როგორ არეგისტრირებენ საკუთრების უფლებას მემკვიდრეობის საფუძველზე, ასევე ვის აქვს უფლება ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობის სავალდებულო წილი მოითხოვოს
მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლას სხვა პირზე/პირებზე (მემკვიდრეებზე).
იურისტების განმარტებით, არსებობს მემკვიდრეობის ორი სახე: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა.
კანონით მემკვიდრეობა გამოიყენება მაშინ, როდესაც მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან ანდერძი იყო დატოვებული მამკვიდრებლის მიერ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმდა.
იმისთვის, რომ მემკვიდრეობის საფუძველზე კონკრეტულ ქონებაზე წარმოიშვას საკუთრების უფლება, აუცილებელია, ნოტარიუსის მიერ გაიცეს სამკვიდრო მოწმობა, რომელიც შეიძლება იყოს გაცემული ან კონკრეტულ ქონებაზე ან/და ე.წ ზოგადი ხასიათის და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაიცემა როგორც კანონით მემკვიდრეზე, ასევე ანდერძის არსებობის შემთხვევაში).
მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მემკვიდრეს (ახალ მესაკუთრეს), თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) მის საკუთრებაში მემკვიდრეობის საფუძველზე გადასული ქონება.
მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა/მემკვიდრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.
ეს დოკუმენტებია: განცხადება (ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ); მემკვიდრის/დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სათანადო წესით დამოწმებული და გაცემული სამკვიდრო მოწმობა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი.
შენიშვნა: თუ წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, მაშინ დაინტერესებულმა პირმა ასევე უნდა წარმოადგინოს იმ უფლების დამდგენი საბუთის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებელს ჰქონდა საკუთრების/სარგებლობის უფლება.
თუ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა/ნაგებობით ან მის გარეშე და საჯარო რეესტრში დაზუსტებული არ არის მისი საკადასტრო მონაცემები, ასევე უნდა წარმოადგინოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია; (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვას ახორციელებენ შესაბამის რეგიონში მოქმედი საამზომველო კომპანიები).
თუ დაინტერესებულ პირს/მემკვიდრეს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია მოითხოვონ ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.
იურისტები ასევე განმარტავენ, ვის აქვს უფლება ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობის სავალდებულო წილი მოითხოვოს.
ვის აქვს უფლება ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობის სავალდებულო წილი მოითხოვოს
პირის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების განაწილება-განკარგვის საკითხით მოქალაქეები ხშირად ინტერესდებიან.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ იციან ანიჭებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა პირებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლებას, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ანდერძი.
ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს, ვის აქვს უფლება ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობის სავალდებულო წილი მოითხოვოს.
„მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც იმ წილის ნახევარიუნდა იყოს, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.
სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან წარმოიშობა. სამკვიდროს გახსნის დროდ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე ითვლება. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით გადადის.
თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც სამკვიდროს მისაღებად იქნებოდნენ მოწვეული, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.
გასათვალისწინებელია, რომ პირი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვს, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში მიიღო– იმაზე მითითებით, რომ მიღებული სავალდებულო წილში ჩაითვალოს.
თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო არაა გათვალისწინებული, მაშინ სავალდებულო წილი პირველ რიგში გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი, ხოლო, თუ ეს საკმარისი არ იქნება, შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან,“-აღნიშნავენ ბიუროში.
ქართული კანონმდებლობის მიხედვით, თუ მამკვიდრებელმა ნივთი მესამე პირს აჩუქა, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მისი შევსება იმ თანხით მოითხოვოს, რომლითაც მისი სავალდებულო წილი გაიზრდება, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის საჩუქრის გადაცემიდან 10 წელია გასული.
„თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება, რომელიც იმ წილის ნახევარზე ნაკლებია, რომელსაც იგი კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ის წილი, რასაც კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა.
სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება ჩამოერთვა, ანდერძით მემკვიდრეებზე გადადის,“-აღნიშნავენ იურისტები.
წყარო: https://imedinews.ge