ქვევრში უდიდესი პოტენციალი დევს
ფრანგმა მოგზაურმა ჟაკ ფრანსუა გამბამ საფრანგეთის მთავრობის დავალებით, საქართველოში 1822-24 წლებში იმოგზაურა. მას დავალებული ჰქონდა, რუსეთის იმპერიის სამხრეთით მდებარე ქვეყნებთან, კერძოდ კი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა შეესწავლა.
საქართველოში მოგზაურობის დროს, ქვეყნის სიმდიდრითა და მოსახლეობის სიღატაკით განცვიფრებულმა ჟან ივო გამბამ თავისი ამ მოგზაურობისადმი მიძღვნილ ანგარიშში ჩაწერა: „ამ დალოცვილი ქვეყნისთვის უფალს ყველაფერი მიუმადლებია, კაცს კი დღემდე არაფერი გაუკეთებია“-ო. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე გიორგი კლიმოვი, რომელიც ომის შემდეგ ევროპაში დარჩა და ამერიკაში მოღვაწეობდა, ფილოსოფიურ თამაზე დაწერილი მრავალი წიგნის ავტორია. მის კალამს ერთი ასეთი ბრძნული გამონათქვამი ეკუთვნის: „ქვეყნის დასაღუპად, გადაგვარებული დეგენერატი ხელისუფალი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე, ატომური ბომბი“-ო. ჩვენდა სამწუხაროდ, ცხონებული ჟან ივო გამბა დღესაც რომ წამოაყენო და ამოგზაურო საქართველოში, ჩვენს გაუბედურებულ ცხოვრებაზე, იგივეს დაწერდა. სულმნათი გიორგი კლიმოვი კი დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო დროინდელ ყველა მთავრობის მუშაობის შედეგებს, თავისი აფორიზმად თქმული სიბრძნის ბრწყინვალე მაგალითად მოიყვანდა. რა თქმა უნდა, დღეს, ჩვენ და ჩვენს ხელისუფლებებს არანაირი მიზეზი არ გვაქვს მათ ამ შეფასებას რაიმე ობიექტური არგუმენტი დავუპირისპიროთ, პირიქით, კიდევ რბილადაა ნათქვამი.
უფალმა დედამიწის შექმნის დროს მის ყველა კუთხე-კუნჭულს თავისი მადლიანი კალთა დააბერტყა, ამიტომ დღეს და ყოველთვის ყველა ქვეყანას საკმარისი რესურსები ჰქონდა და აქვს ბედნიერი ცხოვრებისათვის, თუ რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელისუფალი, ამ რესურსებს გონივრულად მართავს და ქვეყნის საკეთილდღეოდ იყენებს. უნდა აღინიშნოს, რომ უფალმა საქართველო, აქაც „პრივილეგირებულ“ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ამოწურვად წიაღისეულ სიმდიდრესთან ერთად, ამოუწურვადი და მუდამ განახლებადი სიმდიდრე, ვაზის, ღვინის და ქვევრის სახით მისცა, რომელიც სანამდე კაცობრიობა იარსებებს, არც დაილევა და ყავლიც არასდროს გაუვა. რა თქმა უნდა, ეს თემა, დიდია და ერთ წერილში ყველა მათგანის გაშუქება შეუძლებელია, ამიტომ ამჯერად ქვევრის იმ სიკეთეზე ვისაუბროთ, რომლის მოტანა, ღვინის ამ ბუნებრივ ჭურჭელს შეუძლია, თუ რა თქმა უნდა, ბოლომდე გამოვიყენებთ ყველა იმ სიკეთეს, რაც უფალმა მასში ჩადო.
ღვინო, ჭურჭელს სამ ძირითად მოთხოვნას უყენებს: ღვინისთვის იყოს ინერტული, მის კედლებს ჰქონდეს კარგი აერაციის უნარი და მასში ჩასხმულ ღვინოს, ნორმით გათვალისწინებულ მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე ინახავდეს. ამ სიკეთისგან ღვინის ევროპულ ჭურჭელს მუხის კასრს, მხოლოდ კარგი აერაციის უნარი აქვს, რაც შეეხება ინერტულობას, მას ეს თვისება, არ გააჩნია, ანუ ღვინოს მუხის მერქანი, თავის ქიმიურ ნივთიერებებს გადასცემს (დღეის მდგომარეობით აღმოჩენილია 12 ქიმიური ნივთიერება), რითაც ღვინის ბუნებრიობა, ანუ ნატურალობა იკარგება. ასევე, სათავსოს სადაც ღვინით სავსე მუხის კასრები დგას, ტემპერატურულ რეჟიმს, ანუ მიკროკლიმატს, კონდიციონერებით უქმნიან. ასეთივე პრობლემურია მეტალის ჭურჭელიც. მართალია, ის ღვინისთვის ინერტულია, მაგრამ მას, არა აქვს აერაციის უნარი და ტემპერატურულ რეჟიმს აქაც ტექნიკის დახმარებით ქმნიან. რაც შეეხება ჩვენს ქვევრს, ის გამოწვის შედეგად ქვად ქცეული თიხაა და ამიტომ ინერტულია ღვინისთვის, ასევე, ის გაუსანთლავი კედლით, კარგი აერაციის უნარით გამოირჩევა. რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, ის ქვევრში ჩასხმულ ღვინოს ბუნებრივად აქვს, რადგან მიწაში განთავსებულს დედამიწის ლითოსფეროს ტემპერატურა +14 გრადუსი, წლის ნებისმიერ დროს ბუნებრივად იღებს. ეს კი მას, როგორც ღვინის ჭურჭელს, ევროპულ ჭურჭელთან შედარებით, ათი თავით მაღლა აყენებს. ეს იმიტომ, რომ დღეს, არანაირი ტექნიკა-ტექნოლოგია არ არსებობს იმისათვის, რომ მარანში ღვინო, სასურველ მუდმივ ტემპერატურაზე შეინახოს, რადგან ყველა კონდიციონერის მუშაობას 4 გრადუსიანი „ლუფტი“ აქვს და მარანში დღის განმავლობაში ღვინის ტემპერატურა, რამდენიმეჯერ 4 გრადუსით თბება და ცივდება. ამიტომ ქვევრში უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ღვინის დავარგება და დაძველება, ბევრჯერ ნაკლები დანახარჯებით ხდება, ვიდრე, ღვინის ევროპულ ჭურჭელში. ყველა აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი, სწორედ ქვევრის ყველა ამ უპირატესობათა გამოვლენა, რეკლამირება და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება უნდა იყოს.
მართალია, ქვევრი, ღვინის უნიკალური ჭურჭელია, მაგრამ ის მაშინაა ასეთი, როცა წესის და რიგის მიხედვითაა აშენებულ-გამომწვარი და ასევე, ყოველგვარი წესების დაცვითაა მიწაში ჩადგმული. ამ წერილით, სწორედ ამ ნაკლოვანებათა წარმოჩენა-აღმოფხვრის ტრადიციებზე და ჩვენი თაობისგან მის გაგრძელებაზე მინდა მოვუთხრო მკითხველს.
მართალია ქართველები მეღვინეობაში ქვევრს 80 საუკუნეა ვიყენებთ, მაგრამ ის დღემდე ბოლომდე შესწავლილ-დახვეწილი არაა, რადგან ამას ბევრი, როგორც ობიექტური ისე სუბიექტური მიზეზები ჰქონდა და დღესაც აქვს. ამ მიზეზთა შორის პირველ რიგში ქვევრისადმი ხელისუფლების აბსოლუტური უყურადღებობა უნდა დავასახელოთ, რადგან ქვევრის ფენომენი დღემდე მეცნიერულად შეუსწავლელია და ეს სწორედ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტებში უნდა ხდებოდეს, რომელი ინსტიტუტიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაანგრია. ვაზის და ღვინის სამშობლოს ასეთი ინსტიტუტი, რომ სჭირდება, ახალ მთავრობას დღემდე არ უფიქრია.
მართალია, ჩვენს წინაპრებს ქვევრი მეცნიერულად შესწავლილი არ ჰქონდათ (იმ დროს არ იყვნენ ასეთი მეცნიერები და ინსტიტუტები), მაგრამ მათთვის ეს, არც იყო საჭირო. რადგან ამ მიზნის განსახორციელებლად მათ ჰქონდათ თავიანთი დროის უნიკალური მეთოდი, კერძოდ, ქვევრის შესწავლა-დახვეწა, გამოყენების პროცესში აღმოჩენილ ნაკლოვანებათა გამოსწორებით ხდებოდა, ანუ ქვევრის გამოყენების პროცესში გამოჩნდებოდა თუ არა რაიმე პრობლემა? მყისიერად ხდებოდა, მისი გადაწყვეტა. ამგვარად, ათობით საუკუნის მანძილზე ამ მეთოდით მოხდა ქვევრის ხარისხის დახვეწა. მაგ. ქვევრის კედელმა ღვინო გაატარა? მათ დაიწყეს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრი და მიხვდნენ, რომ ამის მიზეზი, ქვევრის ფართო ფორიანი კედელია. ასევე, მიხვდნენ, რომ მის გამოსასწორებლად საჭიროა კაზმში ცხიმიანი თიხის დამატება და მით ფორების დავიწროება. ამ ღონისძიებით ქვევრის კედელში ფორები კი დავიწროვდა, მაგრამ ღვინის გაჟონვა, ბოლომდე არ აღიკვეთა. შემდეგ კიდევ დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ქვევრიდან ღვინის გაჟონვის მიზეზი, შეიძლება ქვევრის გარშემო შემოყრილი მიწის გამოშრობა იყოს (დღეს მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გამომშრალი მიწა, ქვევრის ნებისმიერი ფორიანობის კედლიდან გაიწოვს სითხეს), ანუ საჭიროა ქვევრის გარშემო შემოყრილი მიწის პერიოდული დანესტიანება. მათ, ეს პრობლემა, ქვევრის გარშემო საწყლე ორმოების დატოვებით გადაწყვიტეს, ანუ ზაფხულის პერიოდში ამ ორმოებში წყლის პერიოდული ჩასხმით ქვევრს, მიწის სველ პერანგს აცმევდნენ, ამან კი ქვევრიდან ღვინის გაჟონვის პრობლემა, საბოლოოდ გადაწყვიტა. სხვათა შორის ეს დღესაც ასე უნდა ხდებოდეს, სამწუხაროდ, დღეს ეს წესი, დავიწყებულია, მის მაგიერ კი ქვევრის კედლის გასანთვლის კულტურა დამკვიდრდა, რაც უდიდესი შეცდომაა.
დღეს, ქვევრზე მწერალი ბევრი ავტორი, ხიბლშია ჩავარდნილი და ათასნაირ ზღაპრებს წერენ ჩვენი წინაპრების მიერ აშენებულ ქვევრებზე. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და მათ აშენებულ ქვევრებსაც ჰქონდა წუნი. ჩემს ბავშვობაში სოფელში ყველა ოჯახს ჰქონდა რჩეული ქვევრები და იცოდნენ, რომელი ქვევრი ინახავდა ღვინოს ცივად, რომელი კიდევ დიდხანს და რომელი აფუჭებდა ღვინოს. ასეთ ქვევრებს ღვინის დასადუღებლად, ჭაჭის შესანახად, ან ბოსტნეულის დასამწნილებლად იყენებდნენ. ანუ ისე, როგორც დღევანდელ მექვევრეთა მიერ აშენებულ ქვევრებს აქვს ნაკლი, წინაპრის აშენებული ქვევრებიც არ იყო უნაკლო. მათ, რა თქმა უნდა, ამ ნაკლის გამოსწორების პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ ზოგიერთი ნაკლი, მათ მიერ ქვევრის პრაქტიკულად გამოყენების დროს არ ვლინდებოდა, ამიტომაც გაუსწორებელი დარჩა.
ცნობილი ფაქტია, რომ სათანადო დონეზე გამოუწვავი ქვევრი, ღვინოს აუცილებლად დაასნებოვნებს. ინსტიტუტში მაქვს უძველესი ქვევრი, რომელიც იმ დროსაა აშენებული, როცა ქვევრებს ბრტყელ ძირზე აშენებდნენ ( ქვევრი 2000 წელზე მეტი ხნისაა). მასში დაახლოებით 50 ლიტრი ღვინო ჩადის და ნორმით 14-15 მმ. სისქის კედლით უნდა იყოს აშენებული, ფაქტიურად კედლის სისქე 10 მმ-ს არ აღემატება. ქვევრს გამოწვაც აკლია, ქვევრის ნატეხის სისქის დათვალიერებისას ნახავთ, რომ გარე მხარე წითელი ფერისაა, შუას იქით კი ყვითელი. მიუხედავად ამ აშკარა ნაკლოვანების, ეს ქვევრი, იმ დროს ღვინოს არ გაუფუჭებდა და რატომ: იმიტომ, რომ ის ღვინის გაფუჭებას დროში ვერ მოასწრებდა, რადგან ქართული ტრადიციით დადუღების შემდეგ ღვინო, ახალ გარეცხილ ქვევრში გადააქვთ და იწყებენ მის გახარჯვას, ანუ გასაყიდ ღვინოს ჰყიდდნენ, ხოლო ოჯახში დასახარჯი ღვინის ხარჯვის პარალელურად, ყოველ თვეში, ღვინის გადაღებას ახდენდნენ, ანუ გარეცხილ ქვევრში გადაჰქონდათ. ქვევრმა გამოწვის მიზეზით ღვინოს ზადი რომ მისცეს, ის მასში რამდენიმე თვე უნდა იდგეს, ჩვენი წინაპარი კი ღვინოს ძირითადად ახალ მოსავლამდე ხარჯავდა და ამ დროში ღვინის 3-4-ჯერ გადაღებას ასწრებდა. ქვევრის არასათანადოდ გამოწვის მიზეზით ღვინის წახდენა კი ღვინის დავარგება-დაძველების დროს ხდება, ანუ ამის წინაპირობა, ქვევრში ღვინის თვეობით დგომაა.
ქვევრი, რომ არასათანადოდ არის გამომწვარი ეს ქართული ღვინოების ევროპა-რუსეთის ბაზრებზე გატანის დროს გამოჩნდა, რადგან ტრანსპორტირება-მედეგობისთვის და ღვინის მაღალი გემური თვისებების ჩამოყალიბებისათვის, ღვინის დავარგება-დაძველება, ანუ ქვევრში ღვინის თვეობით დაყოვნება გახდა საჭირო. სწორედ ამ პრობლემის გამოჩენის შემდეგ გახდა საჭირო მასთან ბრძოლა, რამაც ჩვენი ახლო წინაპარი, ქვევრის კედლის გასანთვლამდე მიიყვანა (ქვევრის კედლის გასახიზად, ასევე, იყენებდნენ საქონლის ან თხის ქონს). ქვევრზე განხორციელებულმა ამ სიახლემ ქვევრს ორი პრობლემა მოუხსნა, პირველი, სანთლით ფორებამოვსებული ქვევრის კედლიდან ღვინომ აღარ გაჟონა და მეორე, ქვევრში შენახული ღვინო, არასათანადო გამოწვის მიზეზით, აღარ დასნებოვნდა. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს, ყველა მექვევრე ქვევრის ყველა მყიდველს მის გასანთვლას სთავაზობს, რადგან იცის, რომ გამოწვა აკლია და ზედმეტად მჭლე თიხისგან არის აშენებული, ანუ კედელი ფართო ფორიანია.
მართალია, კედლის გახიზვამ ქვევრს რამდენიმე პრობლემა მოუხსნა, მაგრამ ცუდი სამსახურიც გაუწია, კერძოდ, კედელგახიზული ქვევრი, გამომწვარი თიხის ჭურჭელი აღარაა და არაფრით განსხვავდება მეტალის, ემალირებული ან მინის ჭურჭლისაგან.
ცნობილია, რომ ქვევრების დაკირვა, XI საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს, მეცნიერთა ვარაუდით ამის მიზეზი, საქართველოში მომხდარი მძლავრი მიწისძვრა უნდა ყოფილიყო, რომლის დროსაც ქვეყანაში უამრავი ქვევრი დაზიანებულა. ანუ სანამდე არ დადგა პრობლემა, ქვევრის კედლის სისქის მომატებაზე ან სხვა საშუალებებით გამაგრებაზე ბუნებრივია არავინ იფიქრა, ანუ სანამდე პრობლემა არ გაჩნდა, ვერავინ დაინახა (მეცნიერის მოვალეობა სწორედ ამის წინასწარ განჭვრეტაა). ქვევრის კედლის სიმკვრივის პრობლემა, რა თქმა უნდა, ქვევრის სქელი კედლით აშენებით უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ქვევრის სქელი კედლით აშენება, მისი შრობა-გამოწვის დროს დიდ პრობლემებს ქმნის და ასევე, ეს სქელი კედელი, ძვირფასი თიხა-მასალის ზედმეტი ხარჯიც არის, ამიტომ ჩვენმა წინაპარმა ქვევრის კედლის დაკირვა არჩია და მეც პირადად პრობლემის ამ გზით გადაწყვეტა, მისაღებად მიმაჩნია, ანუ 2-3 ტონიანი ქვევრების 30-35 მმ. სისქის კედლით უნდა აშენდეს (ისე, როგორც ეს დღეს ხდება), ხოლო შემდეგ, ამ კედლის 4-5 სმ. სისქის კირის ხსნარით დაკირვა-გამაგრება უნდა მოხდეს, ოღონდ ქვევრის დაკირვა, მაღალპროფესიულ დონეზე უნდა გაკეთდეს, ანუ ქვევრი მექვევრემ თვითონ უნდა დაკიროს და ისე გაჰყიდოს. ქვევრის დაკირვის ტრადიციის დამკვიდრება, ქვეყანაში კირის წარმოების გაფართოებას გამოიწვევს, ეს კი დამატებითი სამუშაო ადგილი და შემოსავალია. კირით დამუშავება კი იმიტომ უნდა დავამკვიდროთ, რომ ჯერ ერთი, ცემენტი, ტოქსიკურ მინარევებს შეიცავს და მავნეა ღვინისთვის. მეორე, მიწაში 40-50 წლის შემდეგ ცემენტი შეჭიდულობის უნარის დაკარგვას იწყებს და საუკუნის შემდეგ ქვევრი, დაუცველი დარჩება. კირი კი პირიქით, რაც დრო გადის, მით უფრო ემატება სიმკვრივე, ანუ ის ქვევრისთვის სამუდამო დაცვაა. მესამე, კირი ანტისეპტიკია და ქვევრის დაკირულ კედელში გასული ჟანგბადი, ქვევრში დასავარგებლად ჩასხმული ღვინისთვის, სამკურნალო საშუალებაც იქნება.
ყველა ზემოთ აღწერილი, ნათელი მაგალითია იმისა თუ ჩვენი წინაპარი, საუკუნეების მანძილზე, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენდა ქვევრის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. დღეს კი ეს ყველაფერი, მეცნიერულ დონეზე უნდა იქნას გამოკვლეულ-შესწავლილი, ანუ გამოკვლეულ უნდა იქნას ყველა მისი ღირსება და დადგინდეს, კიდევ რა ღონისძიება უნდა გატარდეს, რომ ქვევრი, ისედაც უნიკალური ჭურჭელი, უფრო უნიკალური, რომ გახდეს. სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ამ საქმისათვის ვერც ხელისუფლებამ მოიცალა და ვერც მეცნიერმა (გარდა ენთუზიასტებისა), საერთოდ თუ გვყვანან ასეთი მეცნიერები, ესეც საკითხავია. მსოფლიო მეღვინეობა კი დიდი ხანია ჩვენგან, ხარისხიან ქართულ ქვევრს ელოდება.
მე, ჩემს წერილებში ყოველთვის ვწერდი და ვწერ, რომ ქვევრს სათანადო მეცნიერული კვლევა არასდროს ჩატარებია და ბოლომდე არ ვიცით რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი ქვევრი, ანუ დღემდე არა გვაქვს ქვევრის სტანდარტი. აქვე უნდა ითქვას, რომ ქვევრზე მაღალპროფესიული კვლევის ჩატარება, არც ისე ადვილი საქმეა, რადგან მეცნიერი ზედმიწევნით კარგად უნდა ერკვეოდეს, როგორც კერამიკაში, ისე მეღვინეობაში, ანუ მეღვინეობის ცოდნა მეცნიერს ამოცანის განსაზღვრაში ეხმარება, ხოლო კერამიკის ცოდნა, ამ ამოცანის გადაწყვეტაში. მართალია, ორივე ამ დარგის სათანადო დონეზე მცოდნე პროფესიონალი მეცნიერი იშვიათია, მაგრამ საქართველოში კარგი მეღვინის და კარგი კერამიკოსის პოვნა, ჯერ კიდევ შეიძლება, ამიტომ ამ საშური საქმის გადადება აღარ შეიძლება, რადგან ძველი თაობა მიდის, ახლები კი არ ჩანან.
ალბათ ზემოთ დაწერილმა ჩემმა ერთმა წინადადებამ: „მსოფლიო მეღვინეობა კი დიდი ხანია ჩვენგან, ხარისხიან ქართულ ქვევრს ელოდება“, მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობაში დამცინავი ღიმილი გამოიწვია, ანუ ქართველთა უმრავლესობას დღემდე არ სჯერა, რომ ქართველებს ღვინის ის ჭურჭელი გვაქვს, რომელზედაც მსოფლიოს მეღვინეობა საუკუნეებია ოცნებობს. სამწუხაროდ, ქართველებში ღრმად აქვს ფესვი გადგმული საკუთარი არასრულფასოვნების სინდრომს და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ისტორიოგრაფია აღიარებს, რომ წარღვნის შემდეგ ევროპა ქართველურმა ტომებმა დაასახლა, არ ვაღიარებთ და ამას სომხური სინდრომის შეყრად აღვიქვამთ. ის კი არა, ადამიანის გენეტიკის მტკიცებას, რომ ევროპელები და ეგვიპტელი ფარაონები ქართული გენის მატარებელი ხალხია, ამ მტკიცებასაც უნდობლობას ვუცხადებთ. გასულ წელს საქართველოს ერთი ინგლისელი ლინგვისტი ესტუმრა და ფრიად სასიხარულო ამბავი, ჩამოგვიტანა, თქვა, რომ 15 ათასი წლის წინანდელი წარწერა გაშიფრა, რომელზედაც ქართული ანბანით ქართული ტექსტია დაწერილიო. იმის მაგიერ, რომ ამ ინფორმაციას ქართველ მეცნიერთა აღფრთოვანება გამოეწვია, ინგლისელი მეცნიერისთვის დამსახურებული ქება-დიდება მიეზღოთ, ამის ნაცვლად, ტელევიზიით კომენტირების დროს ერთმა ქართველმა „მეცნიერმა“ ქალბატონმა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა: „ინგლისელმა მეცნიერმა ტექსტი არასწორი მეთოდით გაშიფრა და მისი დასკვნა არასწორიაო“. პირადად დღემდე ახსნას ვერ ვუძებნი მის ამ შეფასებას, რაა ეს? არასრულფასოვნების სინდრომის გამოვლინება თუ ეროვნული ინტერესების ღალატი? ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ იმ ინფორმაციასაც უნდობლობა გამოუცხადონ, რომელიც ამბობს, რომ ქვევრის სახით მსოფლიოში ღვინის ყველაზე საუკეთესო ჭურჭელი, რომ გვაქვს.
ყველა ზემოთ დაწერილიდან გამომდინარე, ყველას მინდა ვუთხრა, რომ დიახ, ძველი იბერები და კოლხები არიან წარღვნის შემდეგი ევროპის შემოქმედნი და თუ იმ დროს რაიმე ფასეული შეიქმნა, ყველაფრის სათავეებთან ისინი იდგნენ. დიახ, მათ შექმნეს ანბანი და კაცობრიობას მისცეს ოქრო, რკინა, ხორბალი, ძაფი და ყველაფერი ის, რის გარეშეც კაცობრიობა ვერ განვითარდებოდა. დიახ უძველესმა ქართველურმა ტომებმა შეიყვანეს კულტურაში ვაზი, დააყენეს ღვინო და ააშენეს ღვინის ბუნებრივი და დღემდე სწორუპავარი ჭურჭელი ქვევრი, რომლის მსოფლიო მეღვინეობაში დანერგვა კიდეც დაასაქმებს ქვეყანას და კიდეც გაამდიდრებს.
როგორც ხედავთ, ჩვენი წინაპარი, თანამედროვე ცივილიზაციის შემოქმედია, რადგან ვაზის კულტურაში შეყვანა, ღვინის დაყენება და ქვევრის აშენება (კერამიკის საფუძვლის ჩაყრა), კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისია. დღეს კი ჩვენი, ანუ მათი მემკვიდრეების ვალია, ქვევრი, როგორც ბუნებრივი ღვინის წარმოების ერთადერთი ბუნებრივი ჭურჭელი, მსოფლიო მეღვინეობაში დავამკვიდროთ. ამას პირველ რიგში მილიონობით მაღალხარისხიანი ქვევრი ესაჭიროება. უკანასკნელი 20 წელია ვმუშაობ ამ საკითხებზე, ანუ ამ ხნის მანძილზე ქვევრი შესწავლილია, როგორც მეცნიერულად, ისე, დახვეწილია პრაქტიკულად. ასევე, დაპატენტებული მაქვს ქვევრის შენების მექანიკური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ერთ დღეში ნებისმიერი ზომის ქვევრი ავაშენოთ (სველი ვარიანტი), ეს კი გარანტიას იძლევა ქვევრზე ნებისმიერი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ანუ ყველაფერია მზად იმისათვის, რომ ქვეყანამ ისეთი მაღალხარისხიანი ქვევრი აწარმოოს, როგორსაც მსოფლიო მეღვინეობა ითხოვს.
დღეს ისმის კითხვა, რით დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ ერთი ექსპერიმენტული ქარხნის აშენებით, რომლის მაღალშემოსავლიანი ბიზნესი (ერთი სამ ტონიანი ქვევრის აშენება მექანიკის დახმარებით საშუალოდ 1000 ევრო დაჯდება, გასაყიდი ფასი კი 5-6 ათასი იქნება), შემდგომ თვითონ გაიკვლევს გზას. ანუ მე დღეს მოგაგონეთ თუ რა საუნჯეს ფლობს საქართველო, იმისათვის, რომ ღირსეული ცხოვრება მოვიწყოთ, მოდით ჩვენც გავანძრიოთ ხელი და ეს უდიდესი განძი, ქვეყნის გამდიდრების წყაროდ ვაქციოთ. ამაში ყველას შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ. ზოგიერთს თვითონ გაქვთ, ზოგიერთს საქმოსანი ნაცნობ-ახლობელი ჰყავს, გააცანით მათ ეს პროექტი და დააინტერესეთ. ეს ისეთი საქმეა, საქვეყნო საქმესაც რომ აკეთებ და მომგებიანი ბიზნესის მოწილე ხდები.
ჟორა გაბრიჭიძე /უფროსი მეცნიერ-მუშაკი/. ტელ. 551 33 31 55