ქვევრის შენების ტრადიციული მეთოდი

 ქვევრის აშენება, ტრადიციულად, ძირის დამზადებით იწყება. მექვევრე ქვევრის ძირს ჩარხზე ამზადებს, რომელიც საყრდენზე მოძრავად ჩამოცმულ 25-28 სმ. დიამეტრის მქონე გლუვ ფიცარს წარმოადგენს და ღერძზე ტრიალებს. დღეს, ძირითადად, მეტალის ჩარხს იყენებენ, რომელიც საკისარზე ტრიალებს.

გარდა ჩარხისა, ოსტატს ქვევრის კედლის გასაპრიალებლად რამდენიმე „გონგი“ უნდა ჰქონდეს, რომელიც მკვრივი ხისგან დამზადებულ და კარგად გაგლუვებულ-გაპრიალებულ ფირფიტას წარმოადგენს. ჩვენი წინაპარი ქვევრის კედლის წასაბმელი ადგილის საფენად გოგრის ან სხვა მცენარის ფართო ფოთოლს იყენებდა, რომელიც ამჟამად პოლიეთილენის ფირითაა შეცვლილი. მათი დანიშნულება კედლის მორიგი წასაბმელი ადგილის შეშრობის თავიდან აცილებაა. ალბათ, ამ მიზნით ყველაზე კარგი საშუალება ბამბის სველი ნაჭერია, რომელსაც ზემოდან ცელოფნის ფირი უნდა დააფაროთ. ცელოფანი ბამბის ნაჭრიდან წყლის აორთქლებას შეამცირებს, ამის გამო კი ბამბის ნაჭერი სინესტეს დიდხანს შეინარჩუნებს.

სოფელში ადრე მექვევრეთა რამდენიმე ოჯახს ერთი საზიარო ქურა ჰქონდა.  ახლა კი მექვევრეთა უმრავლესობას საკუთარი ქურა აქვს. ქურის ზომები დამოკიდებულია იმაზე, თუ ქურაში ერთ ჯერზე რამდენი დიდი ზომის ქვევრი უნდა გამოიწვას. არის 4- და 6-ქვევრიანი ქურები (იგულისხმება საშუალოდ 2-ტონიანი ქვევრი). ქურაში სიგრძეში სამი დიდი ზომის ქვევრი უნდა დაეტიოს, სიგანეში კი ორი. ქურის ჭერი რკალის ფორმისაა. მისი სიმაღლე ისეთი უნდა იყოს, რომ შიგ სამტონიანი ქვევრი თავისუფლად დაიდგას. ქურის ზომები დიდი სიზუსტით უნდა გაითვალოს და აშენდეს, რადგან ზედმეტი მოცულობა ზედმეტი საწვავია. ქურაში დიდი ქვევრების გამოწვის დროს ბევრი შეუვსებელი ადგილი რჩება, ამიტომ ცარიელ სივრცეს პატარა ზომის ქვევრებითა და სხვა ჭურჭლით ავსებენ.

ქვევრის შენება დროში გაწელილი პროცესია, ამიტომ ოსტატი, ერთდროულად რამდენიმე ქვევრის შენებას იწყებს. რაოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენქვევრიანი ქურა აქვს, ე.ი. ერთდროულად აშენებს 4 ან 6 ქვევრს. 4-ქვევრიანი ქურის მეპატრონე, თუ კარგი დამხმარეები ჰყავს და ამინდი ხელს უწყობს, ხშირად ორი ქურის საყოფი ქვევრის შენებას იწყებს. ამ პროცესში კორექტივები ქვევრის საამშენებლო საამქროს  ფართობს და ამინდს შეაქვს. თუ გვალვის სეზონია, მაშინ ქვევრებს კედლის დაშენება შეიძლება ყოველდღე დასჭირდეს, ამიტომ მექვევრემ თავისი შესაძლებლობები სწორად უნდა გათვალოს, რადგან ქვევრის წასაბმელი ადგილის ზედმეტად შეშრობა ქვევრის დაკარგვას ნიშნავს.

