აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

როგორ მოვიყვანოთ ხახვი

თავიანი ხახვი ორწლიანი ან სამწლიანი კულტურის სახით მოჰყავთ. ორწლიანი კულტურის დროს პირველ წელს ხახვი განავითარებს ფოთლებს და ბოლქვებს, ხოლო მეორე წელს იძლევა სათესლე ისრებს, ყვავილებსა და თესლს.

თავიანი ხახვი კულტურაში ცნობილი იყო ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინათ, მის სამშობლოდ წინა და შუა აზია ითვლება, საიდანაც ის შემდგომში თანდათანობით გავრცელდა. ხახვი გამოიყენება როგორც ნედლად, ასევე გადამუშავებული სახით.

ფერის მიხედვით ხახვის შემდეგ სახეობებს გამოყოფენ:
  • წითელი;
  • თეთრი;
  • მუქი ჩალისფერი;
  • ღია ჩალისფერი;
გემოს მიხედვით გამოარჩევენ შემდეგ სახეობებს:
  • ცხარე;
  • ნახევრად ცხარე;
  • ტკბილი;

ცხარე ჯიშები შეცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს და შაქარს 12%-მდე, გამოირჩევა ხანგრძლივად შენახვის თვისებით.

ბუდიანობის, ანუ წარმოქმნილი ბოლქვების რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ _ მცირე, საშუალო და მრავალბუდიან სახეობებს. მცირე ბუდიანი ჯიშები წარმოქმნის ერთ, იშვიათად ორ ბოლქვს. საშუალო ბუდიანები _ ორ-ოთხს, ხოლო მრავალბუდიანები _ ხუთ და მეტ ბოლქვს.

ბუდიანობაზე დიდ გავლენას ახდენს წარმოების პირობები და ჭილის ზომა. ნიადაგის დაბალნაყოფიერება და დაბალი ტენიანობა ამცირებს ბუდიანობას. დიდი ზომის ჭილები ზრდის მას.

ხახვის თესლი და აღმოცენება

ხახვის თესლი შავია, სამწახნაგოვანი, დანაოჭებული, მაგარგარსიანი, 1 გრამში 250-400 მარცვალია. აღმოცენების უნარს ინარჩუნებენ 2-3 წელი. თესლს მკვრივი საფარველი ცუდად ატარებს, ამიტომ წინასწარი მომზადების გარეშე ისინი ძნელად ღვივდება. თესლების გაჯიჯვებისთვის საჭიროა საკმაო რაოდენობის ტენი.

ოპტიმალურ პირობებში, გაზაფხულზე ხახვი აღმოცენდება დათესვიდან 14-20 დღეში. პირველ ხანებში ნელა იზრდება, იკეთებს პატარა ღივს, რომელსაც მილისებრ ფორმა აქვს. ამოსვლისას მილის თავი მოხრილია, რომელსაც ახლავს თესლის გარსი, შემდგომში ის სწორდება და გარსი ცვივა.

ღივის აღმოცენებიდან 10 დღის შემდეგ ფესვის ყელიდან წარმოიშობა პირველი ფოთოლი, ხოლო ხელსაყრელი კლიმატური პირობებისას შემდეგი ფოთლები გამოაქვს ყოველ 5-7 დღეში.

ხახვის ფესვთა სისტემა სუსტადაა განვითარებული, აღმონაცენს პირველად ერთი ძაფის მაგვარი დაუტოტავი ფესვი აქვს, ხოლო აღმოცენებიდან 10-15 დღის შემდეგ ვითარდება რამოდენიმე ფესვი, მოზრდილი მცენარის ფესვი ფუნჯაა, წვრილი ძაფისებრი და ძირითადად ნიადაგის ზედა ფენებში 5-20 სმ-ზეა განლაგებული.

აღმოცენებიდან 60-65 დღის შემდეგ, როდესაც მცენარეზე წარმოიშობა 10-15 ფოთოლი (ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თავად წარმოებულ ჯიშზე ან ჰიბრიდზე), ახალი ფოთლების წარმოშობა წყდება და მთელი საკვები გადადის მარაგში ბოლქვის დასრულებაზე.

თავიანი ხახვის ბოლქვი წარმოადგენს გამსხვილებულ კვირტს, რომელიც შედგება ბოლქვის ცენტრში მოთავსებული ძლიერ დამოკლებული კონუსის მაგვარი ღეროს, კვირტების, ხორციანი და მფარავი მფარავი ფურცლები მშრალია. რაც მეტია, მით უფრო მკვრივია იგი და კარგად ინახება. მფარავი ფურცლები შეფერილია ყვითლად, ყავისფრად, მოწითალო იისფერ და მათ შორის გარდამავალ ფერებად.

ხახვის ფოთლები ზრდის პერიოდში წვნიანია. ფოთლები დაფარულია ცვილისებრი ნაფიფქით. ბოლქვის ზედა ნაწილს, სადაც დახურული კონუსისებრია, ცრუ ღეროს უწოდებენ. ფოთლების განვითარების პერიოდში ცრუ ღერო დრეკადია, ხოლო როდესაც ახალი ფოთლების წარმოშობა ნელდება, იწყება მარაგი ნივთიერების გადასვლა და ცრუ ღეროს კვდომა და ჩაწოლა.

ამ დროს ხახვის ბოლქვი გადადის შედარებით მოსვენების პერიოდში და ამ მდომარეობაში ხანგრძლივად ინახება. კარგად შემშრალი ბოლქვის ყელი იკვრება და იცავს ბოლქვებს მავნე მიკროფლორის შეღწევისაგან, ასეთი ბოლქვები კარგად ინახება, მოუმწიფებელი ბოლქვები ხასიათდებიან მსხვილი ყელით.

ზოგჯერ ბოლქვი ადვილად გამოდის შედარებით მოსვენების პერიოდიდან ნალექებისა და სათანადო ტემპერატურის გამო, ამ დროს იწყება ფესვების ხელმეორედ წარმოშობა და ახალი ფოთლების განვითარება. ამის ასაცილებლად მომწიფებული ბოლქვები დროზე უნდა ავიღოთ ნაკვეთიდან.

ხახვის მრავალბარტყიანობა დამოკიდებულია ჯიშზე, არსებობს როგორც ერთ ბარტყიანი ასევე 2-3 და მრავალბარტყიანი ჯიშები. ხახვის თესლი გაღვივებას იწყებს 3-5 გრადუს ცელსიუს ტეპერატურისა და 80-90% ტენიანობის პირობებში, მაგრამ 20-25 გრადუს ცელსიუსზე ზევით აღმოცენება უფრო ჩქარა მიმდინარეობს.

ხახვისთვის ხელსაყრელი პირობები

ხახვის ზრდა განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-25 გრადუსი ცელსიუსით. ღივები ყინვას 2-3 გრადუსის ფარგლებში დაუზიანებლად იტანს, 4-5 გრადუს ყინვაზე ხშირად ზიანდება ფოთლის ბოლოები. მოზრდილ მცენარეებს შეუძლაით გადაიტანონ -7 გრადუსი ყინვა და 35 გრადუსზე მეტი სიცხე.

ხახვი კარგად იზრდება ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობის პირობებში 60-70%. უფრო მეტად მომთხოვნია ის ნიადაგის ტენის მიმართ, რაც აიხსნება მისი ფესვთა სისტემის სუსტი განვითარებით. ნიადაგში ტენის ნაკლებობის დროს ჭიანურდება თესლის აღმოცენება, მცენარე სუსტად ვითარდება, ადრე ამთავრებს ზრდას და მცირდება მოსავლიანობა.

ხახვისებრი მცენარეები მოითხოვს სინათლის მაღალ ინტენსივობას, განსაკუთრებით მათი თესლის დათესვისას. სუსტი განათება, ნათესების ძლიერი დასარეველიანება აფერხებს ბოლქვების წარმოქმნას და მცენარის განვითარებას. შედეგად ბოლქვები საერთოდ არ წარმოიქმნება, ან რჩება მოუმწიფებელი მსხვილი ყელით და გამოუსადეგარია შესანახად.

ძლიერ დასარეველიანებულ ფართობებზე, ნიადაგში საკვები ელემენტების საკმაო რაოდენობით არსებობის შემთხვევაშიც კი ხახვი კარგავს მათი ათვისების უნარს. ყოველივე ზემოთ თქმულიდან, ხახვი უნდა განვათავსოთ ნათელ, დაუჩრდილავ და სარეველებისაგან სუფთა ნაკვეთზე. არახელსაყრელი პირობებისას (გვალვა, ნიადაგში საკვები ნივთიერების ნაკლებობა, ნათესების სარეველებით გადაფარვა) მცენარის ფოთლების ზრდა ფერხდება და იწყება ბოლქვების ფორმირება.

წვრილი ბოლქვები შეიძლება წარმოიქმნას მცენარეზე 2-3 ნამდვილი ფოთლის არსებობის ფაზაშიც კი. შემდეგ მცენარე გადადის ღრმა მოსვენების ფაზაში. თუკი მცენარემ შეწყვიტა ფოთლების წარმოქმნა და დაიწყო ბოლქვის ჩამოყალიბება ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, ის შეუქცევადია. ამიტომ აგროტექნიკის დარღვევამ, განსაკუთრებით მცენარის განვითარების პირველი 70-80 დღის პერიოდში, შეიძლება გამოიწვიოს მოსავლიანობის დიდი დანაკარგები.

ხახვი კარგ მოსავალს იძლევა ღრმა სახნავი ფენის, ჰუმუსით მდიდარ, სტრუქტურულ, ზომიერი ტენის შემცველ ნიადაგებზე. ხახვისთვის უფრო გამოსადეგია ალუვიურით, კარგი ფიზიკური თვისებებით, საკვები ნივთიერებით და ტენით მდიდარი ნიადაგები. მძიმე დაჭაობებული და მჟავა ნიადაგები ხახვისთვის გამოუსადეგარია.

ხახვს თესლბრუნვაში ათავსებენ კარგად განოყიერებულ, სარეველა მცენარეებისგან სუფთა ნაკვეთზე. მის საუკეთესო წინამორბედად ითვლება კომბოსტოსნაირი მცენარეები, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, პარკოსანი კულტურები. ზედიზედ ერთსა და იმავე ნაკვეთზე ხახვის თესვა დაუშვებელია, რადგან ის ძლიერად ზიანდება დაავადებებისაგან. ხახვი იმავე ფართობზე უნდა დაბრუნდეს 2-3 წლის შემდეგ.

თავად ხახვი საუკეთესო წინამორბედია სხვა კულტურებისათვის ნივრის გარდა​, რადგან მათ საერთო დაავადებები და მავნებლები ჰყავთ. ხახვი საკმაოდ მომთხოვნია მინერალური სასუქების მიმართ, ზრდის პირველ პერიოდში ის განსაკუთრებით მოითხოვს აზოტს და კალიუმს, ხოლო ბოლქვების ფორმირების პერიოდში კალიუმსა და ფოსფორს, რომლებიც აჩქარებენ ბოლქვების მომწიფებას და აუმჯობესებენ შენახვის უნარიანობას.

გამომდინარე იქიდან რომ ხახვის ფესვთა სისტემა განლაგებულია ნიადაგის ზედა ფენაში, სასუქები არ უნდა შევიტანოთ ღრმად, გარდა ამისა ხახვის ფესვთა სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა მარილთ და ნიადაგის წყალხსნართ მაღალი კონცენტრაციის მიმართ, ამიტომ სასუქები გამოკვებისას უნდა შევიტანოთ მცირე დოზებით.

ნიადაგში ჰექტარზე შეაქვთ 30-40 ტონა გადამწვარი ნაკელი, მინერალური სასუქები (სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით). ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების ძირითადი მასა 70 % შეაქვთ შემოდგომაზე ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს, დანარჩენი გამოკვების პერიოდში.

საქართველოში ხახვი ძირითადად მოჰყავთ თესლის უშუალოდ გრუნტში თესვით. ზოგიერთ რაიონებში მიმართავენ კვიჭიჭების (მცირე ზომის ხახვის ბოლქვები, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონებში ჭლაკვს, ან წვნიკს უწოდებენ) დარგვას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს ქვედა ზონაში, რაც აიხსნება არსებული ბუნებრივი პირობებით.

