რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს და საქმიანობდეს სოფლად საქართველოში
სოფლად მოსახლეობის რეალური დასაქმებისა და შედარებით მოკლე დროში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სათანადო დონის მიღწევა მხოლოდ სისტემური ცვლილებებითა და კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. მათ შორის ერთ-რთი მნიშვნელოვანია ადამიანთა რესურსების სამეწარმეო აქტივობის ამაღლება. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების უძირითადესი პროდუქტიაჯანმრთელი, მაღალკვალიფიციური, სოციალურად და გონებრივად განვითარებული ადამიანი. იგი ქვეყნისთვის არანაკლებ დიდი განძია, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მსოფლიოში რეალიზებადიპროდუქცია.
ფსიქოლოგიურად და კულტურულად სოფელი და ღონიერი გლეხკაცი ერის თვითმყოფადობის (ვინაობისა და რაობის) შენარჩუნების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია.
გლეხკაცი, ძალიან ხშირად, უბრალოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლად მიაჩნიათ, თუმცა, მისი როლი სცილდება ამ ჩარჩოებს. სინამდვილეში ის აუცილებელია სოფლისთვის, უფრო მეტიც,გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქმნელია. მას მოფრთხილება, თანადგომა და შესაფერისი დაფასება სჭირდება. გლეხკაცი, განსაკუთრებით საქართველოში, ვერ განიხილება, როგორც საშუალებარაღაც მიზნისთვის — იგი უნდა განვიხილოთ მხოლოდ, როგორც მიზანი. გლეხკაცის მოწოდება და დანიშნულება არ არის მხოლოდ ის, რომ მოხნას, დაბაროს, გასხლას, მოუაროს პირუტყვს, მოიყვანოსმარცვლეული, მწვანილი, ხილი თუ ყურძენი. მისი პირველი მოწოდებაა იყოს ღირსეული, ჯანსაღი, ყოველმხრივ გამართული ადამიანი, ქართველი ბავშვების გამზრდელი, ქართველი ერის ხერხემალი,საზოგადოების გამომკვებავი, საქართველოს დემოგრაფიის დამცველი, მისთვის ოფლისა და სისხლის დამღვრელი (ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქე) და საქართველოს მიწის ყოველი ცალკეული გოჯისშემნახავი ასიათასობით პოტენციური „სტუმრის“ პირისპირ.
ქართული სოფელი უკანასკნელ წლებში გატარებული არასწორი სოციალურ-ეკონომიკური (მ.შ. აგრარული) პოლიტიკის გამო უაღრესად დაკნინებულია. ასეთ პირობებში აგროსექტორის კრიზისიდან გამოსვლადა შემდგომი განვითარება შესაბამისი დაცვითი (მარეგულირებელი) მექანიზმებისა და გარედან დახმარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორც წესი, სახელმწიფო რეგულირებით უნდა განხორციელდეს ის ფუნქციები, რომლებიც არაა უზრუნველყოფილი თვითრეგულირების საბაზრო ბერკეტებით. საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ აგროპროდუქციის წარმოების სფერო, იმყოფება რა სახელმწიფოს მუდმივი მზრუნველობის ქვეშ და ფინანსდება რა მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, ქმნის ფერმერული მეურნეობებისა და მათი კოოპერაციული გაერთიანებებისთვის მდგრადი განვითარების საფუძველს. ამ პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას სახელმწიფო ახორციელებს მხოლოდ სისტემური და კომპლექსური მიდგომების საფუძველზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ პროგრამამ უნდა მოიცვას კონკრეტული მიმართულების სასოფლო-სამეურნეო წარმოების მთლიანი სისტემა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე კარგად სოფლად კოოპერაციული მოძრაობის განვითარებითაა შესაძლებელი. ესპროცესი ყველგან სახელმწიფოს აქტიური მაორიენტირებელი, მაორგანიზებელი როლითა და ხელშეწყობით წარიმართა.
სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრებას ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა,აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოფლის კომპლექსური და დაჩქარებული განვითარება. ესაა ცნების „ჯანსაღი საშუალო ფენა“ რეალური შინაარსი. ამიტომაც სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაარის, სხვა ყველა ამოცანასთან ერთად (მიწასთან მარადიული ურთიერთობა, სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა, სოფლის განვითარება და სხვ.), სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მოფრთხილებისა დასაზოგადოების გამოსაკვებად მისი შრომის სტიმულირების პოლიტიკაც. ასეა ჯანსაღ ქვეყნებში — ნაკლებ განვითარებულიდან დაწყებული და ყველაზე განვითარებული დემოკრატიებით დამთავრებული.რადგან მათ იციან, რომ წააგებს ყველა, ვისაც არასწორი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა აქვს.
ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად, საჭიროა შემუშავდეს და ამოქმედდეს სოფლის განვითარების პოლიტიკაც. სოფლის განვითარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. მისი მიზანია სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირება, რასაც სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისა და აგროპროდუქციის წარმოების გადიდებისთვისგადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს საჯარო სივრცეში ბოლო წლებში გახშირდა კამათი, როგორც ეკონომიკური განვითარების პროცესში სოფლის მეურნეობის როლის, ასევე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობრივი პარამეტრების შესახებ. ფაქტია, რომ 2004-2012 წლების ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად დაკნინდა ეროვნულ ეკონომიკაში აგრარული სექტორის როლი, რამაც სოფლად მცხოვრები შრომისუნარიანი მოსახლეობის მკვეთრი შემცირება განაპირობა. სტატიაში სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხია განხილული.
საქართველოს სტრატეგიული განვითარების კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი პრობლემის გადაწყვეტას, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლეობის მაქსიმალურად ეფექტიანი გაადგილება. ცხადია, ეს ურთულესი საკითხია, რომელზეც უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას და ყველაფრის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით გადაწყვეტა შეუძლებელია, თუმცა, აუცილებელია დადგენილ იქნეს რამდენიმე ძირითადი პარამეტრის დასაშვები მერყეობის ამპლიტუდა, რაც წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს სახელმწიფოს და ერის სასიცოცხლო ინტერესებთან.
ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სასოფლო და ურბანული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობის და მათი თანაფარდობის პარამეტრების დადგენაა. ეს განსაკუთრებით აქტუალურად გვეჩვენება დღეს, თუ ამ მიმართულებით გამოთქმულ და დაწერილ არაკომპეტენტურ, ზერელე, წინასწარ აკვიატებულ და, შესაბამისად, არამართლზომიერ მოსაზრებებს გავითვალისწინებთ.
საქართველოში, არცთუ იშვიათად, ისმის მოსაზრებები სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ზოგიერთები, იშველიებენ რა საკუთარ „კომპეტენტურობას“ და „ინფორმირებულობას“ ამ საკითხში,ამტკიცებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სოფლად, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას უმნიშვნელო რაოდენობის ადამიანთა რესურსი ესაჭიროება და ა.შ. ამგვარი შეხედულებების სასარგებლოდ ე.წ. „ექსპერტებს” რამდენიმე არგუმენტი მოაქვთ: როგორც წესი, ეს არის ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში სოფლის მცხოვრებთა პროცენტული წილი, სოფლად დასაქმებულთა წილი და მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი. ამ მონაცემებით მანიპულირების შედეგად ისინი ცდილობენ გაამყარონ საკუთარი არამართლზომიერი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი. რეალურად საქმე სრულიად სხვაგვარად არის და ამის დამტკიცებას ქვემოთ, განვითარებული ქვეყნების მონაცემებზე დაყრდნობით შევეცდებით, მრავალმხრივი ობიექტური ანალიზის საფუძველზე
(იხ. ცხრილი 1)
კერძოდ, ის, ვინც ამტკიცებს, რომ საქართველოს სოფლებში ჭარბი მოსახლეობაა, უმთავრეს არგუმენტად სოფლის მოსახლეობის მაღალ წილს ასახელებს. მართლაც, ეს მაჩვენებელისაქართველოსთვის 47%-ია, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში არსებითად ნაკლები. თუმცა, თუ აღნიშნულ მონაცემს სხვა მაჩვენებლების კონტექსტით განვიხილავთ, მაშინ სრულიად განსხვავებულ სურათსმივიღებთ. მაგალითად, გერმანიასა და ნიდერლანდებში (ამ ქვეყნების მაგალითი ყველაზე ხშირად მოაქვთ არგუმენტად) სოფლის მოსახლეობის წილი შესაბამისად 26,5 და 17%-ს შეადგენს, თუმცა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს მონაცემები 21,5 და 2,8 მლნ-ია. თუ ამ მონაცემებს ქვეყნის ფართობსა და მთლიანი მოსახლეობის მაჩვენებლებთან კორელაციაში განვიხილავთ, საინტერესო დასკვნამდე მივალთ: გერმანიის ტერიტორია საქართველოზე 5,1-ჯერ, ხოლო მოსახლეობა 18,7 ჯერ მეტია, ნიდერლანდები კი, მართალია, ტერიტორიით საქართველოზე პატარაა 1,7-ჯერ, თუმცა, მოსახლეობით 3,9-ჯერ უფრო მეტია. მსგავსი მსჯელობა იმ დასკვნისთვის გვჭირდება, რომ საქართველო გერმანიის შესაბამისი მოსახლეობის სიმჭიდროვის ქვეყანა რომ იყოს, მაშინ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს დაახლოებით 16 მლნ ადამიანი, ხოლო სოფლად, იგივე გერმანული პროპორციის გამოყენების შემთხვევაში კი, აღნიშნული რაოდენობის 26,5%, ანუ დაახლოებით 4,2 მლნ ადამიანი. იგივე გაანგარიშებებს თუ ნიდერლანდების მონაცემებზე დაყრდნობით შევასრულებთ, მივიღებთ, რომ საქართველოში ნიდერლანდური მოსახლეობის სიმჭიდროვის მიღწევის შემთხვევაში, იცხოვრებს, დაახლოებით, 28,1 მლნ ადამიანი, ხოლო სოფლად — 4,8 მლნ.
ცხადია, მსგავსი მსჯელობა არ ისახავს მიზნად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განთავსების პარამეტრების დადგენას, თუმცა, მათ საწინააღმდეგოდ, ვინც ზემოხსენებული ქვეყნების მაჩვენებლებით მანიპულირებას ცდილობს, ვფიქრობთ, რომ გამოდგება.
რაც შეეხება ქართულ სოფელსა და აგრარულ მეურნეობაში ადამიანთა საერთო და შრომითი რესურსების რეალური გამოყენების პირობებს, ამისთვის საჭიროა უფრო მიზანმიმართული კვლევის ჩატარება და თუ ის იქნება მრავალმხრივი, ანუ პარამეტრები დადგინდება კვლევის სხვადასხვა მეთოდით, მაშინ მიღებული მონაცემების თანაკვეთა მოგვცემს რეალობასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებულ სურათს.
პირველყოვლისა, ჩვენ იმ ქვეყნების მაჩვენებლების ანალიზსა და განზოგადებას შევეცდებით, რომელთაც საქართველოს მსგავსი საბაზო პირობები გააჩნიათ, თუმცა, ეკონომიკური განვითარების დონით მნიშვნელოვნად გვისწრებენ და შესაბამისად მიბაძვის ობიექტებადაც შეიძლება გამოდგნენ. ამისთვის კი რამდენიმე კრიტერიუმი უნდა ჩამოვაყალიბოთ: პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ ის ქვეყნები, რომელთაცჩვენი ქვეყნის მსგავსი ბუნებრივ-კლიმატური, რელიეფური პირობები და სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა აქვთ (მაგალითად, ამ უკანასკნელი კრიტერიუმის უმთავრეს განმსაზღვრელად მივიჩნიეთ ქვეყანაში მევენახეობის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი დარგის არსებობა). ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, ეს ქვეყნები ეკონომიკურადაც განვითარებულნი უნდა იყვნენ. განვითარების ზღვრად ჩვენს ანალიზში აღებული გვაქვს მშპ-ს მოცულობა 20 ათასი დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, ქვეყნის ეკონომიკისა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების საბაზო პირობები და კვების ტრადიციები. ამ კრიტერიუმების მიხედვით, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც საქართველოსთან ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით შედარებითი მსგავსებით გამოირჩევა და ჩვენ მიერ დადგენილ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელსაც აკმაყოფილებს. ეს ქვეყნებია: შვეიცარია, იტალია, უნგრეთი, პორტუგალია, საბერძნეთი. ჩვენ არ განვიხილეთ საფრანგეთის და ესპანეთის მაგალითები, რადგან ამ ქვეყნების ტერიტორიის სიდიდე დიდ გავლენას ახდენს ეროვნული მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაზე, კერძოდ კი – მარცვლეული კულტურების სასარგებლოდ, რაც აღნიშნულ ქვეყნებს მსხვილი ინდუსტრიული ფერმების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
ანალიზს შვეიცარიით დავიწყებთ, რადგან გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ყველაზე კარგად შეესაბამება ჩვენ მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, ამავე დროს, საუკეთესო ორიენტირიც არის სამომავლო განვითარების მხრივ.
შვეიცარიის და საქართველოს ტერიტორიის ფარდობითი კოეფიციენტი შეადგენს 0,59-ს, ხოლო მოსახლეობის ანალოგიური კოეფიციანტია 1,76, ანუ საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე ამ ევროპულიქვეყნის შესაბამისი რომ იყოს, იცხოვრებდა დაახლოებით 13 მლნ ადამიანი, ხოლო ვინაიდან შვეიცარიის სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 26,4%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლის პროეცირებას თუ საქართველოზე მოვახდენთ, მივიღებთ 3,4 მლნ სოფლის მოსახლეობას, საბერძნეთის მაგალითზე იგივე გაანგარიშებების შემთხვევაში — 5,7 და 2,3 მლნ ადამიანს, უნგრეთის მაგალითზე – 7,6 და 2,5 მლნ-ს,იტალიის მაგალითზე — 14,3 და 4,5 მლნ-ს, ხოლო პორტუგალიის მაგალითზე — 8,3 და 3,2 მლნ-ს.
ამდენად, როგორც ჩვენ მიერ შესრულებული გაანგარიშებები ცხადყოფს, საქართველოს სოფლის მოსახლეობა შეიძლება იყოს 2,3 მლნ-დან 4,5 მლნ-მდე. დღეს (2015 წ.) რეალურად სოფლად ცხოვრობსდაახლოებით 1.5 მილიონი, ანუ, საქართველოს სოფლებში არათუ ჭარბმოსახლეობაა, არამედ ადამიანთა რესურსების სიმცირესთანაც კი გვაქვს საქმე (განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში).
საქართველოს სოფლის მეურნეობაში ამჟამად დასაქმებულია დაახლოებით 350 ათასი ადამიანი (ფაჴ-ს მონაცემი). ქვემოთ გვექნება მსჯელობა თუ რამდენად არის ეს ციფრი ოპტიმალურთან ახლოს.
ზოგადად, როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზეა მსჯელობა, უპირველესად უნდა განისაზღვროს, თუ რა არის ამ მხრივ უმთავრესი მიზანი. საქართველოს პირობების გათვალისწინებით(მხედველობაში გვაქვს რთული ვერტიკალური ზონალობა, მცირემიწიანობა, მძიმე დემოგრაფიული და ეკონომიკური ვითარება, განსაკუთრებით ქართული რეალობა, რომლის მიხედვითაც სოფელი ტრადიციების და ეთნო-კულტურული იდენტობის უმთავრესი კერაა) უპირველესი ამოცანაა მიწის ეფექტიანი გამოყენება, ანუ მაქსიმალური შრომა-უკუგების მიღება. ამასთან, ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომადგილობრივმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ არ დაკარგოს კონკურენტუნარიანობა უცხოურ პროდუქციასთან მიმართებით. შესაძლებელია თუ არა აღნიშნულის მიღწევა, ამის შესახებ, ჩვენი აზრით, ობიექტური დასკვნის გაკეთება ისევ განვითარებული ქვეყნების მაგალითის შესწავლით შეიძლება (იხ. ცხრილი 2).
კერძოდ, საქართველოს აგრარულ მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე მოდის 7,48 ჰა სოფლის მეურნეობის სავარგული. შვეიცარიაში ეს მაჩვენებელია 11,45 ჰა. თუ ამ მონაცემს ოპტიმალურად მივიჩნევთ, მაშინსაქართველოს სოფლის მეურნეობაში უნდა საქმიანობდეს დაახლოებით 215 ათასი ადამიანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სავარგულების რაოდენობად აღებულიგვაქვს დაახლოებით 2,5 მლნ ჰა, თუმცა, ამ მონაცემის გაზრდა მინიმუმ 20%-ით არის შესაძლებელი. სავარგულებში დღეს არსებული სხვადასხვა პრობლემის დარეგულირების შემდეგ, ცხადია, შესაბამისადგაიზრდება დასაქმებულთა პოტენციური რაოდენობაც. იტალიაში სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე მოდის 16,74 ჰა. საქართველოს სავარგულების რაოდენობის გაყოფით ამ მაჩვენებელზე მივიღებთ დაახლოებით 148 ათას დასაქმებულს, უნგრეთის ანალოგიური მონაცემის შემთხვევაში გვექნება 136 ათასი, საბერძნეთის მაგალითზე მივიღებთ 191 ათასს, პორტუგალიის მაგალითზე კი – 345 ათასს. ამ ხუთიქვეყნის მიხედვით ერთ დასაქმებულზე სავარგულების საშუალო მაჩვენებლის განხილვის შემთხვევაში (რაც 13,3 ჰა-ს შეადგენს) მივიღებთ დაახლოებით 186 ათას დასაქმებულს, ხოლო ზემოთ მოტანილი მაჩვენებლების პირდაპირ საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით — 207 ათასს.
ზემოთ მოტანილი მაჩვენებლების და საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მართებული აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, შესაძლებელია ერთ დასაქმებულზე სოფლის მეურნეობის სავარგულების ოპტიმალურ რაოდენობად მივიჩნიოთ 10 ჰა. ასეთ პირობებში საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმდება მინიმუმ 250 ათასი ადამიანი, რომელთა შრომის მწარმოებლურობა და შესაბამისად შემოსავლები აღნიშნული მუშახელისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-კულტურული განვითარების მაღალ დონეს განაპირობებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშახელის ეფექტიანობის ზრდის უმნიშვნელოვანესი რეზერვია სოფლის მეურნეობის საწარმოთა საქონლიანობის დონის ამაღლება. ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ამჟამად მეტად დაბალია და სოფლად მცხოვრებთა შინამეურნეობებისათვის შეადგენს მხოლოდ 37%-ს.[1] აღნიშნული მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტო განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს, არამედ 1980-იანი წლების ბოლოს სოფლად მცხოვრებთა შინამეურნეობებში წარმოებული პროდუქციის საქონლიანობის დონესაც (45%).[1]
გარდა წარმოდგენილი მეთოდისა, არსებობს სხვა მრავალი მეთოდიც, რომლითაც შესაძლებელია ანალოგიური პარამეტრების გაანგარიშება. მათგან, ჩვენი აზრით, ყველაზე მიზანშეწონილია სოფლის მეურნეობაში შრომითი რესურსების ნორმატიული სიდიდე განისაზღვროს სოფლის მეურნეობის კულტურების და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური რუკებით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე. ამ მეთოდით სოფლის მეურნეობაში უშუალოდ დასაქმებულთა ნორმატიული სიდიდე (ოპტიმალური რიცხოვნობა), ჩვენი გაანგარიშებით, 345-355 ათას კაცს შეადგენს, რაც პრაქტიკულად შეესაბამება FAO-ს მონაცემს, რომელიც ზემოთ ფიგურირებდა ჩვენ გაანგარიშებებში. თუმცა, მომავალში ეროვნული ეკონომიკის განვითარებისა და ქართული სოფლის სპეციფიკურითავისებურების გათვალისწინებით, შესაძლოა მათი რაოდენობა ოპტიმისტური სცენარით 300-330 ათას კაცამდე შემცირდეს, ანუ სოფლად დღეს მცხოვრები მოსახლეობის 15-20 %-ის ფარგლებში დარჩეს (მხედველობაში გვაქვს მექანიზაციის დონის ამაღლება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა პროგნოზირებადი პროგრესული მიმართულებები). ამ მაჩვენებელთან ერთადთუ გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობის სავარგულების მაქსიმალურ ფართობს, რომლის პოტენციალიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ერთ დასაქმებულზე მივიღებთ 10-12 ჰა-ს, რაც დაახლოებით შეესაბამება ჩვენმიერ ზემოთ მოყვანილ განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.
ამრიგად, არასწორად მიგვაჩნია მოსაზრება იმის შესახებ, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებული უნდა იყოს მოსახლეობის მხოლოდ 2-3 პროცენტი. ჩვენი აზრით, სოფლად უნდა იცხოვროს იმდენმა ადამიანმა,რამდენის საშუალებასაც ამა თუ იმ ქვეყნის ბიოგეოკლიმატური პოტენციალი, სოფლის მეურნეობისა და ზოგადად ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა იძლევა და რომლის პირობებში ადგილობრივი აგრორესურსების ყველაზე ეფექტიანი გამოყენება მიიღწევა. საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი მინიმუმ 2,3 მლნ ადამიანია, თუმცა წინასწარ გამიზნული ეკონომიკური (მ.შ. აგრარული) პოლიტიკის შემთხვევაშიმაშინ, როდესაც საქართველოს მზარდი დემოგრაფიული მაჩვენებლები ამის შესაძლებლოებას მოგვცემს, ჩვენი ქვეყნის არაურბანული დასახლებების ტევადობის პოტენციალი 4,5 მლნ ადამიანიც შეიძლება იყოს. სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ ყველა არსებული რეზერვის ამოქმედებაზე და სოფლად მცხოვრებთა სრულფასოვან სოციო-კულტურულ ყოფაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის საზოგადოების ეკონომიკური დედაბოძი ყოველთვის ქართველი გლეხი იქნება, მისთვის სრულფასოვანი ცხოვრებისეული არეალის შექმნა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის ფორმირებას გულისხმობს და აქვე თუ გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობის მომიჯნავე დარგებში დასაქმებულებს და საქართველოს აგროტურიზმის მნიშვნელოვან პოტენციალს, ცხადი გახდება, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი არაურბანულ მოსახლეობაში (უკიდურეს შემთხვევაში) არ გადააჭარბებს ევროპული ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს.
ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საქმიანობენ სოფლად (მასწავლებლები, ექიმები, მექანიზატორები, მელიორატორები, კულტურისა და კავშირგაბმულობის მუშაკები,მძღოლები, ხანდაზმული ადამიანები და სხვ.), როგორც წესი, დიდად (3-4 ჯერ) აღემატება მათ რაოდენობას, ვინც უშუალოდ დაკავებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით (მათ ფერმერისსტატუსი გააჩნიათ) ანუ ხნავს, თესავს, ვენახსა და ხეხილს უვლის, თიბავს, პირუტყვსა და ფრინველს ამრავლებსა და უვლის და ა.შ.. ხოლო თუ ოჯახის შრომისუუნარო წევრებსაც მივიღებთ მხედველობაში,კვლავ მივალთ იმ მონაცემებამდე, რის შესახებაც ზემოთ ვიმსჯელეთ: საქართველოს სოფლის მოსახლეობა უნდა იყოს არანაკლებ 2,3 მლნ-ისა, ხოლო პოტენციალი — 4,5 მლნ ადამიანი.
ბუნებრივია, ამ მონაცემების რეალურობა დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში განსახორციელებელ ეკონომიკურ (მ.შ. აგრარულ და სოფლის განვითარების) პოლიტიკაზე, მიწის კონსოლიდაციაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სტიმულირებაზე, სოფლად საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა აუცილებელი პროექტების განხორციელებაზე.
ეს ამოცანა, თავისით, რა თქმა უნდა, არ შესრულდება. ამ მიზნით საჭიროა განისაზღვროს და შემუშავდეს:
I. საქართველოს ძირითადი მიზანი და ამოცანა სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც, ჩვენი აზრით, შეიძლება იყოს ორი მიმართულების: პირველი, სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის,შენარჩუნება — განვითარება (ამ ამოცანაში შედის კულტურული და ველური ლანდშაფტების დაცვაც) და მეორე, სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის სტრუქტურის ჩამოყალიბება;
სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის, განვითარების გარეშე (სოფლის სტატუსი, რეალური თვითმმართველობა — არჩეული მამასახლისი, ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა — გზა, წყალი, ელექტროენერგია, გაზიფიკაცია, ჯანდაცვა, ბაგა-ბაღები, სკოლები, ბიბლიოთეკები, კლუბები, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, დასაქმება და სხვ.) ქართულ სოფელს დაცლა, ანუ მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია ემუქრება. თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არა მარტო სოფლის მეურნეობა, არამედ თვითსოფელიც კი.
II. პრინციპულად ახალი სასოფლოსამეურნეო პოლიტიკა და აგროსასურსათო სექტორის განვითარების მიზანმიმართული სტრატეგია (რომელიც მოიცავს სისტემას, სტრუქტურას, სტრატეგიას, ტაქტიკას,ხედვას, კადრების ნებას, კადრების სწავლებას), რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და აგრარული შრომის მოტივაციის ამაღლებას უკავშირდება.
გვახსოვდეს: სოფელი პირველ ყოვლისა არის სახლობის ერთეული და არა მეურნეობისა. სოფლის განვითარების ერთ- ერთი მთავარი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი სტატუსის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის და, ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების გაფართოებული აღწარმოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პაატა კოღუაშვილი, სტუ-ს პროფესორი
ბადრი რამიშვილი, თსუ-ს პროფესორი