ქაცვი (Hippophae rhamnoides)
ქაცვის – სასიცოცხლო ფორმა, ისევე როგორც აზიის სუბტროპიკული ფლორის სხვა მერქნიანი მცენარეებისა, შედის ფშატისებრთა ოჯახში, რომელიც დაახლოებით 55 სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია ფოთოლმცვენი ხისმაგვარი ფორმები 1-3-6-15 მ. სიმაღლის, ნაცრისფერი ქერქით და გრძელი ეკლებით. სხვადასხვა ხნოვანების ყლორტები ქმნიან მომრგვალო, პირამიდულ ან გაშლილ ვარჯს.
ფოთოლი ხაზურა ან ხაზურ-ლანცეტისებრი, ზევიდან მონაცრისფრო-მწვანე, ქვევით მურა ან მოყვითალო-მოვერცხლისფერო-თეთრი. დროთა განმავლობასი ქაცვმა განიცადა სომატური ევოლუცია ხემცენარეებიდან ბუჩქოვანი ფორმებისაკენ. წარმოქმნილი სასიცოცხლო ფორმების სპექტრი ადვილად შეეგუა ახალ ცვალებად გარემო პირობებს. გამოჩნდა ტანდაბალი პატარა ხეები, სხვადასხვა სიმაღლის ბუჩქები – 1,5 მეტრიდან 3 მეტრზე მეტი. ქაცვი გავრცელებულია მაღალმთიან ადგილებში.
საქართველოში აღწერილია, როგორც 1-3 მეტრი ბუჩქოვანი, ასევე 6-13-15 მ-ის სიმაღლის ხეები. ფოთოლგანლაგება მორიგეობითი, ყვავილები მარტივი მთლიანი, უთანაფოთლო. ყვავილის სწორი, ორსქესიანი. ფშატის მრავალ სახეობებში და ქაცვში ყვავილი ცალსქესიანია და მაშინ მცენარე ჩვეულებრივ ითვლება ორსახლიანად. ყვავილსაფარი ორი ან ოთხად დანაწევრებული. მტვრიანები ორსქესიანი და მამრობით ყვავილებში ოთხი (იშვიათად რვა) და ისინი ჯამის შიგნით ზედა მხარეზე არიან შეზრდილი.
ქაცვის ერთწლიან ნათესარებს ერთი მთავარღერძიანი ფესვი, რომელიც ხელსაყრელ პირობებში, ქვიშნარ ნიადაგებში 30-40 სმ სიღრმემდე აღწევს. ვეგეტაციის დაწყებისას, კერძოდ კი ნამდვილი წყვილი ფოთლების ჩამოყალიბებიდან, პირველად ვერტიკალურ ფესვებზე წარმოიქმნება გვერდითი ფესვების წამონაზარდები, რომელიც წლის ბოლოსათვის საშუალო სიდიდის ფესვად გადაიქცევა. სიცოცხლის მეორე წელს პირველადი მთავარი ღერძი წყვეტს ზრდას, არ ღრმავდება მიწაში და ჰორიზონტალურად განლაგებული რადიალური მიმართულების მეორადი, ძლიერ დატოტვილი ფესვები უკვე მეორე წლისათვის იკავებენ დიდ რადიუსს, რომელთა სიგრძე, ზოგ შემთხვევაში 12 მეტრამდეც აღწევს. მეორად ფესვებზე და მათ გაგრზელებაზე, ჩვეულებრივ დატოტიანების მუხლებზე წარმოიშობიან ტუბერიანი წარმონაქმნები, რომელთა სიდიდე, სრულწლოვან მცენარეებში აღწევს ტყემლისა და გარგარის ნაყოფის სიდიდემდე.
