აგრარული განათლებარუბრიკები

რა დადებითი ან უარყოფითი თვისება აქვს ნაკელს

ადამიანი უხსოვარი დროიდან მოიხმარდა და ახლაც იყენებს ნაკელს, როგორც ნიადაგის გაკეთილშობილებისა და გამდიდრების უნივერსალურ საშუალებას.

ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ნიადაგის გამანაყოფიერებელ საშუალებად ნაკელს ასახელებდნენ. ჰომეროსი და ქსენოფონტე ნაკელის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებდნენ. ელინეის კანონით კი  ნაკელის მპარავი მკაცრად ისჯებოდა.  საქართველოში მიწის სიმცირისა და სურსათის უკმარისობის გამო მთაშიც და ბარშიც  ნაკელი მეტად ფასობდა. საყურადღებოა, რომ ქართლში ნაკელი საქორწილო შესაწირავიც იყო, ხოლო მთაში მას ქალს მზითებშიც კი ატანდნენ, მაგრამ ნაკელს უარყოფითი მხარეც აქვს, კერძოდ:

  ნაკელში მძიმე ლითონების შემცველობამ შეიძლება მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს.

ნაკელის არაწესიერი შენახვის პირობებში ჰაერში მავნე მიკრობების რაოდენობა ზღვრულ დასაშვებ ნორმას ხშირად 14-ჯერ ააჭარბებს რაც ატმოსფეროს სერიოზულ დაჭუჭყიანებას იწვევს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებს; ნაკელსაცავების უქონლობის შემთხვევაში ნაკელის ეფექტურობა 30-40%-ით მცირდება, ხოლო სასუქის შემტანი ტექნიკის არ არსებობისას კი _ 20-%-ით.

გადაუმუშავებელ  ნაკელში სარეველათა  მილიონობით თესლია, რაც ცხადია ნაკვეთებში სარეველების მომატებას იწვევს. (გერმანელი მეცნიერი მ. ვილნი (1846-1901) ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა, რომ სარეველები მემცენარეობაში მოსავლიანობას 45-66%-ით ამცირებენო, ასეთივე მონაცემები არსებობს  ფაოს დღევანდელ ანგარიშებში).

ამ და სხვა მიზეზების გამო ზოგიერთ მოწინავე ქვეყანებში, მაგალითად შვეიცარიაში, გადაუმუშავებელი  ნაკელის გამოყენება კანონით აკრძალულია.

მართალია საქართველოში ნაკელის გამოყენება არ იკრძალება, მაგრამ (თუმცა ქვეყანაში მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით თბილისისა და მისი შემოგარენის სასმელი წყლის აუზში, არაგვის ხეობაში. ეს განსაკუთრებული თემაა,  ქვეყანაში დღეს საკმარისი რაოდენობის ნაკელი არ არის.

საქართველოს საოჯახო მეურნეობებსა თუ კერძო მესაკუთრეთა ფერმებში არსებული პირუტყვის რაოდენობიდან ბაგური კვების პერიოდში (180-200დღე) წლის განმავლობაში მხოლოდ 5-6 მილიონი ტონა ნაკელის დაგროვებაა შესაძლებელი, მაშინ როცა არსებული სავარგულების გასანოყიერებლად  20-25 მილიონი ტონაა საჭირო.

ამ რაოდენობის ნაკელის მისაღებად შინაური პირუტყვის (ძირითადათ მსხვილფეხა) სულადობა 5-6 ჯერ უნდა გაიზარდოს, მაგრამ ე.წ. საქონელტევადობის კანონი ამის საშუალებას არ იძლევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაუმუშავებელი  ნაკელისა და ქიმიური სასუქების  გამოყენებით, საქართველოში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებაში, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან გარდატეხასა და პრობლემის გადაწყვეტას არ უნდა ველოდოთ.

ამ პრობლემის შედარებით შემსუბუქება შესაძლებელია ვერმიკულტივირებით ანუ ჭიაყელების გამოყენებით, ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქის — ბიოჰუმუსის და მაღალ ბიოპროდუქტიული კულტურების წარმოებით, რაც ერთ მხრივ მეცხოველეობის მყარი საკვები ბაზის შექმნის და მეორე მხირვ ორგანული (ბიო) მასის სიდერაციის და ან მისი ვერმიკულტივირების გზით,  ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას შეეწყობა ხელი.

შპს „ეკოპროგრესი“