დარგებიმებაღეობა

  ქლიავის პერსპექტიული ჯიშები საქართველოსთვის

ქლიავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურკოვანი კულტურაა, რომელიც  ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში, მიეკუთვნება Prunus -ის გვარს, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას. ამჟამად, მსოფლიოში ქლიავის ნარგაობა გაშენებულია  2 400 000 ჰექტარზე, ხოლო ყოველწლიური წარმოება 11 მილიონ ტონას აღწევს.

ქლიავის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია, რომელიც ყოველწლიურად 5 664 000 ტონას აწარმოებს, სხვა ქვეყნებიდან ქლიავის მნიშვნელოვანი მწარმოებლებია აშშ, რუმინეთი და სერბია.

საქართველოში ქლიავის წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში — შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში.

ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებურებების გათვალისწინებით ქლიავი ითვლება ზამთარგამძლე, ტენისა და სინათლის მოყვარულ სახეობად. ქლიავის სიცოცხლის ხანგრძლივობა ვაშლთან და მსხალთან შედარებით მცირეა. ახალგაზრდა ასაკში ქლიავი ძლიერ იზრდება, სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ კი ზრდას შედარებით ანელებს. ქლიავის ჯიშები შეიძლება მოითხოვდეს ჯვარედინ დამტვერვას ან თვითფერტილი იყოს.

ქლიავის თანამედროვე სამრეწველო ასორტიმენტი შედგება შემდეგი ძირითადი სახეობებისაგან: PPrunus domestica (შინაური ქლიავი), Prunus sa­li­ci­na (ჩინურ-იაპონური ქლიავი) და Prunus cerasifera (ტყემალი).

შინაური ქლიავის ჯიშები ნაყოფის შეფერვის და ფორმის მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად: უნგრულები (მუქ ლურჯად შეფერილი, მოგრძო, თავში და ბოლოში შევიწროებული ნაყოფებით) — სტენლი, შავქლიავა, იტალიური უნგრულა, რენკლოდები Prunus do­mes­ti­ca sub­va­ri Italica (მომწვანო-მოყვითალო, მრგვალი ნაყოფებით) — ალტანის რენკლოდი, მწვანე რენკლოდი და კვერცხისებური ქლიავები (მსხვილი, კვერცხისებური ფორმის, ყვითელი ან წითელი ნაყოფებით — ვაშინგტონი, ჯეფერსონი და სხვა.

ქლიავის ნარგაობა მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში შეადგენს 15-18 ტონა/ჰა. ხელსაყრელი პირობების დროს ბაღი საწარმოო ღირებულებას ინარჩუნებს 35-40 წლის განმავლობაში.

ქლიავის წარმატებით მოყვანისათვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯიშის შესაბამის შერჩევას. ამჟამად საქართველოს პირობებისათვის გამოყოფილია რეკომენდებული და პერსპექტიული ჯიშები, რომელთა გაშენება კომერციული მიზნით მიზანშეწონილია. ქვემოთ მოცემულია ამ ჯიშების მოკლე სამეურნეო-ბიოლოგიური დახასიათება:

სტენლი ამერიკული ჯიშია. მიეკუთვნება უნგრულების ტიპს. მიღებულია აშშ-ში ნიუ-იორკის საცდელ სადგურში აჟანის უნგრულასა და დიდი ჰერცოგის შეჯვარებით.

მსხმოიარობაში შედის მე-4-5 წელს, მავნებელ-დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა, ხასიათდება საგვიანო ყვავილობით, თვითფერტილია, მაღალმოსავლიანი და რეგულარულად მსხმოიარე ჯიშია. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის დასაწყისში, გამოიყენება სასუფრედ, მზადდება საუკეთესო ხარისხის ჩირი, ნაყოფის მასა 40-45 გ, ნაყოფი წაგრძელებული, კვერცხისებრი ფორმისაა, კანის შეფერვა მუქი იისფერია, დაფარულია ნაფიფქით. რბილობი მკვრივი, მოტკბო გემოსი, კურკა რბილობს ძირითადად ადვილად სცილდება, თუმცა ხანდახან რთულადაც. ქლიავის რეკომენდებული ჯიშია.

პრეზიდენტი მიღებულია რივერსის მიერ საუკუნის დასაწყისში. მსხმოიარობაში შედის მალე — მე-3-4 წელს. ხასიათდება საშუალო-საგვიანო ყვავილობით. მაღალმოსავლიანი და რეგულარულად მსხმოიარე ჯიშია, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 50 კგ-ზე მეტია — ჰექტარზე გადაანგარიშებით 20 ტონა. ნაყოფი ძალიან მსხვილია — 60-70 გრამი, ზოგჯერ 100 გრამსაც აღწევს. მწიფდება სექტემბრის ბოლოს, ხანგრძლივად ინახება სამაცივრო პირობებში. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, კანი მუქი იისფერია, რომელიც გადადის მოწითალო ფერში, ოდნავ არის დაფარული ნაფიფქით. რბილობი მკვრივი, ხასიათდება სასიამოვნო გემოთი, კურკა მსხვილი, რბილობს რთულად სცილდება.

ემპრესი კანადური ჯიშია. მსხმოიარობაში შედის მე-3-4 წელს. ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით, მაღალმოსავლიანი ჯიშია, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 50-55 კგ-ია. ნაყოფი ძალიან მსხვილია — 60 -70 გრამი, ზოგიერთი ეგზემპლარის მასა 120 გრამსაც აღწევს. მწიფდება აგვისტოს ბოლოს — სექტემბრის დასაწყისში, ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, კანი მუქი იისფერია, დაფარულია მუქი ნაფიფქით. რბილობი მკვრივი და ხრაშუნა, ხასიათდება გამორჩეული გემოთი. კურკა მსხვილი, რბილობს ნახევრად სცილდება. ქლიავის ახლად ინტროდუცირებული პერსპექტიული ჯიშია.

შავქლიავა ადგილობრივი ჯიშია. მსხმოიარობაში შედის მე-3-4 წელს, ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით. მწიფდება აგვისტოს ბოლოს — სექტემბრის დასაწყისში, ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, კანის შეფერვა მუქი იისფერი, დაფარულია ნაფიფქით. რბილობი წვნიანი, ხასიათდება გამორჩეული გემოთი, კურკა მსხვილია, რბილობს კარგად სცილდება. ქლიავის რეკომენდებული ჯიშია.

ალტანის რენკლოდი — ევროპული ჯიშია, მიღებულია მწვანე რენკლოდის ნათესარებიდან. ხე საშუალო ზრდისაა, ყვავილობს აპრილის მეორე დეკადაში (გორის პირობებში), ხასიათდება მაღალმოსავლიანობით. იკრიფება აგვისტოს მე-2 დეკადაში, კარგი ტრანსპორტაბელურია. ჭარბტენიან რეგიონებში ხშირად ზიანდება მონილიოზით. ნაყოფის ფერი მოწითალოა, სრულ სიმწიფეში მუქი წითელია, დაფარულია ნაფიფქით, რბილობი მუქი ყვითელი, მკვრივი, წვნიანი, არომატული, ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით, კურკა რბილობს ნახევრად სცილდება. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ასევე კომპოტების დასამზადებლად.

ატმისებური — ძველი ევროპული ჯიშია. ხე საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, ხასიათდება არარეგულარული მოსავლიანობით. იკრიფება ივლისის ჳჳ — ჳჳჳ დეკადაში, კარგი ტრანსპორტაბელურია. შეფერვა მოყვითალო-მოწითალოა, დაფარულია სქელი ნაფიფქით, რბილობი ყვითელია, წვნიანი, მომჟავო გემოსია, კურკა რბილობს კარგად სცილდება. ფართოდ არის გავრცელებული მეხილეობის სამრეწველო რაიონებში. ქლიავის რეკომენდებული ჯიშია.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ინტროდუცირებული იქნა ჩინურ-იაპონური ქლიავების რამდენიმე ჯიში, რომელსაც მცდარად „ბერძნულ-ქლიავებსაც” უწოდებენ. მოცემული ჯგუფი მნიშვნელოვბად განსხვავდება სტანდარტული ქლიავის ჯიშებისაგან პომოლოგიური და ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებურებებით. ქვემოთ მოცემულია ამ ჯიშების მოკლე დახასიათება.

ანჯელენო ამერიკული ჯიშია, მიეკუთვნება ჩინურ-იაპონური ქლიავების რიგს. მსხმოიარობაში შედის საკმაოდ ადრე, დარგვიდან მე-3 წელს. ხასიათდება საადრეო-საშუალო პერიოდის ყვავილობით. მსხმოიარობს რეგულარულად და უხვად. ნაყოფი მსხვილია, 80-100 გრამი, ზოგიერთი ეგზემპლარი 120-150 გრამსაც აღწევს. მწიფდება აგვისტოს ბოლოს— სექტემბრის დასაწყისში. მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას და კარგად ინახება ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში 3-4 კვირის განმავლობაში.

ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ნაყოფი მრგვალი, სფეროს ფორმისაა, კანი მუქი წითელია, რომელიც შავში გადადის, დაფარულია ნაფიფქით, რბილობი მოწითალო ფერის, მკვრივი და ხრაშუნა, ხასიათდება მომჟავო, მეტად ორიგინალური გემოთი, კურკა წვრილი — როგორც ტყემალს, რბილობს არ სცილდება.

ფრიარი ამერიკული ჯიშია, მიეკუთვნება ჩინურ-იაპონური ქლიავების რიგს, რომელიც საქართველოში ახალი ინტროდუცირებულია. მსხმოიარობაში შედის მალე დარგვიდან მე-2-3 წელს, ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით, მსხმოიარობს რეგულარულად და უხვად. ნაყოფის საშუალო მასა 70-80 გრამი, ზოგიერთი ეგზემპლარი 120-130 გრამსაც აღწევს, მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში, მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას. სასუფრე დანიშნულების ჯიშია. ნაყოფი მრგვალი, სფერული ფორმისაა. კანი მუქი წითელია, რომელიც სიმწიფეში შავი ხდება. დაფარულია ინტენსიური ნაფიფქით. რბილობი მკვრივია, ხასიათდება მომჟავო-მოტკბო, სასიამოვნო გამორჩეული გემოთი. კურკა საკმაოდ წვრილია, რბილობს არ სცილდება.

ზვიად ბობოქაშვილი

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №20