ქართული ღვინო მსოფლიო ეკრანებზე — „Drops of God“-ის მეორე სეზონი Apple TV-ზე
ქართული ღვინის კულტურა კიდევ ერთხელ ხვდება მსოფლიო ყურადღების ცენტრში.
საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერიალი „Drops of God“, რომელიც ღვინისა და გასტრონომიის სამყაროს ეძღვნება, ახალ სეზონში საქართველოს წარმოსაჩენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ქვეყნის უნიკალურ ღვინის მემკვიდრეობას გლობალურ აუდიტორიას აცნობს.
21 იანვარს, #AppleTV-ზე #EMMY-ის მფლობელი, მრავალენოვანი სერიალის „DROPS OF GOD“ მეორე სეზონის პრემიერა შედგება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სამყაროში, მათ შორის, საქართველოში ამოგზაურებს.
„მხატვრული სერიალი, რომელიც ღვინოზეა, გვერდს ვერ აუვლიდა საქართველოს. ეს არის იმ წარმატების შედეგი, რომელსაც ქართულმა ღვინომ მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული ღვინის კულტურა აღიარებულია არა მხოლოდ ღვინის სფეროში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მონაპოვარი.
დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევხვდით სერიალის პროდიუსერებს და საავტორო ჯგუფს. მოუთმენლად ველით სერიალის დაწყებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად. სერიალი მაყურებელს გაუჩენს ქართული ღვინის გასინჯვის სურვილს. ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის კიდევ ერთი შედეგია“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
სერიალის #dropsofgod მეორე სეზონის ნაწილი გადაღებულია საქართველოში, კინოკომპანიების „სტუდია 99“ და „ასი ფილმი“ მონაწილეობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტის კონსულტანტი იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.
„Drops of God“-ის მეორე სეზონში საქართველოს ჩართვა კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ქართული ღვინო და მისი მრავალსაუკუნოვანი კულტურა მსოფლიო მასშტაბით მაღალი ინტერესისა და აღიარების საგანია.
მსგავსი საერთაშორისო პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში და ზრდის მის ცნობადობას გლობალურ ბაზარზე.
ფილმის მოკლე ფრაგმენტი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.facebook.com/reel/893390399952781

