როგორ შევეწინააღმდეგოდ მიწების გაუდაბნოების პროცესს
ამ თემას ბევრჯერ შევხებივართ, რომ იცლება გარემო, იზრდება გაუდაბნოებულია და გამოუყენებელი სასოფლო–სამეურნეო მიწების ფართობი, რაც იწვევს სიღარიბის პრობლემის გამწვავებას და ბევრი ქვეყნის დღის წესრიგში განსაკუთრებულ პოზიციას იკავებს.
ცნობილია რომ, საქართველო მისი რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ნიადაგის შეზღუდული რესურსებით ხასიათდება, ამიტომ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებს მხოლოდ 43,4% უჭირავს, რაშიც შედის საძოვრები და მდელოებიც.
საქართველოს ერთი მხრიდან ესაზღვრება შავი ზღვა, მეორე მხრიდან კავკასიონი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეკოლოგიურ და კლიმატურ ნაირსახეობას. კლიმატისა და ნიადაგწარმომქმნელი ქანების მრავალფეროვნება განაპირობებს საქართველოში ნიადაგური ტიპების სხვადასხვაობას, დაწყებული მთა-მდელოდან, დამთავრებული ჭაობიან და ტენიან სუბტროპიკებით. საქართველოს ნიადაგურ მუზეუმსაც უწოდებენ, მაგრამ საქართველოში არსებულ კლიმატურ და ნიადაგურ მრავალფეროვნებას სარგებელთან ერთად ახლავს სირთულეები, რაშიც იგულისხმება ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, აქტიური ეროზიული მოვლენები, უხვი ნალექიანობა, რაც ზოგიერთ რაიონებში განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო წლები. ყოველივე ეს, როგორც ბუნებრივი ისე ანთროპოგენული ზემოქმედება, აძლიერებს ეროზიულ პროცესებს, გაიზარდა დამლაშებული ბიცობები, ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქების გამოყენებით და ქიმიური მელიორაციის შემცირებით გაზრდილია მჟავე ნიადაგები, კოლხეთის ზონაში სარწყავი სისტემის მოუწესრიგებლობამ გამოიწვია მეორადი დაჭაობება, სასუქების არასწორმა და არარაციონალურმა გამოყენებამ, რაც განპირობებულია აგროქიმიური კვლევის უგულებელყოფით, ნიადაგში შეამცირა ჰუმუსის და საკვები ელემენტების შემცველობა.
ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე რესურსული პოტენციალის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული, აქედან მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსის მიწის აღრიცხვის და მესაკუთრეობის ფორმის ცოდნა, რაც მიწის განკარგვის, დაგეგმვის, დაცვისა და გაუმჯობესების პროცესს დაეხმარება. ეს პროცესი სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდეს, ასევე მნიშვნელოვანია მიწის სრული კვლევა, მისი ხარისხიანობის დადგენა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით მოუგვარებელია.
ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლა ხდება მხოლოდ პროექტით გათვალისწინებულ ნაკვეთებში.
რაც შეეხება საქართველოს, ნიადაგების სრული გამოკვლევის პროცესი ჯერჯერობით სავალდებულოდ არარის მიჩნეული და იგი 1991 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, რის შედეგადაც სპონტანურად ხდება კულტურათა განლაგება.
არ არის გათვალისწინებული კულტურათა მოთხოვნილება კლიმატურ–ნიადაგურ პირობებზეც. ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს თხილის კულტურა. როგორც ცნობილია, თხილი ძირითადად გაშენებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარა, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში. ამ რეგიონებში უმეტესი ფართობი უჭირავს წითელმიწა, ყვითელმიწა, წითელმიწა გაეწრებულ და ეწერი ტიპის ნიადაგებს, რომლებიც ხასიათდებიან მჟავე რეაქციით.
ამ ტიპის ნიადაგები მისაღებია მხოლოდ ჩაის, ლურჯი მოცვის და ხანჭკოლას კულტურებისთვის. სწორედ ამის გამო გაშენდა დასავლეთ საქართველოს ამ რეგიონში ჩაის კულტურა, რომელსაც არ გააჩნიაალტერნატივა.
რაც შეეხება, თხილის კულტურას, იგი თავისი განვითარებისათვის ითხოვს სუსტ მჟავე, ნეიტრალურთან ახლოს მდგომ ნიადაგებს, ამიტომ სანამ დასავლეთის ამ რეგიონებში თხილის კულტურას გააშენებდნენ, საჭირო იყო ნიადაგების სრული გამოკვლევა.
როგორც ცნობილია, თხილის გაშენება ძირითადად მოხდა ნაჩაიარ ნიადაგებზე. ჯერ კიდევ 2007 წელს ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრ „ანასეულის“ სპეციალისტები ჟურნალ „აგროინფოს“ მე-7 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მიუთითებდნენ ნაჩაიარ ნიადაგებზე თხილის გაშენების ღონისძიებების გატარების შესახებ. ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო მჟავე ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე და ჩასატარებელ აგრო-ტქნიკურ ღონისძიებებზე, რაც უნდა განეხორციელებინათ ფერმერებს. სინამდვილეში მოხდა საწინააღმდეგო, ფერმერებმა პრივატიზებული ჩაის პლანტაციების სპონტანურად ამოძირკვა დაიწყეს. მექანიზაციის დახმარებით მთლიანად მოხსნეს ჰუმუსოვანი ზედა ფენა, ჩაის ნარგაობასთან ერთად გაიტანეს ნაკვეთებიდან და დაწვეს. შემდეგ ყოველგვარი გამოკვლევებისა და ღონისძიებების გატარების გარეშე დაიწყეს თხილის გაშენება, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში განვითარდა, მაგრამ ფერმერები მალე დადგნენ ფაქტის წინაშე.
