აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობაფერმერი ფერმერს

როგორ შევამციროთ მავთულა ჭიის რაოდენობა ბოსტანში

მავთულა ჭია კარტოფილისა და სხვა სასოფლო–სამეურნეო კულტურების ერთ–ერთი გავრცელებული მავნებელია. მისი მატლები ნიადაგში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ და აზიანებენ მცენარეთა მიწისქვეშა ნაწილებს, განსაკუთრებით კი ძირხვენიან კულტურებს და კარტოფილის ტუბერებს. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა მოსავლის აღების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

გვიანი შემოდგომა სწორედ ის პერიოდია, როდესაც შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარება და მომდევნო სეზონზე მისი გავრცელების შემცირება.

მავთულა ჭია ხოჭოს – მუხლივითა (მატყუარა) ხოჭოს (Elateridae) ოჯახის წარმომადგენლის მატლია. იგი მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობით, წაგრძელებული, მყარი სხეულით გამოირჩევა. მატლები ნიადაგში რამდენიმე წელს ატარებენ და ამ პერიოდში მცენარეების ფესვებით, მიწისქვეშა ღეროებითა და ტუბერებით იკვებებიან.

მავნებლის დაზიანება განსაკუთრებით შესამჩნევია კარტოფილის მოსავლის აღებისას: ტუბერებზე ჩნდება წვრილი, ღრმა ნახვრეტები და არხები, რომლებიც ამცირებს პროდუქციის სასაქონლო ღირებულებას და ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების მეორად ინფიცირებას.

მავთულა ჭიის წინააღმდეგ ბრძოლა უმჯობესია შემოდგომაზე დავიწყოთ, როდესაც მოსავალი უკვე აღებულია და ნაკვეთი მცენარეული საფარისგან თავისუფლდება.

დოლომიტის ფქვილი – როდის არის მისი გამოყენება გამართლებული?

მავთულა ჭიის რაოდენობის შესამცირებლად ერთ-ერთ საშუალებად დოლომიტის ფქვილის გამოყენებას ასახელებენ. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს საშუალება მავნებლის მატლებს პირდაპირ არ ანადგურებს.

დოლომიტის ფქვილის ძირითადი დანიშნულება ნიადაგის მჟავიანობის შემცირებაა. მჟავე ნიადაგი ხშირად ხელსაყრელ გარემოს ქმნის მავთულა ჭიის გავრცელებისთვის, ამიტომ მჟავიანობის სათანადო დონის რეგულირება შეიძლება სასარგებლო იყოს ნიადაგის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

დოლომიტის ფქვილის გამოყენებამდე აუცილებელია ნიადაგის pH-ის შემოწმება. მისი შეტანა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგი მჟავეა.

საორიენტაციოდ, რეკომენდებული რაოდენობა შეიძლება იყოს 200–500 გრამი ერთ კვადრატულ მეტრზე, თუმცა ზუსტი დოზა დამოკიდებულია ნიადაგის მჟავიანობის ხარისხსა და მექანიკურ შემადგენლობაზე.

გამოყენების წესი:

  • დოლომიტის ფქვილი თანაბრად გაანაწილეთ ნაკვეთის ზედაპირზე;
  • მსუბუქი გაფხვიერებით ან გადაბარვით შეურიეთ ნიადაგის ზედა ფენას;
  • გაითვალისწინეთ ნიადაგის ანალიზის შედეგები და საჭიროების შემთხვევაში შეარჩიეთ შესაბამისი დოზა.

თუ ნიადაგი ნეიტრალური ან ტუტეა, დოლომიტის ფქვილის შეტანა მავთულა ჭიასთან ბრძოლის მიზნით საჭირო არ არის. ზედმეტმა მოკირიანებამ შეიძლება მცენარეებისთვის ზოგიერთი საკვები ელემენტის შეთვისება გაართულოს.

კიდევ რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ შემოდგომაზე?

მხოლოდ დოლომიტის ფქვილზე დაყრდნობა არასწორია. მავნებლის რაოდენობის შესამცირებლად გაცილებით ეფექტიანია რამდენიმე აგროტექნიკური ღონისძიების ერთობლივად გამოყენება.

ნაკვეთის გაწმენდა სარეველებისგან

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მხოხავ ჭანგას. მისი ფესურებითა და ფესვებით დაფარულ ნაკვეთებში მავთულა ჭია ხშირად გვხვდება. მოსავლის აღების შემდეგ აუცილებელია სარეველების, განსაკუთრებით კი მათი ფესვურების, მაქსიმალურად მოცილება.

ნიადაგის საშემოდგომო დამუშავება

შემოდგომაზე ნიადაგის გადაბარვის ან მოხვნის დროს შესაძლებელია ნიადაგის ზედაპირზე მოხვედრილი მატლების შეგროვება და განადგურება. ამასთან, ზედაპირზე მოხვედრილი ზოგიერთი მატლი სიცივისა და ბუნებრივი მტრების ზემოქმედების შედეგად იღუპება.

დაზიანებული ტუბერებისა და მცენარეული ნარჩენების მოცილება

ნაკვეთზე არ დატოვოთ დამპალი ან მავნებლით ძლიერ დაზიანებული კარტოფილის ტუბერები. მოაშორეთ მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი მცენარეული ნარჩენებიც.

თესლბრუნვის დაცვა

თუ ნაკვეთი მავთულა ჭიით ძლიერ არის დასახლებული, მომდევნო წელს კარტოფილის იმავე ადგილზე დარგვას მოერიდეთ. კულტურების მონაცვლეობა მავნებლის გავრცელების შეზღუდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა.

სატყუარა ხაფანგების გამოყენება

მავთულა ჭიის გავრცელების შესაფასებლად შესაძლებელია სპეციალური სატყუარა ხაფანგების გამოყენება. მათი დახმარებით დგინდება მავნებლის არსებობა და დაახლოებით ფასდება მისი რაოდენობა, რაც მომდევნო სეზონზე ბრძოლის ღონისძიებების სწორად დაგეგმვას უწყობს ხელს.

შეიძლება თუ არა ხის ნაცრის გამოყენება?

ხის ნაცარი, დოლომიტის ფქვილის მსგავსად, ნიადაგის მჟავიანობას ამცირებს, თუმცა მისი შემადგენლობა განსხვავებულია. იგი კალიუმისა და ზოგიერთი სხვა მინერალური ელემენტის წყაროცაა.

ნაცრისა და დოლომიტის ფქვილის ერთდროულად, საჭიროების გარეშე გამოყენება რეკომენდებული არ არის. ორივე საშუალების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ნიადაგის რეაქცია ზედმეტად შეცვალოს და მცენარეებისთვის საკვები ელემენტების შეთვისება შეაფერხოს.

მავთულა ჭიისგან ნაკვეთის ერთჯერადი დამუშავებით სრულად გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მისი მატლები ნიადაგში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ. საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა ნიადაგის მჟავიანობის კონტროლი, სარეველებისგან ნაკვეთის გაწმენდა, საშემოდგომო დამუშავება, თესლბრუნვის დაცვა და მავნებლის რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი. სწორედ ამ ღონისძიებების თანმიმდევრული გამოყენება შეამცირებს მომდევნო სეზონზე კარტოფილისა და სხვა კულტურების დაზიანების რისკს.

მოამზადა გიორგი მაისურაძემ