აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

როგორ მოვამზადოთ ნიადაგი ბიოპროდუქტების საწარმოებლად

გარემოს დაბინძურებამ, ნიადაგების, წყლების, საკვებ-პროდუქტებში პესტიციდების დაგროვებამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა კაცობრიობა დიდი სირთულეების წინაშე დააყენა. მთელ მსოფლიოში ნათლად გამოიკვეთა ქიმიური მეთოდების გამოყენების ალტერნატიული გზების ძიების აუცილებლობა და ბიოაგროწარმოებაზე გადასვლის გარდაუვალი მოთხოვნილება.

ნათლად გამოიკვეთა და ძნელი მისახვედრი აღარ არის თუ რა ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მინერალური სასუქებით და შხამქიმიკატებით მიღებულ პროდუქტებს.

ბიოწარმოების მიმართულებით ევროპასა და მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში უკვე 20-25 წელიწადზე მეტია ინტენსიურად მუშაობენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ექცევენ ბიოპროდუქციის წარმოებას. ევროპისა და სხვა ქვეყნების ბაზარზე უკვე იყიდება სერთიფიცირებული ბიოპროდუქტები, რომლებიც დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ და „მოთხოვნა მნიშვნელოვნად აჭარბებს წარმოებას“, ის ბევრად უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ჩვეულებრივი, ინტენსიური წესებით, შხამ-ქიმიკატებით წარმოებული საკვები პროდუქტი.

ბოლო წლებში საქართველოში მეურნეები ბიოპროდუქტების წარმოებით დაინტერესდნენ. მაგალითად, ღვინის წარმოებაში „კავკასსერტის“ ოფიციალური მონაცემებით რეგისტრირებულია 10-12 მეღვინე, ხოლო კონვერსიის პერიოდს გადის კიდევ რამდენიმე.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2014 წლიდან ბიოაგროწარმოების სამსახური მუშაობს, რომლის ფუნქცია სამეცნიერო-პრაქტიკული და გამოყენებითი კვლევების განხორციელება, ადგილობრივი და იმპორტირებული წარმოების ბიოპრეპარატების, ბიოსტიმულატორების, ბიოჰუმუსის, ვერმიკულტურის, კომპოსტის გამოცდა და მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნების და რეკომენდაციების გაკეთებაა. დღეის მდგომარეობით სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების საცდელ ბაზებზე 40-მდე დასახელების ბიოპრეპარატები იცდება, ადგილობრივი წარმოების ბიოპრეპარატებიდან აღსანიშნავია შპს „ჯეოფერტიის“ — ბიოსასუქი „ბაქტოფერტი“, „ჯეოსი“, ჰუმინურ-ორგანულ-მინერალური სასუქი „აგროვიტა“; შპს „ბომსის“ — ბიოსასუქი „ბომსი“; შპს „ბიოაგროს“ („ორგანიკა; „ბიოკატენა;“ „ფიტოკატენა“; „ლეპედინი“) და სხვა.

საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წელს წარმოებაში შევიდა ბიოსასუქების მწარმოებელი ქარხანა, რომლის წარმადობა წელიწადში საშუალოდ 100-120 ათასი ტონაა. იგი მთლიანად ქართული ნედლეულის ბაზაზე ამზადებს ორგანულ-ჰუმინურ სასუქებს, რომლებიც რეგისტრირებულია ბიოაგროწარმოებაში გამოსაყენებლად, მათ შორის: ბაქტერიულ ორგანულ-მინერალური მიკროელემენტების შემცველი სასუქი „ბაქტოფერტი“, ჰუმინურ ორგანულ-მინერალური სასუქი „ჯეოფერტი“, სილიკატური მიკროსასუქი „ჯეოსი“, ასევე ქარხნის ლაბორატორია მუშაობს ახალი ბიოსასუქების მიღებაზე, რაც მისასალმებელია.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ბიოსასუქები, ბიოსტიმულატორები? რომელ ნიადაგებზე, რა პერიოდში რა დოზით, რა ვადებში, როგორია მათი მარგი ქმედება, რა პროცესები მიმდინარეობს ნიადაგში მათი გამოყენების დროს, ეს საკითხი სრულყოფილ კომპლექსურ შესწავლას მოითხოვს. ნუ გავიგებთ ისე, რომ ბიოსასუქი ყოვლის შემძლეა, პირიქით — ბიოსასუქის გამოყენების შემთხვევაში უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ, რადგან ბიოაგროწარმოების განვითარება შესაძლებელია იქ, სადაც მიწათმოქმედების მაღალი კულტურაა. სწორედ ასეთ შემთხვევაში ვღებულობთ მაღალ შედეგს. თუ წარმოვიდგენთ რა მდგომარეობაშია ჩვენს ქვეყანაში ნიადაგები, როგორია დასარევლიანების ხარისხი, როგორია ნიადაგის ნაყოფიერება, მისი სტრუქტურა, წლების განმავლობაში როგორ ბინძურდებოდა გარემო ქიმიური და სინთეზური საშუალებებით, პესტიციდების და ფუნგიციდების ჭარბი გამოყენებით, წყლებში ჩაჟონილი ქიმიური ნარჩენებით, როგორ არის დეგრადირებული და გამოფიტული ჩვენი ნიადაგები, ნათლად დავინახავთ როგორი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამას ემატება ისიც, რომ მოშლილი და უგულებელყოფილია ნიადაგის დამუშავების და თესლბრუნვის სისტემები, არავინ ზრუნავს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებაზე, ქვეყანაში დაბალ დონეზეა აგრონომიული ცოდნის დონე, მიწის მესაკუთრემ არ იცის, როგორ მოეპყროს მიწას, როგორ იზრუნოს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებაზე.

