აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

როგორ ვებრძოლოთ ამიერკავკასიის პურის ბზუალას?

ამიერკავკასიის პურის ბზუალა აზიანებს ხორბალს, ქერს, ჭვავს, ნაკლებად – სიმინდს და შვრიას.

 ზიანი მოაქვს მეტწილად მატლს, რომელიც საშემოდგომო პურეულის ფოთლებით 3-4 კვირის განმავლობაში იკვებება. ბოლო ასაკში, მატლი თავის სოროში ითრევს მცენარის ფოთლებს და კვების შედეგად ფლეთს. ფოთლები ძაფებად იშლება და ხმება. დაზიანებული მცენარე მთლიანად იღუპება. ზრდასთან ერთად მცენარე მავნებლის მიმართ მეტ გამძლეობას იძენს. ხოჭოებით დაზიანება კი ძირითადად რძის სიმწიფეში ჩნდება, როდესაც ისინი საღამოს სათებში ადიან თავთავზე და მარცვლით იკვებებიან.

 პურის ბზუალა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

მავნებელს ერთწლიანი გენერაცია ახასიათებს. ძირითადად იზამთრებს ნიადაგში 15-20 სმ სიღრმეზე. გაზაფხულზე 12℃ ტემპერატურის პირობებში ისინი გამოიზამთრებენ, აკეთებენ სოროებს და იწყებენ ჯეჯილის დაზიანებას. მატლები ძირითადად ღამით იკვებებიან, დღისით იმალებიან სოროებში.

გამოზამთრების შემდეგ 1,5-2 თვის განმავლობაში მატლები აქტიურად იკვებებიან. ჭუპრდებიან მაისში, ივნისის დასაწყისში. მატლი იჭუპრებს 15-20 სმ ხვრელში, ჭუპრის ფაზა 2-3 კვირა გრძელდება. ხოჭო ღამის მწერია, დღე იმალება ნიადაგის ნაპრალებში. მაღალი სიცხეების (30℃) პირობებში ხოჭო დიაპაუზაში გადადის. შემოდგომაზე სიცხის დაწევის შემდეგ, ხოჭოები გამოდიან, იკვებებიან ჩამოცვენილი მარცვლებით და იწყებენ კოპულაციას. კვერცხდება გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე, მდედრი ხჭო დებს 10-40 კვერცხს ჯგუფურად. კვერცხის ფაზა 8-10 დღე გრძელდება.

პურის ბზუალას მასობრივი გამრავლების ძირითადი მიზეზია ერთი და იმავე ნაკვეთზე პურეული კულტურების თესვა და სარეველები, რადგან მავნებლის დამატებით საკვებს სწორედ სარეველა ბალახი (ჭანგა და სხვა) წარმოადგენს.

ბრძოლის ღონისძიებები: სწორი თესლბრუნვა, იმის გათვალისწინებით, რომ წინამორბედი იყოს ისეთი კულტურა, რომელიც არ ზიანდება პურის ბზუალათი ( მზესუმზირა, ჭარხალი, საკვები ბალახები და სხვა). დასათესად შეწამლული თესლის გამოყენება. გაზაფხულზე გრანულირებული ინსექტიციდების ან პრეპარატ მარშალის შეტანა ნიადაგში.