მედიარუბრიკები

საქართველოში რამდენი სოფელია გაუკაცრიელებული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

ყველამ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო პოლიტიკურ მარაქაში გარეული ცალკეული მდიდარი პერსონები გლობალური დათბობით გვაშინებენ და, აქედან გამომდინარე, ფრიად სავალალო შედეგებს გვიწინასწარმეტყველებენ, რომ კაცობრიობას გარდაუვალი შიმშილი ემუქრება, რადგან 8 მილიარდზე მეტი ადამიანის გამოკვების რესურსი დედამიწას აღარ აქვს, მით უფრო, კლიმატი იცვლება და მოსახლეობაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
გლობალური დათბობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც სახელდება, უფრო ზუსტად, მათ მიერ გამოყოფილიი სითბური აირები, ამიტომაც ხელოვნური ხორცისა და ზოგადად, ხელოვნური საკვების დამზადების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მეორე მხრივ, ვიცით, რომ ევროპასა და აშშ-ში სოფლის მეურნეობა დოტაციურია, იმ მიზნითაც, რომ არ აწარმოონ ზომაზე მეტი პროდუქტი, ანუ იმდენი, რაც საბაზრო ეკონომიკაში წესებს არევს.

მართლაც ამოიწურა დედამიწაზე ნაყოფიერი მიწის მარაგი? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

soso-archvadze_w_h

– დედამიწას აღარ აქვს კაცობრიობის გამოკვების რესურსი? ყველა მიწა ათვისებულია? თავიც რომ დავანებოთ ნაყოფიერ მიწებს, მაგალითად, ისრაელმა, ტექნოლოგიების დახმარებით, უდაბნოში ისეთი სოფლის მეურნეობა განავითარა, რომ მხოლოდ 8 პროცენტია იმპორტი, მეტიც, ექსპორტზეც გააქვს.

– გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის შეიძლება, ჰორორის ელემენტებს შეიცავდეს, რაც თქვით, მაგრამ რეალურად ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ყველაფერი დამოკიდებულია შრომის მწარმოებლურობაზე, ანუ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულსა თუ აგრარულ სექტორში ერთ დასაქმებულზე რა რაოდენობის დოვლათის წარმოებაა შესაძლებელი. მაგალითად, ჩვენ ამერიკას, შრომის მწარმოებლურობით, დაახლოებით, 16-ჯერ ჩამოვრჩებით; საფრანგეთს – 20-ჯერ, ავსტრალიას – თითქმის, 25-ჯერ.

– უფრო დეტალურად განვმარტოთ შრომის მწარმოებლურობა.

– მაგალითად, რასაც ავსტრალიაში ქმნის ერთი ადამიანი, ჩვენთან იმდენივე დოვლათის შექმნას 25 ადამიანი სჭირდება, ისრაელში კი ერთი ადამიანი ქმნის იმდენს, რამდენსაც ჩვენთან დასჭირდება 35 ადამიანი. მაგალითად, ნიდერლანდების ტერიტორია ჩვენი ზომისაა, მოსახლეობა უკვე 5-ჯერ მეტი ჰყავთ ჩვენზე და მიწების 40 პროცენტი ზღვას წაართვეს, მაგრამ შრომის მწარმოებლურობის მიხედვით საკმაოდ წინ არიან: მეორე ადგილას მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობით. თანაც, იქ უკვე გავრცელდა, ეგრეთ წოდებული, ვერტიკალური განაშენიანება, ანუ სივრცეს ითვისებენ არა მხოლოდ ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაც. განვითარებული ქვეყნები, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ აგრარულ სექტორს და სუბსიდირება ჩვეულებრივი პროცესია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სოფლის მეურნეობაზე სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე, დაახლოებით, 500 დოლარია. ევროკავშირში, მხოლოდ ამ გაერთიანების საერთო ბიუჯეტიდან – 125 დოლარი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ 27-ვე სახელმწიფოს აქვს თავისი ეროვნული ბიუჯეტები, საიდანაც, ასევე, ხორციელდება სოფლის მეურნეობის სუბსიდირება. საქართველოში, ბოლო მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი 25 დოლარს არ აღემატება. ამდენად, თუ ჩვენ მეტი დოვლათის შექმნა გვინდა ჩვენს აგრარულ სექტორში, მეტი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გავუწიოთ მეტი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, სოფლის მეურნეობას, მთლიანად აგრარულ სექტორს უნდა ჩამოვაცილოთ ეკონომიკის ყველაზე სუსტი რგოლის დამღა. საჭიროა ჩვენი ბუნებრივკლიმატური პირობების, ჩვენი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინება და მეტი დოვლათის წარმოება.

