აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ხეხილის მყნობა (რეკომენდაციები)

მყნობის სახეები
მყნობის სახეები მრავალრიცხოვანია, რომელიც გამოიყენება მებაღეობაში:
  1. შეხებით მყნობა – აბლაქტირება. ჩართული მყნობა, ხელით მყნობა.
  2. კალმით მყნობა, კვირტით მყნობა, მყნობა ინკრუსტაციით, კენწრის მყნობა,
  3. გვერდითი მყნობა, გაპობით მყნობა, ფარით მყნობა და სხვ.

საქართველოს სანერგე მეურნეობაში მიღებულია ძირითადად კვირტით მყნობა. დასავლეთ საქართველოში მყნობის ვადებია ივლისის 20-დან სექტემბრის ბოლომდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ივლისის დასაწყისიდან სექტემბრის 15 რიცხვამდე.

მყნობის პერიოდში საძირეს კანი ადვილად უნდა სცილდებოდეს. არ შეიძლება მყნობა წვიმაში ან ნაწვიმარის და ნამის გაშრობამდე, ძლიერი ქარის ან შუადღის დიდი სიცხეების დროს. მყნობა უნდა წარიმართოს გრილ დღეებში ან დილა ადრიანად და საღამოს მზის ჩასვლამდე. მყნობამდე ორი კვირით ადრე საძირეები უნდა მოირწყას, შეეცალოს გვერდითი ყლორტები და გასუფთავდეს ჩვარით. თესლოვნების და კურკოვნების ყველა საძირეზე მყნობა უნდა ჩატარდეს ფესვის ყელიდან 4-5 სმ სიმაღლეზე, ხოლო კლონურ და კომშის საძირეზე 15-20 სმ სიმაღლეზე. მათი ღრმად დარგვის საჭიროებისათვის. შესახვევ მასალად გამოიყენება სხვადასხვა მასალა, მაგრამ ფართოდ იყენებენ პოლიეთილენის აპკს სიგრძით 25 სმ, სიგანით 1 სმ.

მყნობის წესებიდან განსხვავებულია კაკლის მყნობა. მყნობის მაღალი შედეგები სათბურის პირობებში. შეხორცება 88,6-92,3%; ენაკით კოპულირების, გაპობით მყნობით და მანქანაზე ომეგა ჭრილით მყნობისას. სანამყენე კომპონენტების ნორმალური შეხორცებისათვის ოპტიმალურია 27-29°C ტემპერატურა. სათბურში ტენიანობა არ უნდა იყოს 80-85% ნაკლები. ხოლო სუბსტრატში სადაც მოთავსდება კაკლის ნამყენი ტენიანობა 65-70 % უნდა იყოს, ასევე დაცული უნდა იყოს ჰაერაციის პირობები.

მყნობის ოპტიმალური ვადაა ოქტომბერ-მარტი. ნამყენი ნერგის მაღალი გამოსავლიანობა უზრუნველყოფილია ლოკალური სტრატიფიკაციის პირობებში. სტრატიფიკაცია მიმდინარეობს 25-28 დღის განმავლობაში. თხილი, პეკანი, წაბლი ძირითადად მრავლდება ვეგეტატიურად. გამოიყენება კვირტით მყნობაც.

მშრალი სუბტროპიკული კულტურები

აღმოსავლეთის ხურმას ძირითადად ამრავლებენ კვირტის მყნობით. საძირედ გამოიყენება კავკასიური ხურმის ნათესარები, სამყნობ კალმებს მყნობამდე 4-5 დღით ადრე ამზადებენ. მყნობა უნდა ჩატარდეს აგვისტო-სექტემბერში. სხვადასხვა პერიოდში გამოიყენება მყნობა კალმით, გაპობით, კანქვეშ და სხვ.

იაპონური ზღმარტლი ძირითადად მრავლდება კვირტით და კალმის მყნობით. საძირედ გამოიყენება თავად იაპონური ზღმარტლისა და კომშის ნათესარები. უკეთესი შედეგი მიიღება მარტში გაპობით და შეხებით მყნობით.

უნაბი ძირითადად მრავლდება კვირტის მყნობით. ივნის-ივლისის თვეში, კალმით მყნობა უნდა ჩატარდეს აპრილის მეორე ნახევარში, საძირეზე 5-7 სმ სიმაღლეზე, ხოლო კალამის კანქვეშ მყნობა ტარდება აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის ბოლომდე.

ზეთისხილი მრავლდება მყნობით, კალმით, გადაწვენით ამონაყრებით. კვირტით მყნო¬ბის საუკეთესო პერიოდია აგვისტოს თვე და სექტემბრის ნახევარი. მყნობა ტა¬რდება 7-8 მმ დიამეტრის საძირეზე. მყნობა ტარდება საძირეზე ფესვის ყელიდან 3-4 სმ სიმაღლეზე.

ხეხილოვანი კულტურების მყნობიდან 10-15 დღის შემდეგ უნდა შემოწმდეს კვირტების შეხორცება. კარგი შეხორცებისას ფოთლის ყუნწი კვირტს ადვილად სცილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კვირტი შეხორცებული არ არის. გაცდენილი საძირეები მეორედ უნდა დაიმყნოს. მყნობის დამთავრებისას პირველი წლის ნაკვეთზე აღირიცხება დარგული, გახარებული, დამყნილი და კვირტმიღებული საძირეები. რომელიც შეაქვთ საველე დავთარში. შემოწმების შემდეგ მონაცემები გადაიტანება სანერგის წიგნში.

სანერგის მეორე წლის მინდორი – ხეხილის ყველა კულტურებისათვის გაზაფხულზე კვირტის დაბერვის პერიოდში საძირეები უნდა გადაიჭრას მყნობის ადგილიდან 3-4 სმ-ზემოთ. ჩვეულებრივ ტარდება ნიადაგის დამუშავება, გათოხნვა-გამარგვლა, სასუქების შეტანა, მორწყვა. შემოდგომისათვის მიიღება ერთწლიანი სტანდარტული ნამყენი ნერგები.

მესამე წლის ვარჯის ჩასახვის მინდორი. თესლოვანი კულტურების ერთწლიანი ნამყენი ნერგი უნდა გადაიჭრას შტამბზე. შტამბის სიმაღლის მიხედვით მიღებულია ხეხილის ნარგაობის შემდეგი ფორმები:

  1. ბუჩქისებრი ფორმა – 15-20 სმ;
  2. დაბალშტამბიანი ფორმა – 40-50 სმ;
  3. საშუალო შტამბიანი ფორმა – 60-80 სმ;
  4. მაღალშტამბიანი ფორმა – 80-100 სმ.

ბუჩქისებრი ფორმა გამოიყენება თხილის, ბროწეულის, ლეღვის, ზღმარტლის, შინდის და სხვა ხეხილოვანი კულტურებისათვის. დაბალი საშუალო შტამბიანი ფორმები მიღებულია ხეხილის ნაგალა და ნახევრად ნაგალა მცენარეებისათვის, ასეთი ხეხილი თითქმის ყველა კულტურაში არსებობს. მაღალშტამბიანი ფორმები მიღებულია ძლიერ საძირეზე ნამყენი ნერგის აღზრდისას. მესამე მინდორზე ყველა აგროტექნიკური ღონისძიება ტარდება სანერგის როგორც პირველ, ასევე მეორე მინდორზე.

დამამსხვილებელი ყლორტები შტამბზე არ უნდა შეეჭრას, შემოდგომაზე მიიღება 2-3 გვერდითი განვითარებული ტოტები, რაც წარმოადგენს ვარჯის ჩასახვას და მომავლისათვის ფორმირებას ბაღში.

ნერგის ამოღების და დახარისხების შემდეგ ის უნდა მიიმარხოს მიწაში, სათანადო თხრილში, მიიტკეპნოს მიწა და მოირწყას.