დასავლეთ საქართველოში ზაფხულის ბოლო და შემოდგომის დასაწყისი ხშირად ხანგრძლივი წვიმებით ხასიათდება, რაც ხელს უშლის ხახვის დროულ შემოსავალს, ყელი მსხვილდება, მცენარე შემოდგომაზეც მწვანე რჩება და ხშირად ავადდება ჭრაქით. კვიჭიჭი კი კარგად იტანს გაზაფხულის არახელსაყრელი ცვალებადი ამინდის პირობებს, სწრაფად ვითარდება და ადრეც შემოდის.

კვიჭიჭის (ჭლაკვის, წვნიკის) მისაღებად პირველ წელს თესლს თესავენ სქლად და იღებენ თხილისოდენა ბოლქვებს, რომლებსაც ზამთრობით ინახავენ თბილ ადგილას (ოთახის პირობებში). კვიჭიჭებს რგავენ ადრე გაზაფხულზე და იღებენ სასურსათო ბოლქვებს.

აღმოსავლეთ საქართველოში კომერციული მიზნით ხახვის წარმოებისას მას თესავენ უშუალოდ ღია გრუნტში. ითესება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ნიადაგს ამუშავებენ შემოდგომაზე, ხნავენ 22-28 სმ სიღრმეზე მზრალად, ადრე გაზაფხულზე აწარმოებენ ნაკვეთის კულტივაცია დაფარცხვას.

ხახვი ითესება სხვადასხვა სიფართის ზოლებში მწკრივებად, მწკრივების რაოდენობა სხვადასხვაა. იგი დამოკიდებულია არსებულ მანქანა დანადგარებზე. უფრო ხშირად ზოლში განლაგებულია 4-5-6-8 მწკრივიან 15-22×5-8 სმ, ზოლებს შორის მანძილი 40-60 სმ. ხახვის ჩათესვის სიღრმე მსუბუქ ნიადაგებზე რეკომენდირებულია 2-3 სმ, მძიმე ნაიდაგებზე 1-2 სმ.

თესვას აწარმოებენ სპეციალური მექანიკური ან პუნქტუალური სათესებით. მცირე ფართობზე თესვა შეიძლება ჩატარდეს ხელით. ერთმწკრივიანი ნათესის სახით, მწკრივებს შორის 20-30 სმ დაშორებით, ზოგჯერ ხახვის ნათესს ზემოდან 1-2 სმ. სისქის გადამწვარ ნაკელს მოაყრიან, რომელიც პირველადი მულჩის როლს ასრულებს, ეწინააღმდეგება ნიადაგის ქერქის გაჩენას და იცავს ტენის აორთქლებისგან.

იმის გამო, რომ ხახვი თავდაპირველად იზრდება ძალიან ნელა, იგი კონკურენციას ვერ უწევს სარეველა მცენარეებს და ადვილად იჩაგრება, რის გამოც ფერხდება მცენარის ზრდა განვითარება და შესაბამისად მოსავლიანობაც. ამიტომ საჭიროა სარეველებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროული გატარება.

დათესვიდან აღმოცენებამდე მიმართავენ ნიადაგის ზედაპირის აგრონომის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით.

აღმოსავლეთ საქართველოში ხახვის ნორმალური მოსავლის მისაღებად აუცილებელია მორწყვა. მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია ნიადაგობრივ და კლიმატურ პირობებზე. მაგალითად, შიდა ქართლის რაიონებში რწყავენ 3-4 ჯერ, კვლებში მიშვებით, გაჟონვით. ქვემო ქართლში, შიგა კახეთში და თბილისის საგარეუბნო ზონაში ხახვის ნათესი ფართობის მორწყვას აწარმოებენ 6-10 ჯერ, მორწყვას წყვეტენ ხახვის შემოსავლამდე 3-4 კვირით ადრე, რათა არ გაჭიანურდეს ბოლქვების მომწიფება და შენახვისუნარიანობა.

მოსავალს იღებენ მშრალ ამინდში, იქვე ნაკვეთში გაფენენ თხლად და შეაშრობენ, მოაცილებენ ფოჩებს და საბოლოოდ ინახავენ ფარდულში.

ჯიშებიდან და რეგიონებიდან გამომდინარე მოსავალი შემოდის 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე.