დარგებიმეფუტკრეობა

ყვავილის მტვრის შემცვლელის მომზადების ინტენსიური ტექნოლოგია

ფუტკრის კვებაში დღემდე რეკომენდებული საკვები საშუალებებიდან სოი-ის ცხიმგაცლილი ფქვილი ძნელად მონელებადია ფუტკრისათვის, ხოლო ამასთან ერთად გამოყენებული საკვები საფუარი და ძროხის რძე ნაკლებმიმზიდველია. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი შეიცავს ფუტკრისათვის ტოქსიკურ ლაქტოზას. აღნიშნულის გამო, ეს პროტეინოვანი საკვები დანამატები ყვავილის მტვერთან შედარებით ნაკლებეფექტიანია. მათი მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად ყვავილის მტვერს უმატებენ (საერთო რაოდენობის 20%-მდე).
დანამატების მონელებადობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება მათი კვებისწინა დამუშავება, რაც გულიხმობს საზრდო ნივთიერებების, კერძოდ პროტეინის, ნაწილობრივ ჰიდროლიზს და წყალხსნადი ფორმით ნახშირწყლოვან საკვებში შეტანას. ჰიდროლიზის პროცესი შემდეგნაირად ხდება: სოიის ცხიმგაცლილ ფქვილს გახსნიან წყალში 30 მას. % კონცენტრაციით, შეათბობენ 46-50ºC-მდე, აქტიური მჟავიანობა (PH) აყავთ 8-მდე (ნატრიუმის ჰიდროქსიდის დამატებით), შემდეგ უმატებენ რომელიმე პროტეოლიზურ ფერმენტულ პრეპარატს. ჰიდროლიზი მიმდინარეობს 3,5-4 საათს, შემდეგ იწყებენ სუსპენზიის შეს-ქელებას სქელი ფაფის კონსისტენციამდე (70-75 მას.%).

კანდი კანდი

რადგანაც ყვავილის მტვერი წყალში გახსნისას საკმაოდ დიდი რაოდენობით წარმოქმნის უხსნად ნალექს, მასაც დაფქვის შემდეგ სოიის ფქვილთან ერთად ამუშავებენ ანალოგიური ხერხით. რაც შეეხება საკვებ საფუარს და ძროხის ცხიმგაცლილ რძეს, ისინი წყალში სრულად იხსნებიან და ჰიდროლიზს არ საჭიროებენ. ამ კომპონენტების ნარევი მასური შეფარდებით 45:20:20:15 (სოიის ფქვილი + ძროხის + რძე+ საფუარი + ყვავილის მტვერი) შეაქვთ ინვერსიულ სიროფში. ჰიდროლიზის შემდეგ ნარევი სიროფში სრულად იხსნება, ათვისების პროცესში არ გამოცალკევდება. შედეგად ფუტკარი აძლიერებს ბარტყის გამოზრდას: მეფუტკრეობის ინსტიტუტში ოქროყანის ტერიტორიაზე ჩატარებული ცდებით დადგინდა, რომ ბარტყის ფართობის მატება საკონტროლო ვარიანტთან (სუფთა ინვერსიული შაქარი) შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა.

გაითვალისწინეთ: ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ პროტეინოვან დანამატებს ფუტკარს აძლევენ ყვავილის მტვრის (ჭეოს) დეფიციტის პირობებში, მათი ხვედრითი წილი ნარევში (ინვერსიულ სიროფთან ერთად) არ უნდა აღემატებოდეს 17%-ს.

ნარევის მიცემა ხდება პოლიეთილენის ერთჯერადი პარკით, საერთო მასით 1-1,2 კგ (8-9 ჩარჩო ფუტკარზე).