რომ გადავთვალე, ამ საუკუნეში აგროსასურსათო საქონლის იმპორტმა საქართველოში, თითქმის, 25 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვამბობთ, რომ გვაქვს ტრადიცია, წარმოების კულტურა და მაინც ამდენად ვართ დამოკიდებული იმპორტზე. ექსპორტიც გვაქვს, მაგრამ იმავე პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს შორის თითქმის 12 მილიარდი დოლარის სხვაობაა. წარმოიდგინეთ, ეს თანხა რომ საქართველოში დარჩენილიყო და აგრარულ სექტორს მოხმარებოდა, დოვლათსაც მეტს ვაწარმოებდით და ეს ჩვენი სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ემიგრაციის სურვილსაც გაუქრობდა. ჩვენთან გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე გურიაში არსებული სოფლების საერთო რაოდენობა და უკვე უახლოვდება სამცხე-ჯავახეთში სოფლების რაოდენობას. ბოლო აღწერებს შორის, 11-წლიან პერიოდში, გაუკაცრიელდა სოფლების ის რაოდენობა, რაც აღემატება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებული ყველა სოფლის რაოდენობას.

– მოსახლეობაც შემცირებულია, ბუნებრივია?

– თავისთავად. სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობაც ერთი მესამედითაა შემცირებული ამ აღწერებს შორის პერიოდში. ეს უკავშირდება სოფლის ეკონომიკური ფუნქციის დაკარგვას და ამას უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება. თუ სოფელმა დაკარგა თავისი ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ფუნქცია, მნიშვნელოვანი პრობლემები შეგვექმნება. წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება და მას აითვისებენ სხვა კულტურისა და სხვა ღირებულებების მქონე ადამიანები. უფრო კონკრეტულად მოსახლეობის ეთნიკურობის დასახელებისგან თავს შევიკავებ.

– მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოტენციალია, რატომ გვაშინებენ, რომ შიმშილობა გარდაუვალია და ხელოვნური საკვების წარმოება დაგვჭირდება?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასაქმდებიან ის ადამიანები, რომლებმაც უნდა იარსებონ და მოიხმარონ დოვლათი. თუ დოვლათი ერთ ადგილას იქმნება და მომხმარებელი მეორე ადგილზეა, მაშინ ორი ვარიანტია: ან წარმოების მასშტაბები უნდა გაფართოვდეს იმ რეგიონში, სადაც ადამიანები საჭიროებენ განსაზღვრული ოდენობის სურსათს, თუ არადა, უნდა იყოს ისეთი სრულყოფილი გადანაწილებისა და გაცვლის სისტემა, რაც უზრუნველყოფს გარკვეული სახეობის დოვლათის წარმართვას ერთიდან მეორე რეგიონში. პირობითად, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოში ყოველწლიურად შემოდიოდა 75 000 ტონა ხორცი და ხორცპროდუქტები. ამჟამადაც, დაახლოებით, იმავე რაოდენობის შემოდის, მაგრამ, სამაგიეროდ, ადგილობრივი წარმოება შემცირდა 2.3-ჯერ. და რა გამოდის?! ხორცის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე შემცირდა, დაახლოებით, 40 პროცენტით. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოხმარების დონე გავზარდოთ და მინიმალურ, რაციონალურ დონემდე ავიყვანოთ? ან იმპორტი უნდა გავზარდოთ, რომ დავაბალანსოთ ადგილობრივი წარმოების მასშტაბის შემცირება, ან ჩვენი ადგილობრივი წარმოება უნდა გავზარდოთ. მაგალითად, ამჟამად ჩვენთან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 40 და მეტი პროცენტით ნაკლებია 1988 წელთან შედარებით. ღორის სულადობა, საერთოდაც, 14 პროცენტამდე შემცირდა; ცხვრისა და თხის – 50 პროცენტამდე. სახნავი ფართობის მოცულობა შემცირდა 29 პროცენტამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების წარმოება – ერთი მეოთხედით. მხოლოდ ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი რომ გავზარდოთ და იმდენით გავზარდოთ, რითაც გავალთ მოხმარების ადრე არსებულ მაჩვენებელზე, ყოველწლიურად, ახლანდელი ფასების გათვალისწინებით, დაგვჭირდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. ეს არ არის წარმოუდგენელი რიცხვი, მაგრამ რას მოვაკლოთ?! ჩვენ გვჭირდება მეტი შემოსავალი, მეტი დოვლათი იმისთვის, რომ მეტი ხორცის პროდუქტი მოვიხმაროთ, მაგრამ ადამიანს მხოლოდ ხორცი და ხორცპროდუქტები ხომ არ სჭირდება?! ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ეკონომიკის განვითარების მასშტაბი არ არის იმ ზომის, რაც მოგვცემდა საზოგადოების ყველა წევრის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ანუ გამოსავალია შრომის მწარმოებლურობის ამაღლება და თანდათანობით მეტი დოვლათის შექმნა. ჯერჯერობით საშუალო მსოფლიო დონემდეც არ ვართ მისული. ოფიციალური კურსით, სადღაც, 55 პროცენტის დონეზეა, მაგრამ, ვალუტის მსყიდველობითუნარიანობით, უკვე მოვუკაკუნეთ საშუალო მსოფლიო დონეს – მხოლოდ 4-5 პროცენტით ჩამოვრჩებით. ეს არ არის შეუსრულებელი ამოცანა, მაგრამ მთავარი ხომ არ არის, რომ საშუალო მსოფლიო დონემდე გავიდეთ?! წინ უნდა წავიდეთ და ამ სფეროში სოფლის მეურნეობამაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

