ქისი

ქისი – ნაკლებად გავრცელებული კახური ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს.

ადგილობრივ მევენახეთა შორის და მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში ქისის სინონიმები ცნობილი არაა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ თელავის რაიონის ზოგიერთ სოფლებში მას შეცდომით ეძახიან წობენურას (სოფ. ქისტაური) და დამპალას (სოფ. ხოდაშენი).

ქისი წარმოქმნილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივი კერიდან. თავისი ბოტანიკური და სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით იგი მეტად ახლო დგას კახეთის მთავარ საწარმოო ვაზის თეთრ ჯიშებთან, და მათთან ერთად უნდა მიეკუთვნოს Prol. pontica subprol. Georgica Negr. ეკოლოგიურ-სისტემატიკურ ჯგუფს. შეიძლება ითქვას, რომ მას კახეთის ორ მთავარ საწარმოო ჯიშებს – მწვანესა და რქაწითელს შორის შუალედი ადგილი უჭირავს. მაგალითად, ვაზის საერთო შეხედულებით, ფოთლის ფორმით და მისი ფირფიტის მოხაზულობით იგი რქაწითელსა ჰგავს, ხოლო მარცვლების შეფერვით და ძლიერი ჯიშური არომატით მწვანეს მოგვაგონებს, დანარჩენი ნიშნებითაც ქისს შუალედი ადგილი უჭირავს ნახსენებ ჯიშებს შორის. ყოველივე ეს საბაბს გვაძლევს ქისი ვიგულვოთ მწვანისა და რქაწითელის ბუნებრივ ჰიბრიდად. ღვინის ხარისხით ქისი არ ჩამოუვარდება რქაწითელს და ზოგიერთ წლებში მწვანესაც კი უსწრებს. ნაცრისადმი მგრძნობიარობა მას მწვანესაგან უნდა ჰქონდეს დაყოლილი.

ამრიგად, მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნებით ქისი მეტად ახლოს დგას კახეთის მთავარ საწარმოო ვაზის ჯიშებთან და მათთან ერთად ადგილობრივი კერიდან უნდა იყოს წარმოქმნილი.

ჯიშის ხნიერების საკითხის განსაზღვრისათვის საჭირო სამეურნეო ისტორიის ძეგლები შემონახული არ არის. ჯიშის ბოტანიკური და სამეურნეო ნიშნების შეფასების საფუძველზე ქისი უდავოდ უფრო ახალი ჯიშია, ვიდრე რქაწითელი, რომლის წარმოშობა აკად. ივ. ჯავახიშვილს (4) ახალი ერის V და მომდევნო საუკუნეზე აქვს მიწერილი. ამრიგად, ქისი ადგილობრივი, რქაწითელზე უფრო ახალგაზრდა ჯიშია და ასეთად იგი უნდა ვიგულვოთ, სხვა ჯიშებთან შედარებით.

ამჟამად ქისი გავრცელებულია კახეთში, ძირითადად, თელავის და გურჯაანის რაიონებში, სადაც იგი გვხვდება უმეტესად ნარევის სახით რქაწითელისა და მწვანის ვენახებში, იშვიათად გვხვდება იგი აგრეთვე წმინდა ნარგავების სახითაც კოლმეურნეობის წევრების საკარმიდამო ნაკვეთებზე. უფრო ხშირად იგი გვხვდება თელავ-ახმეტის ზოლზე (იყალთო, რუისპირი, ქისტაური, ხოდაშენი, ახმეტა და სხვ.). ალაზნის გაღმა ქისი გავრცელებულია სოფ. მაღრანში, ბაბანეურში, ლალისყურში, ფშაველში, ართანაში, ნაფარეულში და სხვაგან. გურჯაანის რაიონში ქისი გვხვდება – ვაზისუბანში, ბაკურციხეში, კარდანახში, კოლაკაში, ვეჯინში და სხვ. აღნიშნულ სოფლებში ქისი რამდენიმე ძირის სახით არის წარმოდგენილი და ისიც, ძირითადად, რქაწითელის და მწვანის ვენახებში. ქისის საერთო ფართობი დაახლოებით რამდენიმე ჰექტარს შეადგენს. ძველად ქისი უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ფილოქსერის შემოჭრის შემდეგ ძველი ვენახების ამოვარდნასთან ერთად გადაშენდა ქისიც, მის გადაშენებას წარსულში ხელი შეუწყო ნაცრისადმი სუსტმა გამძლეობამ, ხოლო ამჟამად ამავე მიზეზების გამო მის გაშენებას ერიდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მისგან მეტად კარგი ღირსების ღვინო დგება და ბევრ შემთხვევაში ზოგიერთ სახელმოხვეჭილი ადგილების ღვინის მაღალი ხარისხის ქისის მონაწილეობითაც აიხსნება. ქისს ხიხვთან, ჩიტისთვალასთან და მწვანესთან ერთად დიდი დამსახურება მიუძღვის კახეთის ისტორიულად ცნობილი მაღალი ღირსების ღვინოების გამომუშავებაში.

ხანგრძლივი შესწავლის შედეგად ქისი გამოვლენილია, როგორც მაღალხარისხოვანი პერსპექტიული ჯიში. იგი გამრავლებულია და უკვე გადაეცა სახელმწიფო ჯიშთა გამოცდის კომისიას წარმოების პირობებში გამოსაცდელად და დასანერგად.ჯიშის ბოტანიკური აღწერა შესრულებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე სოფ. ვაზისუბანში – კახური ჯიშების საკოლექციო ნაკვეთზე. ვენახები გაშენებულია 1928 წელს ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირედ დაქანებულ ფერდობზე 565 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი სარ-მავთულზეა გამართული და ქართული წესითაა ფორმირებული. ვაზები დამყნობილია ბერლანდიერიXრიპარია 420ა-ზე.ბოტანიკური აღწერა

ახალგაზრდა ყლორტი

(15-20 სმ) მოზარდი ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია ყოველმხრიდან სქელი აბლაბუდისებრი ბეწვით და შეფერილი თეთრად, ბაცი ვარსდიფერი არშიის შემოვლებით ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ, ყუნწის გასწვრივ. მეორე იარუსის ფოთლები (დაწყებული მესამიდან) ზედა მხრიდან შებუსვის შესუსტების გამო მომწვანო ყვითელია, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს შებუსვას და მოვერცხლისფრო თეთრ ფერს.

ერთწლიანი რქა

კარგად შემოსული ერთწლიანი რქა შემოდგომით მოყვითალო-წაბლისფერია,. მუხთლაშორისების სიგრძე 8-10 სმ შეადგენს, მუხლები უფრო მუქად არის შეფერილი ვიდრე მუხლთაშორისები, ზოლები მუხლთაშორისების გასწვრივ მკვეთრად არაა გამოსახული.

ფოთოლი

შუა იარუსის ფოთლები (9-12) საშუალო ზომისაა (18,5X18,0 სმ), მომრგვალო ოდნავი გადახრით ოვალურ ფორმისაკენ, მუქი მწვანე ფერისაა, უფრო ხშირად სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი ფოთოლიც გვხვდება. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად წვრილბურთულებიანიცაა. ფოთლის ფირფიტა (უმთავრესად ზედა იარუსის ფოთლებისა), ქვედა ნაკვთების ზევით აწევის გამო, ფორმით ძაბრისებრია.

ზედა ამონაკვეთები ზეზეური და საშუალო სიღრმისაა, მათი ფორმა ცვალებადობს ღია ჩანგისებრიდან დახურულ ოვალურთვლიან ამონაკვეთამდე. უფრო ხშირად ჩანგისებრი ფორმის ამონაკვეთები გვხვდება, რომელთაც ვიწრო ყელი და წამახვილებული ან ცალკბილიანი ფუძე აქვს, იშვიათად გვხვდება აგრეთვე თითქმის პარალელური გვერდებიანი ჩანგისმაგვარი ან კიდევ უფრო იშვიათად შეჭრილკუთხიანი ფორმის ამონაკვეთებიც.

ქვედა ამონაკვეთები ჩვეულებრივ უფრო ნაკლებად გამოსახულია, მომეტებულ შემთხვევაში ზეზეურია ან სულ არ არის განვითარებული. ამონაკვეთები ხშირად შეჭრილი კუთხისებრია ან ნაპრალისებრი ფორმა აქვს.

ყუნწის ამონაკვეთის ფორმა შედარებით ნაკლებად ცვალებადობს, უფრო ხშირად იგი ჩანგისებრი ფორმისაა წამახვილებული ფუძით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე თაღისებრი ფორმის ამონაკვეთებიც, ზოგჯერ ყუნწის ამონაკვეთი ცალ ან ორდეზიანია.

ფოთლის მთავარი ძარღვები მთავრდება გამოწეული გვერდებიანი მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე გუმბათისმაგვარი და კიდევ უფრო იშვიათად სამკუთხედისებრი ფორმის კბილები მომრგვალებული წვერით. გვერდითი კბილები უფრო ნაკლებად ცვალებადობს, ჩვეულებრივ ხერხის კბილისებრ გამოწეული ან მომრგვალო წვერიანია, ხშირად ისინი ერთმანეთს ცვლის.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა კარგადაა გამოსახული, იგი აბლაბუდისებრია, რომლის ქვეშ მოფენილია საშუალო სისქის ჯაგრისებრი ბუსუსი, საერთოდ ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სისქისაა. ყუნწი ფოთლის მთავარ ძარღვზე მოკლეა ან მის სიგრძეს უდრის.

ყუნწი შებუსვილია თხელი აბლაბუდით და ღია მწვანე ფერისაა ან გადაჰკრავს მოვარდისფრო იერი, უფრო ძლიერ ფუძისაკენ.

ყვავილი

ნორმალური აგებულების ყვავილი ორსქესიანია. ყვავილში ხუთი, იშვიათად ექვსი მტვრიანაა. მტვრიანები სწორმდგომია. მტვრიანას ძაფების სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან შეადგენს 1,25, იშვიათად ეს შეფარდება 1,50-მდე აღწევს. ბუტკო ვიწრო კონუსისებრი ან ბოთლისმაგვარი ფორმისაა, ხშირად ორად გაყოფილი დინგი და კარგად გამოსახული სვეტი აქვს.

მტევანი

მტევანი საშუალო ზომისაა. მისი სიგრძე მერყეობს 12-დან 24 სმ-მდე, ხოლო განი 5-დან 12 სმ-მდე, საშუალო მტევნის ზომა 18X10 სმ უდრის. მტევნის ფორმა უმნიშვნელოდ ცვალებადობს. უფრო ხშირად მტევნებს კონუსისებრი ფორმა აქვს, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებრი, ზოგჯერ მტევანი მხრიანია, რომლის სიგრძე ძირითადი მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მეტწილად მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად მეჩხერი და კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება მკვრივი მტევნებიც. წვრილმარცვლიანობა მტევანში შესამჩნევი არ არის. მტევნის წონა ცვალებადობს 80-დან 450 გ-მდე. საშუალო მტევნის წონა 120-160 გ შეადგენს. მარცვლების რაოდენობა მტევანში მერყეობს 80-დან 300-მდე. მტევნის ყუნწი გახევებულია და ღია მწვანე ფერისაა, რომელიც ფუძისაკენ მოწაბლისფრო ხდება. მტევნის ყუნწის სიგრძე ცვალებადობს 1-დან 2,4 სმ-მდე, საშუალოდ იგი 1,5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი ღია მწვანეა, მისი სიგრძე 0,6-0,8 სმ უდრის. მარცვლის ბალიში განიერი კონუსისებრია, იშვიათად ვიწრო კონუსისებრიც გვხვდება.

მარცვალი

მარცვალი საშუალო ზომისაა. მარცვლის სიგრძე მერყეობს 1,5-დან 1,85 სმ-მდე, ხოლო განი 1,45-დან 1,63 სმ-მდე. საშუალო მარცვლის ზომა 1,75X1,54 სმ შეადგენს. მარცვლის ფორმა ოვალურია, იშვიათად გვხვდება მომრგვალო ფორმის მარცვლებიც. მარცვალი შუაში უფრო განიერია, მისი ბოლო მომრგვალებულია. მარცვლის შეფერვა მომწვანო ყვითელია მონაცრისფრო იერით. მარცვალი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. მზისკენ მიქცეულ მარცვლებს ხშირად უჩნდება სიდამწვრის ყავისფერი ლაქები. კანი თხელი აქვს. რბილობი საკმაოდ წვნიანი. გემო სასიამოვნო, ჰარმონიულობა და არომატი კარგად აქვს გამოსახული.

წიპწა

წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1-დან 3 მ-მდე, საშუალოდ ერთ მარცვალზე 1,3 წიპწა მოდის. წიპწის სხეული მოყვითალო-წაბლისფერია, ფორმით მოგრძო-მომრგვალოა. წიპწის სიგრძე უდრის 7 მმ, განი 3,5 მმ, ნისკარტის სიგრძე უდრის 2 მმ, ხოლო განი 1,0-1,2 მმ. ქალაძა მოთავსებულია წიპწის ზედა ნაწილში, ფორმით ოვალურია, იგი შუაში ოდნავ ჩაზნექილია და მკაფიოდ არაა გამოსახული. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია. მუცლის ღარები საკმაოდ ღრმაა, პარალელურად მიემართება ნისკარტისაკენ და თანდათან ქრება. ნისკარტი ცილინდრული ფორმისაა, წაკვეცილი, იგი ოდნავ მოხრილია მუცლის მხარეზე. ნისკარტი ღია ყვითელია და ნარინჯისფერი იერი გადაჰკრავს.

აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა

დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთზე, სოფ. კურდღელაურში.

აღნიშნულ ადგილმდებარეობის ეკოლოგიურ პირობებში ქისის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა მერყეობს 125-დან 153 დღემდე და თერთმეტი წლის საშუალო 142 დღეს შეადგენს. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობის შესაბამისად მერყეობს აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც 2647º-დან 3142º-მდე და საშუალოდ 2935º შეადგენს.

სავეგეტაციო ფაზების მსვლელობის მაჩვენებლები მოყვანილია 1-ლ ცხრილში.

როგორც 1-ლ ცხრილიდან ჩანს ყველაზე უფრო ფართოდ ცალკეულ წლების მიხედვით, ცვალებადობს საწყისი ფაზა, დანარჩენი ფაზების მერყეობა 10-15 დღის ფარგლებშია, ხოლო სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობის ცვალებადობა 23 დღემდე აღწევს. სრული სიმწიფის დადგომის თარიღი წლების მიხედვით მერყეობს საშუალოდ 5-დან 20 სექტემბრამდე, თერთმეტი წლის მანძილზე მისი დაწყება საშუალოდ 10 სექტემბრით აღინიშნება. ამ მონაცემების მიხედვით ქისი სიმწიფის II პერიოდის ვაზის ჯიშებს უნდა მიეკუთვნოს.

როგორც ცხრილიდან ჩანს ზოგიერთ წლებში ქისა ასწრებს დამწიფებას 125 დღის განმავლობაში და მისთვის საკმაო აღმოჩნდა აქტიურ ტემპერატურათა ჯამი – 2695ºC. ჯიშის 142 დღის განმავლობაში 3056ºC აქტიურ ტემპერატურათა ჯამის დროს მომწიფება გვაძლევს საბაბს ურჩიოთ ქისის გავრცელება საქართველოს უფრო გრილჰავიან რაიონებს, სადაც ადგილობრივი ვაზის ჯიშები სრულ სიმწიფეს ვერ ასწრებს და აგრეთვე საბჭოთა კავშირის მევენახეობის სამხრეთ რაიონებს, სადაც მისი მომწიფება უფრო უზრუნველყოფილი იქნება, ვიდრე რქაწითელისა, რომელსაც ახლა სულ უფრო და უფრო ავრცელებენ აღნიშნულ რაიონებში.

კახეთში ქისის ერთწლიანი ნაზარდი, საკოლექციო ნაკვეთებზე თელავსა და ვაზისუბანში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით, თავისუფლად ასწრებს მომწიფებას ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის. სავეგეტაციო ფაზების მსვლელობაზე წარმოებული დაკვირვებები მოწმობს, რომ ქისის ერთწლიან ნაზარდს თავისუფლად შეუძლია მომწიფდეს თელავზე უფრო გრილჰავიან რაიონებშიაც.

ქისის ზრდა თანაბარ ეკოლოგიურ პირობებში სხვა ჯიშებთან შედარებით შეიძლება შეფასებულ იქნეს საშუალოდ. ასე გამოიყურება ქისის ვაზები თელავისა და ვაზისუბნის საკოლექციო ნაკვეთებზე. როგორც ცნობილია, შესაფერი ჰავისა და კარგი კვების პირობებში ჯიში მძლავრად იზრდება და უხვმოსავლიანი ხდება. მაგალითად, ხირსის საბჭოთა მეურნეობაში ქისი ძლიერი ზრდითა და უხვი მოსავლიანობით ხასიათდება.

მოსავლიანობა

ქისი კახეთის სხვა მთავარი ჯიშების მსგავსად ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს. თელავში საკოლექციო ნაკვეთზე წარმოებული დაკვირვების მიხედვივთ ქისი დარგვიდან მესამე წელს სრული მოსავლის დაახლოებით ერთ მესამედს იძლევა, ხოლო მეოთხე წელს მან მოგვცა ნორმალური მოსავალი 96 მტევანი 10 ძირზე. ასეთივე ნაადრევი მოსავლიანობა გვიჩვენა ამ ჯიშმა სარეპროდუქციო ნაკვეთზედაც – დარგვიდან მე-3, მე-4 წელს.

ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთებზე წარმოებული დაკვირვების მიხედვით ქისი საშუალოზე მცირე მოსავლიანი ჯიშია. რქაწითელთან და მწვანესთან შედარებით ქისი ცოტა უფრო ნაკლებმოსავლიანია. მისი მოსავლიანობა ძირზე თელავის პირობებში 1-დან 2,5 კგ-მდე მერყეობს და საშუალოდ 1,8 კგ შეადგენს, რაც გადაანგარიშებით ჰექტარზე 58 ცენტნერს შეადგენს. ვაზისუბანში უფრო მჭიდრო ნარგავზე მისი მოსავლიანობა ჰექტარზე 70,0 ცენტნერს აღწევს. ქისის მსხმოიარობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია საკოლექციო და სარეპროდუქციო ნაკვეთებზე წარმოებული დაკვირვების შედეგები, რომლის მიხედვით მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 0,56-დან 1,5-მდე და საშუალოდ 1,2 შეადგენს. შედარებით უფრო ნაკლებად მერყეობს მტევნის საშუალო წონა, იგი 120-160 გ უდრის. ამრიგად, ძირის მოსავლიანობა 20 რქაზე საშუალოდ 2360 გ შეადგენს. მოსავლიანობის უფრო სრულად დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია ნეკისა და საკავებლის ცალკეულ რქებზე წარმოებული აღრიცხვის შედეგები თელავისა და ვაზისუბნის ნაკვეთებზე (იხ. ცხრ. 2).

ქისი მოსავლიან რქებს საკმაო რაოდენობით ივითარებს (85-90%) და შედარებით დაბალი მსმოიარობის კოეფიციენტით ხასიათდება. ორმტევნიანი რქები თითქმის ორჯერ ნაკლებია ერთმტევნიანებზე, ხოლო სამტევნიანი რქები იშვიათად გვხვდება. ამ გაანგარიშებით მიღებული მოსავლიანობა ჰექტარზე თელავში შეადგენს 76-86 ცენტნერს, ხოლო ვაზისუბანში 102 ცენტნერს. ვაზისუბანში ქისის მეტი მოსავლიანობა გამოწვეულია ძირითადად (სიხშირით) ვაზების მეტი რაოდენობით ჰექტარზე. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ გაანგარიშებული მოსავალი ყოველთვის მეტია ფაქტიურზე, მაშინ ქისის საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 60-80 ცენტნერს ჰა-ზე. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ხირსის საბჭოთა მეურნეობაში (სიღნაღის რ-ნი) ღონიერ ნიადაგებზე ქისი მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. ჩატარებული აღრიცხვების მიხედვით ქისის ვაზებზე, რომელიც იქ ნარევის სახით გვხვდება, მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,6, ხოლო კარგად განვითარებული მტევნების რაოდენობა ორსაკავებლიან ვაზებზე 38-40 აღწევდა და წონით 5-6 კგ შეადგენდა, ჯიშის მოსავლიანობა ძირითადად დამოკიდებულია ვაზების კვების არის ფართობზე, ფორმირებასა და ვენახის დროული და კარგი მოვლა-დამუშავებაზე. ქისი გამოცდილია ორ სხვადასხვა ფორმირებისა და კვების არეზე. მათგან უკეთესი შედეგი მოსავლიანობის მხრივ – მიღებულია 2,15 მ2 კვების არეზე, ორმხრივი შპალერული ფორმირების დროს, ვიდრე 3,0მ2 კვების არეზე. ეს ძირითადად იმით აიხსნება, რომ თელავის პირობებში, ნაიდაგის სიმწიფის გამო, ჯიშმა სრულად ვერ გამოიყენა დიდი კვების არე. ასე მაგალითად, 1948 წელს ინსტიტუტის სარეპროდუქციო ნაკვეთზე ჩატარებული აღრიცხვების მიხედვით ვაზების მხოლოდ 65% ჰქონდა ორი საკავებელი, დანარჩენი 35% ვაზებისა ცალ საკავებელზე იყო გასხლული. აღნიშნულის გამო ვაზის საშუალო დატვირთვა შეადგენდა ძირზე 15,3 რქას. დიდ კვების არეზე (3,0 მ²) ასეთი მცირე დატვირთვის გამო უნაყოფო ყლორტების რაოდენობა მეტად დიდი აღმოჩნდა და 45% აღწევდა, ამან გამოიწვია მსხმოიარობის კოეფიციენტის შემცირება 0,72-მდე, მაშინ როდესაც მოსავლიან რქებზე გადაანგარიშებით იგი 1,32 უდრიდა.

აღსანიშნავია ნეკის და საკავებლის პირველი სამი რქის მეტად მცირე მოსავლიანობა; რქების მთელი რაოდენობის მხოლოდ 20-25% ესხა ყურძენი. საკავებლის სიგრძეზე უფრო მაღალი მოსავლიანობით ხასიათდებოდა მე-5, 6, 7, 8 და მე-9 რქა. ყველა ამის შედეგად ძირის საშუალო მოსავლიანობა 2 კგ არ აღემატებოდა, რაც ჰექტარზე გადაყვანით დაახლოებით 65 ცენტნერს შეადგენს.

ყველა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მაღალი და მყარი მოსავლის მისაღებად საჭიროა შემდეგი აგროღონისძიებების დაცვა:

1. ახალი ვენახების გასაშენებლად უნდა შეირჩეს სუსტად დაქანებული ფერდობები ნოყიერი და ღონიერი ნიადაგებით;
2. ვაზის დაყენების ძირითად ფორმად მიღებული უნდა იქნეს ორმხრივი შპალერი ან მოკლე კორდონი 1,5X1,5მ კვების არით. საერთოდ კი კვების არის სიდიდე შეფარდებული უნდა იქნეს ჰავის პირობებთან და ნიადაგის სინოყივრესთან, ხოლო ვაზის დატვირთვა მისი ზრდის სიძლიერესთან;
3. ქისი მგრძნობიარეა ნიადაგის სინოყივრისადმი, რისთვისაც საჭიროა სისტემატურად ორგანული და მინერალური სასუქის მორიგეობით შეტანა;
4. დასასრულს, ჯიშის სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ მგრძნობიარეობის გამო საჭიროა ერთი დამატებითი წამლობის ჩატარება. წამლობის დროულად და ხარისხოვან ჩატარებასთან ერთად საჭიროა ვენახების კარგი მოვლა-დამუშავება.

სოკოვან ავადმყოფობათა და ზამთრის ყინვების მიმართ გამძლეობა

ვაზისუბნის საკოლექციო და თელავის სარეპროდუქციო ნაკვეთებზე წარმოებული მრავალწლიური დაკვირვების მიხედვით ქისის შედარებითი გამძლეობა მილდიუმის მიმართ შეფასებულია საშუალოდ, ხოლ ნაცრის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოზე სუსტია. ამ ხრივ ქისი მწვანეს უახლოვდება, თუმცა ჭრაქის (მილდიუმის) მიმართ გამძლეობით მას იგი ჩამორჩება. ყველა ამის გამო ერთი დამატებითი წამლობა როგორც ნაცრის, ისე ჭრაქის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ავადმყოფობის განვითარების ყველაზე საშიშ პერიოდში აუცილებელია. ვაზის მავნებლის მიერ სამეურნეო მნიშვნელობის დაზიანება თელავისა და ვაზისუბნის საკოლექციო ნაკვეთებზე 15 წლის დაკვირვების მანძილზე აღნიშნული არ ყოფილა.

ქისი შედარებით კარგი ყინვაგამძლეობით ხასიათდება. 1935 წლის ზამთარში, როცა აბსოლუტური მინიმუმი თელავში 10 იანვარს – 16,5º-მდე დაეცა, ხოლო წინა და მომდევნო დღეებში იგი – 14,5º უდრიდა, ქისის კვირტები თითქმის არ დაზიანებულა და მომდევნო 1936 წელი ნორმალური მოსავლიანი იყო. 1940 წელს აბსოლუტური მინიმუმი დაეცა და ერთი დღის განმავლობაში აღწევდა – 17º, ხოლო ვაზისუბანში – 16º ჭირხლთან ერთად. ასეთ პირობებში თელავში ქისი თითქმის არ დაზიანებულა, ხოლო ვაზისუბანში ქისის მოყინული კვირტების რაოდენობა 6%, ხოლო რქაწითელისა 4,8% აღწევდა. ამავე პირობებში თელავსა და ვაზისუბანში დასავლეთ ევროპისა და შუა აზიის ჯიშები საგრძნობლად დაზიანდა ყინვისაგან, რის გამოც მოსავალიც შესამჩნევად შემცირდა.

ქისი სხვა ჯიშებთან შედარებით კარგად უძლებს გვალვას და მის მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. აღსანიშნავია ზოგიერთ წვიმიან წლებში ქისის მარცვლების საგრძნობი დაზიანება სიდამპლისაგან, განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ჯიშისათვის შეუფერებელ დაბლობ ადგილებში.

ტექნოლოგიური დახასიათება
მტევნის მექანიკური შედგენილობა

მტევნის და მარცვლის გარეგნული შეხედულება, მათი მექანიკური შედგენილობა და წვენის ქიმიური შეცულობა მიგვითითებს ქისის ყურძნიდან სუფრის ღვინის დაყენების მიზანშეწონილობაზე. მართლაც, ქისი იძლევა როგორც ევროპულ, ისე კახური წესით დაყენებისას კარგი ღირსების სუფრის ღვინოს. აღნიშნულის ნათელსაყოფად ქვემოთ მოყვანილია ქისის ყურძნის მექანიკური ანალიზის მონაცემები (იხ. ცხრ. 3).

როგორც მე-3 ცხრილიდან ჩანს, ლაბორატორიულ პირობებში ქისის ყურძნის წვენი კარგი გამოსავლიანობით ხასიათდება. ცალკეული წლების მეტეოროლოგიური პირობებისა და რთველის ვადების მიხედვით წვენის გამოსავლიანობა მერყეობს 75,9%-დან 77,8%-მდე და საშუალოდ 77% შეადგენს. ყურძნის ნახევრად საწარმოო პირობებში გადამუშავებისას წვენის გამოსავალი ცოტათი უფრო ნაკლებია და საშუალოდ 76% უდრის, ხოლო ჭაჭისა 24%. ამ მონაცემების მიხედვითაც ქისი საღვინე ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება.

ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა

ქისი შაქრის დაგროვების დიდი უნარით ხასიათდება და მასთან ერთად საკმაოდ მაღალ მჟავიანობას ინარჩუნებს. შაქრიანობა-მჟავიანობის შეფარდება მოწმობს, რომ მისგან ხარისხოვანი ღვინის მიღება შეიძლება. მრავალწლიური დაკვირვებების მიხედვით ქისის შაქრიანობა თელავსა და ურიათუბანში 20%-დან 24%-მდე მერყეობს, ხოლო მჟავიანობა 6,6-დან 10,8‰-მდე.

ყურძნის წვენში ცალკეულ წლების მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული შაქრიანობა-მჟავიანობის ცვალებადობის დასახასიათებლად ქვემოთ მოტანილია თერთმეტი წლის მანძილზე წარმოებული ქისის ყურძნის წვენის ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 4).

როგორც მე-4 ცხრილიდან ჩანს, ქისი დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს, მაგრამ დაგროვებული შაქრის რაოდენობა არ არის ქისისათვის ზღვრული. თუ თვალს გადავავლებთ რთველის ვადებს დავრწმუნდებით, რომ უმრავლეს შემთხვევაში რთველი სექტემბრის 10-20 რიცხვებს შორის ტარდებოდა, მაშინ როდესაც ყურძნის კრეფა კახეთში საშუალოდ 15 სექტემბრიდან იწყება და 15 ოქტომბერს მთავრდება. რთველის თუნდაც ორი კვირით გადაწევით საგრძნობლად შეიძლება შაქრიანობის გადიდება და ყურძნის მაგარ და სადესერტო ღვინის დასამზადებლად გამოყენება, თუ ამის საჭიროება იქნება ნაკარნახევი.

შაქრიანობა-მჟავიანობის მოყვანილი მონაცემები მიგვითითებს ქისის საღვინედ გამოყენების მიზანშეწონილობაზე, ხოლო მჟავიანობისა და შაქრიანობის შეფარდება ადასტურებს მისგან მაღალხარისხოვანი ღვინის მიღების შესაძლებლობას.

ყურძნის გამოყენება და პროდუქციის დახასიათება

ქისის ყურძნიდან, როგორც წმინდად ისე სხვა ჯიშებთან ერთად აყენებენ სუფრის ღვინოს. ქისის წმინდად დაყენებული ღვინო მუდამ მაღალი ხარისხისაა. სოფ. ახმეტის, ქისტაურის, რუისპირისა და იყალთოს მაღალხარისხოვანი ღვინოები მწვანის, ქისისა და ხიხვისაგან ზოგჯერ ცალკე დაწურვით, ხოლო უფრო ხშირად რქაწითელთან ერთად დგებოდა. ძველად ქისისაგან აყენებდნენ კახური ტიპის მაღალი ხარისხის ღვინოს, ამჟამად ქისის მცირედ გავრცელების გამო მარტო მისგან იშვიათად მზადდება ღვინო, ხშირად იგი სხვა ჯიშებთან ერთად იწურება. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ცდებით დადასტურებულია ქისის ღვინის მაღალი ხარისხი, როგორც ევროპული, ისე კახური წესით დაყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია კახური წესით დაყენებული ღვინის მაღალი ხარისხი.

ქისის ღვინო უდავოდ მაღალი ღირსებისაა, იგი კრიალაა, ევროპულად დაყენებული მოყვითალო ჩალისფერია, ოქროსფერი იერით. არომატი კარგად გამოსახული, ნაზი, სასიამოვნო, ხოლო გემო სრული, ჰარმონიული აქვს. კახურად დაყენებული ღვინო უფრო მაღალი ღირსებისაა, იგი მუქი ჩალისფერია, კარგად გამოსახული ხილის სასიამოვნო არომატი, ნაზი, სრული, შინაარსიანი ღვინოა, გემო ჰარმონიული, ხავერდოვანი აქვს. ქისის კახურად დაყენებული ღვინო უდავოდ ღირსშესანიშნავია, იგი ამ ტიპისავთის სანიმუშოა.

