მე და ჩემი სოფელიმედიასტატიები

ემიგრანტთა შემოქმედების პირველი საერთაშორისო ფესტივალი _ ბაზალეთის „ოქროს აკვანში“

ივნისის ბოლოს ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერის და პოპულარიზაციის ფონდის (ხელმძღვანელი რუსუდან გოგბერაშვილი) ინიციატივით და საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის უშუალო ჩართულობით, საქართველოში ემიგრანტული შემოქმედების პირველი საერთაშორისო ფესტივალი „ემ.არტ.ჯი-2017“ (EM.ART.GE-2017) ჩატარდა.

ფესტივალის პირველი დღე ბაზალეთში, სასტუმრო კომპლექს “ოქროს აკვანში” გაიმართა,  სადაც ფესტივალის მონაწილე ბავშვთა ემიგრანტული  ანსამბლები სტუმრობდნენ:  ანსამბლი “ფესვები” ამერიკიდან(ხელმძღვანელები შორენა ბარბაქაძე და ვანო გოდერძიშვილი) და ანსამბლი “იმედი” კვიპროსიდან (ხელმძღვანელები მევლუდ ყაფლანიშვილი და თამარ გელაშვილი).

ემიგრაციაში დაბადებულმა და გაზრდილმა პატარებმა ბაზალეთში სამი დაუვიწყარი დღე გაატარეს.  ფესტივალში მონაწილეობდნენ ასევე, ემიგრანტი მომღერალ-შემსრულებლები მერაბ სიამაშვილი, ხატია ბურჯანაძე საბერძნეთიდან და მარიამ წიკლაური მოსკოვიდან; მასპინძლები: დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „შადიანი“ (ხელმძღვანელი შადი ხადადი) და ფოლკლორული ანსამბლი „ივერიონი“ (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური) საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის “ემიგრანტის წერილი-2017”-ის ფინალისტები და პრიზიორები; გაიმართა ემიგრანტი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ხოლო ფესტივალის ბოლო დღეს-26 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, ქართული ემიგრაციის მუზეუმმა თანამედროვე ემიგრანტი ავტორების წიგნების გამოფენას უმასპინძლა თსუ VIII კორპუსში.
ემიგრანტი ბავშვები ფესტივალის დღეებში იყვნენ ექსკურსიაზე მცხეთასა და ანანურში. დაათვალიერეს რეგიონის ღირსშესანიშნაობები. ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტს და გაეცნენ ამ ისტორიული შენობის ღირსშესანიშნაობებს. ფესტივალის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ეწვია სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებას რუსთავში და პატიმარი ქალებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

დასასრულს, 26 ივნისს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალი და მონაწილეთა დაჯილდოება  თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ ემიგრანტ ბავშვებს ფესტივალში მონაწილეობისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო ანსამბლების ხელმძღვანელებს გადაეცათ საქართველოს პარლამენტის სიგელები “საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და სამშობლოსთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებისთვის”. სიგელები და პრიზები გადაეცათ ფესტივალისა და ემიგრანტული ლიტერატურული კონკურსის  “ემიგრანტის წერილი-2017”-ის პრიზიორებს და ფინალისტებს.

ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ აგრეთვე საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო და გამომცემლობა “ივერიონი“- ხელმძღვანელი ზაურ ნაჭყებია; დედათა გაერთიანება „ინანა”- ხელმძღვანელი მარინე კოლხიდაშვილი; ოსკარ შინდლერის აკადემია, პრეზიდენტი მაქს მეირ შავიტი; გადამზიდი კომპანია “სამება კარგო -გზავნილები” – ხელმძღვანელი ნოდარ ბურჭულაძე;/ესპანეთი/ ლიტერატორთა გილდიის საიტი „ literatori. Com.”- ხელმძღვანელი  მიშა რატიანი. /საბერძნეთი/