– მარტივად ვიკითხავ: ძროხები, ღორები, თხები, ცხვრები ღირს ძვირი… მათი მოვლა ჯდება ძვირი თუ რამ გაწყვიტა სოფლად საქონელი ასე უმოწყალოდ?

– ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი. საქართველო მრავალფეროვანი ბუნებრივი კლიმატური პირობების მქონე ქვეყანაა, მაგრამ ვაკე ადგილებს საერთო ტერიტორიის ერთი მეხუთედი უჭირავს, მესამედი – მთის წინა ფართობს და დანარჩენი მოდის მთაზე. მთის ეკონომიკური პოტენციალი, ფაქტობრივად, გამოუყენებელია. ეს კი მოგვცემდა საშუალებას, რომ გაცილებით მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გვეწარმოებინა; განგვევითარებინა ადგილობრივი რეწვის მიმართულებები, წაგვეხალისებინა დემოგრაფია. პირობითად, 10 000-ლარიანი კრედიტის გაცემის შემთხვევაში ახალგაზრდა ოჯახს, რომელიც უახლოესი ათი წლის განმავლობაში 3 შვილს გააჩენდა, კრედიტის ერთი მესამედი ჩამოჭროდა. არსებობს სხვა ღონისძიებების გატარების რესურსიც. ვფიქრობ, ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ მთის პოტენციალს. ამით ჩვენ შევძლებთ მეტი დოვლათის წარმოებასაც და, რაც მთავარია, უცხოეთში ემიგრაციის ეკონომიკური მოტივაციის მინიმიზაციას. მეტიც, ადრე წასულ მიგრანტებს გავუჩენთ უკან დაბრუნებისა და თავიანთ მშობლიურ კუთხეში, მათ შორის, მთიანეთში დასაქმების მოტივაციას.

– ესე იგი, დასავლეთს თავისი სამყოფი საკვები აქვს, ჩვენნაირებს გადაიყვანენ ხელოვნურ საკვებზე?

– განვითარებულ ქვეყნებს ის პრობლემა აქვთ, რომ ნაკლებად შეაწუხონ ნაკლებად განვითარებულებმა.

– ანუ დამშეულებმა.

– ჩვენი ინეტრესებიდან გამომდინარე, მთხოვნელისა და მიმღები რეციპიენტების როლში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ ორიენტაცია უნდა ავიღოთ საკუთარი რესურსების უფრო რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენებაზე.

ავტორი: ნინო ხაჩიძე,
წყარო: https://tbiliselebi.ge