ქისის ღვინო, როგორც ევროპული, ისე კახური წესით დაყენებული, სადეგუსტაციო კომისიის მუდამ მაღალ შეფასებას ღებულობდა. ქისის ღვინის ორგანოლეპტიკური თვისებების დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის სადეგუსტაციო კომისიის სხდომათა ოქმების ამონაწერი.

სადეგუსტაციო კომისიის შეფასებით ქისი მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშია. სუფრის ღვინოების გარდა ქისიდან დგება მაღალი ღირსების ყურძნის უალჰოკოლო წვენი და ნაწილობრივ გამოსადეგია აგრეთვე, როგორც ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. ქისი პერსპექტიულია აგრეთვე ბუნებრივად ნახევრადტკბილი, მაგარი და სადესერტო ღვინოების დასაყენებლად. ქისი რთველის ჩვეულებრივ ვადებში თავისუფლად აგროვებს 26% და მეტ შაქარს და აქვს ძლიერი ჯიშური არომატი, რომელიც ისევეა საჭირო დასახელებული ტიპის ღვინოებისათვის, როგორც მაღალი შაქრიანობა.

ქისის ღვინის ქიმიური ბუნების დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია კახური და ევროპული წესით თელავსა და ვაზისუბანში დაყენებული ღვინოების ქიმიური ანალიზის შედეგები.

ცხრილებში მოყვანილი დახასიათებანი მოწმობს, რომ ქისი უდავოდ მაღალხარისხოვანი ჯიშია, პირველ რიგში, სუფრის და სადესერტო ღვინოების დასაყენებლად.

საერთო შეფასება და დარაიონება

ქისი ნაკლებად გავრცელებული მაგრამ პერსპექტიული ვაზის ჯიშია. იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს. გარდა სუფრის ღვინისა მისგან მზადდება კარგი ღირსების უალკოჰოლო ყურძნის წვენი, ნაწილობრივ იხმარება აგრეთვე როგორც ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. ქისი პერსპექტიულია აგრეთვე ბუნებრივად ნახევრადტკბილ, მაგარ და სადესერტო ღვინოების დასაყენებლად.

ქისის ღვინო ღია ჩალისფერია, მოოქროსფრო იერით, თავისებური სასიამოვნო არომატი და ნაზი, ჰარმონიული გემო აქვს. კახური ტიპის ქისის ღვინო მუქი ჩაისფერია, ძლიერი არომატი აქვს, გემოთ კი უფრო სრულქმნილია, ვიდრე ევროპული ტიპისა.

ჯიშის დადებით თვისებებს შეადგენს ღვინის მაღალი ხარისხი, მისი ვარგისობა, როგორც კახური, ევროპული, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სადესერტო ტიპის ღვინისათვის და აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად და უალკოჰოლო ყურძნის წვენის დასმზადებლად.

ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება მისი საშუალოზე მცირე მოსავლიანობა, ნაცრისა და მარცვლების სიდამპლისადმი სუსტი გამძლეობა, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში.

აღნიშნული უარყოფითი თვისებები ადვილი გამოსასწორებელია ჯიშისათვის შესაფერი ფორმირების გამომუშავებით და ვენახების დროული და კარგი მოვლა-დამუშავების მოწინავე წესების გამოყენებით. კერძოდ, საჭიროა სოკოვან ავადმყოფობათა, განსაკუთრებით ნაცრის წინააღმდეგ, ერთი დამატებითი წამლობის ჩატარება ავადმყოფობის გავრცელების ყველაზე უფრო საშიშ პერიოდში.

ქისი ჩვენ მიერ გამოვლენილი პერსპექტიული ჯიშია, იგი 1955 წლიდან მრავლდება წარმოების პირობებში შესამოწმებლად. ქისი გადაეცა სახელმწიფო ჯიშთა გამოცდის კომისიას სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში შესატანად და წარმოებაში დასანერგად. ამის პარალელურად ჯიში ფრთოდ უნდა გამოიცადოს კახეთის და ქართლის მევენახეობის რაიონებში, რომ შესაძლებელი იყოს შემდგომში მისი ამ რაიონებში უფრო ფართოდ გავრცელება.

ქისი, მისი შედარებით ნაადრევი სიმწიფის გამო, პერსპექტიულია სხვა უფრო გრილჰავიან რაიონებში გამოსაცდელად, სადაც ვაზის ადგილობრივი ჯიშები წელთა მანძილზე სრულ სიმწიფეს ვერ აღწევს. ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე საბჭოთა კავშირის მევენახეობის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში გამოსაცდელად.

წყარო: www.nplg.gov.ge