აგროსიახლეები

ყოველი მევენახე ჩაბარებულ კილოგრამ საფერავის ჯიშის ყურძნში, სულ მცირე,1.50 ლარს მიღებას

„საფერავის ჯიშის ყურძნის ნაწილში სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას ორი მიზეზი აქვს – ერთი უხვი  მოსავალი და მეორე, კლიმატური პირობები, რომლის გამოც მევენახეები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩააბარონ ყურძენი. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია გადამუშავებული საფერავის რაოდენობა. მევენახეებს უნდა მივცეთ საშუალება, დროულად ჩააბარონ ყურძენი; სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ადგილზე მიიღოს ყურძენი და შესაბამისი თანხა გადაუხადოს მევენახეებს“,  – განაცხადა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკურაში, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიაში“ ყურძნის დაბინავების მიმდინარე პროცესის გაცნობისას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის რთველის სეზონზე გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ჭარბი მოსავლის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით,  საფერავი საჭიროებს დროულ დაბინავებას, რომ ხარისხი  არ გაუარესდეს. მთავრობის გადაწყვეტილებით,  შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ იწყებს მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის 1.50 ლარად მიღებას. ამასთან ერთად, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

გადაწყვეტილებას მევენახეები დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის ეს გარკვეული შეღავათია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის  განცხადების შესბამისად, მათაც, ვინც უკე ჩააბარა საფერავის ჯიშის ყურძენი და კილოგრამში 1.5 ლარზე ნაკლები მიიღო, სხვაობა  სრულად აუნაზღაურდება.

კახეთის მხარის რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, კახეთში რთველი არის ზეიმი.

„ის რომ საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება შესაძლებელი იქნება  1.50 ლარად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა მუდმივად ზრუნავს დარგის განვითარებაზე“, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

მინისტრთან ერთად, ყურძნის ჩაბარების პროცესს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაეცნენ.