რა არის კომპოსტი
უკანასკნელი 20-35 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკოლოგიური სიტუაცია. ნიადაგზე ზემოქმედების შედეგად, ქიმიური სასუქების გამოყენებამ, დააქვეითა ნიადაგში საკვებ ნივთიერებათა შემცველობა.
დღეს, ნიადაგის ნაყოფიერების, შენარჩუნების უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული მეთოდი კომპოსტირებაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი.
ყველა ორგანული მასალა, დროთა განმავლობაში იშლება. დაშლის ხანგრძლივობა შეიძლება დაჩქარდეს კომპოსტირების მეთოდით. კომპოსტი შავი, ფხვიერ მიწის სუნის მქონე, ორგანულ მასალას წარმოადგენს. ის ორგანული ნაერთის მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და წარმოადგენს სასუქს, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. იგი ხელს უწყობს ნიადაგში ორგანული ნივთიერებების ზრდას, ამარაგებს მის ფიზიკურ თვისებებს. ის შეიძლება დამზადდეს მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურად სახლში ან საბაღე მეურნეობაში.
ხარისხიანი კომპოსტის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ კომპოსტირების პროცესი. იმისთვის, რომ სწორად და სწრაფად წავიდეს კომპოსტირების პროცესი, საჭიროა საკომპოსტე ნაყარი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოთ.
თავდაპირველად, საჭიროა ისეთი ადგილის შერჩევა, სადაც შეიძლება საკომპოსტე ნაყარის განთავსება. კომპოსტირებისთვის საუკეთესო ადგილს ბაღი წარმოადგენს. საკომპოსტე ნაყარი უნდა განთავსდეს მცირედ ნესტიან ადგილას, სპეციალურ კონსტრუქციაში-კომპოსტერში. მიკრობული აქტივობისთვის, საკომპოსტე ნაყარში ძალიან მნიშვნელვანია ტენის არსებობა. ხელის შეხებისას ნიადაგი უნდა იყოს სველი, ნოტიო. რაც უფრო დიდია საკომპოსტე მასალის ზედაპირის ფართობი, მით უფრო ეფექტურად მიმდინარეობს დაშლის პროცესი. საკომპოსტე მასალის იდეალური ზომა არის 1მ3. უფრო მცირე ზომის საკომპოსტე ნაყარში, ნარჩენები ადვილად გამოშრება. ეს რომ არ მოხდეს და არ გართულდეს დაშლის პროცესი, საჭიროა მისი პერიოდულად მორწყვა. მაგრამ არა ჭარბი რაოდენობით, ჭარბმა წყალმა შეიძლება საკომპოსტე ნაყარიდან მკვებავი ნივთიერებების გამორეცხვა გამოიწვიოს, ამას კი არასასიამოვნო სუნი აქვს. ამის თავიდან ასაცილებლად თუ საკომპოსტე ნაყარი ზედმეტად სველია, საჭიროა საკომპოსტე ნაყარის მორევა და ჩალის ან ფოთლების დამატება.
კომპოსტირება შეიძლება წარიმართოს აერობულ (ჟანგბადიანი გარემო) და ანაერობულ (უჟანგბადო ) გარემოში. აერობულ გარემოში დაშლა ბევრად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ანერობულში. მიკროორგანიზმები და უხერხემლოები, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ ორგანული ნარჩენების დაშლაში, ჟანგბადს და წყალს საჭიროებენ, რადგან დაშლის პროცესი ეფექტურად წავიდეს. თუ საკომპოსტე მასალაში არ არის საკმარისი მიკროორგანიზმები, ცოცხალი მიკროორგანიზმების და მცენარეული მასალის დამატებაა საჭირო. ორგანული ნარჩენები იყოფა ორ ნაწილად “მუქ” და “მწვანე” კომპონენტებად. ყველა ორგანული მასალა ნახშირბადს და აზოტს შეიცავს. კომპოსტირების პროცესისთვის საჭიროა მათი დაბალანსება. ხმელი ფოთლები, ჩალა, თივა და ნახერხი, მდიდარია ნახშირბადით და შედიან “მუქ” კომპონენტში. ხოლო მწვანე ბალახი, ნაკელი, ბოსტნეული და სახლის ნარჩენები, მდიდარია აზოტით და შედიან “მწვანე” კომპონენტში. კომპოსტირებაში დიდ როლს ასრულებენ აგრეთვე საკომპოსტე ნაყარში მყოფი ბაქტერიები, ხოჭოები და სოკოები, რომლებიც ორგანულ ნარჩენებს კომპოსტად გარდაქმნიან.
გასათვალსწინებელია საკომპოსტე ნაყარში ოპტიმალური ტემპერატურის არსებობაც. საკომპოსტე ნაყარის ზომა უნდა იყოს საკმაოდ დიდი, რომ მასში სითბო შენარჩუნდეს. მიკროორგანიზმების აქტივობის შედეგად წარმოქმნილი სითბო ხელს უწყობს ორგანული ნარჩენების დაშლას. ეს ხდებ მაშინ, როცა ტემპერატურა 33-600C უდრის. თუ ტემპერატურა 700C-ზე მეტია, მაშინ ბევრი სასარგებლო ორგანიზმი იღუპება, ან მათი აქტივობა მცირდება, ასეთ შემთხვევაში საჭიროა აზოტის შემცველი ორგანული ნარჩენების ან წყლის დამატება.
კომპოსტი შეიძლება ჩაითვალოს მზად, როცა საკომპოსტე ნაყარში ტემპერატურა გაუთანაბრდება გარემოს ტემპერატურას, როცა ორგანული მასალა მიიღებს მუქ შეფერილობას და როცა მას მიწის სურნელი აქვს.
მოამზადა ლამარა ჯიჯელავამ