როგორ შევარჩიოთ მეწველი ფური
ძროხის სარძევე პროდუქტიულობა მრავალი ფაქტორით განისაზღვრება. მათგან ძირითადია: ჯიში, სხეულის აგებულების (კონსტიტუციის) ტიპი, კვება, წლოვანება, ლაქტაციის პერიოდი, ბოლო განაყოფიერების თარიღი და ჯანმრთელობა.
ჯიში განაპირობებს ცხოველის შესაძლებლობებს, ამიტომ ძროხის შეძენის დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ფაქტების გარკვევას, როგორიც არის: დედისა და მამის ჯიში, მათი პროდუქტიულობა. წმინდასისხლიანად ითვლება ცხოველი, რომელთა დედ-მამა, ასევე წინაპრები ერთ და იმავე ჯიშს მიეკუთვნებიან. ცხოველი ითვლება ნარევად (ნაჯვარად), თუ მისი დედ-მამა სხვადასხვა ჯიშს მიეკუთვნებიან. ნარევი ცხოველები პროდუქტიულობით წმინდასისხლიანებს არ ჩამოუვარდებიან, თუმცა საკუთარ თვისებებს შთამომავლობას ისინი უფრო ცუდად გადასცემენ.
აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ცხოველის ჯიშის ზუსტად ცოდნა მისი მერძეული პროდუქტიულობის დონის განსაზღვრის გარანტიას არ წარმოადგენს, რადგან სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჯიშებში ხშირად მნიშვნელოვანი ინდივიდუალური სახესხვაობები გვხვდება. ფურის ინდივიდუალური მერძეული პროდუქტიულობის მემკვიდრული თვისების გარკვევის შედარებით ზუსტი მეთოდია მისი უფროსი დების (განსაკუთრებით მისი მამის შთამომავლების) პროდუქტიულობის გარკვევა.
ფურის მერძეული პროდუქტიულობის, მაღალი ალბათობით, მისი კონსტიტუციის (სხეულის აგებულების) ტიპის მიხედვით გამოცნობა
ყველა ჯიშის მაღალპროდუქტიულ მერძეულ ცხოველს, როგორც წესი, სხეულის აგებულების შემდეგი თავისებურებები გააჩნია:
კარგად განვითარებული, გრძელი ტანი და დიდი მოცულობის მუცლის ღრუ;
მაგარი (მკვრივი), არა უხეში ძვლოვანი სისტემა;
სწორი ფეხები;
მსუბუქი თავი;
განიერი და გრძელი გავა;
ჯირკვლოვანი, დიდი, აბაზანისებრი ან ჯამისებრი ფორმის ცური, კარგად გამოყვანილი სარძეო ვენებით;
თხელი ტყავი, მბზინავი ბეწვით.
მხოლოდ დიდი მოცულობის მუცლის ღრუს და კარგად განვითარებული შინაგანი ორგანოების მქონე ფურს შეუძლია, რომ შეითვისოს რძის მნიშვნელოვანი რაოდენობის ფორმირებისთვის აუცილებელი უხეში, წვნიანი და კონცენტრირებული საკვების მასა. იდეალურ მერძეულ ფურს თუ შევხედავთ, გვერდიდან ან ზემოდან სამკუთხედის, ხოლო სახორცეს მართკუთხედის ფორმა უნდა ჰქონდეს.
სარძევე საქონლისთვის ნაკლოვანებად შემდეგი ნიშანთვისებები ითვლება: უხეში ძვლოვანი სისტემა, მძიმე (კუროს) თავი, მოკლე და მსხვილი კისერი, გაორებული მინდაო, კუზიანი ან ჩატეხილი ზურგი, სუსტად განვითარებული მუცლის ღრუ, განუვითარებელი და მცირე ზომის ცური, ცურის მეოთხედების არათანაბარი მოცულობა, მოკლე, ვიწრო, დახრილი, სახურავისებრი გავა, ცხოველის ზოგადი განუვითარებლობა.
ცხოველის ჯიშისათვის დამახასიათებელი შესაძლებლობების რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ სრულყოფილი კვების და სწორი შენახვის პირობების შემთხვევაში. მწირი კვება, განსაკუთრებით ზრდის ადრეულ პერიოდში, იწვევს ცხოველის განუვითარებლობას, რაც შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი ნაკლოვანებებით, როგორიცაა არაპროპორციულობა, დიდი თავი, შეწეული მუცელი, წვრილი ფეხები, მოკლე და ვიწრო გავა, ვიწრო ზურგი, დაბალი ცოცხალი წონა.
განუვითარებელი სასოფლოსამეურნეო ცხოველების სარძეო მიმართულებით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. მსგავს ფურებს არ შეუძლიათ მათი კარგი მემკვიდრული თვისებების გამოვლენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ მომავალში კარგად გამოკვებავენ.
ფურის მერძეული პროდუქტიულობა დაკავშირებულია მის ასაკთანაც. პირველ და მეორე ლაქტაციებზე, როგორც წესი, მონაწველი ზრდასრულებთან შედარებით (მე-5-მე-6 ლაქტაცია) ნაკლებია. ითვლება, რომ ჯიშების უმრავლესობას მაქსიმალური შესაძლო მონაწველი მე-6-ე ლაქტაციაზე აქვს. სტეპის წითელ ჯიშთან მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: პირველ ლაქტაციაზე 61%, მეორეზე 65,6%, მესამეზე 75,9%, მეოთხეზე 87,8%, მეხუთეზე 91% მეექვსე ლაქტაციასთან შედარებით.
შესაბამისად, ფურის ღირებულება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის ზომასა და ასაკთან.
ფურის ასაკი შეიძლება დავადგინოთ მის საბუთებში არსებული დაბადების თარიღით ან საბუთების არქონის შემთხვევაში დაახლოებით შეიძლება გამოვთვალოთ რქებზე არსებული რგოლების საშუალებით. აღნიშნული რგოლები ჩნდება ხბოს მოგების დროს (პერიფერიული ქსოვილების კვების მკვეთრი ცვლილების გამო). ისინი რქებზე წრიული ჩაღრმავებების სახითაა გამოხატული და მათი რაოდენობა ხბოიანობის რიცხვს შეესაბამება. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ფურის ასაკი, რგოლების რაოდენობას უნდა დავუმატოთ რიცხვი 2, რადგან, როგორც წესი, დეკეული პირველ ხბოს იგებს დაახლოებით 2 წლის ასაკში.
ცოცხალი მასა შეიძლება დავადგინოთ სპეციალურ სასწორზე აწონვის საშუალებით ან სასწორის არქონის შემთხევაში ცხოველის სანტიმეტრიანი დანაყოფების მქონე ლენტით გაზომვის გზით. აღნიშნული მანიპულაციის დროს უნდა დავადგინოთ სხეულის გარშემოწერილობა და ირიბი სიგრძე ისე, როგორც ნახატზეა ნაჩვენები.
ლაქტაციის განმავლობაში ფურის მერძეული პროდუქტიულობა წარმოადგენს დღეღამურ მონაწველთა ჯამს ხბოს მოგებიდან წველის შეწყვეტამდე. ლაქტაციის განმავლობაში იდეალური კვების შემთხვევაშიც კი დღეღამური მონაწველი ცვალებადია.
ლაქტაციის განმავლობაში მონაწველის ცვალებადობის კანონზომიერების ცოდნა საშუალებას გვაძლევს ერთი დღეღამური მონაწველით დაახლოებით გამოვთვალოთ წლიური მონაწველი.
მერძეული ფურის შეძენისას საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ის ნაყოფიერია, ხოლო დეკეული უნდა დაგრილდეს ნორმალურ ვადაში (18-20 თვის ასაკში). როგორც ადრეულ ასაკში, ისე დაგვიანებული (2 წლის ზემოთ ასაკში) პირველი მაკეობა არ ითვლება სასურველად. ადრეულმა მაკეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ზრდის შეჩერება და დეკეულის ჩამოყალიბების დაჩქარება, აგრეთვე ფურის მერძეული პროდუქტიულობის დაქვეითება. განაყოფიერების დაგვიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს უნაყოფობა.
ფურის შეძენისას მნიშვნელოვანია დეტალურად შევისწავლოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დათვალიერება უნდა დავიწყოთ თვალებით (ლორწოვანი გარსის ფერი, მხედველობის მდგომარეობა), შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხვირს (ჩირქოვანი გამონადენის არსებობა), პირის ღრუს (კბილების მდგომარეობა), კანის და ბეწვის მდგომარეობას. თვალების გარშემო, კისერზე, მკერდზე და სხვა ადგილებში არ უნდა იყოს წყლულები, ჩირქგროვები ან მეჭეჭები. ცურის და დვრილების კანი უნდა იყოს სუფთა, ნაკაწრების გარეშე. ცურის ჯირკვლოვან ქსოვილში არ უნდა შეინიშნებოდეს ანთება ან რაიმე გამაგრებები, რაც ხელით უნდა გავსინჯოთ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ ჭამს ცხოველი საკვებს. უმადობა, ჩირქოვანი გამონადენი თვალებიდან, ცხვირიდან, საშოდან, ცურის დვრილებიდან, ცოხნის არქონა და ა.შ. ცხოველის ავადმყოფობაზე მიუთითებს.
მოაზადა
ზაზა ნოზაძემ