აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ქაცვის ნერგის წარმოების, გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგია /რეკომენდაცია

 

ქაცვი ეკუთვნის ფშატისებრთა ოჯახს. იგი ორბინიანი და ცალსქესიანი, ქარით დასამტვრიანებელი მრავალწლიანი მცენარეა. ქაცვის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მისგან მზადდება სამკურნალო ზეთი, ვიტამინები, ნატურალური წვენები, კომპოტი და ჯემი.

ქაცვის შესწავლა და მისი გაკულტურება დაიწყო იქნა 1934 წლიდან მ. ა. ლისავენკომ.

ციმბირის მეხილეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შესწავლილი და გამოყვანილია ქაცვის 18-მდე ჯიში, რომელთაგან წარმოებაში დანერგილია სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის რამდენიმე ჯიში. საქართველოს პირობებისათვის პერსპექტიულია სიმწიფის პერიოდის საადრეო ჯიშებიდან – ჩუისკაია და პრევოსხოდნაია, ხოლო საგვიანოდან – სიბირსკაია, იანტარნაია და ზოლოტისტაია სიბირ.

 ნერგის წარმოება

ქაცვი ძირითადად მრავლდება მწვანე  ყლორტის და ერთწლიანი ტოტის დაფესვიანებით. მწვანე ყლორტის მისაღებად ეწყობა სადედე ნაკვეთები. გასაშენებლად თხრიან 30-40 სმ სიღრმის ორმოს და მასში რგავენ წინასწარ დაფესვიანებულ ნერგს. დარგვის სქემა 3,0×0,7 მ კვების არით. ერთი ჰექტარი სადედედან შეიძლება მიღებულ იქნეს 500-600 ათასი ყლორტი. ყლორტის აჭრა იწყება დარგვიდან მეორე-მესამე წელს. კარგი მოვლის პირობებში ყლორტი შეიძლება აიჭრას 25-30 დღის ინტერვალით 2-3 ჯერ.

მწვანე ყლორტის დასაფესვიანებლად წინასწარ მზადდება საზაფხულო სათბური – რკინის გისოსებიან ჩარჩოზე პოლიეთილენის აფსკით გადახურული. სათბურში გაყვანილი უნდა იქნას წყლის მილები, რომლებზედაც მაგრდება წყლის გამფრქვევი ბუნიკები ისე, რომ დროგამოშვებით ხდებოდეს სათბურის წყლის ბურუსით დატენიანება. ივნის-ივლისის თვეებში სადედე ხეებიდან მაკრატლით ჭრიან 18-20 სმ სიგრძის მწვანე ყლორტს. ყლორტის ძირის მხარეს აცლიან 4-5 ცალ ფოთოლს, კრავენ 50-50 ცალიან კონებად და ათავსებენ ზრდის რეგულატორების ხსნარში 14-16 საათის განმავლობაში. შემდეგ გადააქვთ სათბურში წინასწარ მომზადებულ კვლებში. ირგვება 3-4 სმ სირრმეზე 7,0×3,0 სმ დაშორებით. ასეთი წესით მოწყობილ სათბურში ყლორტები ფესვიანდება 10-12 დღის განმავლობაში. 1,0-1,5 თვის შემდეგ პოლიეთილენის აფსკი იხსნება და ხდება დაფესვიანებული ნერგის გაკაჟება. ასეთ პირობებში რჩება შემოდგომამდე ან ადრე გაზაფხულამდე.

შემოდგომით გადააქვთ სანერგეში; სანერგეში დარგვა წარმოებს წინასწარ მომზადებულ ბაზოებში ხელით ან ჩითილის სარგავი მანქანით 0,7×0,15 მ კვების არით. ერთი სავეგეტაციო პერიოდის გავლის შემდეგ კარგად განვითარებული სარგავი მასალა უკვე მზად არის სარეალიზაციოდ.

