ქართული ღვინის პოპულარიზაცია გერმანიაში აქტიურად გრძელდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის — „ff.k. Public Relations“ ორგანიზებით, გერმანიაში მომხმარებელზე ორიენტირებული მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გრძელდება.
კამპანიის მიზანია გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდა, რაც ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო მიმართულებად ითვლება.
კამპანია მოიცავს სხვადასხვა სარეკლამო აქტივობას გერმანიის პრესტიჟულ ღვინის ქსელებში — „Jacques Wein Depot“ და „HAWESKO Holding SE“, რომლებიც გერმანიის პრემიუმ ღვინოების სექტორის წამყვანი მოთამაშეები არიან.
„Jacques Wein Depot“-ის ონლაინ პლატფორმაზე განთავსებულია ქართული ღვინის შესახებ საინფორმაციო და სარეკლამო მასალები — სტატიები, ბანერები და ქართველ მეღვინეებთან ინტერვიუები.
ოქტომბრიდან ასევე გაიყიდება ქართული ღვინის სასაჩუქრე ყუთი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ერთ პაკეტში შეიძინონ სხვადასხვა სტილისა და არომატის ქართული ღვინო.
„HAWESKO Holding SE“-სთან პარტნიორობის ფარგლებში უკვე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციები, ხოლო გაყიდვაში ჩაშვებულია ექვსბოთლიანი სასაჩუქრე კოლექციები.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „HAWESKO Holding SE“ გერმანიაში ყველაზე დიდი და პრესტიჟული საცალო ქსელია პრემიუმ ღვინოების კატეგორიაში, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2023 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდში კომპანიის პორტფელში ქართული ღვინოების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გერმანიის 350 ადგილზე განთავსდა ქართული ღვინის სარეკლამო გარე ბანერები იმ საცალო ქსელების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია ქართული ღვინის შეძენა.
მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების გამყარება და გაყიდვების სტაბილური ზრდის ხელშეწყობა.
ღვინის ეროვნული სააგენტო გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k. Public Relations“ 2021 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდში გერმანიაში არაერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა:
-
დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და იმპორტიორებისთვის;
-
მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები;
-
ქართული ღვინის პრეზენტაცია საერთაშორისო გამოფენებზე;
-
ტურები გერმანელი მედიის, ღვინის სპეციალისტებისა და დისტრიბუტორებისთვის საქართველოში.
აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას ევროპულ ბაზარზე და ქართული ღვინის ექსპორტის დინამიური ზრდის შენარჩუნებას.