ზამთრის მყნობა

ზამთრის მყნობის მოგვარებისათვის საჭიროა შენობა განსაკუთრებული აღჭურვილობით. შენობა უნდა შედგებოდეს ორი განყოფილებისაგან – სარდაფის და სამყნობისაგან.

სარდაფში მცენარეები ინახება მყნობამდე და მყნობის შემდეგ, ის შედგება ორი საკანისაგან. ერთში შენარჩუნებული უნდა იყოს ტემპერატურა +4 – 6°C; მეორეში 0-3°C. ამისთვის გამოიყენება მაცივარი. საკუჭნაოში თავსდება ყუთებში ჩალაგებული ნამყენები.

სამყნობი საამქრო უნდა მდებარეობდეს სარდაფის თავზე, რომელიც შედგება რამოდენიმე ოთახისაგან. ერთ-ერთ ოთახში მზადდება საძირე და სანამყენე. სამრეცხაო მოწყობილობით და მეორე ოთახი სამყნობი. შემდეგი ოთახი განეკუთვნება სტრატიფიკაციის პირობებს. შემდეგი ოთახი წარმოდგენილი უნდა იყოს სამეურნეო საქმიანობისათვის. სარდაფის და სამყნობი საამქროები დაკავშირებული უნდა იყოს გასასვლელებით. სამრეცხაო ოთახში იდგმება სამყნობი მაგიდები. მყნობელისათვის მაგიდის ფართობი უნდა იყოს (0,8-0,9)x1,0 მ. ოთახში ტემპერატურა 18-20°C. სტრატიფიკაციის ოთახში ნამყენები ყუთებით თავსდება თაროებზე, სადაც სადღეღამისო ტემპერატურა შენარჩუნებული უნდა იყოს 20-22°C; ზამთრის მყნობის დროს სამყნობ შენობაში საერთოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა ნორმალური მუშაობისათვის. საამქროების ზომები დამოკიდებულია ზამთრის მყნობის ჩატარების მოცულობაზე. 2 თვის გამავლობაში 300 ათასი ნამყენის გასაკეთებლად ყოველდღიურად საჭიროა 12-15 სპეციალისტი და 4-5 დამხმარე მუშა. სამრეცხაო განყოფილებაში საჭიროა 2-3 მუშა. თითოეული მუშის სამუშაო პირობებისთვის საჭიროა 4-5 მ2 ფართობი. აქედან გამომდინარე სამყნობი ოთახის ფართობი  უნდა იყოს 60-70 მ2; სამრეცხაო ოთახი 18-20 მ2. სასტრატიფიკაციო ოთახის ფართობი 40-45 მ2.

ერთ სამუშაო დღეში მყნობელი ხელით აკეთებს საშუალოდ 400 ნამყენს. სტრატიფიკაციის პერიოდია 10-12 დღე. ორი თვის განმავლობაში 60 ათასი ნამყენი კეთდება. ის ეწყობა 150-160 ცალის რაოდენობით ხილის ყუთებში.

მიწის ზემოთა შენობის ფართი უნდა იყოს 140-150 მ2; ხოლო სარდაფის ფართობი ნამყენების შესანახად 1,5 ჯერ მეტი, სადაც უნდა მოთავსდეს 800-850 ყუთი 300 ათასი ნამყენით. საძირის და სანამყენეს შეერთების ადგილი უნდა შეიხვეს ყველაზე მოხერხებული პოლიმერული ბაფთით-სიგრძით 20-25 სმ; სიგანით 8-10 მმ. მყნობის დაწყებამდე ყოველ ათას ცალ ნამყენზე საჭიროა შენახული იქნეს საძირეები და სანამყენე მასალა მსხვილმარცვლოვან მდინარის სილაში 0,1 მ3 მოცულობით. ნახერხი და ტორფი 0,1-0,15 მ3; 3-4 ყუთი, 4-5 კალათი, 3-4 პოლიმერული ტომარა 0,5-1,0მ. მოცულობის. იხარჯება პოლიეთილენის ბაფთა 0,35-0,4 კგ და პარაფინი 0,15-0,2 კგ. ყოველ ათას ცალ ნამყენის გასაკეთებლად საჭიროა 320-350 ცალი ერთწლიანი ყლორტი-კალამი, ხოლო ჩართული მყნობისათვის 400 ცალამდე ნაგალა საძირის კალმები.

შემოღებული უნდა იყოს ზამთრის მყნობის აღრიცხვის წიგნი.

ღონისძიების წარმატება დამოკიდებულია საძირის და სანამყენეს მაღალ ხარისხზე. საძირე და სანამყენის შეხორცება თანაბარი სიმსხოს კომპონენტის შერჩევით განისაზღვრება. სამყნობი კალამი უნდა იყოს 3-4 კვირტიანი. მყნობის ამ პროცესს ეწოდება გაუმჯობესებული კოპულირება. ნამყენების პოლიეთილენის ბაფთით შეხვევის შემდეგ საჭიროა პარაფინში ამოვლება, რაც ხელს უშლის ნამყენის გამოშრობას სანერგის მინდორზე დარგვის შემდეგ და არ საჭიროებს კოკოლების გაკეთებას.

პარაფინი ხელს უწყობს შეხორცებას და ნამყენის სტრატიფიკაციის დროს შენახვას. საჭიროა შეირჩეს პარაფინის მარკები. ნამყენების შეხორცებას ხელს უწყობს სტრატიფიცირება. ჰაერის ტენიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს 85% -მდე; 16-18°C ტემპერატურის პირობებში სანერგის პირველ მინდორზე ნამყენები ირგვება სარგავი მასალის აღსაზრდელად. აგროტექნიკა ნარგაობის მოვლისთვის ისეთივეა, როგორც გრუნტში საძირეების ოკულირების დროს.

ზამთრის მყნობის შედეგად მიღებული ნამყენი ნერგი უნდა დაირგოს სანერგის პირველ მინდორზე. ამ შემთხვევაში მანძილი რიგთაშორის არის 20-25 სმ; ბაფთებს შორის 75-80 სმ, ხოლო მცენარეთა შორის მწკრივში არის 10 სმ. ასეთ კვების არეზე 1 ჰა-ზე ირგვება 280-300 ათასი ძირი ნერგი. დამყნილი კალმები ირგვება ჰიდრობურღით, მექანიზირებულად. თითო მორწყვის ჯერზე საჭიროა წყალი 300-400 მ3/ჰა .აუცილებელია მინერალური სასუქებით გამოკვება. 30-40 გ აზოტის შარდოვანა ყოველ 1,0 ლიტრ წყალში გახსნილი შეაქვთ მანქანით “მან-15”; გამოკვება ტარდება 2 ჯერ: პირველად, როცა ნაზარდი არის 15-20 სმ სიგრძის, ხოლო მეორე გამოკვება ტარდება 20-25 დღის შემდეგ. ნამყენი ნერგი როგორც კი მიაღწევს 1,0 მ სიმაღლეს, ნაზარდი იჭრება ისე, რომ შტამბის სიმაღლე იყოს 60-80 სმ; ხოლო ჩართულ მყნობის დროს ნაგალა ნერგის მისაღებად შტამბის სიმაღლე 40-50 სმ იქნება.

აზოტოვან სასუქთან ერთად დამატებით შეიტანება 80 გ სუპერფოსფატი და 50კგ-მდე კალიუმის სასუქი.

ვეგეტაციის ბოლოს გვიან შემოდგომაზე ნამყენი ნერგი ამოიღება, დახარისხდება და მიიმარხება ნიადაგში.

ზამთრის მყნობის ღონისძიება საჭიროებს მის ეკონომიკურ გაანგარიშებას.

ხეხილის ნერგის ინდუსტრიული ტექნოლოგიებით წარმოება

ხეხილის ნერგის ინდუსტრიული ტექნოლოგიებით წარმოება კონტეინერებში არის ორგანიზაციული და ტექნიკური კავშირის ღონისძიებათა კომლექსი, დახურული ფესვთა სისტემით, რომელიც დაფუძვნებულია კომპლექსურ მექანიზაციასა და ავტომატიზაციაზე.

ნამყენი ნერგის სათბურში წარმოება ხორციელდება კონტეინერებში. ნამყენი ნერგის აღზრდა ერთწლიანი, ორწლიანი ან ვეგეტაციაში მყოფი ნერგით. ნერგის დარგვა შეიძლება ყველა დროში ზამთრის პერიოდის გარდა. ნერგის სიმაღლე 30-35 სმ, 13-14 მმ დიამეტრის ფუნჯა ფესვებით. პაკეტი ივსება დოზატორის მეშვეობით სუბსტრატით. ტორფი, გადამწვარი ნაკელი, ნახერხი და მდინარის ქვიშა, კონტეინერები სუბსტრატთან ერთად ეწყობა ბლოკებად, ბლოკის სიგანე 1,05-1,15 მ; ნიადაგის ზედაპირი იფარება პოლიეთილენის აპკით. თითოეულ კონტეინერს უკეთებენ ხვრელს აერაციისათვის. საკუთარ ფესვიანი ნამყენი კალმები ირგვება კონტეინერებში გაკეთებულ ნახვრეტებში და მაშინვე ირწყვება. სუბსტრატის ტენიანობას ინარჩუნებენ 15-20 დღის განმავლობაში 65-70% ტენიანობით. ინტენსიური ზრდის პერიოდში 80%, სუბსტრატის ტემპერატურა უნდა იყოს 20-22°C, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით 25-28°C; ხოლო ღამით 18-22°C; ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 80-90%. ასეთ პირობებში მიიღება სტანდარტული ნამყენი ნერგი 100%-იანი შეხორცებით. ამონაყრებიდან თავისუფლდება საძირე და სანამყენე. ნერგს ასხურებენ პესტიციდებს მიკროელემენტებთან ერთად. ხეხილის ნერგის აღზრდისას შეაქვთ სასუქები. ნერგის სათბურში კონტეინერებში აღზრდისას მაისი-ივნისის თვის ბოლოს ნამყენის ნაზარდების სიგრძე აღწევს 110-130 სმ.

1,0 ჰექტარზე გაანგარიშებით აღნიშნული ტექნოლოგიით მიიღება 450-500 ათასი ძირი სტანდარტული ნამყენი ნერგი. ნამყენი ნერგის დარგვის წინ კეთდება ფუმიგაცია, ნამყენი ნერგი უნდა დაირგოს გაზაფხულზე და შემოდგომაზე, მცენარის სრულ მოსვენების პერიოდში. ღია გრუნტში დარგვისას ნამყენ ნერგს უვლიან ისე, როგორც ჩვეულებრივ პირობებში _ აგროწესების სრული დაცვით

საძირეების და ხეხილის ჯიშების საკუთარფესვიანი ვეგეტატიური გამრავლება

ვერტიკალური ამონაყრებით ამრავლებენ დუსენის, პარადისის, ხომანდულის ვაშლის ტიპის და კომშის კლონურ საძირეებს. უკეთესი შედეგი მიიღება ყლორტების ჰორიზონტალურად გადაწვენისას. აღნიშნული მეთოდი უკეთეს შედეგს იძლევა კურკოვანი კულტურების საძირეების გამრავლების დროს, რისთვისაც საჭიროა ნიადაგის დამუშავება 40-50 სმ სიღრმეზე. ნიადაგში ორგანული სასუქი შეიტანება 40-50 ტ/ჰა-ზე. 60 კგ ფოსფორი და 90 კგ კალიუმი 1,0 ჰა-ზე. როგორც წესი კენკროვან კულტურებს კალმებით ამრავლებენ.

კენკროვან კულტურებს ახასიათებთ მაღალი მიდრეკილება ვეგეტატიური საკუთარფესვიანი სარგავი მასალის გამრავლებისაკენ.

თესლოვანი კულტურების, ნაწილობრივ კურკოვნების, კაკლოვნების და მშრალი სუბტროპიკული კულტურების ჯიშების კალმების დაფესვიანება ღია გრუნტში და სათბურის პირობებში ჯერჯერობით მიუღწეველია. თუმცა მეცნიერები აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობენ. ნერგის მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია რომელი კულტურების ნერგი მიიღება საკუთარფესვიანი მწვანე დაკალმებით.

მწვანე დაკალმების ტექნოლოგია

ხეხილის მწვანე კალმებით გამრავლება მიმდინარეობს დახურულ გრუნტში, სადაც ტემპერატურა და ტენიანობა არ არის შეზღუდული.

მწვანე დაკალმებისათვის განკუთვნილი შენობის გადახურვისათვის გამოიყენება გამჭვირვალე პოლიეთილენის ბაფთა, რომელსაც ახასიათებს ელასტიურობა, სიმსუბუქე, ტენგამტარებლობა, ჰაერგამტარებლობა და უნარი გაატაროს ულტრაიისფერი სხივები. მწვანე დაკალმებისათვის და დაფესვიანებისათვის საჭიროა სპეციალური პირობები. ტემპერატურა წარმოადგენს ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს. ფესვების წარმოქმნის ოპტიმალური ტემპერატურა არის 22-30°C ფარგლებში. სათბურის პირობებში შექმნილი უნდა იყოს ხელოვნური ნისლი. სხვადასხვა კულტურისათვის ტემპერატურის პირობები განსხვავებულია. ვაშლის, ალუბლის და ქლიავის მწვანე კალმები კარგად ფესვიანდება ხელოვნური ნისლის დროს 25-30°C, მოცხარი და ჟოლო 24-27°C. ხურტკმელი კი 18-23°C.

სუბსტრატის დაბალი ტემპერატურის პირობებში (8-10°C) კალმები აჩერებენ ფესვების წარმოქმნას და იღუპებიან. ხოლო 20°C დაბლა ფესვების წარმოქმნა შენელებულია. ტემპერატურის მომატების შემთხვევაში საჭიროა სათბურის განიავება. კალმების სწრაფი დაფესვიანების აუცილებელი პირობაა ჰაერის და სუბსტრატის შეფარდებით ტენიანობის პირობები. ოპტიმალური ტემპერატურის და ტენიანობის 80-95% პირობებში დაფესვიანება ჯიშების მიხედვით მერყეობს 43-97%-მდე. ფესვების რაოდენობა 4-დან 10-მდე. ფესვების სიგრძე 27-73 სმ-მდე.

დადებითი შედეგები აქვს ზრდის რეგულატორების გამოყენებას, როგორიცაა ბუნების ზოგიერთი ფენოლური ნაერთები, ვიტამინები და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები. მწვანე კალმების დასაფესვიანებლად საჭიროა გამოყენებული იქნას ბინდოლილცხიმჟავა (имк). ზრდის რეგულატორები უნდა გაიხსნას 96%-იან ეთილის სპირტში. ზრდის ნივთიერების 1,0 გრამზე იხარჯება 50 მლ სპირტი. სრული გახსნის პირობებში მას უნდა დაემატოს გამოხდილი წყალი. ხსნარი ისხმება კალმის ყუთებში ზომით 0,2×0,5×1,0 მ. გამოკრულ პოლიეთილენის ბაბთაში. კალმებს 2-4 სმ სიღრმით ჩაალბობენ ზრდის რეგულატორს ხსნარში ისე, რომ მწვანე ფოთლებს არ შეეხოს. ხსნარის ტემპერატურა უნდა იყოს 20°C. ძნელად დასაფესვიანებელი კალმების მქონე კულტურების – ვაშლის, მსხლის, თხილის, ბლის გამოყვანა ღია გრუნტში არ არის მიზანშეწონილი.

იუზა ვასაძე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორი, პროფესორი;

/გივი ბადრიშვილი/ _ – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორი, პროფესორი;

ვაჟა კვალიაშვილი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორი