ქართული სიმინდი

საქართველოში სიმინდი XVII საუკუნის II ნახევარში იტალიიდან შემოიტანეს. თავდაპირველად ის დასავლეთ საქართველოში გავრცელდა, სადაც, თითქმის ყველგან, გამოდევნა ადრე იქ გავრცელებული კულტურები: ფეტვი, ღომი, ხორბალი…
 სიმინდის გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოში XVI საუკუნის I ნახევარში დაიწყო.

XVI საუკუნის 70-იან წლებამდე საქართველოში ადრეული და საშუალო ვეგეტაციის კაჟა მარცვლის მქონე სიმინდის ჯიშ-პოპულაციები ითესებოდა. 1862 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ ამერიკიდან, ვირჯინიის შტატიდან ჩამოიტანეს საგვიანო ვეგეტაციის კბილა  ტიპის მარცვლის მქონე სიმინდის ჯიშები, რომელიც ი. მარრის ხელმძღვანელობით 1863 წელს ქუთაისის მებაღეობის სასწავლებლის ნაკვეთში დაითესა. ამ საგვიანო ჯიშების შემოტანამ გამოიწვია ფრიად მნიშვნელოვანი პროცესი: მოხდა მოსახლეობაში ადრე გავრცელებული კაჟა ტიპის სიმინდების ბუნებრივი შეჯვარება ახლად შემოტანილ საგვიანო კბილა სიმინდებთან, რის შედეგადაც წარმოიშვა ჰიბრიდული პოპულაციები.

ჰიბრიდული პოპულაციებისათვის დამახასიათებელია მეორე და შემდგომ თაობებში ფორმათა წარმოქმნის პროცესი. ამ პროცესის შედეგად წარმოიშვა მრავალრიცხოვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმები. მათ შორის ყველაზე მეტი რაოდენობით — ახალი, ნახევრადკბილა სახესხვაობები. ამ მასალიდან ხალხურმა სელექციამ შექმნა ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული მრავალი ჯიში. აღსანიშნავია, რომ ნახევრად კბილა ჯიშები უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე ძველი კაჟა ჯიშები, რამაც გამოიწვია სიმინდის მარცვლის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა და შესაძლებელი გახდა დასავლეთ საქართველოდან სიმინდის მარცვლის უცხოეთში ექსპორტირება. კერძოდ: 1880-1898 წლებში ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 5-6 მილიონი ფუთი სიმინდის მარცვალი გაჰქონდათ თურქეთში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში სიმინდი მჭადისა და ღომის სახით ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა სასურსათოდ ადგილობრივი ჯიშების სიმინდს იყენებს, ვინაიდან მათ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სასურველი გემური თვისებები აქვთ. ადგილობრივმა ჯიშებმა ასეთი გემური თვისებები 350 წლიანი ხალხური სელექციის შედეგად შეიძინა. ასეთი გემური თვისებები არ აქვს დღემდე შემოტანილ არცერთ ჰიბრიდს.

ამრიგად, ჰიბრიდიზაციის პროცესებისა და ხალხური სელექციის შედეგად დასავლეთ საქართველოში შეიქმნა სიმინდის ჯიშები, რომლის მსგავსი, როგორც პროფესორი ლ. დეკაპრელევიჩი აღნიშნავდა, “სიმინდის პირველად სამშობლოშიც კი შეიძლება არ არსებობდეს.”

სიმინდის ქართულმა ჯიშებმა დიდი როლი შეასრულა და ეხლაც ასრულებს სასურსათო მარცვლით ქვეყნის უზრუნველყოფის საქმეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდებოდა მისი საჭიროება, როდესაც ქვეყანა დიდი საფრთხეების წინაშე იდგა: I და II მსოფლიო ომები, ხორბლის დეფიციტი. ასეთ პერიოდებში საქართველოში სიმინდი 350,000-436,000 ჰექტარზე ითესებოდა.

ამჟამად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ითესება სიმინდის ჰიბრიდები, რადგანაც ისინი მარცვლის მოსავლიანობით 20-50 და ზოგჯერ მეტი პროცენტით სჯობნის ჯიშ-პოპულაციებს. დღეს ჰიბრიდების გავრცელების პროცესი საქართველოშიც დაწყებულია და იგი მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. მაგრამ, რადგანაც ჩვენ ვართ სასურსათო სიმინდის მომხმარებელი, სასურსათო მარცვლის მისაღებად უნდა ვთესოთ ადგილობრივი თეთრნაქუჩიანი, კაჟა და ნახევრადკბილა ჯიშ-პოპულაციები.

ხოლო ჰიბრიდები შეიძლება დაითესოს მხოლოდ საფურაჟე მარცვლის მისაღებად მეცხოველეობაში გამოსაყენებლად. ამასთან ჰიბრიდები არ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული.

სიმინდის ადგილობრივი ჯიშების მარცვლის წარმოება სასარგებლოა მოსახლეობისათვისაც და ქვეყნისათვისაც, რადგან:

— დასავლეთ საქართველოს ჯიშებიდან დამზადებული პროდუქტები:  მჭადი, ღომი და სიმინდისაგან მიღებული სხვა პროდუქტები სასურსათოდ უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ისინი ქართული სამზარეულოს მრავალი კერძის განუყოფელი ნაწილია, მათი გამოყენებით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში უგემრიელესი კერძების მომზადების რეცეპტებია შექმნილი;

— სასურსათო სიმინდის მწარმოებლებს ეზოგებათ ხარჯები პურის შეძენაზე, რომელიც საკმაოდ ძვირი და არც თუ ხარისხიანია;

— ყოველწლიურად მოსახლეობა სასურსათოდ 130-170 ათას  ტონა სიმინდის ფქვილს მოიხმარს ე.ი იზოგება ამდენივე ხორბლის მარცვალი, რომლის შესაძენად 40-50 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო;

—  სიმინდის სასურსათო მარცვლის წარმოება ეკონომიურად ხელსაყრელია. 1 კგ. სიმინდის ფქვილი 1.5-2 ლარი ღირს. შემოტანილი ჰიბრიდის  1კგ. მარცვალი — 50 თეთრი. აქედან გამომდინარე  1 ჰა-ზე მოყვანილი ადგილობრივი სიმინდი მეტ ფულად შემოსავალს იძლევა, ვიდრე იმავე ფართობზე მოყვანილი ჰიბრიდი, თუნდაც მისი მარცვლის მოსავალი 2-3 ჯერ აღემატებოდეს ადგილობრივი ჯიშის მოსავალს;

— სასურსათო სიმინდი ხორბალთან ერთად სტაბილურს ხდის ქვეყნის უზრუნველყოფის სასურსათო მარცვლით;

ქართული სიმინდის ფქვილზე მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი მოსახლეობას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას მისი გამოყენებისა და სარგებლიანობის შესახებ. გასაუმჯობესებელია მისი რეალიზაციის ფორმებიც. ამჟამად, სიმინდის ფქვილი მხოლოდ ბაზრებში, ხშირად ანტისანიტარულ გარემოში იყიდება. არადა ფქვილის რეალიზაცია, ისევე როგორც ყველა სასურსათო პროდუქტის, რეალიზაცია უნდა მოხდეს ბაზრებში და მარკეტში სათანადოდ დაცულ პირობებში დაფასოებული მყიდველისთვის მიმზიდველ ტარაში.

დღეისათვის, ქართულ სიმინდებზე მუშაობის აქტუალური საკითხებია: მათი შენარჩუნება, გაუმჯობესება და სელექციური გამოყენება. შენარჩუნების კუთხით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს: ჰიბრიდების ნათესები უნდა მოეწყოს ადგილობრივი ჯიშების ნათესებიდან 300-400 მეტრის დაშორებით. თუ ისინი ერთმანეთთან ახლოს დაითესება ჯიშები შეუჯვარდებიან ჰიბრიდებს და დაკარგავენ სასურსათო თვისებებს, რომელიც მათ შეიძინეს საუკუნეების მანძილზე.

ადგილობრივი  ჯიშების შენარჩუნება — გაუმჯობესებაზე, მასიური გამორჩევის მეთოდით მუშაობას ეწეოდა და დღესაც ეწევა სოფლის მოსახლეობა. ყველა მესიმინდეს ჰქონდა და დღესაც აქვს „თავისი” ჯიში, რომელსაც მრავალი ათეული წელია აუმჯობესებს და თესავს. ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან სიმინდი ჯვარედინად გამანაყოფიერებელი მცენარეა და ყოველთვის ექვემდებარება გამორჩევას.

ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებაზე მუშაობს ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი. იგი ატარებს ექსპედიციებს ქვეყანაში, აგროვებს ჯიშ-ნიმუშებს და ინახავს მინდვრის კულტურების გენ-ბანკში. ინსტიტუტი მუშაობს აგრეთვე ჯიშების აჯამეთის თეთრისა და აბაშური ყვითლის სელექციური მეთოდებით გაუმჯობესებაზე.

სიმინდის ქართულ ჯიშებს დიდი მნიშვნელობა აქვთ თანამედროვე და მომავლის სელექციისათვის. მხოლოდ მათი მონაწილეობით არის შესაძლებელი ჩვენი პირობებისთვის სასურსათო დანიშნულების სიმინდის ჰიბრიდების გამოყვანა. ამ მიმართულებით მუშაობს მიწათმოქმედების ინსტიტუტი და შპს  „ფირმა ლომთაგორა”. ამ დაწესებულებებში უკვე გამოყვანილია თეთრმარცვლიანი, თეთრნაქუჩიანი ჰიბრიდები, რომელიც ხასიათდებიან მარცვლის მაღალი მოსავლიანობით და ადგილობრივი ჯიშებისათვის დამახასიათებელი გემური თვისებებით.

ზურაბ ჯინჯიხაძე

„აგროსამცინიერო ჯგუფი ლომთაგორა“ ,სმმ დოქტორი, სელექციონერი

 

One thought on “ქართული სიმინდი

  • 14/02/2021 at 16:02
    Permalink

    ეს სიმართლეა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.