დარგებიმედიამეცხოველეობა

ქართული ნაგაზი, კავკასიური ნაგაზი და ქართული მეკვერნე

ქართული ნაგაზი

ქართული ნაგაზი ჩამოყალიბებულია საქართველოს მთიან რეგიონში. თავისი ისტორიით, ანატომიური მონაცემებით და გენეტიკურად ახლო კავშირშია მოლოსოიდურ ჯიშებთან.
მოკლე აღწერა: ხასიათდება უხეში კონსტიტუციური ტიპით; აქვს რამდენადმე გაწელილი ფორმატი, რომლის ინდექსია: ხვადებში -100/108, ძუებში კი 100/110; განაზომის „სიმაღლე მინდაოში“ სტანდარტული მაჩვენებელი შესაბამისად უნდა იყოს არანაკლებ 65 და 60 სმ. ამ მაჩვენებლიდან ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში, ძაღლი უნდა რჩებოდეს პროპორციული და ჰარმონიული აღნაგობის. ნაკლად ითვლება კვადრატული ფორმატი. დამახასიათებელია მოკლებეწვიანი საფარველი, კარგად განვითარებული თივთიკით; ფერი შეიძლება იყოს ნებისმიერი კომბინაციის.

nagazi2

უმაღლესი ნერვული მოქმედების ტიპი ძლიერია, გაწონასწორებული, დიდი დამცველობითი ინსტინქტით; ფხიზელი, ერთგული, ყურადღებიანი, გულადი, მშვიდი, დამოუკიდებელი ქცევით, მაგრამ დამჯერი. ახასიათებს სიავე და უნდობლობა უცხოსადმი. ნაკლებად მომთხოვნია შენახვის პირობებისადმი, კარგად ეგუება ცივ კლიმატს. სხვა ჯიშის ძაღლებთან შედარებით, უმძიმესი კვებისა და კლიმატური პირობების მიუხედავად, ის ერთგულად და მაქიმალური ყურადღებით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გარდა. საუკეთესო ხაზებისა და ოჯახების გამოსავლენად სელექცია უნდა წარიმართოს მიზანმიმართული მოშენებით, ინდივიდუალური გადარჩევა-შერჩევით, რის საფუძველზე მოხდება მისი ექსტერიერული სრულყოფა.

დღევანდელი მდგომარეობა: ჯიშის წარმომადგენლები მონაწილეობენ კავკასიური ნაგაზებისა და ქართული მთის ძაღლების ეროვნულ გამოფენებში. ის საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე უკრაინასა და რუსეთში. ჯერჯერობით არ არის აღიარებული საერთაშორისო არენაზე. სტანდარტი შეიმუშავა საქართველოს კინოლოგმა ფედერაციამ (FCG) და გამოქვეყნდა 2000 წლის 1 ივნისს. გამოფენებზე მოწვეული უცხოელი ექსპერტები არ მსაჯობენ ქართული მთის ძაღლის რინგზე, რადგან ჯიშის სტანდარტი ჯერჯერობით არ არის აღიარებული საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის (FCI) მიერ.

კავკასიური ნაგაზი

კავკასიური ნაგაზი წარმოშობა: ქართველი ტომების მიერ გამოყვანილი უძველესი ჯიშის ძაღლია. ჯიშის წარმოშობის მრავალი ვერსიიდან ერთ-ერთის თანახმად იგი წარმოიშვა ტიბეტური მასტიფისგან, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მეომრებმა და ვაჭრებმა 2 ათასი წლის წინ შემოიყვანეს. სხვა ვერსიით, ის დამოუკიდებელი ჯიშია, რომელიც უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციით შექმნეს.

kavkasiurinagazi

ეს ჯიში პირველად, XIX საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა ზოოლოგმა მიულერმა საქართველოს მთიანეთში აღწერა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით არის განსაკუთრებით დიდი, „გვარიანი“ და გულადი ძაღლი. 1990 წელს ეს ძაღლი რუსმა „კინოლოგებმა“ მსოფლიო კინოლოგიურ საზოგადოებებში წარადგინეს ,კავკაზკაია ოვჩარკას” სახელით, რაც ოფიციალურად დარეგისტრირდა საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში (FCI) დამტკიცებული სტანდარტით.

მოკლე აღწერა: კავკასიური ნაგაზი დიდი ზომისა და ძლიერი აგებულების მქონე, საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლია. თავი- დიდი და განიერი, ყურები ჩამოყრილი, კისერი მოკლე და კარგად დაკუნთული, ზურგი- განიერი და სწორი, წელი მოკლე, განიერი და ძლიერი. გავა ოვალური ფორმის, კუდი მაღლა დასმული, ძირს დაშვებული სწვდება სახტომ სახსარს. ხვადის სიმაღლე მინდაოში 72-75 სმ (არანაკლებ 68 სმ-სა), ხოლო ძუს- 66-69 სმ-ა (არანაკლებ 64 სმ-სა). ფორმატის ინდექსი 104-108. დამახასიათებელია სქელი და ელასტიკური კანი, ბეწვი სხეულზე მჭიდროდ გადაკრული, უხეში, სწორი და კარგად განვითარებული, შედარებით ღია ფერის თივთიკით. ბეწვის სიგრძის მიხედვით ეს ძაღლი იყოფა ორ ტიპად: გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი. სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი კომბინაციის ბეწვის შეფერილობა.

დღევანდელი მდგომარეობა: საგულისხმოა, რომ დღეს მომქმედი ჯიშის სტანდარტი შედგენილია ქართული ტიპის მონაცემებზე დაყრდნობით და ამას აღიარებენ რუსი კინოლოგებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ კავკასიური ნაგაზის საუკეთესო პოპულაცია გავრცელებულია საქართველოში. ჩვენში განასხვავებენ ამ ძაღლის გერგეთულ, გარბენულ, სტეფანწმინდურ და ახალციხურ ტიპებს (ხევი). ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების გარდა გაყვანილია გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. 1992 წელს თერჯოლის რაიონის სოფ. სიქთარვაში წმიდა გიორგის მონასტრის ძმობამ დააფუძნა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“, რომლის მიზანია ქართული პოპულაციის ნაგაზის სელექცია და პოპულარიზაცია.

ქართული მეკვერნე

ერთადერთი უძველესი ქართული სანადირო ჯიშის ძაღლია; გამოყვანილია დასავლეთ საქართველოში, ძირითადად გურიასა და აჭარის მაღალმთიან ზონაში. ასევე გვხვდება თურქეთის ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთში.

mekverne

მოკლე აღწერა: ნადირობის უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, ქართული მეკვერნე მიეკუთვნება მყეფრების ჯიშურ ჯგუფს, თუმცა მათგან განსხვავდება გარეგნულად. ცხოველი ტანად პატარაა (სიმაღლე მინდაოში 45-50 სმ). ახასიათებს სოლისებური ფორმის თავი, სწორმდგომი დაცქვეტილი ყურებით, მოკლე და მკვრივი კისერი, სწორი და პარალელური წინა და სახსარში მოხრილი უკანა კიდურები, მოკლე კუდი. ბალანი მოკლე და უხეში აქვს. დამახასიათებელია მხოლოდ ერთი შეფერილობა- ყავისფერი, სხვადასხვა ელფერით. განსაკუთრებული ნიშანია თეთრი ზოლისებური საყელო კისერზე და კუდის თეთრი ბოლო. ცალკეულ ინდივიდებში თეთრი წინწკლები ასევე გვხვდება მკერდზე, მუცელზე და კიდურებზე. ცხოველებს თვალები ცბიერი, ხშირად მოწითალო ფერის აქვთ, რაც სიავის ნიშნად მიიჩნევა. მეკვერნე გამორიჩევა ბრწყინვალე ზეყნოსვის უნარით და შეუპოვრობით, აგრეთვე უცხოსადმი მიუნდობლობით; როგორც სახელიდან ჩანს, გამოიყენება კვერნაზე და გარეულ კატებზე სანადიროდ.

აღსანიშნავია მეკვერნე ძაღლის ზოგიერთი დამახასიათებელი ჩვევები: დაგეშილი ცხოველი ზამთარში, კვერნაზე ნადირობის სეზონში, განუწყვეტლივ ყეფს და მოითხოვს სანადიროდ წაყვანას. როგორც წესი, ის მონადირეს დამწყვდეული ან ჯაჭვით დაბმული ჰყავს. ამის გამო იმდენად ავია, რომ პატრონის გარდა არავის იკარებს; თავისუფლად გაშვებისას მოსალოდნელია თავს დაესხას სხვა ძაღლებს და, რადგან ტანად პატარაა და ფიზიკურადაც არ არის ძლიერი, ხშირად თავად ხდება მსხვერპლი.

დღევანდელი მდგომარეობა: მიუხედავად უნივერსალური სანადირო თვისებებისა, მეკვერნე, ანუ ჩაქირა ძაღლის ჯიში დღეს თითქმის გადაშენებულია, საქართველოში ხალასჯიშიანი 15-20 ინდივიდიღაა შემორჩენილი. ამის მიზეზი მრავალია: მიღებული ლეკვების დიდი რაოდენობით დახოცვის მავნე ტრადიცია, აგრეთვე ნათესაური შეწყვილების მაღალი სიხშირე, რამაც ჯიშზე დამაკნინებლად იმოქმედა.

ჯიშის სტანდარტი ჯერჯერობით არ არის შემუშავებული; უპირველესი ამოცანაა სულადობის გაზრდა, ჯიშის პოპულარიზაცია და სტანდარტის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრა. დამახასიათებელი თვისებების სწრაფად გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია ,,სისხლის განახლება”, რაც შესაძლებელია თურქეთიდან ცხოველების შემოყვანით და მიღებულ თაობასთან მიზანმიმართული სანაშენე მუშაობის ორგანიზებით.

წყარო: elkana.org.ge