აგრარული განათლებადარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ქლიავის ჯიშები, ბაღის გაშენება, მოვლა-პატრონობა

ქლიავი კურკოვანთა ჯგუფის ხეხილოვნებიდან ჩვენთან ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურაა, იგი კარგად ხარობს როგორც დასავლეთ ისე სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში.

ქლიავი მოჰყავთ საკვებად, დიეტური და სამკურნალო თვისებების გამო. ნაყოფი მდიდარია B და PP ვიტამინებით, რომელიც არის ნერვული სისტემის გამაჯანსაღებელი. ქლიავის მიღება ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს ძილს და მხედველობას. მისი ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, ნატრიუმს, კალიუმს და სპილენძს, რომელიც აუმჯობესებს სისხლს, იცავს მას ტრომბის წარმოქმნისაგან და ჭარბი ქოლესტერინის დაგროვებისაგან.

 გავრცელების ზონები

ეს კულტურა გავრცელებულია დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე. საქართველოში იგი კარგად ხარობს და მოჰყავთ აფხაზეთში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, ქართლ-კახეთში და სამხრეთ საქართველოში.

ძირითადი სახეობები და ჯიშები

სამრეწველო დანიშნულებით გამოირჩევა შინაური ქლიავი და ჩინურ-იაპონური სახეობები. ყველაზე მეტად ნაყოფის შეფერილობითა და ფორმის მიხედვით განასხვავებენ ქლიავის შემდეგ სახეობებს:

უნგრულები _ მუქლურჯად შეფერილი, მოგრძო თავში და შევიწროებული ბოლოში. ამათგან გავრცელებული ჯიშებია: სტენლი, შავქლიავა, იტალიურ-უნგრულა.

რენკლოდები _ მომწვანო მოყვითალო, მრგვალი ნაყოფებით. ამათგან გავრცელებული ჯიშებია: ალტანის რენკლოდი და მწვანე რენკლოდი. კვერცხისებრი ქლიავები – მსხვილი კვერცხისებრი ფორმის ყვითელი ან წითელი ნაყოფებით, ამათგან გავრცელებული ჯიშებია: ვაშინგტონი და ჯეფერსონი. ყველა ეს ჯიშები შესაბამისი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებისა და მოვლის პირობებში ხარობს თითქმის ყველგან, სადაც ხარობს ქლიავის რომელიმე ჯიში.

ბიოლოგიური თავისებურებანი

ქლიავი არის სინათლის, სითბოს და ტენის მოყვარული, ყინვაგამძლე კულტურა, იგი იტანს 20-25°C ყინვას. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ხილთან (ვაშლი, მსხალი) შედარებით დაბალია და არ აღემატება 45-60 წელს. ახალგაზრდა ასაკში ძლიერ იზრდება, ხოლო  მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ ზრდის პროცესი შენელებუ- ლია. მცენარე ძირითადად ჯვარედინი დამტვერვა ახასიათებს, თუმცა აღინიშნება თვითდამტვერვის შემთხვევებიც. ნაყოფი მსხმოიარობს ერთწლიან ტოტებზე, დეზებზე და სანაყოფე თაიგულებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობას აღწევს 5-6 წლის ასაკში და საჰექტარო მოსავლიანობას აღწევს 15-17 ტ/ჰა-ზე.

გაშენება

ბაღის გაშენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტერიტორიის სწორად შერჩევას. იგი თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს ეგუება. ამასთან გრუნტის წყლის სიახლოვე არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მეტრს. მცენარე კარგად ვითარდება, როცა ნიადაგის მჟავიანობაა pH 5,5-8,0.

მცენარეები ჯიშებისა და საძირეების შესაბამისად შეიძლება დაირგოს 4×4 მ, 4×5 მ, 4×6 მ, 5×6 მ, 6×6 მ, 5×7 მ და 5×8 მ კვების არით.