ბუნებრივი და გასაგებია, რომ ყველას სურს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს უხვი მოსავალი და თანაც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მაგრამ რის ხარჯზე ხდება მაღალი მოსავლის მიღება, ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ბევრი ფიქრობს უხვი მოსავლის მიღებას მხოლოდ ჯიშიანი თესლი განაპირობებს. მართალია ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი კომპონენტია მაღალი მოავლის მიღების საქმეში, მაგრამ არა ერთადერთი. მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება შეიძლება მაშინ, როდესაც ნიადაგი სრულყოფილადაა განაყოფიერებული და ჯიშური აგროტექნიკით გათვალისწინებული სამუშაოები დროულად და ხარისხიანად ტარდება.

ბიოაგროწარმოება ძალზედ შრომატევადი და ძვირი სიამოვნებაა, ის მოითხოვს გარკვეულ ცოდნას, ამიტომ საჭიროა სპეციალისტების მიერ ბიომეწარმეობის მსურველ მეურნეებთან რეგულარულად ჩატარდეს ექსტენციები, ტრეინინგები, სემინარები, სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკულ საქმიანობები და არა ისე, როგორც დღეს ხდება, როცა გამოდიან ტელევიზიით და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით არაკვალიფიცირებული სპეციალისტები და იძლევიან მცდარ რჩევებს ბიოპრეპარატების დანიშნულებასა და მის გამოყენებაზე.

საქართველოში, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში თუ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა წარმატებული იყოს, ბიოპროდუქტების წარმოებაზე გადასვლა სწორი გზაა. თუ გვსურს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება, საქართველოში მეურნეებმა ხარისხიანი ბიოპროდუქტები უნდა აწარმოონ. ამის საშუალებას გვაძლევს საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობები, მიკროზონები, მაგრამ ნუ გავიგებთ ისე, თითქოსდა ბიოაგროწარმოება ადვილი საქმეა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი ნიადაგები დაბინძურებულია, დასარევლიანებულია, გამოფიტულია და თუ ყველაფერი თავიდან სწორად არ დაიგეგმება. არაფერი გამოგვივა. ჩვენს პირობებში ბიოპროდუქტების მიღება შესაძლებელია დავიწყოთ კონვერსიის პერიოდის გასვლის შემდეგ (2-3 წელი). მანამდე, სანამ ბიოპროდუქტების წარმოებაზე გადავალთ, შემდეგი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებაა საჭირო:

ნიადაგზე, სადაც ვაპირებთ ბიოპროდუქტების წარმოებას, აუცილებელია გაკეთდეს მისი სრულყოფილი ანალიზი, შემდგომ ნიადაგი მოიხნას სრულ სიღრმეზე (იმის გათვალისწინებით თუ რომელ კულტურებზე ვიწყებთ მუშაობას ერთწლიანი, თუ მრავალწლიანი ვადით) შეტანილი იქნას ბიოსასუქები რეკომენდირებული დოზით, ჩატარდეს კულტივაციები მოთხოვნილების მიხედვით და დაითესოს მთლიანი მოთესვის კულტურები: ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი და სხვა იმ მიზნით, რომ მათი მოსავლიანობა (გათიბვა) მოხდეს რძისებრის სიმწიფის ფაზაში, ან კიდევ მოთხოვნილების და ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით დაითესოს მრავალწლიანი და ერთწლიანი საკვები ბალახები: იონჯა, ესპარცეტი, სამყურა, კოინდარი, სათითურა და სხვა. აღნიშნული ბალახების თესვა შესაძლებელია ნარევში. მათი გათიბვა უნდა მოხდეს დროულად, შემჭიდროებულ ვადებში, სრული ყვავილობის ფაზაში იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დასარევლიანება.

ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებთან შედარებით ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, სარეველებთან ბრძოლიდ ყველაზე სწრაფი აგროტექნიკური ღონისძიება ბიოსასუქებთან ერთად არის პარკოსანი კულტურების თესვა: მუხუდო, ცულისპირა, ოსპი, ცერცვი, სოია და სხვა. აღნიშნული პარკოსანი კულტურები შესაძლებელია დაითესოს ნარევში შვრიასთან ერთად. პარკოსანი კულტურები როდესაც მიაღწევენ სრული ყვავილობის ფაზას უნდა მოხდეს მათი ჩაჩეხვა ნიადაგის თეფშებიანი მძიმე ან ზემძიმე კულტივატორით და შემდგომ ჩაიხნას ნიადაგში. ასეთ შემთხვევაში ამაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება და მინიმუმამდე შემცირდება დასარევლიანება. ასევე ნიადაგი გამოთანაბრდება და გაიწმინდება ნარჩენი პესტიციდებისა და შხამქიმიკატებიდან.

ღნიშნული ღონისძიების გატარება შესაძლებელია მრავალწლოვან ნარგავებში. ხეხილის და ვაზის რიგთაშორის სასიდერატო კულტურების თესვას (ბიოსასუქებთან ერთად) და მის ჩაკეთებას ნიადაგში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ასეთი ღონისძიებების ჩატარების შემდგომ შეგვიძლია ვიფიქროთ ქვეყანაში ბიოაგროწარმოების განვითარების პერსპექტივაზე.

ადოლ ტყეშელაშვილი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,

გოჩა წერეთელი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“