აგროსიახლეები

ქვემო ქართლში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა

ქვემო ქართლში, რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა.

ბიოუსაფრთხოების პუნქტები განკუთვნილია როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვისთვის და უსასყიდლოდ მოემსახურებიან ცხოველთა მეპატრონეებს. სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები,წყლის რეზერვუარები,საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა.

ყოველდღიურად თითოეულ პუნქტში საშუალოდ 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით ხორციელდება. ცხოველთა დეზინფიცირების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ზედამხედველობენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ქვეყნის მთავარი ვეტერინარის მიხეილ სოხაძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბიოუსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და საექსპორტო პოტენციალზე.

 

ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტების მშენებლობა რუსთავსა და მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 8 პუნქტი მოეწყობა საიდანაც 6 პუნქტს სახელმწიფო ააშენებს.