ქვევრის ძირის დამზადებას შემდეგნაირად იწყებენ: კარგად გადაზელილი საქვევრე თიხიდან იღებენ 4-7 კგ-იან ნაჭერს (ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის ქვევრის აშენება უნდათ), ნაჭერს დებენ ჩარხზე და ხელით აკეთებენ ქვევრის ქუსლს, ქუსლის მოპირდაპირედ მასიურ თიხაში კი აკეთებენ ჯამისებურ ჩაღრმავებას, რომელსაც გონგის დახმარებით აგლუვებენ და აპრიალებენ. ქვევრის ძირის საწყისი სიმაღლე 22-25 სმ. უნდა იყოს. კედლის სისქე კი ქუსლთან ორი გოჯი ანუ 4-7 სმ (სისქე დამოკიდებულია ქვევრის ტევადობაზე). შემდეგ სიმაღლის ზრდასთან ერთად კედლის სისქეს თადათან აკლებენ და ქვევრის ყელში, ერთ გოჯამდე დაჰყავთ. დიდი ზომის ქვევრის ყელი კი 2 გოჯი სისქის ანუ 6-7 სმ-ი უნდა იყოს.

ქვევრის ძირის დამზადების შემდეგ, დასაშენებელი კედლის პირზე სინესტის შემანარჩუნებელ საფენს ადებენ და შესაშრობად მაგიდაზე ტოვებენ. ასე აშენებენ დანარჩენ ძირებსაც. შემაგრებულ ძირებს 2-3 დღის შემდეგ იღებენ და ათავსებენ სკამზე, რომლის დასაჯდომი ფიცარი ცენტრში დაახლოებით 15 სმ-ის დიამეტრზე მრგვლადაა ამოჭრილი. ამის მიზეზი შემდეგია: შენების საწყის ეტაპზე ქვევრის ძირი ნედლი-თოთო თიხაა, ამიტომ შეიძლება თავის სიმძიმეს ვერ გაუძლოს, ქუსლი დაჯდეს და ფორმა შეიცვალოს. ასევე, მისი მიწაზე დადგმა და მასზედ კედლის დაშენება, მოუხერხებელია, რადგან მცირე ზომისაა და კრამიტის შეხიდებას ვერ მიუყენებ. სკამის ასეთ ჭრილში ჩასმული ქვევრის თოთო ძირი არ ზიანდება და საიმედოდ დგას, ამიტომ მექვევრე კედლის სამ-ოთხ მოქვნას სკამზე ასრულებს, შემდეგ კი ქვევრის ძირი იატაკზე გადააქვს და შენებას იქ აგრძელებს.

აქვე არ შეიძლება არ შევჩერდეთ კედლის ერთ ჯერზე წაბმის რაოდენობაზე: მექვევრე პატარა და საშუალო ზომის ქვევრებს კედლის წაბმის გარეშე ან ერთი წაბმით ამთავრებს, დიდი ზომის ქვევრები კი მრავალჯერადი წაბმით შენდება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ ქვევრთა უმრავლესობის კედელზე წაბმის კვალი ხილულია და ეტყობა, რომ ქვევრის კედელი ერთ ჯერზე ორი მოქვნითაა შესრულებული. ერთ ჯერზე წაბმის რაოდენობა კი დამოკიდეული უნდა იყოს იმაზე, თუ ქვევრის კედელი შენების რა ფაზაშია. შუას ქვემოთ შენების დროს კედლის გარშემოწერილობა ფართოვდება და ამ დროს თოთო თიხის კედელი წელვაზე მუშაობს, სველი თიხა სუსტია და შეჭიდულობა ნაკლები აქვს, ამიტომ ქვევრის რკალი ზედმეტ დატვირთვას (გაწელვას) ვერ გაუძლებს და კედელი გაწყდება-გაიხსნება. ამიტომ შუას ქვემოთ ერთ ჯერზე ორი მოქვნა საკმარისია. შუას ზემოთ შენებისას კი კედლის რკალი თანდათან ვიწროვდება, ამ დროს თიხა კუმშვაზე მუშაობს და კედლის გახსნის საშიშროება აღარაა, ამიტომ დიდ ქვევრებზე ერთჯერადად შემოსავლებ რკალთა რაოდენობა შეგილიათ გაზარდოთ, ანუ შუას ზემოთ შენებისას სამი და მეტი რკალის მოქვნა შეიძლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ზომის ქვევრებს ხარაჩოს დახმარებით აშენებენ და ოსტატმა საკმარისი რაოდენობის ხარაჩოები წინასწარ უნდა მოამზადოს.

ქვევრის სიმტკიცე მთლიანადაა დამოკიდებული ძველი და ახალი თიხების  საიმედოდ გადაბმაზე. თუ ძველი და ახალი თიხა ერთმანეთს კარგად შეეზილა, ქვევრს სიმტკიცის პრობლემა არ ექნება. უძველესი ტრადიციული წესით, რომელიც დღესაც გამოიყენება, ქვევრზე მორიგი რკალის შემოვლებისას (სორსლის მოქვნა) წასაბმელი ადგილის მოფრჩხილვით იწყებენ. ვფიქრობთ, სწორედ ეს მოფრჩხილვაა არასწორი და გადაბმებში ქვევრის სისუსტის ერთ-ერთი მიზეზი. ქვევრის ძველი წასაბმელი კედელი შემშრალ-შემაგრებულია, მოფრჩხილვით კი გადასაბმელი ადგილი დამატებით იტკეპნება და, შეშრობით გამაგრებული, კიდევ უფრო მაგრდება. წასაბმელი თიხა კი თოთო და რბილია, ამიტომ შემშრალ-შემაგრებული და ნედლი თიხები ერთმანეთს ცუდად ეზილება და ცუდად ებმება. ამასთანავე, კედლის პირი, რომელზედაც კედლის დაშენება ხდება, ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, ხოლო სორსლი ოსტატს მის მიმართ კუთხით  უჭირავს იხ. ნახ.2/2. ეს კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ოსტატმა სორსლი (წასაბმელი თიხა), კედლის პირზე კარგად დაასრისოს. მინახავს ამ მიზეზით დაშლილი რამდენიმე ქვევრი, სადაც ძველი და ახალი კედლის პირები, ფაქტობრივად, გარედანაა გადალესილი, ხოლო შიგნით ერთმანეთში სრულიად შეუზელავია (თუმცა გარედან კარგად გადაბმული ჩანს). გადასაბმელი კედლის ეს პრობლემა, ვფიქრობთ, გადაბმის შემდეგმა მეთოდმა უნდა გადაწყვიტოს: ქვევრის შემშრალი კედელი კი არ მოიფრჩხილოს, არამედ დანით 45-გრადუსიანი კუთხით შემოიჭრას. იხ. ნახ.2/1. კედლის შემოჭრილი სიბრტყე შიდა მხარეზე უნდა იყოს დახრილი. ამის შემდეგ აიღეთ სამზარეულოს ჩვეულებრივი ჩანგალი, კბილებით გაატარეთ გადასაბმელი ბრტყელი კედლის ზედაპირზე და გააკეთეთ 3-5 მმ. სიღრმის ნაკაწრი (ეს გაცილებით სწრაფად კეთდება, ვიდრე მოფრჩხილვა). ამ შემთხვევაში, დახრილ გადასაბმელ ზედაპირზე სორსლი, პერპენდიკულარულად დაჯდება და ოსტატი კედლზე ადვილად და საიმედოდ დაასრესს. იხ. ნახ.2/1. ამასთანავე, შემოჭრის შემდეგ, გადასაბმელი კედლის სიგანე, დაახლოებით 25%-ით იზრდება, ეს კი მეტი სიმაგრის გარანტიაა.

ქვევრს ყელამდე აშენებენ, შემდეგ კი კედლის გადსაბმელ პირზე აკეთებენ ქვევრის პირ-ყელის მისაბმელ ღარს, ხოლო ქვევრის პირ-ყელს ფარფლით ცალკე აშენებენ. მას ისე შეაშრობენ, რომ თავი დაიჭიროს და გადატანის დროს ფორმა არ დაკარგოს. შემდეგ კი მიიტანენ და ქვევრის ყელის კედელს ჩადებენ ქვევრის კედელზე გადასაბმელად გაკეთებულ ღარში, კარგად  გაასწორებენ, გაგლესენ და გააპრიალებენ. ვფიქრობთ, ეს გადაბმაც შესაცვლელია, რადგან აქ თიხები ცუდად ეზილება ერთმანეთს. ბევრი ქვევრი მინახავს ამ ადგილზე გახსნილი, რადგან ქვევრის თიხების გადაბმის ეს ადგილი სუსტია. გახსნა კი იმ შემთხვევაში ხდება, როცა ქვევრს თოკს ყელში ჩააბამენ და ისე ასწევენ.

ალბათ, გინახავთ, ზოგიერთ ძველ ქვევრს კედლის შიდა ზედაპირი ძალიან უხეში აქვს. დღეს კი მექვევრე ქვევრის კედელს არა მარტო შიდა მხრიდან, არამედ გარედანაც კარგად აპრიალებს. ეს არა მარტო ესთეტიკურია, არამედ ქვევრის კედელსაც გვარიანად ამაგრებს, ისე, როგორც აგურის კედელს ცემენტის ხსნარით გალესვა. დღეს ბევრი ოსტატი შიდა კედლის 1 მმ-მდე სისქეზე სუფთა აყალოს გადაკვრა-გაპრიალებას აკეთებს. სუფთა აყალო, ჯერ ერთი, კარგად გმანავს კედლის ფორებს, ანუ კედლიდან სითხის გაჟონვა ფერხდება, მათში, ჭუჭყი და მავნე ბაქტერიები ნაკლებად ხვდება და მეორე, წყლით და გონგით ქვევრის კედელი, კარგად პრიალდება და თიხური ემალით იფარება. ასევე, ასეთ კედელი გასარეცხადაც ადვილია.

მექვევრე ქვევრს გარედან აშენებს. ოსტატს სორსლი მარჯვენა ხელში  უჭირავს და კედლის მოქვნას შიდა მხრიდან ასრულებს, ხოლო მარცხენა ხელით გარედან ახდენს როგორც კედლის ფორმირებას, ისე კედლის სისქის კონტროლს. კედლის მოქვნის დროს ოსტატი, უკან-უკან მიდის და კედელს ისე აშენებს. ქვევრის შენების დროს დიდი პრობლემაა ქვევრის სიმეტრიული ფორმით აშენება ანუ სიმეტრიის დაცვაა. ამის სწავლა ძნელია და შეგირდისგან დახელოვნებასთან ერთად, ბუნებრივ ნიჭსაც მოითხოვს. მინახავს ათამდე ოსტატის აშენებული ქვევრი, ბევრ მათგანს სიმეტრიული, კარგი ფორმის ქვევრის აშენება გამოსდის, ზოგს კი არა. სწორედ აქაა საჭირო ბუნებრივი ნიჭი, თუმცა ისიც მინახავს, რომ ერთსა და იგივე მექვევრეს ქვევრთა გარკვეული რაოდენობა არასიმეტრიულად აშენებული გამოსდის, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ქვევრის მშენებლობაში მექანიკის ჩართვა.

ქვევრზე პირ-ყელის დადგმის შემდეგ ქვევრის აშენება მთავრდება. ქვევრის თავის გასაშრობად დაახლოებით 10-12 დღეა საჭირო (კორექტივები ამინდს შეაქვს). კარგად გამომშრალი ქვევრი კაკაოს ფერისაა. შენების დამთავრების შემდეგ ქვევრებს გამოწვამდე ადგილზე ტოვებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს იმ შენობის შესახებ, სადაც ქვევრს აშენებენ: ფარდული, სადაც ქვევრი შენდება, გრილი უნდა იყოს, 20-220C ტემპერატურით. თუ ზედმეტად თბილი იქნება, შრობისას ქვევრის კედელი შეიძლება დაგებზაროთ. კედლები სათავსოს ქვითკირის უნდა ჰქონდეს და ერთი მხრიდან მაინც შელესილი უნდა იყოს. ჩვენი წინაპარი სათავსოს ჩალით ხურავდა, შეიძლება კრამიტითაც დაიხუროს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია სათავსოს ჭერზე ხის ლამფის გაკვრა. ეთნოგრაფები წერენ, რომ ჩვენს წინაპარს ფარდულში ქათმის ბუმბული ჰქონია ჩამოკიდებული და მით აკონტროლებდა ფარდულში სიოს მოძრაობას. დღეს ქვევრის შენების დროს ბევრი მექვევრე ასეთ სიფრთხილეს აღარ იჩენს და მისი დაუდევრობა, არცთუ იშვიათად, ქვევრის დაზიანებით მთავრდება.

ჟორა გაბრიჭიძე,

ტელ: 551-333-155