აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

ქართული ფუტკარი _ იდენტიფიკაციის სისტემა და ექსპორტის შესაძლებლობები

ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემაში (NAITS) საფუტკრე მეურნეობები აქტიურად ჩაერთვნენ. მაისში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის, რომელიც ითვალისწინებს NAITS-ში ასოციაციის წევრი საფუტკრე მეურნეობების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისი სტანდარტებით განთავსებას.
ელექტრონულ სისტემაში საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაცია, გარდა იმისა, რომ სურსათის უვნებლობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია დედა ფუტკრის ექსპორტის მიმართულებით. 

„NAITS-ში რეგისტრაცია სისტემაში ჩართულ საფუტკრეებს და სადედე-სანაშენე მეურნეობებს ხელს შეუწყობს გეგმაზომიერი და პროგნოზირებადი ხარისხისა და რაოდენობის მეფუტკრეობის პროდუქციის და დედა-ფუტკრების  წარმოებაში, ასევე, საფუტკრეების ვეტერინარულ კონტროლს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად. ეს ფაქტორები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამარტო ქვეყნის შიდა წარმოებისთვის, არამედ მეურნეობების საზღვარგარეთელი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა და საფუტკრე მეურნეობების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზვიად ლორიამ.

NAITS-ის ელექტრონული სისტემა აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს. ასევე ინფორმაციას მათი  ადგილსამყოფელის, მათზე განხორციელებული მანიპულაციებისა და მფლობელების ან პასუხისმგებელი პირების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით.

2023 წლის იანვრიდან კანონით სავალდებულო გახდა საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციაც. მათთვის სავალდებულოა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის გავლა, რათა შეძლონ ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა, შესაძლო კომპენსაციის მიღება, დაბალპროცენტიანი საბანკო სესხის მიღება და სხვა აქტივობები.

ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია 2020 წელს დაარსდა. ასოციაციაში გაერთიანებულია 12 საფუტკრე მეურნეობა. მეურნეობები, თავის მხრივ, 2350-ზე მეტ სკას მოიცავს.  

ახალი მემორანდუმის მიხედვით, მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია შეძლებს ელექტრონულ სისტემაში სწორედ საკუთარი წევრი საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის მართვას. ასოციაციაში უკვე საშუალება ჰქონდათ NAITS-ის სისტემისთვის გადაეხედათ და მოესინჯათ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული მოდულები.

„სისტემა საიმედოდ ინახავს ინფორმაციას და შესაძლებლობას იძლევა გაკეთდეს სხვადასხვა ტიპის  ჩანაწერები.  განხორციელდეს ძიება და სხვა მანიპულაციები. პერსპექტივაში, საშუალებას იძლევა დაემატოს დამატებითი ჩანაწერები შიდა და საზღვარგარეთელ პარტნიორთა მოთხოვნის შესაბამისად“, – განაცადა ასოციაციის დამფუძნებელმა ზვიად ლორიამ.

აღსანიშნავია, რომ NAITS-ში გაწევრიანება მეურნეობებს ასევე შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ რეგისტრაციის სერტიფიკატები. ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საფუტკრეების მუშაობის მაღალი ხარისხისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენაში სახელმწიფო, ფინანსურ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებთან ურთიერთობისას.

ასოციაციის დამფუძნებლის, ზვიად ლორიას თქმით,  ამ ნაბიჯით „ერთმნიშვნელოვნად გაიზრდება რეგისტრირებული საფუტკრეების და სანაშენე მეურნეობების სანდოობა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ბიზნესისთვის  (სახ. ვეტ სამსახურები, კერძო მეფუტკრეები, პოლინატორი კომპანიები, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებები)“.

კერძო სექტორის დაინტერესებასას და ჩართულობას იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯად მიიჩნევენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. „ეს ხელს შეუწყობს  მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას, კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

NAITS-ის პროექტის მენეჯერის, მიხეილ სოხაძის თქმით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეფუტკრეთა აქტიურობა და ინტერესი პროცესში მონაწილეობისათვის. „ეს სხვადასხვა ასოციაციის წევრი მეურნეობების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესს უზრუნველყოფს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის კონტროლს ფერმიდან – სუფრამდე. ეს კი, როგორც სახელმწიფოს, ასევე მეფუტკრეების ინტერესში შედის. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი პროდუქციის განთავსებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, – აღნიშნა სოხაძემ. მისივე თქმით, „საფუტკრეთა იდენტიფიკაცია და მათი NAITS-ში რეგისტრაცია, თავისთავად, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ფუტკრის ჯანმრთელობისა და მისგან მიღებული პროდუქტების მიკვლევადობის კუთხით“.