ცენტრ „ანასეულის“ საგამოცდო ლაბორატორია 2014 წლიდან, 5 წლის ვადით, გამარჯვებული იყო თხილის ასოციაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და აწარმოებდა თხილის ასოციაციაში გაერთიანებული ფერმერების თხილის ნაკვეთების გამოკვლევას.
ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლამ გვიჩვენა, რომ გამოკვლეული ნაკვეთების 80% მჟავიანობის და ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით არ აკმაყოფილებდა თხილის კულტურის მოთხოვნას ნიადაგურ პირობებზე.
შედეგმაც არ დააყოვნა, თხილის კულტურა ვერ შეხვდა მომზადებული დაავადებებსა და მავნებლებს. ამას თან დაერთო კლიმატური პირობების ძლიერი ცვალებადობა, რამაც გამოიწვია თხილის ფართობების მასიური განადგურება. ახლა პირიქით მოხდა ფერმერებმა დაიწყეს თხილის კულტურის ამოძირკვა და მოცვის კულტურის გაშენება, ნაცვლად იმისა რომ განეხორციელებინათ ის ღონისძიებები, რაც გააუმჯობესებდა ნიადაგურ პირობებს. ეს ღონისძიებები კი ითვალისწინებდა იმ ბუნებრივ რესურსების გამოყენებას, რომელიც მოიპოვება დასავლეთ საქართველოს, კერძოდ სამეგრელოს ზონაში, ეს არის მელიორანტები და ორგანული სასუქები.
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ჩაის კულტურას. ჩაის კულტურის გასაშენებლად ხელსაყრელად ითვლება ნაყოფიერი, კარგი სტრუქტურის მქონე მჟავე ნიადაგები. ასეთ ნიადაგებს მიეკუთვნება ტენიანი სუბტროპიკების ნიადაგთა ძირითადი ტიპები, ასევე ჩაის კულტურისათვის მისაღებია ტენიანი სუბტროპიკების კლიმატური პირობები: ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა, ნალექების რაოდენობა და ტემპერატურა. სწორედ ზემოთხსენებულმა პირობებმა განაპირობა ჩაის კულტურის გაშენება საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში, სადაც მას 1990 წლამდე 60 ათას ჰა-ზე მეტი ეჭირა. ქვეყანა ეკონომიურად და სოციალურად, განსაკუთრებით სუბტროპიკული ზონაში, წელში გაიმართა.
1990 წლიდან ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, მეჩაიეობის დარგმა დაკარგა პროდუქციის გასაღების სტაბილური ბაზარი. რის შედეგად ფერმერებმა იწყეს პრივატიზებული ჩაის პლანტაციების ამოძირკვა. პლანტაციათა უმრავლესობა დაფარა სარეველებმა. 2018 წლისთვის ჩაის პლანტაციების რაოდენობა 3 ათას ჰა–მდე შემცირდა.
სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ასე მკვეთრად შეამცირა ჩაის პლანტაციის ფართობები. ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. ახლა ალბათ ყველა დარწმუნებულია, რომ დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში მჟავე წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერ ნიადაგებზე ჩაის კულტურის შემცვლელი კულტურა არ არსებობს.
2016 წლიდან დაიწყო ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა. რეაბილიტაციასთან ერთად დღის წესრიგში უნდა დადგეს სანერგე მეურნეობის მოწყობა და ჩაის ახალი პლანტაციების გაშენება, ძველი ამორტიზებული, სარეველებით დაფარული პლანტაციების ამოძირკვის ხარჯზე. ამასთანავე, პროექტ „დანერგე მომავლის“ ჩამონათვალში უნდა შევიდეს ჩაის კულტურა 100%-იანი დაფინანსებით.
მეჩაიეობის აღდგენა სუბტროპიკულ ზონაში გამოიწვევს ეკონომიკის საბაზისო დარგის განვითარებას, რასაც მოჰყვება მოსახლეობის მიგრაციი სშემცირება, ქართული სოფლების და გაუდაბნოებული მიწების აღდგენა.
საქართველოს ძირითადი ტერიტორია უსწორმასწორო რელიეფზეა განაწილებული, შესაბამისად მაღალია ეროზიის რისკი, ასევე რისკებს ზრდის უხვი ნალექები, ქარი, ანთრპოგენული ფაქტორები, არასწორი სასოფლო სამეურნეო საქმიანობა.
ეროზისგან ნიადაგის დაცვისთვის საჭიროა აღდგეს განადგურებული ქარსაფარი ზოლები და დაიგეგმოს ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება. უნდა შემცირდეს ტყის უნებართვოდ გაჩეხვა–განადგურება, მოწესრიგდეს სარწყავი სისტემები, ფერდობებზე კულტურათა გაშენების დროს უნდა მოეწყოს ტერასები და ბუფერული კვლები, შემუშავდეს ეროზირებული ფართობების სწორი განოყიერების სისტემა სრული გამოკვლევების საფუძველზე.
♦ ნიადაგის თვისობრივი ხარისხის შეუსწავლელობა;
♦ ნიადაგის დეგრადაცია, რესურსების ეფექტური მართვის არქონა;
♦ ახალი ტექნოლოგიების შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
♦ ნიადაგის გაუდაბნოების ძირითადი მიზეზია.
რუსუდან ტაკიძე,
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი