დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

რა აგროტექნიკური ღონისძიებები შეიძლება გამოვიყენოთ ბიოვენახში?

საქართველოში მოქმედი „ბიოწესების“ თანახმად დასაშვებია შემდეგი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება:

♦ ბიოვენახის ნიადაგის დამუშავებისა და კულტივაციისათვის ნებადართულია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შენარჩუნებას და მატებას, დაიცავს მას ეროზიისა და გამკვრივებისაგან. ამ მიზნით შესაძლებელია მივმართოთ ხვნას, სიდერაცას, კომპოსტირებას, მულჩირებას, ორგანული სასუქისა და ბიოპრეპარატების შეტანას, დაკორდებას.

♦ მიკროორგანიზმების შემცველი საშუალებების გამოყენება დაშვებულია ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე კომპოსტის აქტივაციისათვის (ბიომეურნეობაში ნებადართული სასუქები და ნიადაგის ნაყოფირების ასამაღლებელი საშუალებები განსაზღვრულია „ბიოწესები“ დანართ N1-ით.

♦ დაუშვებელია მინერალური -აზოტ შემცველი სასუქების და ქიმიური სინთეზით მიღებული სასუქების გამოყენება;

♦ ნიადაგის დამცავი საფარისათვის დაშვებულია სინთეზური მულჩის, პოლიეთილენის და პოლიპროპილენის ან სხვა პოლიკარბონატების გამოყენება, მაგრამ გამოყენების შემდეგ აუცილებელია მათი ნაკვეთიდან გატანა და განადგურება.

♦ ვაზის ნერგის წარმოებისათვის დაშვებულია მხოლოდ ბიომეთოდებით მიღებული სამყნობი მასალის გამოყენება;

♦ მცენარეთა დაცვის ღონისძიებები დაავადებების, სარეველების და მავნებლებისაგან დაცვის მიზნით ხორციელდება სახეობების და ჯიშების შერჩევით, კულტივაციის გამოყენებით.

♦ ასევე შესაძლებელია მცენარეული ნაყენების და ნახარშების გამოყენება.

♦ ამას გარდა ბიომეურნეობაში ნებადართულია სპილენძის და გოგირდის შემცველი არაორგანული პესტიციდების და „ბიოწესები“ N 2 დანართით განსაზღვრული მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება.

რა აუცილებებელ მოთხოვნებს უნდა ვითვალისწინებდეთ ბიოყურძნის წარმოებისას ?

♦ ნებადართული სპილენძის პრეპარატების გამოყენებისას ვენახში მათი ოდე ნობა არ უნდა აჭარბებდეს 6 კგ/ჰა-ზე წელიწადში.

♦ დამჭერებად ან მახეებში გამოყენებული ნივთიერებები (ფერომონების გარდა) უშუალოდ არ უნდა ეხებოდეს კულტივირებულ მცენარეს;

♦ სასურველია მორწყვა განხორციელდეს წვეთოვანი სისტემით;

♦  მეურნეობაში წარმოებული ყურძენი ბიოპროდუქტად ჩაითვლება მხოლოდ დადგენილი გარდამავალი პერიოდის გავლის შემდეგ;

♦ ბიოწარმოებაში დასაშვებია მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული განახლებადი მეორადი გამოყენების ან ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალა, შესანახი კონტეინერი და ჭურჭელი, რომელიც უზრუნველყოფს ეკოსისტემის დაბინძურების თავიდან აცილებას;

♦ დაუშვებელია ბიოპროდუქტის შეფუთვისათვის გამოყენებული მასალის ხელახალი გამოყენება იმავე მიზნით;

♦ ბიოპროდუქცია სათანადოდ უნდა იყოს დაბინძურებისაგან დაცული და სხვა პროდუქტისაგან დაშორებული; ყურძენი ბიოპროდუქტად მიიჩნევა მაშინ, თუ ეტიკეტზე ნიშანდებაზე, რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: ბიოლოგიური“, „ორგანული“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“ ან მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, ანდა ლოგო;

♦ კონვერსიის პერიოდის ეტიკეტირება – ნიშანდება უნდა განსხვავდებოდეს სრული ბიოწარმოების ეტიკეტირება-ნიშანდებისაგან და უნდა მოიცავდეს სიტყვებს: „ბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტი“ ან „კონვერსიის პერიოდის პროდუქტი”;

♦ ეტიკეტზე და თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო.

საქართველოში ყოველწლიურად იზრდება სერტიფიცირებული მევენახე-მეღვინეების რიცხვი, რაც სასიხარულოა და იმედის მომცემი, რომ ბიომევენახეობა კიდევ უფრო განვითარდება და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში.

მაია მირველაშვილი, ლევან უჯმაჯურიძე, მზია ბერუაშვილი, 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი