დარგებიმეთევზეობა

რიონი ზუთხისებრთა ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად შეუცვლელი მდინარეა

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) საქართველოში, WWF-შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზუთხისებრთა კონსერვაციის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება დაიწყო. პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, რომელთა შორისაა.

დაინტერესებულ მხარეთა პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამთავრობო, სამეცნიერო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა შორის დიალოგსა და ზუთხისებრთა კონსერვაციის გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინირებას.

ზუთხისებრთა სახეობების კონსერვაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვა მათთვის ახალი დაცვითი კატეგორიის მინიჭების გზით.

ზუთხისებრთა მონიტორინგის პროგრამის შემუშავება და დანერგვის ინიცირება.

პროექტი ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ზუთხისებრთა კონსერვაციისა და მდინარე რიონის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 27 აპრილს, გაიმართა დაინტერესებულ მხარეთა პირველი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სამთავრობო, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისთვის ზუთხისებრთა კონსერვაციის პროექტის მეორე ფაზის გაცნობა. მონაწილეებმა ასევე მოისმინეს საქართველოში ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის მხარდაჭერით ზუთხისებრთა კონსერვაციის მიმართულებით მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაცია და იმსჯელეს დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით, მსოფლიოში გავრცელებული ზუთხისებრთა თითქმის ყველა სახეობა გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება. საქართველოს ზუთხისებრთა ექვსივე სახეობა ასევე შეტანილია ეროვნულ წითელ ნუსხაში.

მსოფლიოში რამდენიმე მდინარეა დარჩენილი, სადაც შემორჩენილია ზუთხისებრთა საქვირითე (სატოფო) ადგილები და შესაბამისად, ჯერ კიდევ ხდება მათი ბუნებრივ გარემოში გამრავლება. ამგვარი მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე მდინარეთა მცირე ჩამონათვალს მიეკუთვნება მდინარე რიონიც. აღსანიშნავია, რომ ამჟამად შავი ზღვის აუზის მხოლოდ ორ მდინარეში – რიონსა და დუნაიში – ხდება ზუთხისებრთა ბუნებრივი გზით აღწარმოება.

შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ სანაპიროზე კი რიონი ერთადერთი და შეუცვლელი მდინარეა ზუთხისებრთა ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად.