ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები პარიზში ორ გამოფენაში მონაწილეობენ
12 ქართული კომპანია წარმოდგენილია ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine Paris“; ასევე 12 კომპანია მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „VinExpo Paris“.
გამოფენებზე ქართული ღვინის სტენდები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ დაათვალიერა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებისა და მედია კამპანიების დასაგეგმად, საქმიან შეხვედრებს მართავს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.
„ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებზე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, ახალი სავაჭრო პარტნიორობის მოსაძიებლად და გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. მსგავს გამოფენებზე, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
გამოფენაზე ,,RAW Wine”, რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან, ხოლო VinExpo Paris ითვლება ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენად, სადაც ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
გამოფენებზე ქართული სტენდები დაათვალიერა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმაც.