მეცხოველეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

საქართველოს სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციის ღირებულებაში მეცხოველეობის ხვედრითი წილს 56% უკავია. ამასთან, დარგის განვითარების თანამედროვე დონე და ცხოველთა პროდუქტიულობა საკმაოდ დაბალია, რაც მრავალ პრობლემას ჰქმნის შიდა ბაზრის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფის საქმეში.

მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბოლო 16 წლის მანძილზე ცხოველთა სულადობისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში აღინიშნება შემცირება, ხოლო ზოგიერთი მაჩვენებლით საკმაოდ მნიშვნელოვანი.
ასე, მაგალითად, 2000 წელთან შედარებით, პრაქტიკულად განახევრდა ყველა სახის ცხოველის ხორცის წარმოება (გარდა ფრინველის ხორცისა), 12,3 და 31,2%-ით შემცირდა ძროხისა და ცხვრის რძის წარმოება (შესაბამისად).
ეს გაპირობებულია მრავალი ფაქტორით, რომელთა შორისაა:
1. გაურკვეველი წარმოშობის, შედარებით დაბალპროდუქტიული ცხოველები;
2. ცხოველთა მოვლა-შენახვის ექსტენსიური, ბაგურ-საძოვრული სისტემა — ზაფხულში, ძირითადად ბუნებრივი საძოვრული საკვებით, ხოლო ზამთრის პერიოდში მხოლოდ უხეში საკვებით კვებით;
3. ცხოველთა სადგომების ზოოჰიგიენური და სანიტარული ნორმებისადმი შეუსაბამობა;
4. ექსპლოატაციის ნორმების დარღვევის მიზეზით ბუნებრივი სათიბ-საძოვრების ცენოზის გადაგვარება, რამაც მკვეთრად შეამცირა მოსავლიანობა;
5. დაბალი ტექნიკური შეიარაღება, რის გამო საწარმოო პროცესების ძირითადი ნაწილი სრულდება ხელით;
6. სანაშენე-სასელექციო საქმიანობის სრული იგნორირება, რამაც განაპირობა პროდუქტიულობის პოტენციური შესაძლებლობების დაქვეითება და ჯიშების აღრევა.
იმავდროულად, სწრაფი ტემპებით, 71,5 და 63,3%-ით ზრდა აღინიშნება მეფრინველეობის პროდუქტების, კვერცხისა და ხორცის წარმოებაში, შესაბამისად. და ეს მოხდა ფრინველების რიცხოვნობის მხოლოს 5,3%- ით გადიდების ფონზე.
ასეთი წინსვლა განპირობებულია იმით, რომ მეფრინველეობაში საკმაოდ სწრაფი ტემპით გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა, რამაც შესაძლებელი გახადა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაღალმწარმოებლური მეფრინველეობის ფაბრიკების შექმნა, რომელთა უმრავლესობაში დაინერგა ჰაჩჩჵ- ის სტანდარტები. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, აქაც არსებობს პროდუქტიულობის გაზრდისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების გარკვეული შესაძლებლობები.
ცხოველთა საშუალო პროდუქტიულობაზე მონაცემები და მიმდინარე ათასწლეულის დასაწყისში ამ მაჩვენებლების დინამიკა ნაჩვენებია მე-2 ცხრილში მოტანილ მასალებში. როგორც ვხედავთ, 2000 წელთან შედარებით 2016 წლისთვის ფურების საშუალო მონაწველი გაიზარდა 486 კგ-ით, რაც შეადგენს 30 კგ საშუალო წლიურ მატებას. მიუხედავად, ერთი შეხედვით, მონაწველის ასეთი ზრდისა, ეს მაჩვენებელი 3-4-ჯერ ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებული სარძეო მეძროხეობის ქვეყნებში საშუალო მონაწველის ზრდის ტემპს.
რაც შეეხება საშუალოდ 1 სული პირუტყვიდან ხორცისა და მატყლის წარმოების საშუალო მაჩვენებლებს, ისინი 2000 წელთან შედარებით კატასტროფულად დაბალ დონემდეა შემცირებული.
ეს არის იმის ძირითადი მიზეზი, რომ წლების მანძილზე საქართველოში რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება ჩამორჩება შიდა ბაზრის მოთხოვნილებას, რის გამოც მეტად დიდია იმპორტის ხვედრითი წილი.
ცხოველთა პროდუქტიულობის უმოკლეს პერიოდში გაზრდის შესაძლებლობები საქართველოში საკმაოდ დიდია. ეს არის: საკვებწარმოების ინტენსიფიკაცია და ცხოველთა ნორმირებული კვება, მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობის და პროდუქტიულობის დონის გათვალისწინებით, სანაშენე-სასელექციო საქმიანობის აღდგენა, მოვლა-შენახვის ზოოჰიგიენური და სანიტარული მოთხოვნების დაცვა, სანაშენე მოზარდის მიზანმიმართულად გამოზრდა და სხვ. ყოველივე აღნიშნული პირობების შესრულებით მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელი გახდება ცხოველთა საშუალო პროდუქტიულობის 50-70%-ით გაზრდა, რაც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ დეფიციტს.

ჯემალ გუგუშვილი,
სსმმ აკადემიის მეცხოველეობის, საკვებწარმოების და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი