დარგებიმებოსტნეობა

რა პერსპექტივა აქვს მებოსტნეობას საქართველოში?

ბოსტნეული ადამიანის კვების აუცილებელი პროდუქტია. მეცნიერული კვლევებით, ადამიანის რაციონში სხვადასხვა სახის ბოსტნეულს 1/4 წილი უნდა ეკავოს. ადამიანს კი ნორმალური არსებობისთვის წელიწადში 125-140 კგ. ბოსტნეული და ბაღჩეული საკვები  პროდუქტი სჭირდება.

მსოფლიოში დღეს ბოსტნეულს 1200 სახეობაა გავრცელებული, რომელიც 78 ოჯახად ერთიანდება. მათ  შორის, თითქმის ნახევარი, კულტურული ჯიშია, დანარჩენი ველურად იზრდება.

საქართველოში ტრადიციულად 70 სახეობის ბოსტნეული კულტურა მოჰყავთ, მათგან ზოგიერთი _ ძალზე მცირე რაოდენობით.

ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები კალორიულობით არ გამოირჩევა, მაგრამ ვიტამინების, მარილების, ორგანული მჟავების და სხვა ნივთიერებების შემცველობით ბოსტნეულს მაღალი კვებითი, დიეტური და მიზანმიმართული თვისებები გააჩნია. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის მარილებს. მათ მრავალჯერადი ხორციანი პროდუქტების მიღების შედეგად მომეტებული მჟავიანობის განეიტრალების უნარი გააჩნია.

ახალი მწვანილეული, ბოსტნეული და კომბოსტოსებრთა სხვადასხვა სახეობები ადამიანის ორგანიზმისათვის ფოსფორისა და რკინის  ძირითადი შემავსებელი წყაროა.

ზოგიერთი ბოსტნეული, ისეთები როგორიცაა ხახვი და ნიორი, ბევრ ფიტონციდებს შეიცავს, რის გამოც მათ ძლიერი ბაქტეროციდული თვისებები აქვთ, ამიტომ განსაკუთრებით ახალი ბოსტნეულის მოხმარებაა სასარგებლო და მთელი წლის განმავლობაში აუცილებელია მისი უწყვეტად მოხმარება. ამის მიხედვით, საქართველოში ზოგიერთი ბოსტნეული კულტურების თესვა, მთელი წლის განმავლობაში, რამდენიმეჯერ, თავისუფლად შეიძლება.

ამიტომ მოხმარების ვადის გახანგრძლივების მიზნით, დასათესად კულტურათა სხვადასხვა სახეობები და ჯიშები უნდა გამოვიყენოთ. გარდამავალ პერიოდში (შემოდგომა,ზამთარი, ადრე გაზაფხული) განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს დაცული გრუნტის (სათბურების) განვითარებას, ზამთარში სათბურებში მწვანილეულის, კიტრის და პამიდვრის წარმოებას, შემოდგომაზე მოწეული მოსავლის შესანახი საცავების გამოყენებას და სხვა. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს ბოსტნეულის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნას, გაყინული და გამომშრალი ასორტების დამზადებას, მარინადების, მწნილების, კონსერვების, წვენების, პიურეების და სხვათა წარმობას.

საერთო ჯამში, ყველა ღონისძიება იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მოსახლეობა, მთელი წლის განმავლობაში, ახალი და გადამუშავებული ბოსტნეულით ვუზრუნველვყოთ.

მეცნიერთა და პრაქტიკოსთა შორის ზოგიერთი ბოსტნეული კულტუ​რების ბოსტნეულზე მიკუთვნების საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებაა. ასე მაგალითად: სუფრის კარტოფილი როგორც ბოლქვოვანი კულტურა, ისევე როგორც ძირხვენიანი კულტურები: ნიახური და კოლრაბი, ბოსტნეულს მიეკუთვნება, თუმცა აგროტექნიკური თვალსაზრისით ისინი მინდვრის კულტურების მსგავსია. ამის მიუხედავად მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში სუფრის კარტოფილი ბოსტნეული კულტურაა. იგივე შეიძლება ითქვას მარცვლოვან პარკოსნებზე, რომლებიც პირდაპირ, გადაუმუშავებლად მოიხმარება, რის გამოც ისინი ბოსტნეულს მიეკუთვნება.

ღია და დაცული გრუნტის მებოსტნეობას შორის განსხვავებულობა საგანგებოდ უნდა აღინიშნოს. სასათბურე მეურნეობა სწორედ საკარმიდამო მებოსტნეობას ან მებაღეობას მიეკუთვნება.

ამდენად, მინდვრის მებოსტნეობა უნდა გავიგოთ, როგორც ღია გრუნტის მებოსტნეობა, სადაც მაღალმწარმოებიანი მანქანა-ტრაქტორთა სისტემა გამოიყენება, თუმცა მებოსტნეობაში, არის კულტურები (პირშუშხა, ენდივეი, სატაცური და სხვ.), სადაც, ჯერ-ჯერობით, მაღალმწარმოებლური მანქანა-იარაღების გამოიყენება ნაკლებად ხერხდება. ამიტომ არის, რომ ასეთი კულტურები შეზღუდულ ფართობებზე იწარმოება, რადგან მძიმე ხელით შრომას და დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ის ბოსტნეული კულტურები, რომლებსაც დიდი შრომა და დანახარჯები სჭირდება, უნდა გამოვრიცხოთ მინდვრის ბოსტნეულიდან.

აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ბოსტნეულის გავრცელების  ზოგად-საორიენტაციო  სქემას:

 

მ ე ბ ო ს ტ ნ ე ო ბ ა დაცული გრუნტის მებოსტნეობა;  ღია გრუნტის მებოსტნეობა; სათბურები; დიდი მექანიზაციის გარეშე; მწვანილის და ნაკლებად

გავრცელებული ბოსტნეულის წარმოება; მინდვრად მებოსტნეობა; მრავალდარგოვანი მებოსტნეობის საწარმოები;  სპეციალიზებული მებოსტნეობის საწარმოები; ბოსტნეულის ეკონომიური მნიშვნელობა (მაჩვენებლები).

განსაზღვრული რაოდენობის ბოსტნეული პროდუქციის საწარმოებლად ქვეყანაში აუცილებელია, ბოსტნეული კულტურებით დასაკავებელი მიწის ფართობის განისაზღვრა, რათა მოსახლეობა ამ პროდუქციით მთელი წლის განმავლობაში გარანტირებულად დაკმაყოფილდეს. ამისთვის აუცილებელია, კულტურების მიხედვით მოთხოვნილების მოცულობის განსაზღვრა, რისთვისაც, მეცნიერების კვლევებიდან გამომდინარე, კულტურების მიხედვით, ყოველი რეგიონისათვის, ერთ სულ მოსახლეზე საჭირო, ბოსტნეულის მოთხოვნილების მაჩვენებლების დადგენაა საჭირო.

ამას უნდა დაემატოს ქვეყანაში შემოსული  ტურისტის, დამსვენებლის, სამუშაოდ ჩამოსულ უცხოელთა საორიენტაციო რაოდენობა და სხვა მონაცემები.

საქართველოში ამჟამად,  ერთი სულზე  წელიწადში, სავარაუდოდ 112 კგ. ბოსტნეული მოიხმარება. ამ რიცხვს თუ  საფრანგეთის, ბულგარეთის, ჩინეთის, ისრაელის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ბოსტნეულის მოხმარების მხრივ მათ 20-25 %-ით ჩამოვრჩებით, რაც თავისთავად  მომავლისათვის ბოსტნეულის საერთო მოსავლის 25-30%-ით გაზრდას და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გულისხმობს. ამ ამოცანის მისაღწევად აუცილებელია, მთელი წლის განმავლობაში ბოსტნეული კულტურების, სტაბილურად, მაღალი მოსავლის მოწევა, რათა სხვა მომხმარებელთან ერთად ნედლეულით ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოებიც  დაკმაყოფილდეს.

იანვარ-მაისის  პერიოდში ბოსტნეულის მიწოდებას  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. საამისოდ აუცილებელია:

  1. დაცულ და ღია გრუნტზე გავაფართოვოთ საადრეო ბოსტნეულის წარმოება, ფართობის ერთეულზე გავზარდოთ მოსავლიანობა.
  2. გავზარდოთ საშუალო-საგვიანო ბოსტნეულის წარმოება, რაც შესანახად ვარგისი იქნება, ამასთან გავზარდოთ ბოსტნეულის სანახების რაოდენობა და მოცულობა.
  3. გავაუმჯობესოთ და გამოუშვათ მაღალხარისხიანი სხვადასხვა ნაირსახეობის ბოსტნეულის კონსერვები. გავამრავალფეროვნოდ ადგილობრივი ბაზრისა და საექსპორტო მშრალი და გაყინული ბოსტნეულის ასორტები.

ბოსტნეულის საერთო მოსავლის წარმოების გაზრდა, ძირითადად, ფართობების მკვეთრად გაზრდის ხარჯზე, უნდა მოხდეს. მებოსტნეობაში,უახლოეს  მომავალში, ჩვენი მთავარი მიზანი  საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის  და ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მკვეთრი ზრდა უნდა იყოს.

კომპლექსური მექანიზაციის გამოყენების მეთოდების დამუშავებითა

და აგროტექნიკური ტექნოლოგიების ზუსტი დაცვით, მეცნიერების მიღწევებისა და მაღალი ღირსების მქონე თესლების გამოყენებით,  მიიღწევა მოსავლიანობის და პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლების გაზრდა.

როგორც წესი, მებოსტნეობა მაღალმოსავლიანი დარგია, მიმის მიუხედავად, რომ მინდვრის კულტურებთან შედარებით ბოსტანს სახნავი მიწის მცირე პროცენტი უკავია, კარგი დაგეგმარების პირობებში (უმრავლეს კულტურებს მოკლე სავეგეტაციო პერიოდი გააჩნიათ) ის მაინც უზრუნველყოფს ბოსტნეულით მოსახლეობის მოთხოვნილების  დაკმაყოფილებას.

საქართველოში ბოლო ათწლეულში დელიკატეს და ნაკლებად გავრცელებულ ბოსტნეულზე, რომლებიც შედარებით დაბალი მოსავლით ხასიათდება, მოსახლეობის მოთხოვნა გაიზარდა, რაც, შესატყვისად, დამატებით საბოსტნე მიწების გაფართოებას მოითხოვს.

მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოში აუცილებლად უნდა განვითარდეს გეგმიური მებოსტნეობა. დიდ ქალაქებში, ინდუსტრიულ ცენტრებში და საკურორტო რეგიონებში უნდა შეიქმნას ბოსტნეულის მწარმოებელი  სპეციალიზებული მსხვილი ასოციაციები და კოოპერატივები. აქვე უნდა გაფართოვდეს სასათბურე მეურნეობები და დელიკატესი ბოსტნეულის წარმოება, რათა მოსახლეობა, მთელი წლის განმავლობაში, ბოსტნეულის პროდუქციით თანაბრად მომარაგდეს. იმისათვის, რომ  ქვეყანაში მთლიანად დაკმაყოფილდეს ერთი სული მოსახლეზე, ტურისტზე თუ სტუმარზე ბაზრის მოთხოვნა, 650-800 ათასი ტონა ბოსტნეული უნდა ვაწარმოოთ.

საბოლოო ჯამში, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოში ბოსტნეულმა საშუალოდ 40,6 ათასი ჰა. ფართობი უნდა დაიკავოს, რაც მთელი სახნავი მიწის, მხოლოდ 5,57 პროცენტია.

ლერი ნოზაძე _ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

ნატო კაკაბაძე _ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო