალ წონას 2,5-3,5 თვის ასაკში აღწევს. აქვს კარგი გემოს ხორცი.
ისევე როგორც სხვა ადგილობრივი პოპულაციები, ქართული  ჩალისფერი ქათმის ერთ-ერთი ძირითადი ღირსება ცვალებადი გარემოსადმი შეგუების უნარი, მაღალი ცხოველმყოფელობა და ნაკლები მომთხოვნელობაა.
ამასთან ერთად, ცალკეულ ცდებში დადგენილია ადგილობრივი ქათმების გადიდებული რეზისტენტობა ისეთი ინფექციური დაავადებებისადმი, როგორიცაა ჭირი, პულუროზი და მარეკი.
ქართული ჩალისფერი ქათმის რიცხოვნობა დადგენილი არ არის, ვინაიდან პირად დამხმარე მეურნეობებში ადგილობრივი ქათმების სხვა პოპულაციებთან ერთად აშენებენ.
წყარო: catalog.elkana.org.ge