დარგებიმებოსტნეობაფერმერი ფერმერს

ქართული სატაცურის პირველი მწარმოებლები

ბოლო 5 წელიწადია სატაცურის ბაზარი მოთხოვნა მიწოდების მხრივ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თინა წამალაიძის საოჯახო მეურნეობა პირველი იყო საქართველოში, ვინც სატაცურის მოყვანა დაიწყო.
Первые грузинские производители спаржи – 5 лет спустя

როგორც ქალბატონი თინა ამბობს, მისი მეუღლე მალხაზ გათენაშვილი რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში და სწორედ იქ გადაწყვიტა საქართველოშიც ძალზე სასარგებლო და ევროპის ბაზარზე ესოდენ მოთხოვნადი პროდუქტი სატაცური ეწარმოებინა.
ამიტომ, გადავწყვიტეთ ძირითად საქმიანობასთან ერთად მშობლების მიერ დატოვებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაგვემუშავებინა და სატაცური მოგვეყვანა.

მწვანე სატაცურის თესლი მეგობრებმა რუსეთიდან ჩამოგვიტანეს. ნიადაგი თვითონ დავამუშავეთ. სატაცურის პირველი მოსავალი ნახევარ ჰექტარზე ფართობზე 5 წლის წინათ მივიღეთ.

დღეს უკვე სატაცურის მოვლა-მოყვანა ჩვენთვის პირველ რიგში გატაცებაა, რაც სიამოვნებას გვანიჭებს.

სატაცურის მოყვანისას არ ვიყენებთ არანაირ ჰერბიციდს და ქიმიურ საშუალებას. სეზონის დასრულების შემდეგ, ორგანული სასუქით ვანოყიერებთ მიწას.

_ როდის იწყება და რამდენ ხანს გრძელდება სატაცურის მოსავლის აღება თქვენს მეურნეობაში?

_ მოსავლის აღება მარტის ბოლოდან იწყება და სამი თვე _ ივნისის ბოლომდე გრძელდება. ყოველ ჯერზე _ აჭრაზე (ამ პროცესს ჩვენ აჭრას ვეძახით) 100-150 კილოგრამ სატაცურს ვიღებთ.

_ როგორი იყო მოთხოვნა სატაცურის პირველ მოსავალზე, რა ვითარებაა დღეს?

_ ხუთი წლის წინათ, როცა ჩვენი სატაცური შევთავაზეთ მომხმარებელს, მას პირველ რიგში კონკურენციის გაწევა გარეულ სატაცურთან უხდებოდა.

გარეული სატაცური ქართულ სამზარეულოში უძველესი დროიდან, თუმცა არც ისე აქტიურად, გამოიყენება. აი, კულტურული სატაცური, რომელსაც გარეულთან შედარებით უფრო გრძელი და მსუქანი ღეროები აქვს, სიახლე აღმოჩნდა მომხმარებლისთვის. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც კულტურული სატაცური მიაწოდა ქართულ ბაზარს და გვიხდებოდა მომხმარებლის, კერძოდ რესტორნების დარწმუნება, ჩვენი სატაცური სათბურში კი არა, ღია გრუნტზე, ბუნებრივ პირობებში იყო მოწეული, რომ მის გასაზრდელად არ ვიყენებდით ხელოვნურ საშუალებებს, რომ ასეთი დიდი ზომის ბუნებრივად იზრდებოდა. მოკლედ, რეალიზაციის პროცესს გარკვეული სირთულეები ახლდა თან, მაგრამ მომხმარებელი თანდათან გაერკვა რასთან ჰქონდა საქმე და ბოლო დროს სატაცურზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2018 წლამდე ჩვენ ვიყავით ერთადერთი მწარმოებლები ქვეყანაში, ვინც რესტორნების და სუპერმარკეტების ქსელს სატაცურით ამარაგებდა.

შარშანდლიდან ვითარება შეიცვალა, დღეს, შედარებით დიდი ფართობზე, სატაცურის მოყვანა რამდენიმე ფერმერმა დაიწყო. ამიტომ სატაცურის ფასი შემცირდა. შარშან სეზონის დასაწყისში თუ კილოგრამ სატაცურის 15-16 ლარად ვაბარებდით, დღეს იგი 12-13 ლარი ღირს, ხოლო შუა სეზონზე ფასი 10 ლარამდეც ჩამოდის. თუ თვალს მივადევნებთ არსებულ ტენდენციას, სატაცურზე მოთხოვნაც იზრდება და მიწოდებაც. უშუალოდ ჩვენს სატაცურზე, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა, აქტიური მოთხოვნაა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ბაზარზე მიწოდება კიდევ უფრო გაიზრდება, რა იქნება, რთული სათქმელია.

_ ვინ არის დღეს თქვენი პროდუქციის მომხმარებელი?

_ სუპერმარკეტის ქსელი: Goodwill, AgroHub, Europroduct, ვისაც ჩვენ პირდაპირ ვაწვდით პროდუქციას, ასევე დისტრიბუტორის მეშვეობით ვმუშაობთ კარფურთან. ჩვენ პროდუქციას აქტიურად ყიდულობს რესტორნების ქსელიც. ადრე ჩვენ სატაცურის მოსავლის ნაწილს გადამყიდველებს და კერძო პირებსაც ვაძლევდით, დღეს უკვე ამის საჭიროება აღარ არის.

_ რამდენ ხანს ინახება სატაცური, როგორ პირობებში ინახავთ?

_ სატაცურის მოჭრილი ღეროები ცოცხლად დიდხანს ვერ ძლებს. ჩვენ სპეციალური მაცივარი გვაქვს, მაგრამ იქაც სასაქონლო სახეს 10 დღემდე თუ ინარჩუნებს, ამიტომ ვცდილობთ აღებიდან მალევე, იმავე დღეს მივაწოდოთ მომხმარებელს.

_ რას გეგმავთ ახლო მომავალში და საერთოდ აპირებთ წარმოების გაფართოებას?

_ ვგეგმავთ გავაფართოოთ წარმოება. ამჟამად საფუძვლიანად ვსწავლობთ როგორი ვითარებაა ბაზარზე, როგორი მოთხოვნებია მოსალოდნელი უახლოეს წლებში, რა შესაძლებლობებია ექსპორტზე გასასვლელად. მიღებული მონაცემების შესაბამისად გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ.

არცთუ დიდი ხნის წინათ წავაწყდით ჩვენთვის უცნაურ ფაქტს, როცა სეზონის დასაწყისში ჩვენი სატაცური შევთავაზეთ ერთ-ერთ სუპერმარკეტს 12-13 ლარად კილოგრამი, მაშინ როცა ამავე სუპერმარკეტში გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ იმპორტირებული სატაცური კილოგრამი 65 ლარად. ის სუპერმარკეტის ფასნამატით რამდენჯერმე ძვირი იყო ჩვენს სატაცურზე. ასევე ვნახეთ იმპორტირებული, გაყინული სატაცური კილოგრამი 19 ლარად… ჩვენთვის გაუგებარია ასეთი ფასთწარმოქმნის ნიუანსები და გვსურს ამ საქმეში უფრო საფუძვლიანად გავერკვეთ.

გვსურს ვიმუშაოთ ჩვენი პროდუქციის ბრენდირების და შეფუთვის მიმართულებითაც. დასაწყისში სუპერმარკეტებს სატაცურს ჩვენი ეტიკეტით „ქართული სატაცური“ ვაწვდიდით, მაგრამ სუპერმარკეტების ქსელი ამით არ დაინტერესდა, არც ჩვენ გავჭირვეულებულვათ. ახლა გვსურს შევისწავლოთ რა შესაძლებლობებია ორიგინალური შეფუთვის და ეტიკეტირების მიმართულებით, ასევე ხარისხის ნიშნის მიღების თვალსაზრისით, ჩვენი მეურნეობისთვის როგორ მომგებიანი იქნება.

EastFruit