საფრანგეთში ორგანული შაქრის წარმოების ახალი მოდელი იქმნება – ორგანული ჭარხლიდან შაქარს მიკროქარხანაში მიიღებენ
საფრანგეთის ო–დე–ფრანსის რეგიონში ორგანული შაქრის წარმოების ინოვაციური მიკროქარხნის მშენებლობა იგეგმება. პროექტი, რომლის მომზადებასაც დაახლოებით ათი წელი დასჭირდა, ორგანული შაქრის ჭარხლის ადგილობრივი წარმოებისა და გადამუშავების განვითარებას ემსახურება.
ახალი საწარმო არა მხოლოდ თანამედროვე, ქიმიური დანამატების გარეშე მოქმედი ტექნოლოგიით გამოირჩევა, არამედ ფერმერთა კოოპერაციული მართვის მოდელითაც, რომელიც მათ წარმოებასა და პროდუქციის რეალიზაციაში უფრო მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.
საფრანგეთის ჩრდილოეთში, კამბრეს მახლობლად მდებარე ესკოდევრის მუნიციპალიტეტში (Escaudœuvres) ორგანული შაქრის მწარმოებელი მიკროქარხნის – La fABrique à sucres-ის მშენებლობა იწყება. საწარმოს ოფიციალური გახსნა 2027 წლის აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.
პროექტის ისტორია დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. მისი ინიციატორი იყო ასოციაცია Bio en Hauts-de-France, რომელიც რეგიონში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მუშაობს.
ორგანული შაქრის ჭარხლის წარმოების გაფართოებას საფრანგეთის ჩრდილოეთში აქამდე მნიშვნელოვანი დაბრკოლება ჰქონდა – სპეციალიზებული გადამმუშავებელი საწარმოების არარსებობა. მსხვილი შაქრის ქარხნები ძირითადად მასობრივ, სამრეწველო წარმოებაზეა ორიენტირებული, რაც მცირე მოცულობის ორგანული ნედლეულის გადამუშავებას ნაკლებად მომგებიანს ხდის.
შედეგად, ორგანული შაქრის ადგილობრივი წარმოება ვერ ვითარდებოდა სათანადო ტემპით და ბაზარი დიდწილად იმპორტირებულ, მათ შორის ლათინური ამერიკიდან შემოტანილ ნედლეულსა და პროდუქციაზე იყო დამოკიდებული.
საინტერესოა საწარმოს მშენებლობის ადგილიც. ესკოდევრში ადრე კორპორაცია Tereos-ის მსხვილი შაქრის ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც მოგვიანებით დაიხურა. ახლა იმავე ტერიტორიაზე ახალი თაობის მცირე საწარმო უნდა ამოქმედდეს, რომელიც განსხვავებულ ტექნოლოგიასა და წარმოების ორგანიზების მოდელს დაეფუძნება.
შაქრის მიღების ახალი ტექნოლოგია
პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე შაქრის ექსტრაქციის მეთოდია. საწარმოში გამოიყენებენ დაპატენტებულ, სრულად მექანიკურ ტექნოლოგიას, რომელიც ტრადიციული გადამუშავების პროცესისგან განსხვავდება.
მწარმოებლების განცხადებით, ტექნოლოგია არ საჭიროებს ჩვეულებრივი ქიმიური დანამატებისა და კირის გამოყენებას, რომლებიც შაქრის წარმოების ტრადიციულ პროცესში ნედლეულის გაწმენდისთვის გამოიყენება.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წყლის რესურსების დაზოგვასაც. საწარმოში დაინერგება დახურული ეკოლოგიური ციკლი: შემოსული ჭარხლის გასარეცხად გამოიყენებენ გაწმენდილ წყალს, რომელსაც თავად გადამუშავებული ნედლეულიდან მიიღებენ.
მიკროქარხანა ორი სახის პროდუქციას გამოუშვებს: მაღალი ხარისხის კონცენტრირებულ სიროფსა და არარაფინირებულ ორგანულ შაქარს. პროექტის ავტორების მიზანია, ადგილობრივად წარმოებულმა პროდუქტმა კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ ორგანულ ლერწმის შაქარს.
ტექნოლოგიის ეფექტიანობა უკვე შემოწმებულია. 2026 წლის დასაწყისში ქალაქ ამიენში საპილოტე საწარმოო ხაზმა წარმატებით გაიარა გამოცდა და დაადასტურა შემუშავებული ტექნოლოგიური კონცეფციის განხორციელების შესაძლებლობა.
ფერმერები საწარმოს თანამფლობელები იქნებიან
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება მისი კოოპერაციული მართვის მოდელია.
მიკროქარხანა იმუშავებს კოოპერატივის პრინციპით, სადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფი იქნება ჩართული.
მართვის უფლებების 50% ადგილობრივ ფერმერებსა და შაქრის ჭარხლის მწარმოებლებს ეკუთვნით. დარჩენილი წილი განაწილდება საბოლოო მომხმარებლებს, საკონდიტრო საწარმოებსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის.
ასეთი მოდელის მიზანია, ფერმერები მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებლებად არ დარჩნენ და გადამუშავებული პროდუქციის შექმნიდან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელშიც მიიღონ მონაწილეობა.
პროექტის ავტორების შეფასებით, კოოპერაციული საკუთრება ადგილობრივ მწარმოებლებს მსხვილი გადამამუშავებელი კომპანიების მხრიდან ფასებზე ზეწოლისგანაც უკეთ დაიცავს და რეგიონში წარმოების დამოუკიდებელ ეკონომიკურ სისტემას შექმნის.
პროექტის მიმართ ბიზნესინტერესიც მაღალია. საწარმოს პირველი წლის დაგეგმილი პროდუქციის დაახლოებით 70% უკვე წინასწარ დაჯავშნილი აქვთ რეგიონის მსხვილ სამრეწველო მყიდველებს.
რას გვიჩვენებს საფრანგეთის გამოცდილება?
La fABrique à sucres-ის პროექტი საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირე და საშუალო მასშტაბის გადამამუშავებელმა საწარმომ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას შეუწყოს ხელი.
ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, როდესაც ფერმერი მხოლოდ ნედლეულს აწარმოებს, ხოლო პროდუქციის დამატებული ღირებულება გადამამუშავებელ საწარმოში იქმნება, ფრანგული პროექტი წარმოებისა და გადამუშავების ერთიან სისტემაში მოქცევას ცდილობს.
ეს გამოცდილება საქართველოსთვისაც საყურადღებოა
ჩვენი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ პირველადი წარმოებისა და გადამუშავების არასაკმარისი კავშირია. ხშირად ფერმერი ნედლეულს აწარმოებს, მაგრამ მისი გადამუშავებისა და საბოლოო პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული დამატებული ღირებულების შექმნაში მონაწილეობას ვერ ახერხებს.
საფრანგეთის პროექტი გვიჩვენებს, რომ ყველა პროდუქტის გადამუშავებისთვის აუცილებელი არ არის გიგანტური სამრეწველო საწარმოს აშენება. გარკვეულ შემთხვევებში მცირე, სპეციალიზებული მიკროქარხანა, რომელიც ადგილობრივ ნედლეულზეა ორიენტირებული, შეიძლება უფრო მოქნილი და ეკონომიკურად გამართლებული აღმოჩნდეს.
ამასთან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ საწარმოს საკუთრებისა და მართვის ფორმაც. როდესაც ფერმერები გადამამუშავებელი საწარმოს თანამფლობელები არიან, მათ უჩნდებათ გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესი, გააფართოონ წარმოება, გააუმჯობესონ ნედლეულის ხარისხი და მონაწილეობა მიიღონ ბაზარზე პროდუქციის დამკვიდრებაში.
საფრანგეთის ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება მხოლოდ მოსავლიანობის ზრდას არ ნიშნავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ნედლეულის ადგილზე გადამუშავება, მცირე საწარმოების განვითარება და ფერმერთა ჩართულობა დამატებული ღირებულების შექმნის პროცესში.
სტატია მომზადებულია მოწოდებული AgroXXI-ის მასალის საფუძველზე