საერთოდ უნგრულა ჯიშის ქლიავს უფრო მეტ კვების არეს აძლევენ ვიდრე რენკლოდის ჯიშს. დარგვის წინ ორმოები იჭრება 0,5 მეტრის სიღრმეზე და 0,7  დმ. ზომაზე. გამზადებულ ორმოში აუცილებლად შეაქვთ 15-20 კგ. წინასწარ მომზადებული ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკალი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა ორგანული წარმომავლობის კომპოსტი). თითო ორმოში ასევე უნდა შევიტანოთ 50 გრ. ფოსფოროვანი და 30 გრ. კალიუმიანი სასუქი.

მოვლა-პატრონობა

მცენარის განვითარების პირველ წლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯის ფორმირებასა და აგროტექნიკურ ღონისძიებათა ჩატარებას. ხეების მწკრივი თავისუფალი უნდა იყოს სარეველებისაგან, რაც მიიღწევა გამოთოხნით, გაფხვიერების სპეციალური მანქანების გამოყენებით, ჰერბიციდების შეტანით ან დამულჩვით.

მულჩირება მწკრივში ნიადაგის მოვლის ყველაზე პერსპექტიული მეთოდია. ამისათვის იყენებენ ნახერხს, ნამჯას, ტორფს, თივას გადამწვარ ნაკელს, კომპოსტის სხვადასხვა სახეობებს და სხვა საშუალებებს, რომლებიც ხის გარშემო სქელ ფენად (10-20 სმ.) იყრება. ეს მეთოდი საშუალებას იძლება, რომ შევინარჩუნოთ სინესტე, შეაფერხოს სარეველების განვითარება, გააუმჯობესოს ნიადაგის კულტურა და გაამდიდროს იგი ორგანული ნივთიერებებით. გარდა ამისა სამულჩედ შესაძლებელია გამოვიყენოთ არაორგანული წარმომავლობის მასალები: პოლიეთილენის ფირი, ტოლი, რუბეროიდი და სხვა. რიგთაშორისებში სასურველია სიდარატების თესვა, რომელიც ყვავილობის ფაზაში ნიადაგში ჩაიხვნება. სიდერატები ითესება ადრე შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე.

რადგანაც მცენარე ტენის მოყვარულია, დაბლობ და გაშლილ ფართობზე კარგ შედეგს იძლევა ნიადაგის მორწყვა. მორწყვის წესებიდან ყველაზე პროგრესულია წვეთობრივი მორწყვის სიტემის მოწყობა, რომელიც საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში მცენარეს მივაწოდოთ საჭირო რაოდენობის წყალი და საკვები ელემენტები.

ქლიავის ბაღში სრულ მსხმოიარობაში შესვლამდე ერთ ჰა-ზე შეაქვთ N90, P90, K70 კგ. ხოლო გადამწვარი ნაკელი 30 ტონის ოდენობით .სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ საჭიროა ჰა-ზე შევიტანოთ: N130, P120, K90 კგ. ორგანული სასუქი კი 40 ტონა.

 ნერგის გამოყვანა (გამრავლება)

 ქლიავი მრავლდება თესლით და ვეგეტაციური წესით, მაგრამ პრაქტიკაში მისი გამრავლება ხდება ამონაყრის გამოყენებით და მყნობით, თუმცა ყველა ჯიში ამონაყრებით არ მრავლდება. ამ მეთოდით ამრავლებენ ქლიავის იმ ჯიშებს, რომელთა წარმოშობა კვრინჩხი და კვრინჩხქლიავებიდან მოდის.

ქლიავის გამრავლება მყნობით ხდება სხვადასხვა საძირეებზე, მაგრამ როგორც წესი ხშირად ამისთვის იყენებენ ტყემლის თესლნერგებს.

ქლიავის ვარჯის ფორმირების (გასხვლის) თავისებურებანი

ქლიავის მცენარის ფორმირების რეკომენდირებული მეთოდებია: ცენტრალურ-ლიდერული და მრავალლიდერული ჯამისებური ფორმა.

ქლიავის მცენარე ლიდერული წესის დროს ფორმირება შემდეგნაირად ხდება: გამოყოფენ ლიდერ-ცენტრალურ ტოტს, მას აცილებენ ან ამოკლებენ გვერდითა ანუ კონკურენტ ტოტებს და ახდენენ მათ ლიდერ ტოტთან დაქვემდებარებას.

გასხვლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტოტების დამოკლებას. თუ ქლიავის ჯიშს მიდრეკილება აქვს ძლიერი დატოტვისაკენ და ჩახშირებისაკენ, ამ დროს გასხვლისას უნდა მოცილდეს მხოლოდ ჩახშირებული ტოტები. დატოტვის ნაკლებ უნარიან ჯიშებში კი ტოტებს ამოკლებენ 1/3-ით ან 1/4-ით. სიბერის პერიოდში ქლიავის ხეების გაახალზრდავება გასხვლის მეთოდით საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა. ამ შემთხვევაში ვახდენთ ვარჯის ძლიერ გამოხშირვას და ზედა ტოტების დამოკლებას 0,5-0,8 მეტრამდე.

 მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა

ქლიავის მცენარე, როგორც სხვა დანარჩენი კურკოვნები ძალიან მგრძნობიარე არის მავნებელ-დაავადებათა მიმართ. მავნებელთაგან ქლიავს აზიანებს ისეთი მავნებლები როგორიცაა ქლიავის ბუგრი, ფსილა, ქლიავის აბლაბუდიანი ტკიპა, ქლიავის ხერხია. ხოლო დაავადებათაგან ყველაზე ხშირად ზიანის მომტანია გუმოზი, ნაყოფის სიდამპლე და სხვა.

ამ მავნე ორგანიზმების წინაამღდეგ ტარდება ქიმიური ღონისძიებები ადრე გაზაფხულზე დაკვირტამდე და საყვავილე კვირტების გაშლამდე კომბინირებული ნაზავით, ხოლო ვეგეტაციის მთელ პერიოდში მავნე ორგანიზმების გავრცელების და სიხშირის შესაბამისად შერჩეული პრეპარატებით. ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში მინერალური ზეთის, ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების დოზა და კომბინაცია სხვადასხვაა.

 მოსავლის აღება

ნაყოფის კრეფის ვადები დამოკიდებულია არამარტო ჯიშზე და საძირეზე არამედ კლიმატზე, ნიადაგსა და ადგილმდებარეობაზე, ბაღის დონის აგროტექნიკის დონეზე და მსხმოიარობის ინტენსიობაზე.

მოსავლის აღება იწყება მშრალი ამინდის პირობებში სასურველია დილის საათებში, როცა ნაყოფი აღწევს დამახასიათებელ სიდიდეს, შეფერილობას და რბილობი იწყებს დარბილებას. თუ მოსავლის რეალიზაცია კრეფის დაწყებიდან უნდა განხორცილდეს რამდენიმე დღის შემდეგ, მაშინ ნაყოფი იკრიფება სიმწიფის დადგომამდე 4-5 დღით დრე.

კრეფა იწყება ქვედა იარუსიდან და თანდათანობით გადავდივართ ზედა იარუსებზე. ნაყოფი შეიძლება მოიკრიფოს უყუნწოთაც, მაგრამ კრეფის დროს დაუშვებელია მისი ჩამოგლეჯა, ნაყოფის ერთმანეთზე მიხეთქება და დაჟეჟვა.

ამასთანავე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ არ დავაზიანოთ სანაყოფე ტოტები, ხოლო აუცილებელი პირობაა ნაყოფის კრეფისას და ტარაში მოთავსებისას ნაყოფს ნაფიფქი არ უნდა მოცილდეს. მოწეული მოსავლის რეალიზაცია (გაყიდვა) ან ჩირად ხმობა ხდება მოსავლის აღებისთანავე.

წყარო: agrosc.ge