ახალ ფართობებზე ქაცვის გაშენება დიდ სიძნელეს არ წამოადგენს და მუშახელის დანახარჯებსაც ნაკლებს მოითხოვს. ქაცვის ბიოლოგიიდან ცნობილია, რომ ის ბუნებრივ პირობებში უმთავრესად მრავლდება ფესური ამონაყრებით და აქედან გამომდინარე, ქაცვის მაღალპროდუქტიული ფორმები რაყებში გვხვდება მთელი თარგების სახით, რაც ქმნის შესაძლებლობას გამზადებული ბუნებრივი სადედეები პირდაპირ გამოყენებულ იქნეს ბაღების გასაშენებლად. იმავდროულად გამოვლენილი ფორმების ვეგეტატიური წესით გამრავლებისათვის უნდა შეიქმნას სპეციალური ნაკვეთები. კალმების დასამზადებლად ყლორტების აჭრა უნდა დაიწყოს ქაცვის განვითარების მე-2-3 წელს. ქაცვის კალმების დამზადება წარმოებს აპრილში, ივლისსა და აგვისტოში.
ქაცვის სარგავი მასალის გამოყვანა ხორციელდება დაკალმებით, უშუალოდ პოლიეთილენის პარკებში. ოპტიმალურადაა მიჩნეული 15-20 სმ-იანი პარკები. ეს მეთოდი პროგრესულია, ნერგის გამოყვანა მიმდინარეობს მიწის კომით და, რაც მთავარია, ახალი პლანტაციის გაშენების დროს გარანტირებულია გახარება, გამორიცხულია მეჩხერიანობა. კალმებს პარკებში რგავენ დახრილად და აღრმავებენ ისე, რომ ნიადაგის ზედაპირზე დატოვებულ იქნეს კალმების ნაწილი სამი ფოთლით. დაფესვიანებული კალმების გადაზამთრება უნდა მიმდინარეობდეს გადახურვის ქვეშ, შემდგომი ზრდა კი ღია გრუნტში.
ვეგეტატიურად გამრავლებული სარგავი მასალით ქაცვის პლანტაციების გაშენება უნდა მოხდეს წინასწარ მომზადებულ ნაკვეთებზე. ამისათვის საჭიროა ნიადაგის მომზადება, სარგავი მასალის მონიშვნა, ხოლო მცენარის რგვის ადგილები აღინიშნება ჭიგოებით. ნერგების დასარგავად ამზადებენ 30 სმ სიგანის და 40 სმ სიღრმის ორმოებს, ხოლო ნერგებს მწკრივში რგავენ 10 მდედრობითი, 1 – მამრობითის თანმიმდევრობით.
ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში, სადაც ქაცვის თესლის დასათესად შვეულ-ფრენებს იყენებენ და ამრავლებენ მას ყველგან, სადაც მისი მოყვანა შესაძლებელია. ჩინელებმა შეძლეს ქაცის სუფთა პროდუქციის მიღება დანაკარგის გარეშე. დღეისათვის ჩინეთში ქაცვის გადასამუშავებელი 200 ქარხანაა, რომელიც აწარმოებს ქაცვის ზეთს.
ქაცვის ნედლეულის გამოყენება შესაძლებელია ჯემის, პიურეს ან წვენის სახით. ზამთარში და შემოდგომაზე, როდესაც ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას, მაშინ მის შესავსებად სათანადო დახმარებას გაგვიწევს ვიტამინებით გაჯერებული ქაცვის ნაყოფი. ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობით მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მთელ რიგ პოლუვიტამინების ჯგუფის პრეპარატებს. სახლის პირობებში თავისუფლად შეგვიძლია დავამზადოთ განსაკუთრებულად მარგებელი და არაჩვეულებრივად გემრიელი კულინარიული პროდუქტი. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება არა მარტო ქაცვის ნაყოფი, არამედ მისი ფოთლები და თესლები. ასე მაგალითად თესლის ნახარში გამოიყენება საფაღარათო საშუალებად, მცენარის ფოთლებს კი იყენებენ რევმატიზმისა და პადაგრის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ მედიცინას სადღეისოდ მოეპოვება სინთეზური პრეპარატების საკმაოდ დიდი ასორტიმენტი, ქაცვზე მოთხოვნილება დღითიდრე იზრდება, რაც დაკავშირებულია მკურნალობის ეფექტთან და ხარისხთან. კერძოდ, ქაცვის ნედლეულისგან დამზადებულ სამკურნალო პრეპარატებში თითქმის არ აღინიშნება ე. წ. გვერდითი მოვლენები.
ქაცვისაგან დამზადებულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ ღვიძლის უჯრედების აღსადგენად ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს; ქაცვი განაპირობებს ღვიძლის უჯრედებში ცილების რაოდენობის მატებას, აწესრიგებს ცხიმების ცვლას. ქაცვს ახასიათებს ძლიერი ანტისკლეროზული მოქმედება, სახელდობრ სისხლძარღვების კედლებს წმენდს და ასუფთავებს სკლეროზული ბალთებისაგან. არეგულირებს გულისა და ფილტვების მუშაობას. დადგენილია ქაცვის დადებითი მოქმედება დაფეხმძიმებისა და ფეხმძიმობის მიმდინარეობის დროს. ქაცვის ნაყოფებისა და ყლორტების ნახარში იხმარება თმის ძირების გასამაგრებლად და თმის ცვენის პროფილაქტიკისათვის.
ქაცვის ქერქში დადგენილია სეროტონის არსებობა, რომელიც განაპირობებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების სტიმულირება-რეგულირებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქაცვის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება და დასხივებით გამოწვეული დაზიანების საწინააღმდეგო თვისებები. ქაცვი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაც. ბოლო დროს სტომატოლოგიაში პულპიტისა და პარადონტიტის დროს, კბილის ფესვის არხის დასამუშავებლად იყენებენ ქაცვის ზეთის შემცველ პასტას.
მედიცინაში ქაცვის ნაყოფი წარმატებით გამოიყენება საქართველოში. ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ დამზადებულია ქაცვის ზეთისა და თიხა ასკანეს გასტროენტეროლოგიური წყლულის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი „ულკოსანი“ და ჭრილობებისა და დამწვრობების სამკურნალო პრეპარატი „ჰიპოასკანე“.
ქაცვის ზეთის გამოყენება უნდა ხდებოდეს ექიმის დანიშნულებით და შემდგომი კონტროლით. უნდა გვახსოვდეს, რომ ზეთის შიგნით მიღებისას მის წინააღმდეგ ნაჩვენებია მწვანე ქოლეცისტისის, ჰეპატიტის, პანკრეატიტის და კუჭქვეშა ჯირკვლის სხვა დაავადებების დროს, აგრეთვე ფაღარათისადმი და ალერგიისადმი მიდრეკილებისას.
ქაცვის ზეთი გამოიყენება სანთლების სახით ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების სფინქტერიტების, ანუსის ნახეთქების, კატარული, ატროფიული და შიგნითა პროქთიტის დროს.
სწორედ ქაცვმა ჰპოვა გამოყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ. მას შესწევს უნარი განკურნოს ეგზემა, ტროფიული წყლულები, თმის ცვენა, სოკოვანი დაავადებები, დამწვრობა, მოყინვა (დაზრობა), ასევე ტუპერკულიოზი და კანის კიბო. ქაცვის ზეთს იყენებენ ძნელად შესახორცებელი წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, დასხივებით გამოწვეული დაავადებების, დამწვრობის ან საერთოდ, ყველანაირი სიდამწვრის სამკურნალოდ. ის არამარტო კურნავს დაავადებებს, არამედ გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
ქაცვის ნაყოფთან და ზეთთან ერთად არანაკლები მნიშვნელობა შეიძინა ქაცვის ქერქმაც. მისგან გამოყვეს ნივთიერება 5-ოქსიტრიპტამინი, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია. ქაცვის ნაყოფები გამოიყენება აგრეთვე ბოტკინის, ციროზის, მწვავე ჰეპატიტის და რევმატიზმის სამკურნალოდ.
რეზო ჯაბნიძე, სსმმა აკადემიკოსი