ქვეყანაში მეთესლეობის აღორძინება სოფლის მერუნეობის განვითარების აუცილებელი პირობაა
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა უხვმოსავლიანი ჯიშების, ჯიშური ნიშან – თვისებების შენარჩუნებაში და უხვი მოსავლის მიღებაში მეთესლეობა გადამწყვეტ როლს ასრულებს.
მეთესლეობა მემცენარეობის დარგს განეკუთვნება, რომლის ძირითადი ამოცანა ჯიშთგამოცდის და ჯიშთაგანახლებისთვის მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის გამრავლებაა.
მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა კომპლექსში მაღალხარისხიანი, ჯიშიანი თესლი უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.
მაღალი სათესლე ღირსებისა და უხმოსავლიანი, ჯიშიანი თესლის მიღება მხოლოდ და მხოლოდ მიწათმოქმედების მაღალი კულტურის პირობებშია შესაძლებელი.
მეთესლეობის დარგი მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზებულ აგროღონისძიებათა ერთობლიობაა, რაც, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ გვაქვს, არ არსებობს თანამედროვე მოთხოვნილების შესაბამისი მეთესლეობის სისტემა.
ამიტომ ქვეყანაში მემცენარეობის, მარცვლეული თუ ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების წარმოების წარმოების გასაზრდელად და ხარისხის გასაუმჯობესებლად, აუცილებელი პირობაა ქვეყანაში მეთესლეობის განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება კერძო ფერმერულ მეურნეობებში მეთესლეობის ცალკეული მიმართულების განვითარებაზე.
პირველ ეტაპზე გასავრცელებელი (დარაიონებული) თესლის წარმოების ორგანიზება სახელმწიფოს მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს, რადგანაც დაფინანსებასთან ერთად, საჭიროა გასატარებელი ღონისძიებების, ყველა საჭირო, სპეციფიკური ოპერაციების მკაცრად დაცვა.
ბოლო 30 წელიწადია საქართველოში, მარცვლეულის, მარცვლოვან-პარკოსანი, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი საკვები ბალახების, ბოსტნეულ- ბაღჩეული და სხვა კულტურების ჯიშიანი და მაღალრეპროდუქციული (დარაიონებული) თესლი, მცირე გამონაკლისის გარდა, ადგილზე არ იწარმოება, ამიტომ ძირითადად დამოკიდებული ვართ შემოტანილ თესლებზე, რაც უმეტეს შემთხვევაში უხარისხო, ძვირადღირებულია და არა რეპროდუქციულია (გამოუცდელი), სამაგიეროდ ქვეყნიდან ა სოლიდური სავალუტო რესურსი.გაედინება.
თესლის წარმოება, ყოველმხრივ გამართლებული მომგებიანი დარგია, ზონების მიხედვით შერჩეულ სპეციალიზირებულ (კერძო) ფერმერულ მეურნეობებში, მეთესლეობის წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც უნდა მოეწყოს თესლბრუნვა; მაგალითად. თავთავიანი, მარცვლეული, მარცლოვან- პარკოსანი კულტურების გარდა პარარელურად განვითარდება სხვა კულტურების მეთესლეობაც, მაგ. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი საკვები ბალახების, ბოსტნეულ-ბახჩეული კულტურების მეთესლეობაც, ამაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება, მიწათმოქმედების კულტურა, პროდუქციის ხარისხი და სხვა.
მისასალმებელია, რომ, წლების წინ, ქვეყანაში აღდგა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ჯიშთა გამოცდის სამსახური, რომელიც ალბათ ეტაპობრივად დაარეგულირებს ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშების საკითხს. ასევე მისასალმებელია, კანონის მიღება სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ.
კი ბატონო, შეიქმნა ყოველივე ის, რაც ქვეყანაში მეთესლეობის დარგის განვითარების წინაპირობას ქმნის, მაგრამ აქვე ისმება კითხვა: ვინ უნდა აწარმოო თესლი?!
თესლის წარმოება ყველგან და ყველას ხომ არ შეუძლია? ის ხომ სპეციფიკური დარგია და ხარისხიანი თესლის წარმოებას საფუძვლიანი ცოდნა სჭირდება?
მნიშვნელოვანია ასევე ჯიშთა გამოცდის მიერ გამოცდილი ჯიშები, რომლებსაც ეძლევა რეკომენდაცია, ვინ უნდა გაამრავლოს, ან ვინ უნდა აწარმოოს კატალოგში შეტანილი ჯიშების პირველადი მეთესლეობა? ვინ უნდა მიაწოდოს ფერმერს გასავრცელებელი ჯიშების პირველადი მასალა, რომ მისი გამრავლება და წარმოებაში დანერგვა დაიწყოს?!
როგორ ფიქრობთ, პირველ ეტაპზე მაინც, ფერმერს ეყოფა იმის ცოდნა, ან აქვს იმის კომპეტენცია, რომ ამა თუ იმ ჯიშის პირველადი თესლი აწარმოოს?
პირველადი მეთესლეობის წარმოება მეცნიერების დარგია და ამიტომ ქვეყანაში ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშების და ჰიბრიდების პირველადი მეთესლეობას უნდა ეწეოდეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით კოორდინაციას უწევდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-კვლევიტი ცენტრი.
ამ პროგრამის განსახორციელებლად სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ყველა საშუალება აქვს _ ინტელექტი გამოცდილება და სხვა.
და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ცენტრს რეგიონებში გააჩნია მიწის ფონდი, საცდელი ბაზების სახით, რომლის გარკვეული ნაწილი გადაცემული აქვს მარცვლეულის ლოჯისტიკის სამსახურს და გამოუყენებელია.
აღნიშნული საცდელი ბაზების მიწის ფონდი ძირითადად დაკავებული უნდა იყოს პირველადი მეთესლეობის წარმოებით.
ამ მხრივ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.
ასევე, პარალელურად, წინასწარ შერჩეულ კერძო ფერმერულ მეურნეობებში (ელიტური მასალიდან I-II- III რეპროდუქციამდე), უნდა განვითარდეს სამრეწველო მეთესლეობა.
თესლის მწარმოებელი ფერმერების შერჩევა უნდა მოხდეს სამინისტროსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც, მეთესლეობის პროგრამის მიმდინარეობას, გარკვეული პერიოდის, 2- 3 წლის განმავლობაში, გაუწევენ მონიტორინგს.
თუ გვინდა ქვეყანაში უმოკლეს ვადაში ამუშავდეს მეთესლეობის დარგი, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერა, „დანერგე მომავალის“ ანალოგიური პროგრამის განხორციელება.
ადოლ ტყეშელაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქთველო“ №4 (107)