გაშენება და მოვლა

ქაცვის გასაშენებლად შერჩეული ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის, სარწყავი, გრუნტის წყალი არ უნდა იყო 50 სმ-ზე ახლოს; დარგვის წინ ნიადაგი იხვნება ღრმად (40-50 სმ), მოხვნის წინ შეაქვთ სუპერფოსფატი (6-8 ც/ჰექტარზე). დარგვა ჩვენში შეიძლება როგორც შემოდგომით, ისე ადრე გაზაფხულზე (კვირტების დაბერვამდე). დარგვა უკეთესია 4,0X2,0 მ კვების არეზე, რადგან ჯვარედინ დასამტვერიანებელია; დარგვის დროს ყოველ მეოთხე რიგში, მეხუთე მცენარედ უნდა დაირგას მამრობითი სქესის მატარებელი ნერგი, ისე, რომ გამანაყოფიერებელ მცენარეთა რაოდენობა 6-7 % იყოს. დამტვერვა კარგად მიმდინარეობს, როდესაც დაცილება 100 მეტრია.

დარგვის შემდეგ ნიადაგი ღრმად არ უნდა დამუშავდეს, რიგთაშორის მისი სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-ს, ხოლო მცენარესთან ახლოს 4-5 სმ-ს, მორწყვისთვის საჭიროა 500-600მ/კუბ წყალი ჰექტარზე.

მორწყვის შემდეგ ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს კულტივატორით 8-10 სმ სიღრმეზე.

 მოსავლის აღება

ქაცვის ნაყოფის კრეფა შრომატევადი სამუშაოა. მუშის დღიური ნორმაა 13-15 კგ. 100-120 ცენტნერი მოსავლის მიღების შემთხვევაში საჭიროა 600-800 კაცდღე. მოსავლის რაოდენობა კვლევითი ინსტიტუტის ბაზებზე აღწევს 200-250 ც/ჰექტარზე, მეურნეობაში კი 80-100 ც/ჰექტარზე. ამის გამო ქაცვის წარმოება მეურნეობისათვის ყოველთვის მომგებიანია.

ნაყოფის კრეფის ასეთი სირთულის გამო უაღრესად მნიშვნელოვანია მოსავლის აღების მექანიზაცია, დღესდღეობით პრაქტიკულად ქაცვის ნაყოფის საკრეფად გამოყენებულია ჩვეულებრივი, 3-4 მმ დიამეტრის მავთულისაგან დამზადებული მოწყობილობა (საკეცის მაგვარი). მკრეფავი ცალი ხელით იკავებს ქაცვის ნაყოფიან ტოტს, ხოლო მეორე ხელით ამ მოწყობილობით აცლის ტოტს ნაყოფებს და ყრის სპეციალურ ყუთში. ასეთი წესით მოსავლის აღება გაადვილებულია, მაგრამ იწვევს სანაყოფე ტოტების დაზიანებას და მომავალი წლის მოსავლიანობის შემცირებას. ციმბირის ინსტიტუტში ქაცვის მოსავლის ამღები მანქანა უკვე შექმნილია და სასიგნალო ეგზემპლიარი დამზადებულია, რომელიც მუშაობს ვიბრაციის პრინციპით.

როგორც აღვნიშნეთ, ქაცვისაგან ამზადებენ სამკურნალო ზეთს, რომლის შემცველობა ჯიშების მიხედვით 15-18 %-ს აღწევს, ვიტამინებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაროტინის წარმოება, რომელიც ნაყოფში 0,5-0,7%-ის რაოდენობითაა. ამზადებენ აგრეთვე ნატურალურ წვენებს, კომპოტს, მარმელადებს, ხილფაფას და სხვა.

ქაცვის ქიმიური შედგენილობა საქართველოს კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებში შეიძლება საკმაოდ გაუმჯობესდეს და 2-3%-ით გაიზარდოს, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

იუზა ვასაძე – სსმმა აკადემიკოსი,   როფესორი,

გივი ბადრიშვილი – სსმმა აკადემიკოსი, პროფესორი,

ნუგზარ შენგელია – სმმ დოქტორი,

ნანა მიროტაძე – სმმ დოქტორი,

იოსებ ბასილია – სმმ დოქტორი,

ნატრული მიქაძე – სმმ დოქტორი,

ლალი გოგინავა – სმმ დოქტორი,

თეიმურაზ კურტანიძე _ სმმ აკადემიური დოქტორი.