დარგებიმე და ჩემი სოფელიმედია

სოფლები იცლება ახალგაზრდებისაგან…

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო წილოსანს

აგრარული სექტორი ჩვენი ქვეყნისათვის ჯერ კიდევ ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. უკანასკნელ წლებში, გატარებული რეფორმების და სერიოზული ღონისძიებების მიუხედავად, ქვეყნის მოსახლეობა საკუთარი წარმოების სასოფლო – სამეურნეო სამომხმარებლო პროდუქციის მხოლოდ 20-25%-ით იკმაყოფილებს მოთხოვნილებას, 70-80% უცხო ქვეყნებიდან არის იმპორტირებული, რაშიდაც ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონობით დოლარი გაედინება. პანდემიის და სიდუხჭირის გამო სოფლის მოსახლეობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, სოფლები დაცლილია ახალგაზრდებისაგან. მიმდინარე 2021 წლის გაზაფხულზე დაუთესავი დარჩა რამდენიმე ასეული ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული. თუ ასე გაგრძელდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონაში, ის უკაცრიელ ტერიტორიად გადაიქცევა.

რაც შეეხება მრავალწლიან კულტურებს: ჩაის, ციტრუსებს, დაფნას, კენკროვნებს და სხვა, ბოლო ათწლეულში მათ მეტად სასიცოცხლო ფუნქცია შეიძინეს.

ჩვენ მივესალმებით ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, როგორიცაა: ,,დანერგე მომავალი“, ,,იაფი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, ,,ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა“ და სხვა, რამაც სერიოზული აღმავლობა მოუტანა ბევრ ფერმერს, თუმცა ჯერ – ჯერობით აგრარული სექტორი წელში მაინც ვერ გაიმართა.

მიზეზი ბევრია.

ჩვენი აზრით, ძირითადი მაინც ადგილობრივი პირობებისთვის ნაკლებად შესწავლილი, გამოუცდელი უცხოური ტექნიკისა და ტექნოლოგიების მექანიკურად გადმოტანა და დანერგვაა. ამასთან ჩვენი მეწარმეები ნაკლებად არიან გათვითცნობიერებული თითოეული საკითხის ღრმად და მეცნიერულად შესწავლა – დასაბუთებაში. ამის ნათელ მაგალითს გასული წლების პრაქტიკა გვიჩვენებს: ჯერ იყო და ჩაის პლანტაციები სპონტანურად ამოძირკვეს და თხილი გააშენეს, შემდეგ თხილის ნარგაობას მავნებელ (აზიური ფაროსანა) დაავადებათა გამო პრობლემები შეექმნა, რასაც ნარგავების ნაწილობრივ ამოძირკვა და ლურჯი მოცვის გაშენება მოჰყვა. დღეს სუბტროპიკულ ზონაში ლურჯი მოცვის ბუმია, რაშიც სახელმწიფო დაფინანსების სახით (100-%-იანი) უამრავ სახსრებს ხარჯავს. ეს პროცესიც ხომ ერთგვარი გატაცებაა, მაშინ როდესაც ამ კულტურით ჩვენი წითელმიწა რეგიონების მაქსიმალური ათვისება მეცნიერულად, ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და ფინანსურად შესწავლილი და დასაბუთებული არ არის. ხომ არ მოგვიწევს შორეულ პერსპექტივაში ლურჯი მოცვის  ამოძირკვა და ისევ ჩვენი ტრადიციული კულტურების (ჩაი, ციტრუსი, თხილი და სხვა) გაშენება?!

     ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მომგებიანი კულტურების გაშენების და ექსპლოატაციის, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ლურჯი მოცვი არც ისე იოლი მოსავლელი და სარეალიზაციო კულტურა ყოფილა. განსაკუთრებით მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო), როდესაც საჭიროა  მუშახელის მაქსიმალურად მობილიზება და  ნაყოფის საექსპორტოდ რეალიზაცია, რაც დაკავშირებულია მუშახელის დეფიციტთან და სხვა სიძნელეებთან. იმ ზონებში, სადაც ლურჯი მოცვია  გაშენებული, აუცილებელია გვქონდეს ჩაის, ციტრუსების, დაფნის და სხვა კულტურების სამრეწველო პლანტაციებიც, რათა მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში იყოს დასაქმებული და ჰქონდეთ გარანტირებული შემოსავალი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით მონოკულტურის გაფეტიშებით. აუცილებელია კულტურათა შეთანაწყობის პრიციპებზე ავაგოთ სუბტროპიკული ზონის მეურნეობა, ამისათვის კი საჭიროა, როგორც ხელისუფლებამ, ისე კერძო სექტორმა მეცნიერების რეკომენდაციებსა და მითითებებს მოუსმინოს.

ქალბატონო ნინო, როგორც არასდროს დღეს ჩვენს სოფლის მეურნეობის დარგს, აქ დასაქმებულ სპეციალისტებს, სჭირდება ხელისუფლებისა და მეცნიერების გვერდში დგომა და დახმარება. უპირველეს ყოვლისა კი აუცილებელია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებული საქმიანობა. სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებებისადმი მეტი ხელშეწყობა და უკეთესი ფინანსური მხარდაჭერა.

პატივისცემით: ზაურ გაბრიჩიძე

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი