ქლიავი_ რა სასარგებლო თვისებები აქვს და როდის უნდა მივირთვათ ის
ქლიავი უაღრესად სასარგებლო ხილია, მდიდარია ვიტამინებით, სხვადასხვა ნივთიერებით, ორგანული მჟავებით, მაგრამ მისი მიღება ყველასთვის და ყოველთვის არ არის რეკომენდებული.
ქლიავი (Prunus domestica) ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მცენარეა – საშუალო სიმაღლის ხე. აქვს კურკიანი მომჟავო–მოტკბო ნაყოფი. მის სამშობლოდ ცენტრალური აზია მიიჩნევა.
ქლიავის 2000-მდე სახეობაა ცნობილი , რომლებიც ერთმანეთისგან ფორმით, ფერითა და გემოთი განსხვავდებიან.
ქლიავის შემცველობა და კალორიულობა
ქლიავის ნაყოფში და ასევე მის ფოთლებში აღმოჩენილია კუმარინები, რომლებიც სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას აბრკოლებს, კურნავს თრომბოზს და ასევე აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს.
ქლიავის ფოთლები შეიცავს С-ვიტამინს, კაროტინოიდებსა და ფიტონციდებს, კუმარინულ ნივთიერება სკოპოლეტინს.
მცენარის ქერქში არსებულ ფისში აღმოჩენილია: რამნოზა, ქსილოზა, არაბინოზა, გალაქტოზა.
ქლიავს იყენებენ მედიცინაში, კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში.
100 გრამი ქლიავის კალორიულობაა 46 კ/კალორია.
ქლიავის სასარგებლო თვისებები
ახალ ქლიავსა და მის ჩირს (განსაკუთრებით შავი ქლიავის ჩირს), ასევე კომპოტსა და წვენს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი გააჩნია, ის რეკომენდებულია შეკრულობისა და ნაწლავის ატონიის (მოდუნება) დროს. ქლიავსა და ქლიავის ჩირს ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი. ის კარგი საშუალებაა თირკმელების დაავადებისა და ჰიპერტონიის დროს. კალიუმის ნაერთებს ნაყოფში შარდმდენი ეფექტი აქვს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და მარილების გამოდევნას.
სასარგებლოა, როგორც აღვნიშნეთ, ქლიავის ჩირიც. ის მეტად კალორიულია, ამიტომ არ არის რეკომენდებული დიაბეტიანი და მსუქანი ადამიანებისთვის. მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ასევე მეძუძურმა დედებმა, რადგან ჩვილს, შესაძლოა, კუჭის აშლილობა და ჭვალი დაემართოს.
ქლიავის ფოთლებს იყენებენ პირის ღრუს სავლებად სტომატიტის დროს (20 გრამ მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გადაწურეთ და ნაკლული ჭიქა შეავსეთ წყლით). იმავე ნაყენს თუ თმაზე გადაივლებთ, ის თმის ცვენის შეჩერებაში დაგეხმარებათ.
დაქუცმაცებულ ფოთლებს იდებენ ჩირქოვან ჭრილობებზე და წყლულებზე – ის ხელს უწყობს ჭრილობისა და დაზიანებული ადგილის მოშუშებას.
ქლიავს იყენებენ კანის გაახალგაზრდავებისა და მისი ელასტიკურობისთვის. მშრალი და ნორმალური კანისთვის ქლიავის რბილობს ურევენ ნაღებს ან არაჟანს, ხოლო ცხიმიანი კანის დროს – კვერცხს.
ქლიავი ასევე ეფექტურად მოქმედებს თმაზე. ამისთვის აიღეთ 6 ცალი მწიფე ქლიავი, ზეითუნის ან რომელიმე მცენარეული ზეთი – 1 ჩაის კოვზი, არაჟანი – 1 ჩაის კოვზი, სახამებელი – 1 ჩაის კოვზი. ეს ყველაფერი გათქვიფეთ ბლენდერში და შეიზილეთ თმაში.
ქლიავისა და მისი წვენის მიღება ასევე უნდა შეიზღუდოს შაქრიანი დიაბეტის დროს.
ბავშვებში ასევე უნდა გაკონტროლდეს ქლიავის მიღება, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი კუჭში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა და დიარეა.
ასევე, არ შეიძლება ქლიავის მიღება კუჭის მომატებული მჟავიანობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადების გამწვავებისას.
გაითვალისწინეთ: კუჭის მოქმედებისთვის გამხსნელი ეფექტი მწიფე ხილს აქვს, ხოლო მკვახე – პირიქით, კუჭის შეკრულობას იწვევს.