NAITS-ის პროექტს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ქართული ფუტკრისშესახებ

„ქართული ფუტკრის ექსპორტს გააჩნია ძალიან დიდი პერსპექტივები. დაინტერესება განსაკუთრებით დიდია აშშ-ში, კანადაში და ევროპაში, ასევე ჩინეთში“, – აცხადებენ ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციაში, სადაც მეფუტკრეებთან ერთად, მკვლევრებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ – ასოციაციაც მათი დაინტერესებისა და თანადგომის შედეგად შეიქმნა.

ქართულ ფუტკარს მსოფლიოში სხვა ჯიშებს შორის არაერთი უპირატესობა გამოარჩევს. მათ შორისაა: ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,3 მმ-მდე), სიმშვიდე და არააგრესიულობა, ნექტრის წვდომასა და შეგროვებაში მოხერხებულობა და მიზანმიმართულობა, პროდუქტიულობა, მათ შორის, არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში, ფრენის ეფექტური დიაპაზონი სხვა ფუტკრებთან შედარებით. ასევე, კავკასიური ფუტკრები ქმნიან ძლიერ კოლონიებს, კარგად იცავენ საკვებ მარაგებს და ეკონომიურად იყენებენ მათ.

კავკასიური ფუტკრები საერთაშორისო შეჯიბრებების ოქროს მედალოსნებიც არიან. 1960-70 იან წლებში კავკასიურმა ფუტკარმა სამჯერ მოიპოვა ოქროს მედალი, მათ შორის, გერმანიაში მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე, და ორჯერ APIMONDIA-ს სოფლის მეურნეობის საერთაშორისო კონგრესზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში გაიმართა.

კავკასიური ფუტკრით, როგორც გამორჩეული ჯიშით, დაინტერესებული იყო  ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, მკვლევარი, მეფუტკრეობის ნოვატორი ფრენკ ბენტონი, რომელიც ფუტკრის საუკეთესო ჯიშების გამოსავლენად მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოსაც სტუმრობდა.

ფრენკ ბენტონის სახელობის ასოციაციაში ამბობენ, რომ ქართლი ფუტკრის ექსპორტზე ინტერესს გამოხატავენ როგორც კერძო მეფუტკრეები, ასევე მსხვილი პოლინატორი და აგრარული კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რადგან „ქართული ფუტკარი შეუცვლელია  პარკოსანი კულტურების დამტვერიანებაში, რაც შეადგენს მსოფლიო აგროკულტურის ნახევარს და მოიცავს 130 მდე კულტურას.  ა.შ.შ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროკულტურის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, შეერთებულ შტატებში დედა ფუტკრის მთლიანი წარმოების 25% სწორედ ქართული ფუტკარი შეადგენდა“.

სწორედ ამიტომ, ზვიად ლორიას თქმით, ქართული ფუტკრის ექსპორტის ხელის შეწყობისთვის, „მნიშვნელოვანია საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მეფუტკრეობის განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა დ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაზრდას. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია პროფესიონალ მეფუტკრეთა მომზადება და დარგობრივი სპეციალისტებისა და ვეტერინარების აღზრდა“.

ერთ-ერთი მთავარი კი, რაც ფუტკრის ექსპორტს ხელს შეუწყობს, როგროც მეფუტკრეები ამბობენ, კანონმდებლობის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებაა – რაც აუცილებელი იქნება ოფიციალური ექსპორტის დაშვებისთვისაც. ამ მიმართულებით საფუტკრე მეურნეობები საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად უკვე აქტიურად მუშაობენ.  

სწორედ სტანდარტიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლაა ცხოველთა რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა – NAITS-ი – რომელიც უკვე დანერგილია და წარმატებით მუშაობს საქართველოში და საფუტკრე მეურნეობებს რეგისტრაციის სახით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

წყარო: https://www.fao.org